გურჯი გიორგი – მეფე, რომელიც ავღანელებს ძლიერ უყვარდათ და ქართველი გენერლის საოცარი მოგონება

 გურჯი გიორგი – მეფე, რომელიც ავღანელებს ძლიერ უყვარდათ და ქართველი გენერლის საოცარი მოგონება

გენერალ-მაიორ თენგიზ ეპიტაშვილის მოგონებიდან: – “პაკისტანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ყანდაღართან დგას მარმარილოს სვეტი წარწერით: “მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე – ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ მხოლოდ სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება. ესენი იყვნენ – ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ყაენი და გურჯი გიორგი. იქვე ამ სამი დამპყრობლის სიმბოლური საფლავებია.

…ავღანეთის ომის დროს დიდხანს ვიბრძოდი ყანდაღარის ჭიშკართან. მოწინააღმდეგეც შესაფერისი მყავდა – მოლა მოჰამედ ომარი – სოფლის მოლა, რომელიც მოგვიანებით მრისხანე საველე მეთაური გახდა. 10 წელიწადს გვეომებოდა, ომარის ხელმძღვანელობით მოჯაჰედები გააფთრებული გვებრძოდნენ. თითქმის ყველა აული, ყველა სახლი ციხესიმაგრედ იყო გადაქცეული. ჩემს გაოცებას დღესაც იწვევს ის, ამ სამხედროწვრთნაგაუვლელ, ფეხშიშველა ხალხს საიდან ჰქონდა ამხელა გამოცდილება. აქვე შევიტყვე გიორგი მეთერთმეტეს საფლავის არსებობის შესახებ და მოსვენება დავკარგე. ბრწყინვალე მეფის, სწორუპოვარი მეომრის ბედი, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას შევადარე და აღმოვაჩინე… რომ იყო რაღაც, რაც გვაერთიანებდა. დიდებული მხედართმთავარი, ისიც თავისი ნების საწინააღმდეგოდ იბრძოდა უცხო მხარეში. განგებამ ინება, რომ ისტორიაში სამუდამოდ დარჩენილიყო როგორც ქართლის ტრიუმფალური მეფე, რომლის გამარჯვებასაც დამარცხებულმა ავღანელმა ხალხმა მარადიული ძეგლი აუგო. დიდი სურვილი მკლავდა, მუხლი მომეყარა გურჯი გიორგის სახელით დამშვენებული სვეტისა და საფლავის წინაშე, მაგრამ ვერ ვიღებდით ყანდაგარს, ვერაფრით წავიწიეთ წინ, თითქმის ერთ ადგილს ვტკეპნიდით. ჩემში ისე იძალა სურვილმა, რომ ბიჭებს წყაროს წყალზე ჩამოსული ავღანელი გლეხი დავაჭერინე და მოჯაჰედების მეთაურს მისი პირით შევუთვალე – მე, გურჯ პოლკოვნიკს, გურჯი გიორგის თანამემამულეს, სურვილი მაქვს, ჩემი დიდი წინაპრის საფლავს ვცე თაყვანი და  თუ ნებას დამრთავთ, ხვალ 3 საათზე უიარაღოდ მარტო გამოვალ-მეთქი. არავითარ გარანტიას არ გთხოვთ, მეომრის სიტყვის გარდა. იცოდეთ, მეც თქვენსავით პატარა ქვეყნის შვილი ვარ-მეთქი. შუაღამისას დაბრუნდა შუამავალი. შემომითვალეს, რომ მათ უფრო მეტი იცოდნენ გურჯი პოლკოვნიკის შესახებ, ვიდრე მე მეგონა. რიტუალის შემსრულებელი კაცი მათთვის წმიდათაწმიდა იყო და მოსისხლეც რომ ყოფილიყო, არაფერს დაუშავებდნენ. უფლება დამრთეს. მოვიდეს, მუხლი მოიყაროს თავისი დიდი პაპის წინაშე, ჩვენ ჩვენი მხრივ დერეფანს გავუკეთებთ, რომ ვინმე მოჯაჰედს შემთხვევით იარაღი არ გაუვარდესო. მოდი და ნუ გადაირევი ამ ამბის შემტყობი. ბოლოს და ბოლოს ვინ ვიყავი მე მათთვის? – საბჭოთა ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი დახელოვნებული მკვლელი, რომელსაც მათთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია, მაგრამ ხმები მომივიდა (დაზვერვა იქაც კარგად მუშაობს და  თითო გამყიდველი ყველგან მოიძებნება), მათ იცოდნენ ჩემი ჩამომავლობის – გურჯობის შესახებ და ჩემს სახელს რაღაცნაირი პატივისცემითაც კი მოიხსენიებდნენ. ყოველივე ეს მაკვირვებდა. იცით, რატომ?  