დედა სახლში არ არის - ემიგრანტის პროზა (ნაწილი მეორე)
დედაჩემის გამოგზავნილმა ფულმა, როგორც იქნა ჩემამდე მოაღწია. ბანკში მოლარე ქალმა რამდენიმე კუპიურა ჩამითვალა. ჩანთაში ჩავიჩურთე და ისე გამოვედი გარეთ, როგორც ქურდი ოპერიდან. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა ამ ფულით. მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე დავსევდიანდი კინაღამ ვიტირე. ამდენი ფული არასოდეს მქონია ერთად. მერე აზრი მოვიკრიფე და რაც პირველად თავში მომივიდა, იქვე ნაყინის გამყიდველ ქალს მივადექი. ერთი დიდი „პორცია“ შოკოლადის ნაყინი და გაზიანი წყალი შევუკვეთე. ვიჯექი სანაყინეში და ვფიქრობდი დედაზე, რომელიც ათას გეგმას ისახავდა ჩემი მომავლისთვის, მე კი უბრალოდ მინდოდა, ის აქ ყოფილიყო, ჩემს წინ და მის თვალებში მოციმციმე ციცინათელები დამენახა. ნაყინმა დნობა დაიწყო, ჭამაც ვერ მოვასწარი.
გზაზე ორი პატარა გოგონა გადმოდიოდა, გრძელი ჭუჭყიანი კაბები ეცვათ, ფეხზე ორი ზომით დიდი ბოტები. ისე მომაშტერდნენ შემრცხვა, ხელი დავუქნიე და ვანიშნე ახლოს მოსულიყვნენ. ჩემი ნაყინიანად გარეთ გავედი და თაიგულივით გავუწოდე ვაფლის ნაყინის ბურთულა. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, სახეზე შევატყვე, იმ წუთში ამაზე უფრო არაფერი უნდოდათ. რა მაგარი შეგრძნებაა სიკეთის კეთება!... სახლში მისულს მერე გამახსენდა, რომ მაცივარი ცარიელი მქონდა. მაშინვე სუპერმარკეტში ჩავირბინე, მზა პროდუქტების სექციასთან მივედი. ყველი და ცოტა ძეხვეული ვიყიდე. გამყიდველს ავაწონინე და სალაროსთან დავდექი. მოვიხედე და, ის ტიპი იდგა, ჩემი მეზობლის საყვარელი. იმდენჯერ შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით, რომ ჩავთვალე გამარჯობაც უნდა მეთქვა. მივესალმე, ისიც მომესალმა და გამიღიმა. დავაკვირდი, საკმაოდ სიმპათიური იყო, თეთრი სახე და ლამაზი თვალები ჰქონდა. ჩემთან ისე ახლოს იდგა მის სუნამოს სუნსაც კი ვგრძნობდი. სადარაზოში ერთად შევედით, ლიფტშიც ერთად აღმოვჩნდით. რაღაცნაირად, უხერხულობას ვგრძნობდი მასთან. მხრებამდე ძლივს ვწვდებოდი, თავს ვერ ვწევდი, რატომღაც, მის ფეხებს დავყურებდი. ლიფტიდან ისე გავიდა თვალი არ მოუშორებია ჩემი მკერდისთვის. თვალი გავაპარე, ისევ მიღიმოდა.
პირველად აღმოვჩნდი ასე ახლოს უცხო მამაკაცთან. დაბნეული ამოვედი სახლში.. ყველაფერი ნათლად წარმოვიდგინე, თუ როგორ შევიდა ეს კაცი ჩემი მეზობლის სახლში, როგორ გამოვიდა ის ქალი აბრეშუმის ხალათის შრიალით და ყელზე ჩამოეკიდა. კაცმა გრძელი, ქერა თმა ნაზად გადაუწია და ყელთან აკოცა. ქალმა თვალები მინაბა და რაღაც წაიჩურჩულა. მერე კი დაიწყო სიყვარულის პრელუდია. კაცი დიდხანს ეფერებოდა ჩემს მეზობელს, მანამდე სანამ საღამოს ბინდი არ შემოიჭრა ფანჯრებში, მერე ალბათ გაახსენდა, რომ უნდა წასულიყო. საათს დახედა, სასწრაფოდ ჩაიცვა და მირანდას სახლიდან დაღლილი და ნასიამოვნები გამოვიდა. ჩემი მეგობარი კვეჟო, მეუბნება - ,,ბერმუდის სამკუთხედივით ამოუცნობი ხარო“. ზოგადად, ინტროვერტი ვარ, თითქოს არაფერი არ მაინტერესებს, თითქოს ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ვნახე.
