“ალბათ, ამან გადაგვარჩინა, დღემდე ინფიცირებული რომ არა ვართ”

 “ალბათ, ამან გადაგვარჩინა, დღემდე ინფიცირებული რომ არა ვართ”
“როცა ცვლაში ბრუნდები და პაციენტი აღარ გხვდება, ანუ გარდაიცვალა, თითქოს ახლობელი დაკარგე. მერე იწყება ფიქრი იმაზე, ყველაფერი ისე თუ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. არის უძლურების განცდაც…”


თითქმის ერთი წელია ურთულესი გამოწვევის წინაშე დგანან და დაუნდობელ საუკუნის ჭირს ადამიანების სიცოცხლეს სტაცებენ ხელიდან საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. ქართველი მედპერსონალი, რომელსაც ლამის 24-საათიანი ეკიპირებით კრიტიკულ კოვიდპაციენტებთან აქვთ საქმე, ის ადამიანური რესურსია, რომელზეც ჩვენი ყოფნა-არყოფნაა დამოკიდებული. “კვირის პალიტრა” ბოჭორიშვილის კლინიკის ახალგაზრდა ექიმ-ინფექციონისტ ხატია ხატიაშვილს და

 

ამავე კლინიკის ბოქსირებული სექტორის მედდა იზა აზმაიფარაშვილს გაგაცნობთ.

“მხოლოდ ჩემი პაციენტებისთვის არა ვარ ექიმი”


ხატია ხატიაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი:

– ჩვენთან პირველი პაციენტი 19 მარტს შემოვიდა. ახალგაზრდა ექიმებს ადრე პანდემიასთან არ გვქონია შეხება და შიშთან ერთად ინტერესიც იყო. თავიდან ძალიან რთული იყო პაციენტების განაწილება ბოქსირებულ განყოფილებაში, იყო ეკიპირების 

 

პრობლემა – ერთმანეთს ვასწავლიდით, სწორად როგორ ჩაგვეცვა და როგორ დაგვეცვა თავი, მაგრამ თანდათან შევეჩვიეთ და ეს ჩვენი ყოველდღიურობა გახდა…

– როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი, უფრო სწორად, არაჩვეულებრივი დღე?

– კლინიკაში დილის 9-დან იწყება მუშაობა: ჯერ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად განვიხილავთ რთულ პაციენტებს, შემდეგ ყველანი ვიფუთებით და ეკიპირებულები შემოვლას ვიწყებთ. ჩვენს განყოფილებაში 100-ზე მეტი პაციენტია, ამიტომ შემოვლა 3-4 საათს მიმდინარეობს. ყველას თავისი ექიმი ჰყავს და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ჩვენს პაციენტებს წარვადგენთ, ვაფასებთ მათ მდგომარეობას და ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ. ამის მერე ყველა ექიმი ინდივიდუალურად გეგმავს, პაციენტს რა სჭირდება –- კვლევა თუ ანალიზი. კორონას სჩვევია მდგომარეობის სწრაფად დამძიმება, ამიტომ დღის განმავლობაში რა დახმარებაც სჭირდებათ, ვუწევთ, მერე მორიგეობაზე ვრჩებით და 6 საათის შემდეგ ახალი სამუშაო დღის ათვლა იწყება.

– ეკიპირებული მუშაობა, ალბათ, რთულია…
– ექიმების გარდა, ექთანებიც ეკიპირებული არიან და უფრო მეტხანს, 8-9 საათს უწევთ შეფუთულებს მუშაობა. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ორგანიზმში ჰაერის შეღწევადობა მცირდება, თუმცა ამასაც მივეჩვიეთ. შეიძლება დღეში 3-4-ჯერაც მოგვიწიოს ეკიპირების ჩაცმამ. ძველ ფორმას აუცილებლად ვანადგურებთ, ალბათ, ამან გადაგვარჩინა, დღემდე ინფიცირებული რომ არა ვართ. ჩვენთან, კლინიკაში, უფრო ნაკლებია ინფიცირების საფრთხე, ვიდრე გარეთ, ჩვენ ერთმანეთის გვერდითაც რესპირატორებით დავდივართ.


სულ მინდოდა ცხელ წერტილებში მემუშავა. მომწონს ექსტრიმი. ინფიცირებულებთან კონტაქტი და რეჟიმიც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ შედეგია სასიამოვნო.

ჩვენთან ძალიან მძიმე პაციენტები არიან, უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებულია, თანმხლები დაავადებებით, გართულებებით, ხშირია ფატალური შემთხვევებიც. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად რთულია, მაგრამ ესეც ჩვენი რეალობაა.


როცა ცვლაში ბრუნდები და პაციენტი აღარ გხვდება, ანუ გარდაიცვალა, თითქოს ახლობელი დაკარგე. მერე იწყება ფიქრი იმაზე, ყველაფერი ისე თუ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. არის უძლურების განცდაც…

 

– ალბათ, ხშირად გიწევთ პაციენტების გამხნევება…

– აშინებთ, როცა იგებენ, რომ ორმხრივი პნევმონია აქვთ. ჩვენ ვამხნევებთ, ვარიგებთ, რომელ სიმპტომს რომელი მოსდევს, წინასწარ ვაგუებთ იმას, რას უნდა ელოდონ. ჩვენი პაციენტებიც მშვიდად არიან, იციან, თუ გაუჭირდათ, მათ 24 საათის განმავლობაში დაეხმარებიან. ვირუსის გადადების ნიუანსები ბოლომდე ამოუხსნელია, მაგრამ ექიმს შეუძლია ამ დაავადების მართვა, თუმცა ხანდახან არის ისეთი რამ, რაც ჩვენს ძალას აღემატება.

