ჩემი თვალით დანახული ემიგრანტი არის საკუთარ თავზე გამარჯვებული ადამიანი! - გიორგი სუხიტაშვილი

ემიგრაციაში მომხდარ ამბებს ექოს ეფექტი აქვს. ქართულ დიასპორაში სწრაფად ვრცელდება ამბები სამშობლოზე ან სამშობლოდან. აქ თავისებური სამზადისი აქვს ყველაფერ ქართულს და ყოველი მასშტაბური სიახლის შემთხვევაში, ემიგრანტები, ქართული დღეებისთვის სამზადისს იწყებენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

ბოლო დროს აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იტალიაში ქართველი მომღერლის და მუსიკოსის, გიორგი სუხიტაშვილის ტურნეს გამართვის შესახებ. მომღერალი, იტალიის სხვადასხვა ქალაქში ქართულ დიასპორას შეხვდება და კონცერტებს გამართავს.

ექსკლუზივიტვ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გიორგი სუხიტაშვილთან:  

- გიორგი, რატომ იტალია? თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თქვენი სოციალური აუდიტორიის დიდი ნაწილი ემიგრანტები არიან. მაინტერესებს თუ გიფიქრიათ, რატომ თქვენ და რა გამოგარჩევთ ასე მკვეთრად შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისგან?

- პრინციპში კითხვაში პასუხიც არის. წლების მანძილზე იტალიაში მყოფი ადამიანებისგან ძალიან ბევრი წერილი და შეტყობინება შემომდიოდა და აქ საუბარი მხოლოდ კონცერტზე და მუსიკაზე არ გახლავთ. ჩვენი საუბრის თემა ხშირად სცდება ხელოვნებას და წმინდა ადამიანურ თემებზეც ვსაუბრობთ. ჩემი სოციალური აქტივობები მხოლოდ სიმღერებს არ მოიცავს, ძირითადად ჩემს აუდიტორიასთან მაქვს საუბრები სხვა და სხვა თემებზე. ბევრისთვის საინტერესო და მისაღები, ზოგისთვის კი ოდიოზურიც.

- ფიქრობთ რომ თქვენი პერსონა ოდიოზურ ფიგურადაც განიხილება?

- კი, არის ასეთი შემთხვევაც. მარტივ მაგალითს გეტყვით. მე ადამიანებს არ ვყოფ რელიგიური ან სხვა სახის სტერეოტიპული კუთვნილებით და მათთან წყალგამყოფს არ ვაკეთებ, რაზედაც ხშირად ხმამაღლა ვსაუბრობ. სამწუხაროდ ჩვენთან ხშირია ადამიანების სტიგმიზირება. ჩემთვის პრიორიტეტი არის ადამიანი და არა სტატუსი. ხშირად ადამიანებს გამოხატვის ფორმები განსხვავებული აქვს და არ შეიძლება ისინი პირსინგის, ტატუს ან და რელიგიური მრწამსის გამო გავრიყოთ. მოკლედ რომ გითხრათ, იმისთვის რომ ჩემს კარიერას საფრთხე არ შეექმნას, ამ მიზეზით თვალს არ ვხუჭავ ბევრს რამეზე.

ძალიან რთულია ჩემს პროფესიაში იყო ნამდვილი, თუმცა მე ვახერხებ ვიყო ნამდვილი და არ ვფუთავ საკუთარ თავს, რაშიც მეხმარება ჩემი განვლილი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. იმისთვის რომ ჩემს მეგობრებს ბრენდები არ აცვიათ ან ბევრი ფული არ აქვთ ან ა.შ. ამის გამო უარი არ მითქვამს მათთან მეგობრობაზე. ჩემს პირად სივრცეში ყველაფერი ნამდვილი და ნატურალურია. ჩემი სამეგობრო წრიდან ზოგი ავტოშემკეთებელია, ზოგი სპორტსმენი, ზოგი ფერმერი, ადამიანებს არ ვარჩევ. არ მინდა ოდესემე სინანულის გრძნობა დამეუფლოს და ვთქვა, - რატომ ვიტყუებოდი, ვის როლში ვიყავი? დღეს ერთი ფრაზა ამეკვიატა და მთელი დღე ამას ვღიღინებ, - ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც, ბალახი აბიბინდება.

- გიორგი ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, თუმცა ვატყობ თემას ვცდებით. ვინაიდან ინტერვიუ  ემიგრანტებისთვის მზადდება, მინდა ისევ ამ თემას დავუბრუნდე. როგორც ვიცი ეს პირველი შემთხვევაა იტალიის საემიგრაციო სივრცეში, როცა ერთი მომღერალი იტალიის რამდენიმე ქალაქში მართავს კონცერტს. ემიგრანტები აზიარებენ თქვენი საკონცერტო ტურნეს ანონსებს და საემიგრაციო ჯგუფებში ხშირია თქვენს შესახებ საუბრები. მაინტერესებს რა მოლოდინი გაქვთ და როგორ ფიქრობთ, ტურნეს შემდეგ რას დატოვებთ ემიგრაციაში?

- ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ პირველი რასაც ვფიქრობ არის, ემოციურად რა დარჩება და არა კომერციულად. კონკრეტულად ვერ ვიტყვი რა დარჩება, მაგრამ ზოგადად თუ შევაფასებ ჩემს მოლოდინს  და იმ განწყობას, რაც ემიგრანტების მხრიდან მოდის, ვგულისხმობ იმ წერილებს, რასაც მათგან ვიღებ, ვფიქრობ ერთ ბედნიერ დღეს დავტოვებ. მწერენ რომ კონცერტზე დასასწრებად მეზობელი ქალაქებიდან მოდიან და ჩემთვის ეს არის მთავარი. ვფიქრობ, როცა ისინი თავიანთ ყოველდღიურ რუტინას დაუბრუნდებიან ექნებათ სიამოვნების განცდა, რომ მათ ცხოვრებაში იყო ერთი განსხვავებული და ემოციურად სასიამოვნო დღე. მინდა დავტოვო განცდა იმისა, რომ არ გადავშენდებით, მინდა დავტოვო იმედი...

ემიგრაციაში მყოფი ადამიანების უმრავლესობას აქვს განცდა რომ მან რაღაც მიატოვა. სინამდვილეში პირიქით არის, მათ არაფერი მიუტოვებიათ, ისინი ამ ფორმით ქვეყანას მხარში ამოუდგნენ.

- საინტერესოა რა მოგწერათ ემიგრანტმა ქალაქ ლეჩედან?

- ემიგრანტმა ქალბატონმა მომწერა, რომ ის თავს უფლებას ვერ მისცემდა გამოეტოვებინა ის დღე, როდესაც მე კონცერტს გავმართავდი და მან ამის გამო დღის წესრიგი შეცვალა. ჩემი პასუხი გახლდათ, რომ სწორედ ამდაგვარი დამოკიდებულებებია რაც მაბედნიერებს და პროფესიული საქმიანობის და სცენაზე დგომის სურვილს მიასმაგებს.

- სულ რამდენ რეგიონში გამართავთ კონცერტს და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ის რეგიონები, სადაც იმღერებთ?

- ტურნეს ორგანიზება ჯერ არ დასრულებულა, ყოველი ახალი ანონსის შემდეგ, სხვა ქალაქებიდან მოდის მოთხოვნა. ჯერჯერობით რაც დაზუსტებით ვიცით, კონცერტს ჩავატარებ ფლორენციაში, ნეაპოლში, ბარში, რომში, მილანში, რეჯო-კალაბრიასა და რეჯო-ემილიაში.

- გიორგი ისევ ემიგრაციას დავუბრუნდები, როგორია საქართველოდან დანახული ემიგრაცია?

- ჩემი პროფესია არის მსახიობობა, მე ვერ ვიტყვი რომ გადასარევი მსახიობი ვარ, მაგრამ სამსახიობო ოსტატობის სწავლის პროცესში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მასწავლა ჩემმა ოსტატმა, გოგი თოდაძემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მან მასწავლა ასეთი ფორმა, როდესაც პერსონაჟზე იწყებ მუშაობს, შენ სწავლობ მის ფსიქოტიპს, მის ცხოვრებას, მის განცდებსაც კი და უნდა წარმოიდგინო ისინი, იმ კონკრეტულ მოცემულობაში რას ფიქრობენ და განიცდიან, რას ხედავენ მათი თვალები და რას ისმენენ მათი ყურები.

ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: მე მამაჩემზე დავფიქრდი, რომელიც 20 წელია ემიგრაციაშია. დავფიქრდი, რას აკეთებს მამაჩემი, რამდენი ხანი ფიქრობს ჩვენზე, რამდენი ხანი ფიქრობს ქვეყანაზე, რამდენი ხანი ფიქრობს იმ საშინელ სიმღერებზე, რომლის მღერაც უწევს მას, როგორ ემზადება ამისთვის, როგორ განიცდის ამას, როგორ აგროვებს ფულს, როგორ აგზავნის, მერე რას ფიქრობს, წლები ემატება, ნაოჭები, ჭაღარები... როცა ჩამოდის რას ფიქრობს ნეტავ? ჩვენც ხომ არ ვეუცხოებით? ჩვენ ხომ არ ვიყენებთ და ა.შ. და როცა ეს ჩემს თავს ხდება მე ავტომატურად მიპყრობს მსგავსი ფიქრები ყველა ემიგრანტის მიმართ. ჩემი თვალით დანახული ემიგრანტი არის საკუთარ თავზე გამარჯვებული ადამიანი! მან საკუთარი ჭიპლარი, საკუთარი ხელი ჩაჭრა და სხვაგან წავიდა და ამის შეფასება რთულია. ემიგრაცია არის ბერკეტიანი სასწორი, ერთი მეორეს ვერ გადაწონის.

- ერთ დღეს, რომ ყველანი დავბრუნდეთ რას იტყვის გიორგი სუხიტაშვილი?

