დავით ჩიხელიძე: თანამედროვე საერთაშორისო გარემოში უფრო მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, სადაც ჩინეთი ლიდერის პოზიციების გამყარებისკენ მიიწევს, ხოლო ევროკავშირი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, გლობალურ კონკურენციაში თანდათან ჩამორჩება
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის აღმასვლაზე საუბრობს.
როგორც ჩიხელიძე წერს, ბოლო პერიოდში გახშირდა საუბრები ევროპის გლობალური ეკონომიკური წონის შემცირებაზე, რადგან ჩინეთის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული შესაძლებლობები ბევრად უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. სწორედ ეს განსხვავებული ზრდის დინამიკა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მსოფლიო ძალთა ბალანსი ეტაპობრივად იცვლება.
„ჩინეთის აღმასვლა და ევროპის რეგრესი: მსოფლიო ძალთა ბალანსის ცვლილება
XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესად მსოფლიო ძალთა ბალანსის ცვლილება მიიჩნევა. თუ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ისა და დასავლეთის თითქმის უკონკურენტო დომინაცია ჩამოყალიბდა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრებისა და წამყვანი ეკონომიკური ინსტიტუტების ანგარიშები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ, რომ მსოფლიო თანდათან მრავალპოლუსიანი სისტემისკენ მიემართება. ამ ცვლილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ჩინეთის უპრეცედენტო ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური აღმასვლაა.
ჩინეთის ტრანსფორმაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა XXI საუკუნის დასაწყისიდან. 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების შემდეგ ქვეყანამ სწრაფად განავითარა ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრია, მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მეცნიერებასა და ინოვაციებში, რითაც ეტაპობრივად იქცა მსოფლიოს უმსხვილეს საწარმოო ცენტრად. მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) და სხვა ავტორიტეტული ინსტიტუტების მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთის გავლენა დღეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკით, იგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ტექნოლოგიურ, ფინანსურ და პოლიტიკურ სფეროებში.
ჩინეთის გაძლიერების პარალელურად, სხვა მოთამაშეებთან ერთად, განსაკუთრებით ევროპის პოზიციები სუსტდება, ევროპა თავად საუბრობს საკუთარ კონკურენტუნარიანობის გამოწვევებზე. ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ მარიო დრაგის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი ჩამორჩება აშშ-სა და ჩინეთს ინოვაციების, პროდუქტიულობის ზრდისა და მაღალტექნოლოგიური სექტორების განვითარების მიმართულებით და საჭიროებს უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციებს, რათა შეინარჩუნოს გლობალური კონკურენტუნარიანობა. მარიო დრაგი: გაქრა ილუზია ისეთი ევროპის შესახებ, რომელიც ანგარიშგასაწევია. შესაბამისად, საერთაშორისო დისკუსია სულ უფრო მეტად ფოკუსირდება არა მხოლოდ ჩინეთის აღმასვლაზე, არამედ ევროპის შედარებითი ეკონომიკური და ტექნოლოგიური წონის შემცირებაზეც.
ეკონომიკური ძალთა ბალანსის ცვლილება
ჩინეთის ეკონომიკური აღმასვლა თანამედროვე ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენად მიიჩნევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2000 წელს ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) დაახლოებით 3.6%-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის შეფასებით მისი წილი უკვე დაახლოებით 17%-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით კი ჩინეთი უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკაა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაა. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) შეფასებით, გლობალური საწარმოო წარმოების დაახლოებით ერთი მესამედი უკვე ჩინეთზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში წარმოებული ყოველი სამი სამრეწველო პროდუქციიდან დაახლოებით ერთი ჩინეთში იქმნება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ვაჭრობა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთი უკვე წლებია, მსოფლიოს უმსხვილესი საქონლის ექსპორტიორია. ქვეყანა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს როგორც აზიის, ისე აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის მრავალი სახელმწიფოსთვის.
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშები ასევე აჩვენებს, რომ ჩინეთი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმღებ, ისე გამცემ ქვეყნებს შორის. ჩინური სახელმწიფო და კერძო კომპანიები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ლოგისტიკაში, ინფრასტრუქტურაში, ტელეკომუნიკაციებსა და მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია 2013 წელს დაწყებული „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც მიზნად ისახავს აზიის, ევროპის, აფრიკისა და სხვა რეგიონების ინფრასტრუქტურული და სავაჭრო კავშირების გაძლიერებას. ოფიციალური მონაცემებით, ინიციატივაში მონაწილეობს 150-ზე მეტი ქვეყანა და ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია.
პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია BRICS-ის გაფართოება. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის ზრდამ და მასში ისეთი ენერგეტიკული და რეგიონული მოთამაშეების გაერთიანებამ, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია, გააძლიერა დისკუსია იმის შესახებ, რომ გლობალური ეკონომიკური არქიტექტურა თანდათან უფრო მრავალპოლუსიანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ G7 კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ გავლენას, BRICS-ის გაფართოება საერთაშორისო ეკონომიკური ცენტრების დივერსიფიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიშნად განიხილება.
