შალვა პაპუაშვილი: საქართველოს სჭირდება თაობა, რომელსაც ექნება საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც, ისტორიული მეხსიერებაც და საკმარისი სიბრძნეც, რომ სხვისი სცენარის მონაწილე არასოდეს გახდეს
„მშვიდობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა, ცოდნა და უნარი. უნარი, რთულ მომენტში ემოციას არ აჰყვე, განსხვავებული აზრი მტრობად არ აქციო. უნარია, რომ პროვოკაცია სიმამაცეში არ აგერიოს, სხვისი ინტერესისთვის საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩააგდო. და რაც ყველაზე რთულია, მშვიდობა არის უნარი, მტრად ქცეულ ადამიანთან ერთ დღეს ისევ საუბარი შეძლო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მშვიდობის პოლიტიკა არ არის უმოქმედობა და მით უმეტეს, სისუსტე, მშვიდობას ზოგჯერ უფრო მეტი სიმტკიცე სჭირდება, ვიდრე – დაპირისპირებას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სჭირდება თაობა, რომელსაც ექნება საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც, ისტორიული მეხსიერებაც და საკმარისი სიბრძნეც, რომ სხვის მიერ დაწერილი სცენარის მონაწილე არასოდეს გახდეს.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიკრიბებით მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრის მთავარი მოქმედი პირები ახალგაზრდები ხართ.
მშვიდობაზე საუბრისას ხშირად ვამბობთ, რომ ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია. თუმცა, ვფიქრობ, ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სწორი. ახალგაზრდობა არ არის მხოლოდ მომავალი, არამედ ახალგაზრდობა უკვე აწმყოა – თავისი არჩევანით, სიტყვით, ქცევითა და პასუხისმგებლობით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რას ვფიქრობთ მშვიდობაზე დღეს.
ჩვენს თაობას მშვიდობაზე საუბარი წიგნებიდან და ფილმებიდან არ უსწავლია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ გამოიარა სამოქალაქო დაპირისპირება, ომები, დევნილობა, ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის ომი. ამიტომ ჩვენთვის მშვიდობა აბსტრაქტული სიტყვა არ არის. მშვიდობა არის ცხოვრების გზა, როდესაც შენ მომართული ხარ, იპოვო, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ერთად ცხოვრების, თანაარსებობის ყველა მხრივ მისაღები ფორმა, ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე.
დრო გადის. მოდიხართ თაობა, რომელსაც პირადად არ გამოუცდია ის რეალობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში გაგვაჩნდა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვშრომობთ, რომ ახალ თაობას ომის გამოცდილება არ ჰქონდეს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ომის გამოცდილებასთან ერთად, მშვიდობის გამოცდილებაც გადავცეთ.
მშვიდობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა, ცოდნა და უნარი. უნარია, რომ რთულ მომენტში ემოციას არ აჰყვე. უნარია, რომ განსხვავებული აზრი მტრობად არ აქციო. უნარია, რომ პროვოკაცია სიმამაცეში არ აგერიოს. უნარია, რომ სხვისი ინტერესისთვის საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩააგდო. და, რაც ყველაზე რთულია, მშვიდობა არის უნარი, რომ მტრად ქცეულ ადამიანთან ერთ დღეს ისევ საუბარი შეძლო.
ჩვენ, ქართველებს, ეს განსაკუთრებით კარგად უნდა გვესმოდეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონები ოკუპირებულია. საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს კი ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა შორის ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა უნდობლობა, ტკივილი და გაუცხოება. ამ გაგებით ჩვენ ისევ ომის მდგომარეობაში ვართ. ომს კი ომით ვერ მოვერევით. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. რუსთაველის ეს დიდებული აფორიზმი მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ეს ჩვენი, ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილი, ეროვნული სიბრძნეა, რომელმაც როგორც ერი გადაგვარჩინა.