აი, ამ თაროზე დევს დედაჩემის დატოვებული წიგნები. მარჯვნიდან მესამე წიგნი უილიამ ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარებაა”, მეხუთე-ტოლსტოის ,,ომი და მშვიდობა” ჯერ იქამდე ვერ მივედი, არც ომი მიტაცებს და არც მშვიდობა. ბოლოს წავიკითხე - ,,ამბრი, უმბრი და არაბნი”. ის გოგო, მერცია, ძალიან მომეწონა, იმდენი საერთო აღმოვაჩინე მასში, მეგონა, ჩემზე დაწერეს. სიყვარული ამოუხსნელი ფენომენია, ამიტომ, უბრალოდ , ყველამ უნდა გამოცადოს. ბორდიურზე ფეხმორთხმით ვზივარ და კვეჟოს ველოდები. იგი ერთადერთი ბიჭი მეგობარია, ბაღიდან ერთად მოვდივართ. თუმცა, როგორც კაცს ვერაფრით აღვიქვამ, მეგობარია და მორჩა!.. ის კი არა, სიგარეტიც ერთად გავსინჯეთ პირველად. ეს მაშინ, ობოლა რომ გარდაიცვალა.
ობოლა ჩვენი პარალელური კლასელი იყო. მამამისი პოლიციის თანამშრომელია. ვერავინ ვერ იტანდა იმ კაცს. დედა მასაც საზღვარგარეთ ჰყავდა, როგორც ჩვენ. ეს კაცი კაზინოში თამაშობდა, რასაც ცოლი აგზავნიდა ყველაფერს ,,ლასვეგასის” წითელ ხახაში უშვებდა. ხან იგებდა, ხან აგებდა, როცა დათვრებოდა სახლში სოდომი ჰქონდა. ყველას გვეცოდებოდა ობოლა, ამბობდა - ,,დედაჩემი მალე აქედან წამიყვანსო“. ობოლას მამა სცემდა, ამისთვის სულაც არ იყო საჭირო დიდი დანაშაულის ჩადენა. მიზეზი სულ ჰქონდა. ამიტომ, იგი ხშირად დადიოდა გრძელმკლავიანი სვიტერით, ტანზე და ყელზე გაჩენილი სილურჯეები, რომ დაემალა. თექვსმეტი წლის იყო ობოლა - აწოწილი, მაღალი, ფერდებში სინათლე გასდიოდა. დედა წესიერად არც კი ახსოვდა, მხოლოდ ტელეფონის ეკრანიდან იცნობდა. იმ დღეს გავიგეთ, რომ ფანჯრიდან გამომხტარა. მეზობლებს უნახავთ ძირს გართხმული მისი უმწეო სხეული. წერილი დაუტოვებია, პატიებას სთხოვდა დედამისს - ვერ დაგელოდეო!...
ციოდა და გაჩერებაზე ვიდექით მე და კვეჟო. ორივე ისეთ ხასიათზე ვიყავით ხმას ვერ ვიღებდით. კბილებს ვაკაწკაწებდით და ფეხებს ვაბაკუნებდით. კვეჟომ, ჯიბიდან ,,ვინსტონის,, ლურჯი კოლოფი გააძრო, ერთი ღერი ამოიღო და კაი გამოცდილი მწეველივით გაუკიდა. - გინდა? - მითხრა და ისე გადმომიწოდა, თითქოს სულერთი იყო მისთვის. მეც ისე უთქმელად გამოვართვი, ბებერი მწეველივით. ტანსაცმელმა მალევე აიღო სიგარის სუნი, მერე თმამ და მერე თითებმა. პრინციპში, უკვე დიდები ვართ და უფლება გვაქვს რაც გვინდა ის ვაკეთოთ, ჩვენი ტოლები სიგარეტს კი არაა, კოკაინს ყნოსავენ. ,,მადლობა თქვან რა, უფროსებმა ასეთი კარგები რომ ვყავართ!.,, - წარმოთქვა კვეჟომ დამარცვლით... სრულყოფილ ქალად, ალბათ ვერ აღმიქვამენ კაცები. მე კი მკერდი მწიფე ვაშლებივით მიღუის. თვალები კი მშიერ შოშიებს მიმიგავს, ტანი კი აფეთქებულ ალუბლის ხეს, ქარის ყოველ წამობერვაზე რომ წელში იდრიკება. ჩემი ტოლი ბიჭები ქუჩაში ჩაცუცქულები სხედან და უზრდელად იფურთხებიან, კაცობის დემონსტრირებას ცდილობენ. აბა, მათგან რას უნდა ელოდოს გოგო?!...
