“მოქალაქეების “ჯიბიდან გადასახდელები” უნდა შემცირდეს” – რაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას

 “მოქალაქეების “ჯიბიდან გადასახდელები” უნდა შემცირდეს” – რაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას

ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში იქნება შეზღუდული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაცია საქართველოსთვის ძირითადი გამოწვევაა.

“ყველას კარგად გვესმის, რომ ოკუპაცია, სამწუხაროდ, იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ძირითად გამოწვევად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების განზომილებაზე საუბარი. სანამ საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ
 
მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში იქნება შეზღუდული. ამიტომ, ჩვენთვის მშვიდობიანი გზით, პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ამოცანა ნომერი ერთი. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქაც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გახარიამ.

 

გახარიას განცხადებით, მთავრობას 
 
მოუწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომელიც მისივე თქმით, დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობის. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამთავრობო პროგრამის, ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების”, – განაცხადა გახარიამ.

 

“უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს”, – როგორც მან აღნიშნა, მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს იმ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით, რომელთა ეფექტიანობის თვალსაზრისით კითხვები არსებობს და ქვეყნის ბიუჯეტს აწევს მძიმედ.

“სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რის მიმართულებითაც ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ყველა ის სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და უნდა დავიწყოთ ამ საწარმოების მართვის ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა, ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრი. ამ ნაწილში ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს და ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენ გავაჯანსაღოთ როგორც ჩვენი ეკონომიკა, ასევე მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია,”- განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესში რეალური შედეგები ვერ მიიღწევა, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე არ დამკვიდრდა.

“ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც სამთავრობო პროგრამაზე ვსაუბრობთ, ქვეყნის დემოკრატიიზაციის შემდგომი კონსოლიდირება უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ვერანაირი მიღწევა, იქნება ეს უსაფრთხოების მიმართულებით, რეფორმების თუ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ვერანაირად ვერ იქნება საბოლოოდ შედეგიანი და ვერ მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე, თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესში რეალურ შედეგებს არ მივაღწევთ და თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე ქვეყანაში არ დავამკვიდრეთ. ჩვენი გუნდი ამ თვალსაზრისით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და დღეს, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკაში და არა მხოლოდ ეკონომიკაში გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.

“ამას დასჭირდება ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა გახარიამ.

“პროგრამები, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და დევნილების დახმარებას ითვალისწინებს, კიდევ უფრო გაძლიერდება”


მან ასევე პირველი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, რეფორმა იქნება მიმართული იმისკენ, რომ სერვისის მიღებისას მოქალაქეების “ჯიბიდან გადასახდელები” შეამციროს.

“გლობალური პანდემიის პირობებში და ეპოქაში განსაკუთრებული სფეროები არსებობს, რომლებიც წინა პლანზე გადმოდიან. ჩვენ ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც გასაგრძელებელია ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. იყო გარკვეული თვალსაჩინო შედეგები – რა თქმა უნდა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა, შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო დღეს მუშაობს, პირველ რიგში არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა. გარდა ამისა, გლობალურმა პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სახელწიფო სოციალური პროგრამები. აქ ჩვენ გვქონდა დაწყებული ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრიობის ხარისხის გაზრდას თითოეული ჩვენი მოქალაქის შეჭირვებული მოქალაქის, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება, მათი იდენტიფიცირების პროცესში კონკრეტული რეფორმების ჩატარება, კონკრეტული გაუმჯობესება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობდით და ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რჩება და ხდება, რამეთუ თითოეული ჩვენი სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულის, დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელწმიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს. ამიტომ ის პროგრამები, რომელიც იყო ასაკოვანი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და ჩვენი დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, ეს პროგრამები კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება,” – განაცხადა გახარიამ.

 

მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების მიხედვით

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!