#OK! „საქართველოს ფოსტამ“ EMS-გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო

 #OK! „საქართველოს ფოსტამ“ EMS-გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო

„საქართველოს ფოსტამ“ პანდემიის პირობებში ყველა სირთულეს გაუძლო და თითოეული გამოწვევის საპასუხოდ, შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები გადადგა. მისმა ამგვარმა მობილიზებულობამ და საათივით აწყობილმა სერვისმა საერთაშორისო დონეზეც მიიქცია ყურადღება. შესაბამისად, 2020 წელს მან EMS-გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „საქართველოს ფოსტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, მაგდა სანიკიძეს.

გვესაუბრეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც პანდემიამ დააყენა „საქართველოს ფოსტა“.

„საქართველოს ფოსტისთვის“, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. „საქართველოს ფოსტა“ საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით, მიმდინარე წელს საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა და ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებშიც კი, კომპანიამ, როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად შესთავაზა საფოსტო/საკურიერო მომსახურება, შეუფერხებლად განახორციელა საერთაშორისო ფოსტის ცვლის პროცესი და კრიზისულ სიტუაციაში შეინარჩუნა არსებული საერთაშორისო მიმართულებები.

გვიამბეთ ადაპტაციის პროცესისა და იმ გზების შესახებ, რომელიც „საქართველოს ფოსტამ“ პანდემიით გამოწვეულ ამ ურთულეს პერიოდში აირჩია.

გლობალური გამოწვევის პირობებში, რომელიც ერთნაირად აისახა მსოფლიოს ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე, „საქართველოს ფოსტას“ მოუწია, უმოკლეს ვადებში მოეძიებინა საზღვარგარეთ გამავალი გზავნილების გაგზავნის ალტერნატიული გზები, არსებულ რეალობასთან ადაპტირება და საპასუხისმგებლო როლის შესრულება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან გამკლავებაში. კომპანიის მთავარი ამოცანა გახლდათ მაქსიმალური სიფრთხილით ეზრუნა ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაეცვა სახელმწიფო და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად, არ შეეწყვიტა სერვისების მიწოდება − როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

რომელი პროდუქტები შექმნა „საქართველოს ფოსტამ“?

„საქართველოს ფოსტამ“, 2020 წელს, კრიზისის პირობებში უზრუნველყო რიგი მომსახურებების ადაპტირება არსებულ გამოწვევებზე და საფოსტო/საკურიერო მომსახურების უწყვეტად მიწოდების მიზნით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მორგებული ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნა, კერძოდ:

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს ფოსტამ“ შეცვალა გზავნილთა ჩაბარების ფორმატი. თანამშრომლები გზავნილების ბინაზე ჩაბარებას ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე უზრუნველყოფენ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „საქართველოს ფოსტამ“ უმოკლეს ვადაში შექმნა ახალი მომსახურება „სახლიდან სახლში“, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შინიდან გაუსვლელად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად, დაიცვან რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

ასევე, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით იყო განპირობებული. „საქართველოს ფოსტამ“ მოახდინა სერვისების სრული ადაპტირება ელექტრონული კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციისა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა კიდევ ერთი სრულიად ახალი პროდუქტი − „კორპორაციული საკურიერო მომსახურება“, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს ქვეყნის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ „კორპორაციული საკურიერო მომსახურებით“ დაინტერესებისას, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს „სახლიდან სახლში“ (Door to Door Delivery) სერვისით. ასევე, შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდა ადგილზე (Cash on Delivery), როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

დამატებით, ელექტრონული კომერციის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს ფოსტამ“ შექმნა შემდეგი ახალი პროდუქტები: „მალეო კორპორაციული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს ელექტრონული კომერციით მოვაჭრე ორგანიზაციების მიერ „მალეოს“ საშუალებით შეძენილი პროდუქტის შემოტანას საქართველოს ბაზარზე, და „სახმელეთო ამანათი კორპორაციული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს სახმელეთო მომსახურების საშუალებით პროდუქტის ექსპორტზე გატანას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს შეიქმნა პროდუქტი – „მალეოს“ მობილური აპლიკაციები (IOS, ANDROID), რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის მცხოვრებს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება.

მოგვიყევით ონლაინსწავლების იმ პლატფორმის შესახებ, რომელიც „საქართველოს ფოსტამ“ პანდემიის პერიოდში საკუთარი  თანამშრომლებისთვის შექმნა.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. კომპანიაში დასაქმებულია 2 100-ზე მეტი თანამშრომელი. „საქართველოს ფოსტა“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგს და დღეს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტს. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური განათლების მხარდაჭერის მიზნით და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, „საქართველოს ფოსტამ“ პანდემიის პერიოდში შექმნა ონლაინსწავლების პლატფორმა Moodle.

გვესაუბრეთ იმ ჯილდოს შესახებ, რომელიც „საქართველოს ფოსტამ“ 2020 წელს მიიღო.

„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) EMS-მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა. მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა EMS-მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა იმგვარი საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმკლასის მომსახურების სტანდარტს. შედეგად, EMS-მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში კომპანია გახდა ლიდერი 180-ზე მეტ ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანოს − „EMS კოოპერატივის“ ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება − მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) მიმართულებით. შეფასების შედეგად, ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ 2020 წლის მონაცემებით, დააკმაყოფილა ყველა საერთაშორისო კრიტერიუმი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და შესრულება.

სამომავლო გეგმები.

აქტიურად ვმუშაობთ როგორც არსებული სერვისების განვითარების მიმართულებით, ასევე ახალი სერვისების დასანერგად. მიმდინარე ეტაპზე ორიენტირებული ვართ ციფრული სერვისების განვითარებაზე. დაგეგმილი გვაქვს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება − როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებით, რომელთა შესახებ ინფორმაციას პერიოდულად დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.ok.ge

ასევე იხილეთ