ზოგადად, მამაკაცების შესახებ რაც ვიცი, მხოლოდ რამდენიმე წიგნით შემოიფარგლება, სადაც ინტიმურ თემებს ერთი-ორი გვერდი თუ აქვს დათმობილი. მაინც, როგორი იქნებოდა კაცი, რომელსაც თავს მივუძღვნიდი?.. . ვერაფრით შევქმენი ჩემს გონებაში მისი ავტოპორტრეტი. დანამდვილებით ვიცოდი, რომ ის უნდა ყოფილიყო - ძალზე მგრძნობაირე, ცოტა დაფიქრებული, საოცრად მეტყველი თვალებით და მამაკაცური ხმის ბარიტონით. ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც, სიზმარში, რატომღაც ის დამესიზმრა, მირანდას შეყვარებული. მის წინ სულ დედიშობილა ვიდექი. ის კი ინტერესით მაკვირდებოდა ხარბი თვალებით. ისე მრცხვენოდა, არ ვიცოდი სად წამეღო ხელები, ხან მკერდს ვიფარავდი, ხან სარცხვინელს. დილით წითელი ლაქები შევამჩნიე ღამის პერანგზე, მერე თეთრეულს დავხედე, ისიც სისხლით იყო მოსვრილი. მუცელი საშინლად მტკიოდა, სადღაც გამაყუჩებელი მეგდო, უჯრები ამოვაყირავე და ძლივს ვიპოვე. იმ დღეს გამოცდა მქონდა მათემატიკაში. წელმოწყვეტილივით ავდექი, რაც შეიძლებოდა თბილად ჩავიცვი და სახლიდან გავედი. სადარბასთან დიდი ვირთხა შემეფეთა, ნაგვის ბუნკერიდან გამოძვრა და კაცივით შემომხედა. ფოსტაში ქვითრები და უფასო რეკლამები დამხვდა. მერე, ისევ ის კაცი დავინახე, ამჯერად, ისე ჩამიარა გვერდით, თითქოს ვერ მიცნო. მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოწყდა.. ჩემი მეზობლის სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა, ნინა სიმონე მღეროდა ,, ne me quitte pas”. ფანჯრიდან ვხედავდი, ქალმა თეთრი ლანდივით როგორ გაიარა ოთახში, მერე ფარდა გადასწია და ცაზე ღრუბლის შერჩენილ ფთილას მიაჩერდა. კარგა ხანს იდგა ობელისკივით მდუმარე და სპილოსძვლისფერი მკერდი ურცხვად მოუჩანდა. მიხვდი, ტიროდა. ბოლოს შემამჩნია, სევდიანად გამიღიმა და სახლში შებრუნდა.
