ვარსკვლავთცვენა მილანში – რიდლი სკოტი ახალ ფილმს იღებს

 ვარსკვლავთცვენა მილანში – რიდლი სკოტი ახალ ფილმს იღებს
ვარსკვლავთცვენა მილანში – გასულ კვირას განსაკუთრებული გამოცოცხლება იგრძნობოდა მილანის ცენტრალურ უბნებში. უზადო პროფესიონალიზმის წყალობით, დეკორაციებითა თუ ნივთებით, წინა საუკუნის სტილით გაცოცხლებული წარსულის მეშვეობით, რომელიც რიდლი სკოტის მომავალი ფილმის გადასაღები მოედნისთვის შეიქმნა, დროში გასეირნება მოხდა.
გასეირნებას სასიამოვნოს ვერ დავარქმევ ფილმის შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა, გადასაღებ მოედანთან ბედნიერი შემთხვევითობით მოხვედრილი ადამიანების თქმით, გარემო მართლაც გამაოგნებელი იყო.
გამორჩეული ხედვისა და გემოვნების ინგლისელი პროდიუსერი და რეჟისორი რიდლი სკოტი ახალ ფილმს იღებს.
“გუჩის სახლი”, რომელიც წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს ეკრანზე და მთავარი სცენები, ამბიდან გამომდინარე მილანში გადაიღეს, მართლა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან რეალურ ფაქტებსა და მოტივებზე დაწერილი რომანის ეკრანიზაციაა.
გუჩის მოდის იმპერია, შექმნილი გუჩიო გუჩის მიერ, დაარსებიდან ზუსტად საუკუნის შემდეგაც, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პრესტიჟულ ბრენდად ითვლება და უდავოდ გამოირჩევა სტილითა თუ ორიგინალურობით.
სწორედ ამ იმპერიის ოჯახის ტრაგედიასა და ცხოვრებას ეძღვნება ფილმი და გამომდინარე სიუჟეტიდან, რომელიც მოდის სამყაროს, ელიტას, მის ლაბირინთებსა და ინტრიგებს ეხება და ცხადია, მთავარი ხაზი –
მაურიციო გუჩის მკვლელობის გაცოცხლებული ამბავი იქნება ეკრანზე, დარწმუნებული ვარ ათმაგად მიმზიდველი იქნება, რადგან რეალური ამბის გმირებს, კინოსა და მუსიკის ნამდვილი ვარსკვლავები განასახიერებენ: – ალ პაჩინო, რომელსაც გუჩის იმპერიის დამაარსებლის როლში ვიხილავთ და მილანის ულამაზესი, ცნობილი სასტუმრო “პარიზი” მასპინძლობდა, მიუხედავად წლების მატებისა, საკმაოდ მხნედ გამოიყურება. ლედი გაგა და ადამ დრაივერი, მაურიციო გუჩისა და პატრიცია რეჯანის ოჯახურ წყვილს განასახიერებს. გამორჩეული ჯერემი აირონსი და ორიგინალური ჯარედ ლეტო, რომელიც ნიღაბში და სტაფილოსფერ შარვალში ისე დასეირნობდა მილანის ქუჩებში, რომ კაციშვილი ვერ სცნობდა, საკმაოდ შთამბეჭდავ სახეებს შექმნიან პერსონაჟებიდან გამომდინარე.
სწორედ ამ ვარსკვლავების სტუმრობამ გამოიწვია მილანში დიდი ვნებათაღელვა და მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე შეღწევა რთული იყო და ჩვეულებრივ მოკვდავებს არ გვქონდა საშუალება მათი ხილვისა, ყოჩაღმა ფოტოგრაფებმა შეძლეს ამბების დაფიქსირება.
ამბობენ, სკოტი არც ამ ფილმში უღალატებს სტილს, მით უფრო, როცა ფილმი მოდის სამყაროს ეხება და ულამაზესი სამოსი, სამკაული, ძირფასეულობა შეიქმნა თურმე შეკვეთით.
სიმდიდრე და ფუფუნება ნამდვილად იყო მაურიციო გუჩის ოჯახში, რომელმაც 1972 წელს პატრიციაზე რეჯანიზე იქორწინა.
დიდ და მდიდრულ ქორწილში, მამა და მისი შტო არ ყოფილა რადგან პატრიცია, მდიდარი ოჯახის, სატრანსპორტო მაგნატის შვილობილი კი იყო, თუმცა წარმომავლობით სოციალურად დაბალი ფენიდან, ამიტომ გუჩების ოჯახმა რძალი არ მიიღო.