ეკონომიკური დომინაცია მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტით არ იზომება. მნიშვნელობა აქვს მიწოდების ჯაჭვებზე კონტროლს, წარმოების მოცულობას, ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და სტრატეგიული ნედლეულის გადამუშავებას. ამ მიმართულებებით ჩინეთმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) შეფასებით, ჩინეთი დომინირებს მზის პანელების, ლითიუმ-იონური ბატარეებისა და მრავალი სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიის წარმოებაში, რაც ქვეყნის ეკონომიკურ გავლენას კიდევ უფრო აძლიერებს.
ჩინეთის ტექნოლოგიური აღმასვლა და ევროპის კონკურენტუნარიანობის გამოწვევები
თუ XX საუკუნეში ეკონომიკური სიძლიერის მთავარ საზომად წარმოებისა და ფინანსური რესურსების მოცულობა მიიჩნეოდა, XXI საუკუნეში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ტექნოლოგიური ლიდერობა. ხელოვნური ინტელექტი, ნახევარგამტარები, კვანტური ტექნოლოგიები, 5G კომუნიკაცია, ელექტრომობილები, ბატარეები და განახლებადი ენერგია ის სფეროებია, რომლებიც განსაზღვრავენ არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას, არამედ სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ გავლენასაც. სწორედ ამ მიმართულებებში ჩინეთმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებული პროგრესი აჩვენა.
ჩინეთის სახელმწიფო სტრატეგია მრავალი წელია, ეფუძნება მეცნიერებისა და ინოვაციების სისტემურ მხარდაჭერას. ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდა კვლევისა და განვითარების დაფინანსება, შექმნა ტექნოლოგიური პარკები, ხელი შეუწყო უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას და ჩამოაყალიბა ეროვნული პროგრამები კრიტიკული ტექნოლოგიების განვითარებისთვის. OECD-ის მონაცემებით, ჩინეთი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია კვლევასა და განვითარებაში.
ინოვაციური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია პატენტების რაოდენობა. მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) ანგარიშების მიხედვით, ბოლო წლებში ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს საპატენტო განაცხადების რაოდენობით. ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ქვეყანა აღარ არის მხოლოდ უცხოური ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ სულ უფრო მეტად თავად ქმნის ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს.
მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება სამეცნიერო კვლევების მიმართულებითაც. Nature Index-ის მონაცემებით, ჩინური უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წილი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან სამეცნიერო პუბლიკაციებში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და რიგ მიმართულებებში ქვეყანამ აშშ-საც კი გადაასწრო.
ჩინეთი ერთ-ერთი ლიდერია AI-სთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების, პატენტებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, ხოლო ASPI Critical Technology Tracker-ის შეფასებით, ჩინეთი ლიდერობს, ან კონკურენტულ პოზიციაზეა კრიტიკული ტექნოლოგიების მნიშვნელოვან ნაწილში.
კიდევ უფრო თვალსაჩინოა ჩინეთის უპირატესობა მწვანე ტექნოლოგიებში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშების მიხედვით, ჩინეთი დღეს მსოფლიოში დომინანტურ პოზიციას იკავებს მზის პანელების, ლითიუმ-იონური ბატარეებისა და ელექტრომობილებისთვის აუცილებელი კომპონენტების წარმოებაში. მსოფლიო მზის პანელების წარმოების უდიდესი ნაწილი სწორედ ჩინეთში კონცენტრირდება, ხოლო ბატარეების წარმოების გლობალური სიმძლავრეების მნიშვნელოვანი წილი ჩინურ კომპანიებზე მოდის.
ელექტრომობილების ბაზარზეც ჩინეთმა ისტორიული შედეგი აჩვენა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანა არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომობილების ბაზარია, არამედ მათი უმსხვილესი მწარმოებელიც. ჩინური კომპანიები, მათ შორის BYD, სულ უფრო აქტიურად კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ევროპულ და ამერიკულ ავტოკონცერნებს.
საპირისპიროდ ევროპა დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორებიც არის:
* პროდუქტიულობის ზრდის შენელება;
* ინოვაციებში ჩამორჩენა;
* მაღალი ენერგეტიკული ხარჯები;
* კაპიტალის ბაზრების ფრაგმენტაცია;
* არასაკმარისი ინვესტიციები მაღალტექნოლოგიურ სექტორში;
* რეგულაციების სირთულე, რომელიც აფერხებს ინოვაციური კომპანიების სწრაფ განვითარებას.
ევროპა მრავალი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა პროდუქტიულობის იმ ტემპით ზრდას, როგორც მისი მთავარი კონკურენტები. ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ჩამორჩა ციფრულ რევოლუციას და ინოვაციების კომერციალიზაციას, რის გამოც მრავალი პერსპექტიული ევროპული სტარტაპი საქმიანობის გაფართოებას აშშ-ში ამჯობინებს.