ქალობა, რომ ძნელია, ეს მაშინ მივხვდი, როცა ჩემს მეგობარ ნუცას შეყვარებული დაშორდა. ნუცა სტუდენტია, დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად, მაღაზიაში მუშაობს კონსულტანტად. ის ბიჭი, თემო, თავიდანვე არ მომეწონა, მაგრამ ისეთი შეყვარებული იყო ნუცა, ვერ ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. ნეტა მეთქვა - მეთქი, ახლა ვნანობ... ერთი, ძალზედ ჩვეულებრივი ბიჭი იყო, მანქანაზე მუშაობდა დისტრიბუტორად. ნუცა დაარწმუნა, რომ ცოლად მოიყვანდა, მხოლოდ ცოტა უნდა ეცლია ქორწილის ფული რომ შეეგროვებინა. ბინა ქირით ჰქონდა აღებული ნახალოვკაში, ერთ პატარა სახლში. ნუცა მიდიოდა და ის სანამ სამსახურიდან დაბრუნდებოდა: ტანსაცმელს ურეცხავდა, საჭმელს უმზადებდა, პერანგებს უუთოვებდა. მოკლედ, იმ ტიპის ცოლობას ეჩვეოდა. მერე, ალბათ, თავისთავად მოხდა ყველაფერი, რაც ქალსა და კაცს შორის უნდა მომხდარიყო. ორი კვირის ფეხმძიმე იყო უკვე, როცა მიხვდა. საშინელი ტოქსოკოზი დაეწყო, სულ არწყევდა და სულ ეძინებოდა. ერთ დღესაც თემოს სიხარულით აცნობა - ,,მამა გახდებიო!” იმის მერე ბიჭი შეიცვალა, აგერესიული გახდა, უხეში. ნუცას უთხრა - ,,წესიერი, რომ ყოფილიყავი ლოგინში კი არ ჩამიწვებოდიო!..” ნუცა რამდენიმე ხანს მიმალავდა ამ ამბავს, მერე ტირილით მიამბო ყველაფერი. საშინლად გავბრაზდი იმ თემოზე, კაცი რომ ვყოფილიყავი, მე ვიცი როგორც მოვიქცეოდი. დიდხანს ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეღონა.
ნუცას მშობლები სამეგრელოდან იყვნენ, დედამისი ქალიშვილისთვის წვალებით ამზადებდა მზითვს და კარგს სასიძოს ეძებდა. ეს ამბავი რომ გაეგოთ, ალბათ, მოკლავდნენ უკვე არაქალიშვილს. მე ისიც კი ვურჩიე, საზღვარგარეთ წასულიყო, მაგრამ, როგორ და რა გზით ეს არ ვიცოდით. ბოლოს, ისევ აბორტის გაკეთება გადაწყვიტა. ექიმთან მივყევი, საავადმყოფოს კედლეზე პატარა ბავშვების ფოტოები ეკიდა. ბედნიერი დედა ძუძუთი კვებავდა ახალშობილს. გარეთ შემოდგომის თბილი ამინდი იდგა. ექიმი ლამაზი, ცისფერთვალება ქალი იყო. ყველაფერი გამოკითხა ნუცას, ისიც უთხრა, შეიძლებოდა ერთადერთი და უკანასკნელი ყოფილიყო ეს ორსულობა და შვილი აღარასოდეს ჰყოლოდა. ნუცა მაინც ავიდა იმ საზარელ მაგიდაზე, თითქოს სასაკლაოზე მიდიოდა საკუთარი ფეხით. ნახევარ საათში გამოვიდა. ვერ ვიცანი, ისე იყო თვალებჩაშავებული და სახეგაფითრებული. ,,ბევრი სისხლი დაკარგა და დასვენება ჭირდებაო!. კიდევ შოკოლადი ჭამოსო!.” - დაგვარიგა ექიმმა. ნუცა ხმას არ იღებდა.. იმ დღეს ის უბრალოდ მოკვდა. მაშინ მივხვდი, არც ერთი კაცი არ ღირდა ამ მსხვერპლის ფასად. ისინი ვერასოდეს გაიგებენ რას გრძნობს ქალი, როცა საკუთარი სხეულიდან ყველაზე ძვირფასი არსება უნდა მოიგლიჯოს. უბრალოდ, ძნელია მერე სიყვარულის გჯეროდეს, როგორც უფლისა...