– ხშირად ინფიცირებული ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდება… თქვენ თუ გიწევთ კონსულტაციისა და სხვა სახის დახმარების გაწევა?

– ჩემი ახლობლების და მათი ახლობლებისთვის ხშირად ტელეფონით მიწევს კონსულტაციის გაწევა. მე მხოლოდ ჩემი პაციენტებისთვის არა ვარ ექიმი.

– ექსტრიმი მიზიდავსო… როცა ეპიდემია ჩაივლის, მერე რას იზამთ?

– ალბათ, ცოტას დავისვენებ და მერე შეიძლება ახალი ექსტრიმის ძიება დავიწყო.
ჩვენს მოქალაქეებს ვურჩევ პროფესიონალების რეკომენდაციები გაითვალისწინონ და არა სოცქსელებში გავრცელებული ხშირად მცდარი ინფორმაცია, დაიცვან დისტანცია, წესები და თუ მაინც დაემართათ ეს ვირუსი, ის არ არის უსაშველო და სტაციონარში მოთავსების გარეშეც გადალახავენ.

“თავს გაუფრთხილდით და ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვჭირდება დახმარება”

იზა აზმაიფარაშვილი, ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებული სექტორის მედდა:

– 24-საათიანი მუშაობა მიწევს (დილის 10-ის ნახევრიდან მეორე დილამდე) მუდმივად ეკიპირებული ვართ, ყველანაირად ვცდილობთ ჩვენ გამო სხვები არ დაინფიცირდნენ.

ბოქსში 28 პაციენტი გვყავს და ცვლაში 2 ექთანი ვემსახურებით. პატარებიც გვყავს, თოთოები… მართალია, ისინი იოლად იტანენ, მაგრამ კონტროლი, ანალიზები სჭირდებათ და მეცოდებიან.

 

 

– თქვენც გადაიტანეთ “კოვიდი”…
– მთელმა ოჯახმა გადავიტანეთ, ბავშვმა მოგვიტანა ინფექცია. მარტო პატარა შვილი გადამირჩა, რომელიც რეზუსუარყოფითიანია. ახლა ბებია მყავს კოვიდიანი, მძიმედაა და კლინიკაში წევს. მედპერსონალმა რიგრიგობით მოვიხადეთ “კოვიდი”, საბედნიეროდ, არიან მოუხდელებიც. ისე ვიცავთ ჩაცმა-გახდის წესებს, აქ გადადების შანსი ნაკლებია, ვისაც დაემართა, კლინიკის გარეთ დაემართა. სისუსტე ახლაც მაქვს, ხშირად ცივ ოფლს დამასხამს ხოლმე, ფერსაც ვკარგავ, ცოტა მძიმეა, მაგრამ მერჩივნა მემუშავა, ვიდრე სახლში ვმჯდარიყავი.


ძალიან ძნელია ეკიპირებით მუშაობა, სათვალეში კარგად ვერ ხედავ… ერთმა სასწრაფოს ექიმმა გვასწავლა, ჟელე წაუსვით სათვალესო და მას მერე ცოტა შეგვიმსუბუქდა მდგომარეობა, სათვალე აღარ იორთქლება. თავიდან ძალიან გვიჭირდა, რამდენჯერმე თვალის ანთებაც დამემართა, მაგრამ მერე შევეჩვიე. კიბის უჯრედში ვიცვლით ეკიპირებას, სულ სველები ვართ და მიკვირს, ფილტვების ანთება რომ არ გვემართება.

– რით ანუგეშებთ შიშით შეპყრობილ პაციენტებს…
– ზოგიერთი ძალიან შეშინებულია, ზოგი გაწერას ითხოვს და გაქცევაზეა. ვეუბნებით, რომ ღვთის წყალობით კლინიკაში მოხვდა, ექიმები მეთვალყურეობენ. მახსოვს, ერთი ქალი ისეთ დღეში იყო, ლამის ფანჯრიდან გადაგვიხტა. პაციენტებს თავიდან ძალიან უჭირდათ, მაგრამ ახლა თითქოს ისწავლეს პანდემიასთან ერთად ცხოვრება. ბოქსებში პაციენტებს ყველანაირად ვამხნევებთ, ვართობთ, ხან რას ვუყვებით, ხან რას, რომ მძიმე დღეები გადავატანინოთ.


– ამ მძიმე ჟამს სამსახურიდან წასვლაზე არ გიფიქრიათ?

– არასდროს არ დამიხევია უკან, პირიქით, მათ მაგივრადაც მიმუშავია, ვინც დაინფიცირდა, მუშაობაზე უარი არასდროს მითქვამს. ასეა სხვა მედპერსონალიც. მთავარია სიმშვიდე, ნაკლები შიში და ნერვიულობა.


– რა გაძლიერებთ ასეთ ვითარებაში?
– ალბათ, ის, რომ ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ჩვენი დახმარება სჭირდება. ქვეყანას განსაცდელი აქვს და ერთად უნდა გადავლახოთ. ამ ომში ყველა ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში. იყავით სახლში, თავს გაუფრთხილდით და ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვჭირდება დახმარება!

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!