The King Zaur - ირლანდიის ეროვნული ნაკრების ქართველი მწვრთნელი კრივში - ექსკლუზიური ინტერვიუ

საქართველოს ისტორია მხოლოდ საქართველოში მყოფი ქართველების მიღწევებით არ იწერება, ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიან, რომლებიც სამშობლოდან შორს, სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარ საქმეს ღირსეულად ემსახურებიან. არ მახსენდება სფერო, რომელსაც საქართველოსა, თუ მის ფარგლებს გარეთ, წარმატებული ოსტატი არ ჰყავდეს. ქართული გენი შესაძლებლობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ეს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მიმოფანტულმა არაერთმა ქართველმა დაამტკიცა. ემიგრაციაში მყოფი თითოეული ქართველი მონდომებით ცდილობს, ჩვენი, მუჭისოდენა სამშობლო მსოფლიოს გააცნოს.

ExclusiveTV-ს საინტერესო რესპონდენტების რიცხვს, კიდევ ერთი ღირსეული ქართველი, ირლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კრივში, ზაურ ანთია შეემატა. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელმა და ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქემ შეძლო და უკვე ირლანდიელები The King Zaur-ს უწოდებენ, რადგან ამ ქვეყანაში კრივმა აღმა სვლა სწორედ, ქართველი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ დაიწყო. მედლები ოთხი ოლიმპიადიდან, წარმატებული გამოსვლები მსოფლიოსა, თუ ევროპის ჩემპიონატებზე, 200-მდე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ასობით წარმატებული მოკრივე ძლიერი, თუ სუსტი სქესის წარმომადგენლებში. ამ ყველაფრის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ის, ირლანდიაში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელისა და ბოქსის ფილოსოფოსის ტიტულით სარგებლობს.

ზაურ ანთია თითქმის 20 წელია სპორტული იდეალებისთვის ბრძოლას სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაში განაგრძობს. ირლანდიური გამოცემები წერენ, რომ ქართველმა მწვრთნელმა ირლანდიაში კრივს დიდება მოუტანა და ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს ხუთეულშია, ხოლო მოკრივეები საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესო სპორტსმენებად აქცია. სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, ზაურ ანთია ქართულ ერთგულებას იჩენს და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს არ ტოვებს.

 

- ჩემი სპორტული მოღვაწეობა ფოთიდან დაიწყო. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, კრივში, საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი ვიყავი. ჯერ, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის ტიტული მოვიპოვე, შემდეგ, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონიც გახლდით, უფრო მოგვიანებით კი, გავაგრძელე სპორტული კარიერა, როგორც მწვრთნელმა. მრავალი მსოფლიო კლასის სპორტსმენი მყავს აღზრდილი. სანამ ირლანდიაში წამოვიდოდი, ვიყავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მანამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ გუნიას დამხმარე მწვრთნელი. იმ პერიოდში ვმუშაობდი, როდესაც საქართველოში კრივს ოქროს ხანა ჰქონდა, რადგან მაშინ იყვნენ უძლიერესი სპორტსმენები: გიორგი კანდელაკი, ზურაბ სარსანია, რამაზ ფალიანი, აკაკი კაკაურიძე, კობა გოგოლაძე, ლაშა გეგენავა, პაატა გვასალია და კიდევ ბევრი სხვა.

- როგორ გახდით ირლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?

- როდესაც სპორტსმენები იზრდებოდნენ, როგორც მოკრივეები, მეც ვყალიბდებოდი და გამოცდილებას ვიძენდი, როგორც მწვრთნელი. როდესაც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი და მქონდა საკმაო წარმატება, ისე მოხდა, რომ ორი წლის შემდეგ ისევ ამირჩიეს მთავარ მწვრთნელად და ამავდროულად,  ჩემი CV-ის მიხედვით, ირლანდიიდანაც მომივიდა მოწვევა, რომ სამსახურებრივ ინტერვიუზე, მიმეღო მონაწილეობა. 17 მონაწილეს შორის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ, მე გავიმარჯვე და ასე გავხდი ირლანდიის ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაში. თავიდან ასეთი სტატუსი მომცეს, რადგან ენა კარგად არ ვიცოდი და ვერც მოხსენებას გავაკეთებდი, ისე, როგორც საჭირო იყო. მთავარი მწვრთნელი გახლდათ ირლანდიელი და მე ვიყავი უფროსი მწვრთნელი. ფაქტობრივად მე ვიყავი "ღერძი", რაც მთავარი იყო სპორტსმენების განვითარების კუთხით.

- საკმაოდ წარმატებულია თქვენი მოღვაწეობა ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში...

- ირლანდიაში 2003 წელს ჩამოვედი და ამ დროის მანძილზე, ქვეყანამ კრივში 200-მდე მედალი მოიპოვა. ჩვენ დავეხმარეთ სპორტსმენებს 9 ოლიმპიური მედლის აღებაში (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო), ასევე, ოქროს მედალოსანი 12 მსოფლიოს ჩემპიონი სპორტსმენი გვყავს, საუბარი მაქვს ელიტარულ გუნდზე, აქ არ შედიან ახალგაზრდები და ჭაბუკები. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ჩემი მოსვლის შემდეგ, ირლანდიას 20-22 ოქროს მედალოსანი მოკრივე ჰყავს. მე ვარ მთავარი მწვრთნელი ყველა ასაკში.