უფროსი გუჩი მხოლოდ მაშინ შეურიგდა და მიიღო შვილის ოჯახი, როცა პირველი ქალიშვილი შეეძინათ და საჩუქრად უმდიდრესი, ულამაზესი პენტჰაუსი აჩუქა სან ბაბილაზე მილანში, ცნობილი ბანანის ხეებით და სახლი შვეიცარიაში. ასევე უმდიდრესი საჩუქრები მიუძღვნა მეორე შვილიშვილსაც.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ვიდრე 1985 წელს, სწორედ სან ბაბილას აპარტამენტში არ გადასცეს პატრიციას მაურიციოს წერილი, რომ მიდიოდა და აღარასოდეს დაბრუნდებოდა ოჯახში. და დაიწყო ხანგრძლივი განქორწინების პროცესი დავებითა და კონფლიქტებით. ყოფილი მეუღლე აღიარებდა, რომ გუჩი უნიჭო მმართველი იყო და დიდი ვალი, კრედიტი ჰქონდა სხვადასხვა ბანკში და ოჯახის ღალატისთვის სიკვდილს იმსახურებდა.
1995 წლის 27 მარტს, დილით, როცა მაურიციო გუჩი გამოვიდა მისი უმდიდრესი სახლიდან კორსო ვენეციაზე მილანში და იქვე, პალესტროს N 20_ში, გუჩის ოფისისკენ გაეშურა, ვერც შეამჩნია, როგორ აეკიდა უცნობი, რომელმაც სადარბაზოში შესვლისთანავე რამდენჯერმე ესროლა და როცა დაეცა, თავში საკონტროლო გასროლით მოკლა. ესროლა ასევე შენობის დაცვასაც, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა.
საშინელება ატყდა ქალაქში, მითქმა-მოთქმა და უცნაური დაუცველობის შიში გაჩნდა.
უამრავი ვერსია შემუშავდა, გაიხსნა პირადი მიმოწერები, დოკუმენტები მაურიციო გუჩისა და დადასტურდა, რომ მას მართლაც უდიდესი ვალები ჰქონდა და ეჭვი, ყველაზე შეიძლება ყოფილიყო, თუმცა გამოძიება მთელი ორი წელი უშედეგოდ მიდიოდა, ვიდრე – ერთ დღეს მილანის პოლიციაში ანონიმმა არ დარეკა და კოდური სიტყვა – “გუჩი“ არ წარმოთქვა.
წყარო იტყობინებოდა, რომ იცნობდა პიროვნებას, რომელიც ამტკიცებდა – გუჩის მკვლელი მისი მოძებნილი იყო. დაიწყო ინტენსიური გამოძიება, მოსმენები და მოკლედ რომ ჩამოვყალიბდე, შოკისმომგვრელი შედეგი დადგა. შემკვეთი მაურიციო გუჩის მკვლელობისა, მისი ყოფილი მეუღლე, პატრიცია რეჯანი აღმოჩნდა. ეს იყო ვენდეტა მიტოვებული ქალისა.
სწორედ ამ შურისმაძიებელი ქალის სახეს შექმნის ლედი გაგა, რომელიც იტალიური ფესვებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ზუსტად ჩაწვდება პატრიციას ხასიათსა და სახეს.
ხანგრძლივი სასამართლოს შედეგად განაჩენი დადგა და მკვლელობასა და ორგანიზებაში მონაწილეების ხუთკაციან ჯგუფს, რომელშიც პატრიციას უახლოესი მეგობარი ქალი, დილეტანტი “მაგი”, სამხრეთელი დაქირავებული მკვლელი და მასთან დაკავშირებული პირები შედიოდნენ, 20-26 წელი მიუსაჯეს.
დრო სწრაფად გადის და დღეს, გუჩის მკვლელობის შემკვეთი ყოფილი ცოლი უკვე თავისუფალია. თუმცა, არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ თაღლითი მეგობრის მსხვერპლი გახდა.
ერთი სიტყვით, წლის ბოლოს საკმაოდ საინტერესო ფილმი გველოდება, მით უფრო, როცა ჩვენი მილანის ძველ და საყვარელ უბნებში იქნება მოქმედებები ნაჩვენები – ულამაზესი სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი ბიბლიოთეკა, მილანის გალერეა, დუომო, სან ლორენცოს ზონა.
ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ფილმი ძალიან საინტერესო, ასევე ლამაზი, დახვეწილი და ორიგინალური იქნება, როგორც თავად გუჩის იმპერია.

წყარო: Milano-ინგას მილანი

ასევე იხილეთ