დრო გავიდა და თავისთავად გაგრძელდა ცხოვრება, თავისი წვიმიანი, თოვლიანი და მზიანი ამინდებით. ნუცა ახლა ყველაზე დიდი ცოდვილია ცოდვილთა შორის, ის არაკაცი ვინაა?... ან რა სახელი ჰქვიათ ასეთ კაცებს? ვინმე მეტყვის?... დილით ჩემს კარებთან შავი ძაღლი დამხვდა. ქუჩის ძაღლები ისე მომრავლდნენ უბანში გავლა არ შეიძლებოდა. ჩამოწელილ ძუძუებზე ეტყობოდა ლეკვები ჰყავდა. დამინახა თუ არა, დამიყეფა და ფეხზე წამოდგომა სცადა. მივხვდი, მოტეხილი ჰქონდა. შემეცოდა, სახლში შევედი, სუფთა ნაჭერი და მალამო გამოვიტანე და დიდი რუდუნებით გადავუხვიე მოტეხილი ფეხი. ძაღლი ისე მიყურებდა სევდიანი თვალებით, თითქოს ჩემს მზრუნველობას არ მოელოდა. შევარნდილ ფერდებზე მივხვდი, საშინლად მოშიებულიც იქნებოდა. ძველი ალუმინის მათლაფით გუშინდელი წვნიანი გამოვუტანე და წინ დავუდე. ფეხზე ძლივს წამოდგა, დრუნჩი წვნიანში ჩაყო და სულმოუთმქმელად მოასუფთავა ჯამი. ჭამას, რომ მორჩა შემიყეფა, თითქოს რაღაც მითხრა ძაღლურად, მერე გვერდულად გამომხედა და კიბეებზე კოჭლობით დაეშვა.
ზოგადად, მე არ მჯერა, რომ სადღაც, ცაზე წვერებიანი კაცი ზის და ის განკარგავს ჩვენს ცხოვრებას. დედა მიყვებოდა - ,,არსებობს ენერგია, რომელიც დაბადებიდან ყველა მოკვდავს გადმოეცემა ზეციდან დედამიწაზე, როგორც ღვითს საჩუქარი.. დრო რომ გადის ადამიანში ეს ენერგია ნელ-ნელა ილევა და ბინძურდება მიწიერი ცოდვილი ცხოვრების გამო. ადამიანის დანიშნულება კი საკუთარი გზის პოვნააო ამ დედამიწაზე. იმ გზის, რომელიც უფლის წიაღში დააბრუნებს ცდომილ სულსო. ღმერთი, კი არაფერია, გარდა უსაზღვრო სიკეთისა და სიყვარულისა. როგორც მზის სხივები ეფინება დედამიწაზე ბოროტსა და კეთილს, ასევე უფალიც უგზავნის ყველას თავის ცხოველმყოფელ სიყვარულსო. მთავარია, ჩვენ როგორ ვიღებთ ამ სიკეთესო“.
მე და დედა ამ თემაზე ხშირად ვკამათობდით. ჩემი აზრით, ღმერთი არ არსებობს, ის რომ არსებობდნეს ამდენ უსამართლობას არ დაუშვებდა. ეს ჩვენ გვინდოდა და მოვიგონეთ, სადღაც ცაზე გამოვკიდეთ როგორც უკანასკნელი იმედი, ბნელ ღამეში. ეკლესიაში არ დავდივარ, მე იქ არ მივალ, სადაც ჯიპიან, გამაძღარ მღვდლებს ჩემი უდედო ცხოვრების ამბავი უნდა მოვუყვე. სულაც არ ანაღვლებს, ვიღაც წვერებიან ტიპს შენ რა გტკივა და რა გაწუხებს. დედაჩემს ძალიან ეშინია ჩემს გამო, რომ ღმერთმა არ დამსაჯოს. მეუბნება, მისი ბრალია ყველაფერი, ასეთი უღმერთო რომ გავიზარდე....
