„ჩემი მშობლები იყვნენ ადამიანები კომპიუტერიდან“ – ქართველი ემიგრანტის წარმატება და ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის სახლში გადაღებული კლიპი

 „ჩემი მშობლები იყვნენ ადამიანები კომპიუტერიდან“ – ქართველი ემიგრანტის წარმატება და ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის სახლში გადაღებული კლიპი
ნინა ჯანგველაძე ამერიკაში 14 წლისა წავიდა, თავის მშობლებთან და როგორც ის „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, „უცხო ადამიანებთან“ მოხვდა.
ნინა ჯანგველაძე:
– წლების წინ, მამაჩემს საქართველოში ჰქონდა თავისი ღვინის ქარხანა. დაიწყეს მისი შევიწროება ამის გამო მამაჩემს მოუწია ქვეყნის დატოვება ეს იყო 2002 წელს. მას ამის გაკეთება მეგობრის გამო მოუწია, რომელსაც დაჭერას უპირებდნენ და მამამ ის სასამართლო პროცესზე დაიცვა. სწორედ ამის გამო გახდა დევნის მსხვერპლი. მამამ მიაღწია იმას, რომ მის მეგობარს 12-ის მაგივრად ორი წელი მიუსაჯეს, მაგრამ სამაგიეროდ, თვითონ მოუწია ქვეყნის დატოვება და ადამიანმა, რომელიც მანამდე მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან ერთად ვახშმობდა, ამერიკაში მიმტანად დაიწყო მუშაობა.
ბავშვები დაგვტოვეს საქართველოში, ბებიასთან, თვითონ წავიდნენ ახალი ცხოვრების დასაწყებად, ამერიკაში. მქონდა ძალიან ლაღი ბავშვობა და მყავდა ძალიან ბევრი ძიძა. ერთხელ, ამას წინათ, მე და დედა ჩამოვსხედით დავთვალეთ და ოცდაათამდე დავთვალეთ.
ვინაიდან მშობლების გარეშე ვიზრდებოდი, ყველა ადამიანის თბილი სიტყვა მახსოვს, ყველა ადამიანის ჩახუტება და მადლიერების გრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ. არ არის კარგი, როცა ბავშვი მშობლების გარეშე იზრდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ბავშვობა მქონდა. მაშინ ვერ ვგრძნობდი უმშობლობას. ახლანდელი გადმოსახედიდან კი ვხვდები, რამდენი რამ დამაკლდა იმის გამო, რომ დედა და მამა ჩემ გვერდით არ იყვნენ.

სიმართლე რომ გითხრათ, არასოდეს მიოცნებია, რომ ამერიკაში ჩამოვსულიყავი საცხოვრებლად, მაგრამ ჩემს მშობლებთან ერთად ყოფნა მინდოდა და 14 წლისა ამათთან წამოვედი.
დავიწყე ცხოვრება ფაქტობრივად, ახალ გარემოში და ახალ ოჯახთან ერთად, რადგან ორი წლის ვიყავი, როცა დავრჩი მშობლების გარეშე და 14 წლისა მოვხვდი მათთან. თითქოს ეს ადამიანები ჩემთვის უცხოები იყვნენ. დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ ადამიანები კომპიუტერიდან და რეალურ ცხოვრებაში იმის გათავისება, რომ ისინი ჩემი მშობლები იყვნენ და მე მათთან ერთად უნდა მეცხოვრა, იოლი არ იყო.თუმცა, ყველაფერი ნელ-ნელა გადავლახე, შევეჩვიე, ადაპტაცია გავიარე და მოვერგე აქაურ სიტუაციას. სკოლა დავამთავრე და ახლა ვსწავლობ უნივერსიტეტში, მესამე კურსზე. ვსწავლობ იმავე უნოვერსიტეტში, სადაც ჩემი და, რადგან სულ მინდა, მის გარემოცვაში ვიყო. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ამერიკაში და მაქვს 85-პროცენტიანი დაფინანსება.
საერთოდ, არ მიყვარს ერთფეროვნება და მინდა, რაღაც განსხვავებული ვაკეთო. ამიტომ ახლა ძალიან ბევრ სფეროში ვარ ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, სხვა სფეროებშიც აქტიურად ვარ ჩართული.ამერიკაში ჩამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დავიწყე დედაჩემის ბიზნესში ჩართვა და მე და ჩემი და, ასე ვთქვათ, ოჯახურ ბიზნესს ვუძღვებოდით.ამერიკულ ოჯახებს ვეხმარებით მომვლელის პოვნაში. გამოდის, რომ ვასაქმებთ ადამიანებს, მაგრამ მათ ხელფასს ხშირად უხდის სახელმწიფო, ვინაიდან ამერიკაში არის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფასო მომვლელს ითვალისწინებს.
ბოლო პერიოდში მე თვითონაც წამოვიწყე ჩემი ბიზნესი და ვერ გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ბიზნესის მწვერვალებს ვიპყრობ, მაგრამ ნელ-ნელა ვვითარდები და იმედია, კარგ შედეგებს მივაღწევ.
უნივერსიტეტთან ერთად გავაკეთე პროექტი და საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ვეხმარები, რომ ამერიკის უნოვესიტეტებში გააგრძელონ სწავლა. ვუწევ კონსულტაციას, როგორ შეიძლება ჩააბარონ დაფინანსებით, ვაძლევ რჩევებს, ლიტერატურას, ვუხსნი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, ვაწვდი ინტერნეტ წყაროებს.
რამდენიმე თვის წინ, მეგობრებთან ერთად გავაკეთე ერთგვარი კულინარიული ვორქშოპი, სადაც უცხოელებს გავაცანით ქართული კერძები, ვაჩვენეთ, როგორ კეთდება ხინკალი, ხაჭაპური და სხვა კერძები. ჩემი და ცეკვავდა ქართულს, მე ვმღეროდი ქართულად. წარვადგინეთ საქართველო, მოვყევით მისი ისტორიის შესახებ. ერთი სიტყვით, გავაცანით ჩვენი ქვეყანა.
როცა უცხოელების წინაშე ქართულად ვმღერი, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ვიცი, რომ ადამიანი, რომელიც დარბაზში ზის, ქართულად წარმოთქმულ  სიტყვებს გაიგებს პირველად, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ სიმღერების რაღაც ნაწილი – 1-2 კუპლეტი ინგლისურად გადამეთარგმნა და ისე მემღერა, რომ ამ ადამიანებს წარმოდგენა ჰქონდეთ, სიმღერა რა თემას ეძღვნება და შინაარსი მათთვის გასაგები იყოს.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!