- მე ამაზე ადრეც ვისაუბრე და ახლაც ვიტყვი რომ არასოდეს არ მიყვარდა ფუჭი სადღეგრძელოები... აი მაგალითად ახალ წელს არასდროს ვამბობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი კარგად ვერასდროს ვერ იქნება რადგან ეს მოლოდინი შემდეგ იმედგაცრუებას იწვევს. ჩემი პასუხი ასეთია, - არ ვიცი სად უნდა ჩამოვიდნენ, სად უნდა დაბრუნდნენ...

- საზღვრებს მიღმა ხშირად მართავთ კონცერტებს და ბევრ ემიგრანტს ხვდებით, როგორ ფიქრობთ ქართველს ემიგრაცია ცვლის?

- არა. ადამიანს ცვლის საკუთარი შიშები და არა გეოგრაფიული მდებარეობა. პირიქით, ქართველს უფრო მეტად პატრიოტიზმი და ქვეყანასთან მიჯაჭვულობა მაშინ უვითარდება, როცა მისი დაკარგვის საფრთხეს გრძნობს. ამიტომ ისინი ემიგრაციაში უფრო მეტად ქართველობენ. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელია დღეს ემიგრაციაშია და ხშირად მიგზავნიან ფოტოებსა და ვიდეოებს იქ დაწურული ქართული ღვინის, სააღდგომოდ შეღებილ წითელ კვერცხებს, ჯეჯილს, იმას რაც შეიძლება საქართველოში არასდროს გაეკეთებინათ, თან ამას მიგზავნიან ბიჭები. ქართველები ემიგრაციაში მეტად ებღაუჭებიან ქართულ ადათ-წესებს, აქ მყოფ ქართველებზე მეტად იცავენ სამშობლოს ინტერესებს, დიდწილად ინარჩუნებენ ქვეყნის ეკონომიკას... აი, ორკესტრში 13 წლის სტაჟის მქონე მუსიკოსს რომ 900 ლარი მაქვს ხელფასი, ესეც დიდწილად ემიგრანტების მიერ გადახდილი ხელფასია, ამიტომ მართლა ვამბობ, რომ არ იფიქროთ რომ რომ თქვენ მნიშვნელობა დაკარგეთ ან ქვეყანა ნაკლებად გიყვართ.

- თქვენს ტურნეზე რას გვეტყვით, როგორ ფიქრობთ კომერციულად რა შედეგს მიიღებთ?

- არ შევალამაზებ და გეტყვით, რომ დღეს ტელევიზიების უმრავლესობას თავისი შოუები გათვლილი აქვთ ემიგრანტებზე, განსაკუთრებით იტალია, ამერიკა და მათ ეკეკლუცებიან, რომ შემდეგ ჩამოვიდნენ  და ფული იშოვონ. ამდენი წელი ისე მრცხვენოდა და მერიდებოდა, რომ არა იტალიის ემიგრანტებიდან წამოსული დიდი ინტერესი და მოთხოვნა, რომ მაქ ჩამოვსულოყავი და კონცერტები ჩამეტარებინა, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი.

ეს პროექტი კომერციულ მოგებაზე არ არის გათვლილი და ნურავინ იფიქრებს რომ ამით გავმდიდრდები. კონცერტის ორგანიზებაში ჩართულია ადამიანები, რომელთა ინტერესები გათვალისწინებულია. კონცერტების ორგანიზება, თან უცხოეთში საკმაოდ შრომატევადი პროცესია და არცერთი ადამიანის შრომა დაუფასებელი არ უნდა დარჩეს. 

საემიგრაციო მედიაპლატფორმა ექსკლუზივი წარმატებებს გისურვებთ! შეხვედრამდე იტალიაში!

ავტორი: ხათუნა შარაძე

/იტალია/ /პულია/

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „წარვდგები ქართველი და იტალიელი ხალხის წინაშე, რათა მონატრებულ ქართველებს ვასიამოვნო, ხოლო იტალიელ ხალხს ჩვენი ქვეყანა და შემოქმედება გავაცნო“ - გიორგი სუხიტაშვილი

📌 "2×2 რამდენია?", "კაი ამინდი გამოვა?" - ამას მწერენ არა სკოლის მოსწავლეები, არამედ ზრდასრული ადამიანები" - გიორგი სუხიტაშვილი საზოგადოებას მიმართავს

📌 "არ მაწვალა, არც იწვალა ასე ჩუმად წავიდა" - გიორგი სუხიტაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762597396

საზოგადოება

პატრიარქი: მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრი...

აა

1762595668

საზოგადოება

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპლექსი დაათვალიერა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თურქეთის...

თურქეთის რესპუბლიკა

1762594247

საზოგადოება

სოზარ სუბარი: 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისი იყო ერთადერთი კუნძული, სადაც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარებაზე უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს...

სოზარ სუბარი

1762592868

საზოგადოება

ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოებსა და ფერმებს რეგულარულად აკონტროლებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოვე...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1762591079

ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურის განმა...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე