თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

 თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი თურქეთის ეროვნული გუნდი გახდა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს.

ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

ასევე იხილეთ