სახლში, რომ დავბრუნდი ბებიაჩემი საწოლში დამიხვდა. რა მოგივიდა-თქო?- ვკითხე და მგონი წნევა მაქვსო. გავუზომე და ასსამოცი ჰქონდა.. წამალი დავალევინე და ვთხოვე არ ამდგარიყო.. - ,,ხომ არ გშიაო?” , არა, ნაჭამი ვარ, ნუცასთან ვჭამე- თქო!... დილით ოთახში, რომ შევედი სახეზე წითელი ლაქები შევამჩნიე. ყბაც რაღაც უცნაურად ჰქონდა გვერდზე მოქცეული. ინსულტის ნიშნები იყო. შემეშინდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ამ დროს ავადმყოფისთვის თითები უნდა დაგეჩხვლიტა და სისხლი გამომედინა. ავიღე წვრილი ნემსი, სპირტით გავწმინდე და თითების ბალიშებზე ვუჩხვლიტე. ,,რას აკეთებო!,, - გაუკვირდა... სისხლი ძლივს გამოვადინე. ცოტა ხანში, ფერიც მოუვიდა. სასწრაფოს მაინც დავურეკე, ერთ საათში მოვიდნენ. ავუხსენი როგორც მოვიქეცი. ,,ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარო! - მითხრა ექიმმა. ამას უმადლოდეთ ქალბატონოო!.“
ბებია რამდენიმე დღეში ფეხზე დადგა. პირველი რაც მთხოვა, - ეკლესიაში წამიყვანეო! ჩვენი სახლის გადაღმა, რომ წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარია იქ მივედით. მამა ილია საღამოს წირვისთვის ემზადებოდა. სანთლების შუქი გამოდიოდა ტაძრიდან. შემრცხვა და, იქვე, ეზოში განვმარტოვდი. მერე კი თვითონ გამოვიდა მოძღვარი, დამინახა თუ არა მაშინვე ჩემკენ წამოვიდა. თბილად გამიღიმა, და შვილივით მომეფერა. მშვიდი ხმით მითხრა - რამდენი ხანია გელოდებოდიო!.. რატომ არ მოხვედიო? შევპირდი, რომ უფრო ხშირად ვივლიდი. ეკლესიაში შევედი და მლოცველთა ჯგუფს შევუერთდი. არც კი ვიცი, რატომ წამომივიდა ცრემლები. ქუჩაში ჩადრიანები მომრავლდნენ, თითქოს ყვავების გუნდი შემოესია ქალაქს. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს გავიღვიძებდით და სულ სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდებოდით. მე და კვეჟო თურქი მუსტაფას კაფეში ვსხედვართ და კოქტეილს ვწრუპავთ. ის მუსკატებს აკნაწუნებს და ცუდ ხასიათზეა. კაზინოში საკმაოდ დიდი თანხა წააგო, სახლში რომ გაიგონ კარგი დღე არ დაადგება.. რამდენჯერ ვუთხარი - არ ითამაშო-თქო!, მაგრამ არ დამიჯერა. აზარტი ცუდი რამეა, თავს აკარგვინებს ადამიანს. არა და, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტოტალიზატორებია გახსნილი. ცდუნება დიდია, განსაკუთრებით, უდედო ბავშვებისთვის. სასმელი ორივეს მოგვეკიდა. სახლამდე როგორღაც მივედი. სადარბაზოში შუქი არ იყო, ისე ბნელოდა კიბეები არ ჩანდა. ჩემს უკან ნაბიჯების ხმა გავიგონე. უცებ გამოვფხიზლდი, მოვიხედე და ის იყო, სუნამოს სუნზე ვიცანი. - ნინი, როგორ ხარ პატარა? - მითხრა ისე, როგორც პატარა ბავშვებს ეუბნებიან დიდი ბიძიები. მერე სანთებელა აანთო და სახეზე მომანათა. - აგაცილებ! – მკლავში წამავლო ხელი და ჩემკენ გადმოიხარა. - არაა, არ მინდა! - გავჯიუტდი და ხელი გავაშვებინე. - მაშინვე მომეწონე, როგორც კი დაგინახე, მგონი ხვდები ყველაფერს, არც ისე პატარა ხარ. ვიცი, შენც მოგეწონე, ასე არააა? - ყურის ძირში ჩამისინა კაცმა. ნაბიჯს ავუჩქარე და უეცრად წავბორძიკდი. კაცმა ხელი შემომაშველა. ვიგრძენი, როგორ ქშინავდა. სანთებელა ჩაქრა, სიჩუმე ჩამოწვა. გარედან მთვარის მკრთალი შუქი შემოდიდა. კაცი ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს კლანჭებში მოქცეული მსხვეპლი ვიყავი. უცებ თავზე შავი ლანდი წამომადგა. მივიხედე და ის შავი ნაგაზი ვიცანი დილით რომ ვაჭამე. კიბის თავში იდგა კბილებს უღრჭიალებდა. რამდენჯერმე დაუყეფა კიდეც, აგრძნობინა რომ მარტო არ ვიყავი..