- ქართველი სპორტსმენები, თუ გყავთ ნაკრებში შემავალ რომელიმე კლუბში?

- სამწუხაროდ ჯერ არა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი სპორტსმენები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოღვაწეობას და თავის გამოჩენას. სხვათა შორის, ახლახან ჩამოვიდა საქართველოდან ერთი სპორტსმენი, საბა ტყებუჩავა. მან, მოქალაქეობის არქონის გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ერთი თვის წინ ჩატარდა, სადაც 6 მედალი ავიღეთ, ერთი ოქროთი. მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შევუწყო საბას, პერსპექტიული ახალგაზრდაა, ირლანდიის კლუბს მივამაგრე და ვარჯიშობს. ის ყოფილი ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებს შორის, საქართველოდან.

- გასვლითი შეჯიბრებების ფარგლებში, საქართველოში, თუ გქონიათ შეხვედრები?

- მხოლოდ ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირზე. ჯერჯერობით, საქართველოს კრივის ფედერაციასთან, ასეთი, მჭიდრო კავშირი არ გვაქვს, მაგრამ მომავალში ვაპირებთ, რომ აღდგეს და განვითარდეს ურთიერთობები, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგი იქნება. ხელს შეუწყობს თანამეგობრობის საკითხს და სპორტის განვითარების კუთხითაც, საინტერესო იქნება, ასეთი ტიპის ურთიერთობები.

- კერძოდ, რას გულისხმობთ?

- გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთდახმარებას განვითარებაში, ირლანდიისა და საქართველოს ურთიერთობების გამტკიცებას და ა.შ. სხვათა შორის, ადრე, ირლანდიამ მოიწვია საქართველო თავის ქვეყანაში. დაფინანსდა კიდევაც 20 სპორტსმენი, რომლებიც 1 კვირის განმავლობაში შეძლებდნენ ევარჯიშათ ირლანდიის ნაკრებთან. სასტუმროებიც დაჯავშნილი იყო, სპეციალური ფორმები დამზადდა, სადაც, ირლანდიისა და საქართველოს დროშები ერთმანეთს კვეთდნენ, თუმცა, შემდეგ, ისე მოხდა, რომ გუნდმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რამაც ირლანდიელების გაკვირვება გამოიწვია. ვიმედოვნებ, რომ მომავალში გამოსწორდება ყველაფერი.

- საკმაოდ წარმატებული ქალი მოკრივეები გყავთ...

- მიმდინარე წელს, ირლანდიის ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, დასახელდა, როგორც მეორე უძლიერესი გუნდი (2 ოქროს მედლით). ევროპის ჩემპიონატზე კი, ქალთა გუნდი, პირველ ადგილზე გავიდა შვიდი მედლით (3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო). - ირლანდიას საკმაოდ ძლიერი ქალთა ნაკრები ჰყავს. ძლიერ სპორტში სუსტ სქესს კი წარმოადგენენ, მაგრამ ბევრ შემთხვევაში, ინტელექტით, ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე კარგები არიან. ქალები საკმაოდ წარმატებულები და საინტერესოები გვყავს ამ სპორტში. ქეით ტეილორს 13 წელი ვავარჯიშებდი, რომელიც პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოკრივეა. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ, ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. წელს ძალიან დიდი შედეგები იყო. ახალგაზრდებშიც ავიღეთ 6 მედალი. ამ ყველაფრის გამო, ნომინაციაში: "საუკეთესო მენეჯერი" დამასახელეს. 17 დეკემბერს ჩატარდება კონკურსი, სადაც, მე და ერთ ქალბატონს შორის იქნება ბრძოლა, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს.

- რა მოლოდინები გაქვთ, გაიმარჯვებთ?

- წესით, მეკუთვნის (იცინის). როგორც გითხარით, ირლანდიის ნაკრებს განსაკუთრებული შედეგები აქვს კრივში და ეს მიმდინარე წელს განსაკუთრებით გამოჩნდა. არც ერთ სპორტს ისეთი წარმატება არ აქვს ირლანდიაში, როგორიც კრივს. მხოლოდ ირლანდიაში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ეს ნაკრები.

- როგორია თქვენი გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით?

