დავით ქართველიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თანმიმდევრულად ვითარდება, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართული დელეგაციის ვიზიტს როტერდამის პორტში. ანალიტიკოსი წერს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანაკლიის პორტიც, როტერდამის პორტის მსგავსად, ე.წ. landlord მოდელით იფუნქციონირებს. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ მოდელის საშუალებით, ერთი მხრივ, დაცული იქნება საქართველოს სტრატეგიული ინტერესები და, მეორე მხრივ, შევძლებთ საერთაშორისო კაპიტალის, ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების მოზიდვას:

„როტერდამში ვიზიტი ადასტურებს, რომ ანაკლიის მშენებლობა არც გაყინულია და არც გადადებული. საქართველო აშენებს არა უბრალოდ პორტს, არამედ საკუთარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაძლიერების სისტემურ ინსტრუმენტს“, - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ვიზიტს თან ახლდა სამუშაო შეხვედრები იმ სტრუქტურებთან, რომლებიც მონაწილეობენ ანაკლიის განახლებული გენერალური გეგმის მომზადებაში, რაც ქართველიშვილის სიტყვებით, მეტყველებს პროექტის ფინანსური და ოპერაციული დაგეგმვის ფაზაში შესვლაზე.

„დასრულდა ქართული დელეგაციის როტერდამის პორტში ვიზიტი, რომელიც უნდა განვიხილოთ არა როგორც პროტოკოლური გაცნობითი მოგზაურობა, არამედ, როგორც ანაკლიის მომავალი ღრმაწყლოვანი პორტის მართვის მოდელის მომზადების პრაქტიკული ეტაპი. ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ, რომელსაც მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ხელმძღვანელობდა, ევროპის უდიდესი საზღვაო კვანძის მუშაობა სწორედ იმიტომ შეისწავლა, რომ როტერდამი ფუნქციონირებს ე.წ. landlord-მოდელით - იმავე სისტემით, რომლის გამოყენებასაც საქართველოს მთავრობა ანაკლიაში გეგმავს. ამ მოდელით სახელმწიფო ინარჩუნებს კონტროლს მიწაზე, აკვატორიაზე, ნავმისადგომებსა და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ცალკეული ტერმინალები და კომერციული ოპერაციები პროფესიონალ კერძო ოპერატორებს გადაეცემათ. ეს საშუალებას იძლევა, ერთდროულად დაცული იყოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და მოზიდული იქნეს საერთაშორისო კაპიტალი, ტექნოლოგიები და მართვის გამოცდილება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ აპირებს მთელი პორტის ერთი ინვესტორისთვის გადაცემას და სტრატეგიული ობიექტის ბედის ერთ კომპანიაზე დამოკიდებულებას. სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და პორტს ეროვნულ საკუთრებაში ინარჩუნებს, ხოლო საერთაშორისო ოპერატორებს ცალკეული ტერმინალური მიმართულებები შეეთავაზებათ. ასეთი სქემა ამცირებს პოლიტიკურ და კომერციულ რისკებსა და სპეკულაციებს, ქმნის კონკურენციას ოპერატორებს შორის და იძლევა პორტის სიმძლავრეების ეტაპობრივად, რეალური ტვირთბრუნვის შესაბამისად გაფართოების შესაძლებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანაკლია იგეგმება არა როგორც ცალკეული ობიექტი, არამედ როგორც სრულფასოვანი საპორტო-ლოგისტიკური ეკოსისტემა, რომელიც ინტეგრირებული იქნება რკინიგზასთან, საავტომობილო მარშრუტებთან და შუა დერეფანთან. არანაკლებ საყურადღებოა ისიც, რომ ვიზიტს თან ახლდა სამუშაო შეხვედრები Royal HaskoningDHV-სა და Port of Rotterdam Consultants-თან - ანუ იმ სტრუქტურებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ანაკლიის საინჟინრო პროექტირებასა და განახლებული გენერალური გეგმის მომზადებაში. განიხილებოდა ტერმინალების განლაგება, სარკინიგზო კავშირები, მულტიმოდალური ინფრასტრუქტურა, ტვირთნაკადების პროგნოზები და სამომავლო გადაზიდვების სტრუქტურა. ეს მიუთითებს, რომ პროექტი პოლიტიკური დეკლარაციების ეტაპიდან კონკრეტული საინჟინრო, ფინანსური და ოპერაციული დაგეგმვის ფაზაში გადადის. საქართველო წინასწარ განსაზღვრავს, რა ტიპის ტვირთებს მიიღებს პორტი, რა ტერმინალები იქნება საჭირო და როგორ უნდა მოემსახუროს ანაკლია ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპული ბაზრების ინტერესებს. უფრო ფართო ჭრილში, როტერდამში ვიზიტი ადასტურებს, რომ ანაკლიის მშენებლობა არც გაყინულია და არც გადადებული - პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველო უცხოურ გამოცდილებას მექანიკურად კი არ იმეორებს, არამედ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს. შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის ფონზე, ამ მიდგომას შეუძლია ანაკლია კასპიისა და შავ ზღვებს შორის უმნიშვნელოვანეს კვანძად აქციოს, გააძლიეროს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და სახელმწიფოს ეროვნული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე გრძელვადიანი კონტროლი შეუნარჩუნოს. სწორედ ეს არის ვიზიტის მთავარი დადებითი მნიშვნელობა: საქართველო აშენებს არა უბრალოდ პორტს, არამედ საკუთარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაძლიერების სისტემურ ინსტრუმენტს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784556471

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი

„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...

ზვიად შალამბერიძე

1784554422

ახალი ამბები

დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო“ შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ინფ...

დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

1784554251

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და...

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1784553780

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1784553334

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი აშშ-სთან სრულმასშტაბიან ომში იმყოფება

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან „სრულმასშტაბიან ომში“ იმყოფება და თეირანი მზად უნდა იყოს ამ დაპირისპირების შედეგების მისაღებად. „რეალობა ის არის, რომ დღეს ირანის...

ირანის პრეზიდენტი