პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში, 9 ტენდერის ფარგლებში, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და სამშენებლო კომპანია შპს „მშენჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები: ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს „მშენჯგუფს“ საერთო ჯამში 18 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. იმავე პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ერთობლივად შეიმუშავეს და განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც მითვისებული თანხა, სხვადასხვა დანიშნულებით ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად განხორციელდა 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ათეულობით უძრავი ქონებისა და კომპანიის შეძენა. შემდგომში, აღნიშნული ქონების ნაწილი, გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა, დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ, შპს „მშენჯგუფმა“ დაუსაბუთებლად, წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „მშენჯგუფი“ ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიეღოთ შესაბამისი ზომები, გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა კერძო საექსპერტო კომპანიას, რომელიც ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება განეხორციელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი კომპანიის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ შპს „მშენჯგუფის“ მმართველის თხოვნით მაინც დაადასტურეს აღნიშნული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს.

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდება წარედგინათ კერძო კომპანიის ზედამხედველ ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილი ქონებები დაყადაღებულია და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების თუ საჯარო მოხელეების გამოსავლენად საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა განაგრძობს კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774603500

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ქალაქის განვითარება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს. ლიპარტე...

ვარლამ ლიპარტელიანი

1774602522

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ვხვდებით, რომ ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს

სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ყველაფერს ვხვდებით, რომ ეს ხალხი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბები...

შალვა პაპუაშვილი

1774601242

ახალი ამბები

ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - ახალი წესი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალ...

ზოგადი

1774601105

ახალი ამბები

პაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე...

შალვა პაპუაშვილი

1774600137

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები

ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვ...

შალვა პაპუაშვილი