- სულ ვფიქრობ ჩემს სამშობლოზე და სულ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს. ქართველები იყვნენ ბედნიერები ისე, როგორც ევროპაში არიან. ხალხი კი არ მოდიოდეს ევროპაში, პირიქით ევროპელები ჩადიოდნენ საქართველოში. მინდა რომ საქართველო იყოს ევროპული და თავისუფალი. იცით? საქართველოს განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ემიგრანტებს სხვადასხვა მიმართულებით. მუხლჩაუხრელად მუშაობენ... ფიზიკური შრომისა და ჯანმრთელობის ხარჯზე უწევთ ოჯახების რჩენა. მინდა, რომ ქართული ოჯახები არ იშლებოდნენ და მისი წევრები არ იფანტებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ყველას აქვს უფლება საკუთარ ქვეყანაში იცხოვროს მშვიდად, უზრუნველად და უპრობლემოდ, თუმცა, ამის მიღწევას, ალბათ, საუკუნეები დასჭირდება. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი წვლილი არის ის, რომ შენი საქმიანობით შენი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევი. როგორი წარმატებულიც არიან ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორ გაუთქვამენ სახელს ქვეყანას, როგორ წარმოაჩენენ მსოფლიოს წინაშე, ამაზეა დამოკიდებული მსოფლიო ხალხების შეხედულებები. უბრალო ადამიანსაც შეუძლია ამის გაკეთება, თანამდებობისა და პროფესიული შესაძლებლობების გარეშეც. საკმარისია შენი პატიოსანი შრომა დაანახვო უცხო ქვეყანაში ადგილობრივს, როგორიცაა შენი ადამიანობა, ისე დაინახავს შენს ქვეყანას უცხოელი. ქართული კულტურის წარმოჩენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მერე მათაც უყვარდებათ ქვეყანა - ჩვენს საქციელზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიყვარულიც.

- ალბათ, კარგად იცნობენ საქართველოს თქვენს სამსახურში...

- ჩემთან ყველამ იცის საქართველო. კანდელაკის ტურნირზე, რომ ჩადიან ხოლმე და ხედავენ ქართულ სტუმართმოყვარეობას შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან ხოლმე თავიანთ ქვეყანაში. თვითონ ირლანდიელები მაღალი ინტელექტის მქონეები არიან და როცა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, კმაყოფილები ბრუნდებიან და საქართველოზე აღფრთოვანებით საუბრობენ, განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს ჩემში. უდიდესი ინტელექტის, კულტურისა და ისტორიის მქონენი არიან. წლებისა და საუკუნეების მანძილზე ომობდნენ თავისუფლებისთვის და ალბათ, ამით ძალიან ჰგვანან ქართველებს, თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრების დონე სულ სხვანაირია. აქ ხალხს ისე არ უჭირს, როგორც ჩვენთან, დემოკრატიაც უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოში და ხალხსაც ეტყობა ეს... ქართველ ერს არ უნდა უჭირდეს, ბედნიერები უნდა იყვნენ! ვიცი, რომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ...

- რადგანაც, თავიდანვე საყვარელი საქმის სამსახურში იყავით, ალბათ, არც ისეთი რთული იყო ემიგრანტობის პირველი ეტაპი...

- მართალია. ჩემი საყვარელი საქმით ვიყავი დაკავებული და არ მიჭირდა იმდენად, თავიდან ყოველ 6 თვეში ჩავდიოდი სამშობლოში, მერე უკვე, ჩამოსვლიდან ორ წელიწადში, მთელი ოჯახი წამოვიყვანე. ჩემი შედეგების მიხედვით, არ გამჭირვებია ოჯახის გაერთიანება. ახლა კი, მხოლოდ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ვახერხებთ ჩასვლას. ძალიან მინდა, ახალ წელს საქართველოში შევხვდე, ვნახოთ, როგორ შევძლებ. როცა შენი საქმით ხარ დაკავებული და წარმატებული ხარ, ანუ თუ გიმართლებს, მეტი რა არის პროფესიული ბედნიერება?!

- როგორია, ახლო მომავალში განსახორციელებელი გეგმები სპორტში?

- ვემზადებით პარიზის ოლიმპიადისთვის და თუ პარიზში ავიღეთ ოქროს მედალი, ეს უკვე მეხუთე ოქროს ოლიმპიური მედალი იქნება ჩემი ირლანდიაში მოღვაწეობის განმავლობაში. ერთადერთი იყო, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა, სადაც ვერ ავიღეთ მედლები და ამასაც აქვს თავისი მიზეზი. უნდა აგვეღო, მაგრამ ვერ ავიღეთ, მოხდა ისეთი რამ რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ შემდეგ ოლიმპიადაზე აღებული მედლებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით მედლებს რიო-დე-ჟანეიროში. როცა წაიქცევი და წამოდგომას შეძლებ, ის არის მთავარი, როგორ შეძლებ. როცა გაქვს ძლიერი რწმენა, მოტივაცია და თვითდაჯერებულიც ხარ, არც ერთი წაქცევის შემდეგ, არ გაგიჭირდება წამოდგომა.

 

მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

 

რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად

სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732216627

სოციალური მედია

„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მას დისშვილი შეეძინა.  „ჩემი პატარა ცმაცუნა დის შვილი დაიბადა“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

მომღერალი

1732213358

სოციალური მედია

„წუთ-ნახევარი გზა „სპალნიდან“ „ფეჩის“ ოთახამდე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც დასავლეთ საქართველოს ზამთრის რუტინაზე საუბრობს.  „ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპ...

გიორგი კეკელიძე

1732205382

ახალი ამბები

არქეოლოგებმა მარნეულში მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც 2020 წლიდან ხორციელდება. კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდ...

არტეფაქტი აღმოაჩინეს

1732199610

სოციალური მედია

„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან.  „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...

რეპერი

1732194564

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი