რომის პაპი ერაყის ხელისუფლებასა და საზოგადოებას მოუწოდებს, ქვეყანაში დასრულდეს სამხედრო ძალადობა

 რომის პაპი ერაყის ხელისუფლებასა და საზოგადოებას მოუწოდებს, ქვეყანაში დასრულდეს სამხედრო ძალადობა

Pope Francis (C) attends a interreligious meeting at the Plain of Ur (Nassirya), Iraq 6 March 2021. Pope Francis is visiting Iraq for the Apostolic Journey from 5 to 8 March 2021. ANSA/ALESSANDRO DI MEO

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ვიზიტისას ხელისუფლებასა და საზოგადოებას მოუწოდა, ქვეყანაში დასრულდეს სამხედრო ძალადობა, ძმათა მკვლელობა და რელიგიური დაპირისპირება, რაც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა.

„ბატონო პრეზიდენტო, მთავრობის პატივცემულო წარმომადგენლებო, ძვირფასო მეგობრებო, მე აქ მოვედი, როგორც მომნანიებელი, ვთხოვ შენდობას ზეცას და ჩემს და-ძმებს ამდენი განადგურებისა და სისასტიკის გამო. მე მოვედი, როგორც მშვიდობის მომლოცველი ქრისტეს სახელით. დაე შეწყდეს იარაღით შეტაკება, შეწყდეს მათი გავრცელება, შეწყდეს პარტიული ინტერესები, დაე ჩვეულებრივი ხალხის, მშრომელების, მშვიდობისმყოფელებისა და მშენებლების აზრი იყოს გათვალისწინებული. დაე დასრულდეს აქ ძალადობისა და ექსტრემიზმის აქტები, დაყოფა და შეუწყნარებლობა. ამ წლებში ერაყი ცდილობდა საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ჯგუფის მონაწილეობის უზრუნველყოფა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფა. არავინ შეიძლება ჩაითვალოს მეორე კლასის მოქალაქედ“, – ამ სიტყვებით მიმართა რომის პაპმა ერაყის პრეზიდენტს, დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს პრეზიდენტის სასახლეში საუბრისას. მისი თქმით, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ერაყმა განიცადა ომების დამანგრეველი შედეგები, ტერორიზმის უბედურება და რელიგიურ შუღლთან დაკავშირებული კონფლიქტები, რომელიც ხშირად ფუნდამენტალიზმით არის განპირობებული. ფრანცისკეს თქმით, ამ ყველაფერმა მოიტანა სიკვდილი და განადგურება და ზიანი იმდენად ღრმაა, ჭრილობების განკურნებას წლები დასჭირდება. მან ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებული დევნის მსხვერპლნი გახდნენ იეზიდები.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვისწავლით ჩვენი განსხვავებულობის მიღმა გავიხედოთ და ერთმანეთს შევხედოთ, როგორც ერთი ოჯახის წევრებს, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ აღდგენის ეფექტური პროცესი და მომავალ თაობებს დავტოვოთ უკეთესი, უფრო სამართლიანი და ჰუმანური სამყარო“, – აღნიშნა რომის პაპმა.

წყარო: interpressnews.ge

ასევე იხილეთ