კარგს არაფერს ვუკეთებდი მე ამ უწყინარ, თავისუფლებისმოყვარე ხალხს – დღისით, მზისით, თავს ვესხმოდი და ვანადგურებდი. მინდა ჩემს სასარგებლოდაც ვთქვა ერთი რამ: ბრძანება მქონდა გაცემული – ლოცვების დაწყებისთანავე ჩვენებს შეეწყვიტათ სროლა. ამ ბრძანებას ასრულებდა ყველა, ვინც ჩემს დაქვემდებარებაში იყო. ამის შესახებ იცოდნენ მოჯაჰედებმა და ამას დიდ ადამიანურობად და ჩემგან უდიდეს პატივისცემად მიიჩნევდნენ. დათქმულ დროს უიარაღოდ, შილიფად ჩაცმული წავედი. თეთრი კვართის მსგავსი მოსასხამი მოვიცვი. ეგ იყო, საბჭოთა ოფიცრის ქუდი მაინც მეხურა. ხელები წელზე შემოვიწყვე და ხანდახან ნაბიჯს ვანელებდი, რომ კარგად შევეთვალიერებინე. თუმცა მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ უიარაღოდ ვიყავი. ჩემ ს„ზონას“ რომ გადავცილდი, ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. მაგრამ იმ წუთს ამ სრულიად ადამიანურ შიშს, რომელიც თავისდაუნებურად დამეუფლა, „მოქიშპე“ გამოუჩნდა – ჩემს არსებაში გაღვიძებული საოცარი გრძნობა: მე ხომ ქართველი ვიყავი და თანაც გიორგი მეთერთმეტის ნაკვალევზე მიმავალი… ყოველ ოც მეტრში თეთრად თავყბაახვეული მოჯაჰედები იდგნენ, მათ ახლოს ჩავლისას ვხედავდი, ყველა მათგანი როგორი გაფართოებული თვალებით მიღიმოდა. როგორც იქნა, მივაღწიე ნანატრ ადგილამდე, მოწიწებით ვემთხვიე გრანდიოზულ სტელას, რომელზეც ავღანურ ენაზე შესრულებული ისტორიული სიტყვები ამოვიკითხე. რამდენიმე წუთი ხელი იმ ადგილზე მედო, სადაც „გურჯი გიორგი“ იყო ამოტვიფრული. მერე მისი საფლავის წინაშე მოვიყარე მუხლი. კარგა ხანს ვიყავი ასე მუხლმოყრილი. როცა წამოვდექი, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი და იქვე საკუთარ თავს გამოვუტყდი: ახლა რომც ესროლათ, აღარ ვინანებდი, რადგან მე ხომ ჩემი მისია შევასრულე. სანამ უკან გამოვბრუნდებოდი, ირგვლივ მიმოვიხედე. საოცარი იყო, ორიოდე მოჯაჰედი „მცველის“ გარდა ირგვლივ ვეღარავინ დავინახე. მადლიერების ნიშნად ორივე ხელი ზეაღვმართე. მოულოდნელად იქვე, დაახლოებით 50 მეტრში „შავი შაშხანის“ (ამერიკული M-16) სროლის ხმა გაისმა. დავიბენი, არ შემეშინდა-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილია, მაგრამ თავს შევუძახე, შიში არ შეგამჩნიონ, გიორგი მეთერთმეტის შთამომავალს არ გეკადრება-მეთქი და წელში უფრო გავიმართე. გაუგებრობა სწრაფად გაირკვა: თურმე, ჩემს მიერ გადადგმული სწორედ ამ გაბედული ნაბიჯის პატივსაცემად ისროლეს ჰაერში. ცოცხალ დერეფანში ჩამწკრივებულ მოჯაჰედებს გავუსწორდებოდი თუ არა, სამხედრო წესის თანახმად, მხრიდან შაშხანას იხსნიდნენ, ჰაერში ისროდნენ, შემდეგ კვლავ მხარზე იკიდებდნენ, თეთრ კბილებს მიელვებდნენ და გზას ხელით მიჩვენებდნენ – მიბრძანდითო. უზომოდ გახარებული და სიცხისგან თუ განსაცდელისგან ოფლში გაღვარული დავბრუნდი ჩემ ბლინდაჟში. მეორე დღეს კი საომარი მოქმედებები, საუბედუროდ, კვლავ გაგრძელდა. ერთი თვე დამჭირდა, რათა ყანდაგარი ამეღო. ხატზე შემიძლია დავიფიცო, ქორივით ვედექი ჯარისკაცებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობათაგან არავინ გაეძარცვათ ან გაეუპატიურებინათ. თუმცა, თითო-ოროლა შემთხვევას მაინც ჰქონდა ადგილი. რას ვიზამთ, ომი მაინც ომია. ასეთი „უსიამოვნებები“ ყოველთვის თან ახლავს“. – იხსენებს გენერალ -მაიორი თენგიზ ეპიტაშვილი

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!