16 წლის ასაკში ვაჟა აზარაშვილის მუსიკით შთაგონებული იაპონელი მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორი გახდა – როგორ გაიცნო ქართველი კომპოზიტორი იაპონიამ

 16 წლის ასაკში ვაჟა აზარაშვილის მუსიკით შთაგონებული იაპონელი მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორი გახდა – როგორ გაიცნო ქართველი კომპოზიტორი იაპონიამ

”16 წლის ასაკში ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოები მოვისმინე და სწორედ ამან შთამაგონა, დირიჟორი გავმხდარიყავი” – ეს სიტყვები მსოფლიოში ცნობილ იაპონელ დირიჟორს კაძუკი იამადას ეკუთვნის.

ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ურთიერთობა იაპონიასთან და მისი მუსიკისადმი იაპონელების დამოკიდებულება საქართველოში სათანადოდ ცნობილი არ არის. ბევრმა არ იცის, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში ვაჟა აზარაშვილი ცნობილი სახელი და გვარია და მის მუსიკას იქ დიდ პატივს სცემენ.

ყველაფერი კი 2015 წლიდან იწყება, როცა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსის კაძუკი იამადას და  იოკოჰამას სინფონიეტას გენერალური მენეჯერის, მაესტრო ტოშიკი უსუის ინიციატივით იაპონიაში პროექტის ”ვაჟა აზარაშვილის” განხორციელება დაიწყო.

თუმცა მანამდე დიდმა იაპონელმა მუსიკოსმა კაძუკი იამადამ საკმაოდ საინტერესო და ემოციური რამ გაამხილა:

”როცა 16 წლის ვიყავი, შემთხვევით ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები მოვისმინე. ემოცია და შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ გავოგნდი. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე დირიჟორი გავმხდარიყავი.”

კაძუკი იამადა მონტე-კარლოს სახელმწიფო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია, ამავდროულად, მოღვაწეობს, როგორც ბირმინგემის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი. ხოლო მშობლიურ ქვეყანაში ტოკიოს სიმოფნიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორია. სხვადასხვა დროს, სახელოვან დირიჟორს არაერთი საპატიო ტიტული და ჯილდო აქვს მიღებული.

მას შემდეგ, რაც ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებით იაპონელ მუსიკოსებს ზემოთხსენებული იდეა გაუჩნდათ, 2015 წელსვე ტოშიკი უსუი  საქართველოში ჩამოვიდა და ქართველ პარტნიორებთან ერთად ვაჟა აზარაშვილის მუსიკის იაპონიაში პოპულარიზაცია ინტენსიურად დაიწყო.

თავად კაძუკი იამადა კი საქართველოში 2018-19 წლებში იმყოფებოდა. სახელოვანმა დირიჟორმა მისი საყვარელი კოპოზიტორი,  რომლის  გავლენითაც აირჩია პროფესია, პირადად გაიცნო.

პროექტმა, რომელიც ვაჟა აზარაშვილის შემოქმედების იაპონიაში პოპულარიზაციას უკავშირდებოდა, წარმატებით აიღო სტარტი და დღემდე ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა:

2018-20 წლებში ცნობილმა იაპონურმა საგამომცემლო სახლმა ”ზენ-ონ”-მა ვაჟა აზარაშვილის მუსიკის ნოტების სამი კრებული გამოსცა.

იგივე საგამომცემლო სახლი იცავს ვაჟა აზარაშვილის საავტორო უფლებებს იაპონიაში. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ კომპანია, რომელიც იაპონიაში არაერთი ცნობილი კომპოზიტორის, მათ შორის შოსტაკოვიჩის საავტორო უფლებებს იცავს.

იოკოჰამას სინფონიეტას ხმის  ჩამწერმა სტუდიამ ”ტომატონე”-მ გამოსცა ელექტრონული ალბომი ”ვაჟა აზარაშვილი”.

2021 წლის მარტში იოკოჰამას სინფონიეტა გამოსცემს  ვაჟა აზარაშვილის ამჯერად უკვე მეორე ელექტრონულ ალბომს სახელწოდებით “ოცნება-DREAM”.

სიყვარული და პატივისცემა ქართველი კომპოზიტორის მიმართ, საქართველოში უპასუხოდ არ დარჩენილა.

ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის 2019 წელს ტოშიკი უსუი სიღნაღის საპატიო მოქალაქედ იქნა არჩეული.

თავის მხრივ კი მაესტრო უსუიმ საქართველოს არაერთ ქალაქში საქველმოქმედო კონცერტი გამართა და სხვა კომპოზიციებთან ერთად  ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შეასრულა.

იაპონიაში ქართველი კომპოზიტორი დღემდე ძალიან უყვართ. იაპონიის სინფონიეტა  ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებს ხშირად ასრულებს, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. ნიშანდობლივია, რომ ქართველი კომპოზიტორის ერთ-ერთი ნაწარმოები იოკოჰამას სინფონიეტამ 2019 წელს მოსკოვში, შოსტაკოვიჩის საერთაშორისო ფესტივალზე შეასრულა.

ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები სტაბილურად არის დამკვიდრებული მონაკოს ფილარომონიის ორკესტრის რეპერტუარშიც, რომელის დირიჟორი თავად დიდი მაესტრო კაძუკი იამადაა.

”ექსკლუზივი TV” დიდ მაესტროს ვაჟა აზარაშვილს დაუკავშირდა და იაპონიასთან მისი პროფესიული ურთიერთობების შეფასება სთხოვა:

”იაპონიაში ჩემი შემოქმედებით მართლაც აქტიურად დაინტერესდნენ. ვხედავ, ჩემს ნაწარმოებებს საუკეთესო ორკესტრები და გუნდები ასრულებენ. ინტერნეტში შემხვდა ცალკეული იაპონელი მევიოლინეების მიერ შესრულებული ჩემი მუსიკაც. მათი პროფესიონალიზმიც თვალსაჩინო იყო, რაც ჩემთვის, როგორც ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მახარებს ის ფაქტი, რომ პროექტი ”ვაჟა აზარაშვილი” იაპონიაში წარმატებით ხორციელდება და ჩემი მუსიკა ამ ქვეყანაში უყვართ.  სხვათა შორის, 30 ნოემბერს შედგა ჩემი საავტორო კონცერტი ტოკიოში, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩასვლა ვერ მოვახერხე. ჩემი და იაპონელი მუსიკოსების ურთიერთობისა და პროექტის განხორიელების საქმეში საკმაოდ დიდია საქართველოში იაპონიის საელჩოს როლი, რისთვისაც მათი ძალიან მადლიერი ვარ. ასევე, რაკი იაპონიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო იაპონიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი გიორგი ბაბუაძე, რომელიც ქალაქ ოსაკაში  კონცერტმეისტერია და დიდ ქართულ საქმეს აკეთებს. ზოგადად კი, ჩემი და იაპონიის ურთიერთობა ჩემთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება” – აღნიშნა ”ექსკლუზივი TV”-თან საუბრისას ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!