რადიო „არ დაიდარდოს“ ცნობილი წამყვანი თაკო მელიქიშვილი დახმარებას ითხოვს – “ახლა მთავარია, დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც დაბადებიდან აქვს რატის.

 რადიო „არ დაიდარდოს“ ცნობილი წამყვანი თაკო მელიქიშვილი დახმარებას ითხოვს – “ახლა მთავარია, დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც დაბადებიდან აქვს რატის.

თაკო მელიქიშვილის ხმა რადიო „არ დაიდარდოს“ ერთგულ მსმენელს არავისში შეეშლება. უკვე 17 წელია თაკო რადიოს წამყვანია და ალბათ გასაკვირიც არაა, რომ სამსახურს მეორე სახლად მოიხსენიებს ხოლმე. თუ აქამდე თაკო იდგა ხოლმე მსმენელების სურვილებისა და პრობლემების სადარაჯოზე, ამ ეტაპზე თავად მას სჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა. თაკო 2 შვილის დედაა, უფროსი ქალიშვილი აბიტურიენტი ჰყავს, მეორე შვილი რატი კი 4 წლისაა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება. თაკო საკუთარი სახსრებით ვეღარ უმკლავდება ამხელა ფინანსურ ვალდებულებებს და საზოგადოებას შვილის გამოსაჯანმრთელებლად დახმარებას სთხოვს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავად თაკოს გავესაუბრეთ:

– რატიზე ორსულად რომ ვიყავი, ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, არ მქონდა დისკომფორტი, წონაშიც დიდად არ მომიმატია, ნაყოფიც ვითარდებოდა ასაკის შესაბამისად. ორსულობის პერიოდში აქტიურად ვმუშაობდი, დატვირთული ვიყავი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელს რამეში მიშლიდა. როცა რატის პრობლემებმა თავი იჩინა, გარკვეული პერიოდი საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, იქნებ იმის ბრალია ეს ყველაფერი, რომ ასე აქტიური და დაკავებული ვიყავი ორსულობაში-თქო. მაგრამ, ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ დანამდვილებით პასუხი არაფერზე მაქვს და ახლა მთავარია, დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც დაბადებიდან აქვს რატის.
ორსულობის 32-ე კვირაზე მოხდა პლაცენტის აცლა და სამშობიაროში რომ მივედით, ბავშვს უკვე ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, მეც გართულებები მქონდა და სასწრაფოდ საკეისრო გამიკეთეს. იმდენადრთულად წარიმართა პროცესი, რომ შეიძლებოდა, ვერც ერთი ვერ გადავრჩენილიყავით, თუმცა, ღვთის წყალობით,  ორივე გადავრჩით. ბავშვი წაიყვანეს რეანიმაციაში, მე გამწერეს სახლში.
რატის პრობლემები ჰქონდა ფილტვის გახსნაზე, ჟანგბადს აწვდიდნენ, რადგან ნაკლებობა განვითარდა, მხედველობის საკითხიც ეჭვქვეშ იდგა და ა.შ. დაახლოებით 7 დღის განმავლობაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. თავიდან გვეუბნებოდნენ, 3 დღეს თუ გადალახავს, ესე იგი საფრთხე არ ემუქრებაო, გადალახა და 3 კვირის შემდეგ სახლში გამოგვწერეს, ოღონდ გამოწერისას გამაფრთხილეს, რომ მის გადასარჩენად იმდენად ძლიერი ანტიბიოტიკები კეთდებოდა, შეიძლებოდა დროის სვლასთან ერთად პრობლემებს ეჩინა თავი.

– ამ მკურნალობის შედეგია ის პრობლემა, რაც დღეს აქვს რატის?

– ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი და ვერ დავაბრალებ, პირიქით, მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც გადაგვარჩინა, რადგან ვერ გვაძლევდნენ იმედს. მისი სიცოცხლის გადასარჩენად კეთდებოდა ეს ყველაფერი, სხვა გზა არ იყო. ამიტომ ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ. ფორმა ასში საკმაოდ ბევრი პრობლემაა ჩამოთვლილი, რაც ბავშვს ჰქონდა რეანიმაციაში ყოფნის დროს.

 

– დროთა განმავლობაში როგორ ვითარდებოდა?

