აშშ: არეულობა, 4 მსხვერპლი და Trump-ის დაბლოკვა Twitter ზე

 აშშ: არეულობა, 4 მსხვერპლი და Trump-ის დაბლოკვა Twitter ზე

აშშ-ის დედაქალაქში მასობრივ არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა. აშშ-ს კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების სერტიფიკაციის პროცესი გაგრძელდა. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. “მივმართავ მათ, ვინც დღეს კაპიტოლიუმზე ქაოსი მოიაწყო – თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. დავუბრუნდეთ სამუშაოს”. – თქვა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა სხდომის განახლების წინ. ამავდროულადTwitter-მა აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სოციალური ქსელის ანგარიშზე წვდომა 12 საათით შეუზღუდა. კომპანიამ ტრამპს ანგარიში დროებით მას შემდეგ ჩაუკეტა, რაც 6 იანვარს დაწერილი მისი სამი ტვიტის წაშლა მოითხოვა კომპანიის “სამოქალაქო სამართლიანობის პოლიტიკის განუწყვეტლად და მწვავედ დარღვევისთვის”. პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს სულ მცირე 52 ადამიანი. ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კორტნიმ განაცხადა. „კაპიტოლიუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ქალი დაიჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დადასტურდა ინფორმაცია კიდევ 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ყველა მათგანი სრულწლოვანია. დაკავებულია მასობრივი არეულობის მონაწილე 52 პირი. მათ ნაწილს იარაღის უკანონო ტარების, ნაწილს კი კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდება აქვს წაყენებული“, – აღნიშნა კორტნიმ. რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას. ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა შტატის საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემულ ხმებს და კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც არჩევნების გაყალბების საკითხს შეისწავლის, თუმცა ამისათვის როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ და მათი ყველა მცდელობა ამ დროისთვის უშედეგოდ დასრულდა. წარმომადგენელთა პალატაში არიზონას შტატის ხმების გაპროტესტება 303 ხმით 121-ის წინააღმდეგ ჩავარდა, სენატში კი 93 ხმით 6-ის წინააღმდეგ. 92 ხმით 7-ის წინააღმდეგ ჩავარდა პენსილვანიის შტატის ხმების გაპროტესტება.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!