ჩვენი ამოცანა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება და დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნება ვერ იქნება. ჩვენი ამოცანაა ადამიანების დაბრუნებაც. აფხაზებსა და ოსებთან შერიგება ვერ მოხდება მხოლოდ დოკუმენტით, ხელმოწერით ან პოლიტიკური გადაწყვეტილებით. ნამდვილი შერიგება დაიწყება მაშინ, როდესაც ადამიანები კვლავ შეძლებენ ერთმანეთის დანახვას როგორც ადამიანების, რომლებსაც საერთო წარსული ჰქონდათ და საერთო მომავალი შეიძლება ჰქონდეთ.
და სწორედ აქ არის თქვენი თაობის განსაკუთრებული როლი. თქვენ არ ხართ ვალდებული, მემკვიდრეობით მიიღოთ წინა თაობების მტრობა. თქვენ უნდა იცოდეთ წარსული, მაგრამ არ უნდა გახდეთ მისი ტყვეები. უნდა გახსოვდეთ უსამართლობა, მაგრამ ამ მეხსიერებამ ახალი უსამართლობისკენ არ უნდა გიბიძგოთ. უნდა გიყვარდეთ საკუთარი ქვეყანა ისე, რომ მისი ინტერესის დაცვა სხვის სიძულვილს არ საჭიროებდეს.
ეს არის სიმწიფე, რომელიც მშვიდობის მშენებლობას სჭირდება.
დღეს მსოფლიოში ამის დეფიციტს ყველგან ვხედავთ. ჩვენ გარშემო კვლავ მიმდინარეობს ომები. ადამიანები კვლავ იღუპებიან, ქალაქები ნადგურდება, მილიონობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება უწევს.
ასეთ სამყაროში ადვილია ომზე ლაპარაკი. გაცილებით რთულია მშვიდობის შენარჩუნება. ადვილია სხვისთვის თავგანწირვისკენ მოწოდება. გაცილებით რთულია, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რა მოხდება ამ მოწოდების შემდეგ.
სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაც სწორედ აქ იწყება – გადაწყვეტილების მიღებისას იფიქრო არა იმაზე, რამდენად ხმამაღლა ჟღერს შენი სიტყვა დღეს, არამედ რა შედეგს მოუტანს ის შენს ქვეყანას ხვალ.
ამიტომ მშვიდობის პოლიტიკა არ არის უმოქმედობა და მით უმეტეს, სისუსტე. მშვიდობას ზოგჯერ უფრო მეტი სიმტკიცე სჭირდება, ვიდრე დაპირისპირებას.
საქართველოს სჭირდება თაობა, რომელსაც ექნება საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც, ისტორიული მეხსიერებაც და საკმარისი სიბრძნეც, რომ სხვის მიერ დაწერილი სცენარის მონაწილე არასოდეს გახდეს. თაობა, რომელსაც ეცოდინება, რომ პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მოტანაა. და თაობა, რომელიც ერთ დღეს შეძლებს იმ ნაბიჯების გადადგმასაც, რომლებიც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს ერთმანეთთან კვლავ დააახლოებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ღონისძიებაც და „მშვიდობის ჯილდოც“.
განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებულებს.
მადლობა თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც საკუთარი საქმიანობით ადამიანებს შორის ნდობას, ურთიერთგაგებასა და შერიგებას ემსახურება.
მადლობა ქალბატონ თეა ახვლედიანს და სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ ტრადიციის დამკვიდრებისა და ახალგაზრდების სამშვიდობო პროცესებში ჩართულობისთვის.
ჩვენ შეგვიძლია, მომავალ თაობას დავუტოვოთ ბევრი რამ – ძლიერი ეკონომიკა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, განათლება, ინსტიტუტები. მაგრამ ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც ერთმა თაობამ მეორეს შეიძლება გადასცეს, არის მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი ქვეყანა.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ასეთი საქართველო გადმოგცეთ. თქვენი პასუხისმგებლობა იქნება, კიდევ უფრო ძლიერი საქართველო გადასცეთ შემდეგ თაობას.
გისურვებთ წარმატებას. გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1790099517
საზოგადოებააზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...
1790098124
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...
1790095730
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...
1790093826
მსოფლიოერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. „ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტუ...
1790092023
მსოფლიოტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადე...



























