სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათს (16.03.2021)

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათს (16.03.2021)

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას; ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას.

მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ: ავადმყოფობა, სიკეთის ნაკლებობა … და არ უნდა შეგეშინდეთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს რა თავის დასასრულს, გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინაარმდეგ, მაგრამ ღვთის მადლი, ღვთის ძალა იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვერაფერს გახდება.

ხშირად ლაპარაკობენ პრესით, ტელევიზიით, რომ მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება, რათა ბოროტი ძალა დაუძლურდეს. ამის შესახებ კარგად აქვს ნათქვამი პავლე მოციქულს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში. გულისყურით დავაკვირდეთ, რადგან აქ ბევრი საიდულმო არის ახსნილი. ახლა მოვისმინოთ ეს თავი:

1.  „ხოლო ეს იცოდე, რომ უკანასკნელ დღეთა დადგომისას მოიწევა ბოროტი ჟამი;

2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, დედ-მამის ურჩნი, უმადლონი უღირსნი,

3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,

4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო მეტად განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმერთისა,

5. მოსაჩვენებლად ღვთისმოსაობის მსახურნი, მაგრამ მისი ძალისაგან განდგომილნი; მათგან შორს დაიჭირე თავი.

6. რადგანაც ამათთაგანი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში, და აცდუნებენ ცოდვით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;

7. ერთთავად რომ სწავლობენ, და ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.

8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენი უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას; გონებაგახრწნილი კაცნი, სარწმუნოებაში უმეცარნი;

9. მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ამათი უგუნურება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.

10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, განზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთბინებას,

11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითბინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტერში და ყველაფრისგან მიხსნა მე უფალმა.

12. და ყველა ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება აგრეთვე.

13. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი უარესს მოიმოქმედებენ: სხვებსაც აცთუნებენ და თავადაც შეცდებიან.

14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; იცოდე ვის მიერა ხარ განსწავლული.

15. ეგეც არ იყოს, სიყრმითვე იცნობ საღმრთო წერილს, რომელსაც ძალუძს შენი გაბრძნობა, რათა ცხონდე რწმენით, ქრისტე იესოში.

16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო – სამოძღვრებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლებლად,

17. რათა სრულქმნილი იყოს ღმერთის კაცი,  ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული (II ტიმოთე 3,1-17).

დიახ, ეს ყველაფერი წერია ახალ აღთქმაში. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ბრძოლა მძიმე იქნება მორწმუნე ადამიანებისთვის, მაგრამ ღვთის ძალა, ღვთის მადლი, არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გაიმარჯვოს ბოროტმა.

ჩვენ მივეცით ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, მთელს საქართველოს, რომ ყოველდღე ტაძარში შეასრულონ მცირე აიაზმის პარაკლისის აღსრულება და დალოცონ ხალხი. სამღვდელოება ასხურებს ნაკურთ წყალს სახლებს, თავის შვილებს, თავის ოჯახს და ბოროტი აღარ მიეკარება მათ.

ღმერთმა ძალა და მადლი მოგცეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ასევე იხილეთ