მეუფე შიო: მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით

 „რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს.... რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.

...მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში...

...ცოდნა - ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მესამე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ორი ათასი წელი გავიდა უფალ იესო ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ზოგიერთ გამონათქვამს დღესაც ძნელად იღებენ ადამიანები და ამის გამო ბრკოლდებიან.

დღეს წაკითხულ სახარებაში მაცხოვრის სწორედ ასეთი სიტყვები იყო მოტანილი. იგი ამბობს, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საჭმელზე, სასმელზე, ფულზე, ცივილიზაციისა და კულტურის იმ სიკეთეებზე, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა, რომლებსაც აღმერთებს ადამიანი და თაყვანს სცემს, როგორც კერპებს.

როგორ შეიძლება, არ ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე და ვემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს და ველის შროშანებს? როგორც მოისმინეთ, ზუსტად ამას ამბობს მაცხოვარი, მაგრამ იგი ამბობს: „პირველად იზრუნეთ ღვთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33).

დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის - ღვთის სიმართლე და სასუფეველზე ზრუნვა, თუ მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტზე ზრუნვა? ჩვენი ცხოვრების უმეტესობას განა ეს საზრუნავები არ ავსებს? განა პირველად არ ზრუნავენ ადამიანები ხორციელ და მშვინვიერ სიამოვნებაზე, ვიდრე ღმერთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? და განა უფრო მეტად არ ზრუნავენ, როგორც გითხარით, კულტურისა და ცივილიზაციის სიკეთეების მოპოვებაზე, ვიდრე ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? შედეგად, ნახეთ, რას ვიღებთ: ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს. აქედან ვრწმუნდებით იესო ქრისტეს სიტყვების სისწორეში, რომ რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.

აი, დაუკვირდით, უფალი იესო ქრისტე არ ამბობს იმას, რომ ნუ მოიპოვებთ ამ მატერიალურ სიკეთეებს, ვინაიდან ხომ შეუძლებელია ცხოვრება საჭმლისა და ტანსაცმლის გარეშე? ამას არ ამბობს უფალი. არც ის უთქვამს, რომ არ იშრომოთ იმისთვის, რომ იქონიოთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის, არამედ ის ამბობს მხოლოდ ამას, რომ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ, რადგან ღმერთმა იცის, რა გჭირდება. შენ თუ პირველად ეძიებ მას - უფალს და სასუფეველს, ის მოგცემს ყველაფერ იმას, რაც საფუძველია შენი ცხოვრებისა (მატერიალურ საფუძველს ვგულისხმობ). ამას აუცილებლად მოგცემს. ამას ამბობს უფალი.

მაცხოვრის ამ გამონათქვამში დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. ე. ი. ადამიანის შესახებ მაცხოვრის ქადაგების მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვეძიოთ პირველად ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ და თაყვანი არ უნდა ვცეთ პირველ რიგში იმას, რასაც ვეთაყვანებით. რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში. შესაბამისად, იზრდება უკმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს შეძლებული ადამიანებიც, თუ არ ცხოვრობენ სულიერად, არიან უკმაყოფილონი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა პირობა აქვთ ცხოვრებისთვის, მაინც უკმაყოფილონი არიან. რატომ ემართებათ ეს? იმიტომ, რომ მათი სულია უკმაყოფილო, სული არ არის დანაყრებული, სულს არ ეძლევა საზრდო, რადგან ადამიანი არ ფიქრობს ღმერთსა და მის სიმართლეზე. უფალმა კი გვითხრა, რომ თუ პირველად ეძიებთ სასუფეველს, იქნებით კმაყოფილიც, დანაყრებულიც, გექნებათ სიხარული და ბედნიერება.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაშასადამე, ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი თავად ჩვენშია, იმიტომ რომ, მიუხედავად მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა, ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, რადგან სულიერად არ უმჯობესდება, სულიერად არ ხდება უკეთესი და, შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რას დაემსგავსა ცხოვრება თანამედროვე სამყაროში.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად უნდა ვიხსენებდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს უფლის გამონათქვამი, რომელიც დღეს წავიკითხეთ სახარებაში: „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მის სიმართლეს და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ“, ამინ.

დღეს ჩვენთან არიან მოსული ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები.

ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, მთელი გულით დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი განათლების სარბიელს. გახსოვდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა - ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები ღვთის წყალობით.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს ჩვენ ვლოცავთ გუტაშვილების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ“, - იქადაგა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751300614

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა

„ამ დრომდე, საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“, - ასე ეხმიანება გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვი...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1751298388

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა - 1500-მდე კაცი შეიკრიბა მხოლოდ

„ოპოზიცია გაკოტრების გზას არ ადგას, ოპოზიცია დგას უფსკრულის პირას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური...

ზურაბ ქადაგიძე

1751296972

საზოგადოება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართ...

ლაშა ხუციშვილ

1751296087

სპორტი

ძაკარდო კვარასა და ქართველ ტალანტებზე: იმედია, „პსჟ“ „ნაპოლის“ შეხვდება, რადგან კვარა ნეაპოლელი ფანების ტაშს იმსახურებს, ბევრმა გუნდმა თვალი უნდა ადევნოს

ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ  Tuttomercato-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან, ასევე, დაასახელა ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და წამყვანმა ევროპუ...

ძაკარდოძაკარდო

1751296040

საზოგადოება

ანდრია ბასილაია: გამოვლინდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მოხდა კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და შემუშავდა ახალი პროგრამა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება ​​​​​​​

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება პრიორიტეტია ქალაქისთვის და ყოველწლიურად ნახევარი მილიონი თბილისელი ბენეფიციარი იღებს ამ სიკეთებს, რაც ამ პროგრამებში გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბ...

ანდრია ბასილაია