ამავე პრობლემებზე მიუთითებს IMF-იც. ფონდის შეფასებით, ევროპის ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში შედარებით დაბალი იქნება, თუ არ განხორციელდება სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც გაზრდის პროდუქტიულობას, ინოვაციებსა და კერძო ინვესტიციებს.
ევროპის წინაშე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოგრაფია. Eurostat-ის პროგნოზებით, მომდევნო ათწლეულებში ევროკავშირში გაიზრდება ხანდაზმული მოსახლეობის წილი, რაც სამუშაო ძალის შემცირებისა და სოციალური ხარჯების ზრდის რისკს ქმნის. ეს ფაქტორი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე. ევროპულ ინდუსტრიაზე ენერგეტიკულმა კრიზისმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ენერგორესურსების გაძვირებამ გაზარდა მრეწველობის ხარჯები, რის გამოც რიგმა ევროპულმა კომპანიებმა წარმოების ნაწილი უფრო კონკურენტულ ბაზრებზე გადაიტანეს.
ბოლო პერიოდში გახშირდა საუბრები ევროპის გლობალური ეკონომიკური წონის შემცირებაზე, რადგან ჩინეთის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული შესაძლებლობები ბევრად უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. სწორედ ეს განსხვავებული ზრდის დინამიკა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მსოფლიო ძალთა ბალანსი ეტაპობრივად იცვლება.
გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოება, ძალთა ბალანსის ცვლილება და მომავლის პროგნოზები
ეკონომიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდა ჩინეთისთვის მხოლოდ ეკონომიკური წარმატების საფუძველი არ გამხდარა. პარალელურად, ქვეყანა მნიშვნელოვნად აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გავლენას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. თუ წარსულში ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული, ბოლო წლებში პეკინი სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებაში, ქმნის ახალ პლატფორმებს და აფართოებს პარტნიორთა ქსელს.
ჩინეთი აქტიურად ავითარებს თანამშრომლობას ე.წ. გლობალურ სამხრეთთან (Global South). აფრიკაში ჩინეთი მრავალი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის სფეროებში. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც, სადაც ჩინური კაპიტალისა და ტექნოლოგიების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
პოლიტიკური გავლენის ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ ჩინეთი სულ უფრო აქტიურ როლს ასრულებს საერთაშორისო ინსტიტუტებში. გაეროს სისტემაში, მრავალმხრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და რეგიონულ ფორმატებში ჩინეთის მონაწილეობა და გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პარალელურად, პეკინმა წამოაყენა ისეთი ინიციატივები, როგორიცაა Global Development Initiative (GDI) და Global Security Initiative (GSI), რომელთა მიზანია განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
გლობალური ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები ადასტურებს ძალთა ბალანსის ცვლილების ტენდენციას. PwC-ის ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკად დარჩება, ხოლო ინდოეთი მეორე ადგილს დაიკავებს. ანალოგიურ შეფასებებს აქვეყნებენ OECD, Goldman Sachs და სხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ აზიის წილი მსოფლიო ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზრდება.
ამავდროულად, საერთაშორისო ინსტიტუტები არ აკეთებენ დასკვნას, რომ დასავლეთის, ან ევროკავშირის გავლენა გაქრება. პირიქით, მათი შეფასებით, აშშ და ევროკავშირი კვლავ დარჩებიან მსოფლიო ეკონომიკის, ფინანსების, მეცნიერებისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ცენტრებად. თუმცა განსხვავება ის არის, რომ მათი შედარებითი წილი მსოფლიო ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ კონკურენციაში მცირდება მაშინ, როდესაც აზიის, განსაკუთრებით ჩინეთისა და ინდოეთის, მნიშვნელობა იზრდება.
სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას IMF, რომლის პროგნოზებითაც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი მომდევნო წლებში აზიის ქვეყნებზე წამოვა.
საერთაშორისო კვლევებისა და ეკონომიკური ტენდენციების ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინეთი ეტაპობრივად ყალიბდება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ ძალად. მისი გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაში, წარმოებაში, ინოვაციებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მუდმივად იზრდება. პარალელურად, ევროკავშირი კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკური ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით სულ უფრო მეტ გამოწვევას აწყდება, რის გამოც მისი შედარებითი წონა გლობალურ სისტემაში მცირდება. სწორედ ამიტომ, თანამედროვე საერთაშორისო გარემოში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, სადაც ჩინეთი ლიდერის პოზიციების გამყარებისკენ მიიწევს, ხოლო ევროკავშირი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, გლობალურ კონკურენციაში თანდათან ჩამორჩება“, - წერს ჩიხელიძე.
1784734341
ახალი ამბებიბათუმში სროლა იყო - წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია 31 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათივე თქ...
1784733103
ახალი ამბებისოფ. ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი...
1784731934
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგრო...
1784729834
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა. მხარეებმ...
1784729270
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა
ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ე...




