– ჰქონდა გარკვეული ჩამორჩენები, თუმცა ამბობდა რამდენიმე სიტყვას, ახლა საერთოდ არ საუბრობს. მისი დიაგნოზია ასაკობრივი მოტორული ჩამორჩენა. მოტორული ჩამორჩენა მხოლოდ მეტყველების პრობლემას არ გულისხმობს, გვაქვს პრობლემა თვალის კონტაქტთან, კომუნიკაციასთან, ქცევასთან და ა.შ. როცა ეს ყველაფერი მოგვარდება, შემდეგ უნდა ველოდოთ ამეტყველებას. ამას კი სჭირდება თერაპიები, აქტივობები, ურთიერთობა სოციუმთან და მთელი რიგი გაკვეთილები და ვარჯიშები, რომ დავეწიოთ ასაკს.

– დამოუკიდებლად გადაადგილდება?

– გადაადგილდება, უყვარს გემრიელად ჭამა, სეირნობა. მოტორიკისა და მეტყველების პრობლემები აქვს ძირითადად.

– რაც შეეხება მკურნალობას, თურქეთში გყავდა წაყვანილი…

– ვინც ჩემი პრობლემა იცოდა, მირჩიეს, რომ თურქეთში წამეყვანა, დამაკვალიანეს და წავედით. იქაც იგივე დიაგნოზი დაგვისვეს, მაგრამ რეაბილტაცია უნდა გავიაროთ. ამ შემთხვევაში საუბარი ვადებზე არ არის, ანუ რა ვადა დასჭირდება, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია და ბავშვზეცაა დამოკიდებული, გარანტიები არ არსებობს. პანდემიამდე ამ პრობლემას ჩემით და ახლობლების გვერდში დგომით ვაგვარებდი, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვწვდები. საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ეს კურსები. თან ყველაფერი დროსთანააა კავშირში, რაც უფრო პატარაა ბავშვი, პრობლემის აღმოფხვრა უფრო მარტივია, ზრდასთან ერთად კი რთული ხდება ასაკთან დაწევა. მე რომ დაველოდო, როდის გადაივლის მსოფლიო პანდემია და სხვა პრობლემები, ძალიან უკან დავიხევთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, უფრო სწორად გადამაწყვეტინეს, რომ საჯარო გამეხადა ჩემი ეს პრობლემა. მერიკო კარტოზიამ მომცა სტიმული, გამებედა და მიმემართა საზოგადოებისთვის და დღეს მადლობელი ვარ მისი. იმხელა სითბო და სიყვარული წამოვიდა ხალხისგან, არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ. აქ იმაზე არ არის საუბარი, ვინ რამდენს ჩარიცხავს, ამდენი ადამიანი რომ თბილ სიტყვებს გეუბნება, გგულშემატკივრობს, ეს უკვე ძალიან დიდი დაფასებაა. ვისაც რა შეეძლო, იმას მთავაზობდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, ჩემს კოლეგებს, რადიოჰოლდინგს და ყველას. ეს თანაგრძნობა დიდ ძალას მმატებს.

 

– შეიძლება მამაზე გკითხო, რამდენადაა ჩართული ამ პროცესში?

– ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მე ვარ ჩემი შვილებისთვის დედაც და მამაც.

– ბავშვების გაზრდაში ვინ გეხმარება? სულ დაკავებული ხარ, რატისაც ყურადღება სჭირდება…

– ჩემი ნათლიის დედა, ჩემი ოჯახის წევრია და ის მეხმარება. ჩემი გოგონა დიდია უკვე, აბარებს წელს, ვამაყობ მისით, რატისთან კი ჩემი ნათლიის დედა რჩება. როცა ვიცი, რომ პასუხისმგებლობა სრულად ჩემზეა, არ ვაძლევ საკუთარ თავს დიდხანს დეპრესიაში ყოფნის უფლებას, თუ ვტირი, ცოტა ხანს გრძელდება ეს პროცესი, მირჩევნია ვიმოქმედო, რადგან ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო.

ვისაც თაკოს დახმარების სურვილი გაუჩნდება, გთავაზობთ ანგარიშის ნომერს:
GE53BG0000000336214175GEL

წყარო:მშობლები.გე

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!