- ეს ვისი ძაღლია? - შეშინებულმა დაიხია უკან. - ჩემია! - ვუთხარი და ძაღლს უკან ამოვუდექი. ხმაურზე ვიღაც მეზობელი გამოვიდა. გავიგონე, როგორ შეიგინა კაცმა და ბრახუნით გაიჯახუბა სადარბაზოს რკინის კარები. ის შავი ძაღლი ეტყობა ისევ კარებთან მელოდა თავისი ულუფის მოლოდინში. ამჯერად მარტო არ იყო, პატარა ლეკვებიც მოეყვანა. კარებთან დაცუნცულებდნენ და დედას ახტებოდნენ. ძაღლს მოვეფერე, სახლში შევედი და პური და ძეხვის ნაჭერი გამოვუტანე. ხელები მიკანკალებდა და ვფიქრობდი - ყველაფერი ბედისწერაა, არაფერი არ ხდება შემთხვევით!.. პატარა ოთახიდან, იქ, სადაც დედაჩემის ხატები ესვენა სანთლის შუქი გამოდიოდა. მეგონა, ბებიამ თუ აანთო და დატოვა. კარგად, რომ დავაკვირდი ვიღაც ქალი იწვა. იქვე, კუთხეში მძიმე ჩანთები და ფეხსაცმელები მიეწყო. ეტყობოდა, ნამგზავრი და დაღლილი იყო. ფეხაკრეფით მივედი და დავხედე. თმა შუბლზე ჩამოეყარა და მშვიდად სუნთქავდა. ადგილზე გავშეშდი მოულოდნელობისაგან. ძლივს ამოვიცანი ამდენი ხნის მერე მთელ ქვეყანაზე ჩემთვის ყველაზე საყვარელი სახე. დიდხანს ვუყურე მძინარს, ღვთისმშობელივით ლამაზი იყო იმ მოციალე სანთლის შუქზე. ,,დედა, დედა დაბრუნდა! “- გავიმეორე ჩუმად. როგორ მინდოდა ბედნიერებისგან მეყვირა, მეტირა, მაგრამ ისე ეძინა დაღლილს, ვერ გავბედე მისთვის ეს ნანატრი ძილი დამერღვია. ვინ იცის რამდენი უძილო ღამე გადაიტანა?!.. რამდენი ცივი ზამთარი?!.. რამდენი ტკივილი?!... ცოტა შეცვლილიც მომეჩვენა, ცოტა მოტეხილის... ეს ქალი, რა უცხოა და, ამავდროულად, რა ახლობელი!.. ეს ქალი ჩემი ანგელოზია, ცოცხალი ანგელოზი.... როგორც იქნა, მოვიდა, დამიბრუნდა. ხომ შეიძლებოდა, ვერც კი დაბრუნებულიყო!... ეძინოს, მშვიდად ეძინოს, რომ ყველა ტკივილი დაუამდეს, ყველა დარდი დაავიწყდეს. მთავარია, გრძელი ღამე დამთავრდა, მთავარია, გათენდება. მთავარია, აქ არის. ხვალიდან, სულ სხვა ცხოვრება დაიწყება, ხვალიდან - დედა სახლში იქნება!..
ავტორი: სალომე გოგოლაძე
ნაწილი პირველი
1732218061
მსოფლიომეთანოლით დაბინძურებული ლიქიორის მიღების შედეგად ლაოსში 19 წლის ტურისტი გარდაიცვალა
ავსტრალიელი ტურისტი, 19 წლის ბიანკა ჯონსი ლაოსში მოგზაურობისას, მეთანოლით დაბინძურებული ლიქიორის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მისი მეგობარი, ასევე 19 წლის ჰოლი ბოულზი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომ...
1732216627
სოციალური მედია„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მას დისშვილი შეეძინა. „ჩემი პატარა ცმაცუნა დის შვილი დაიბადა“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
1732213358
სოციალური მედია„წუთ-ნახევარი გზა „სპალნიდან“ „ფეჩის“ ოთახამდე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც დასავლეთ საქართველოს ზამთრის რუტინაზე საუბრობს. „ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპ...
1732205382
ახალი ამბებიარქეოლოგებმა მარნეულში მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც 2020 წლიდან ხორციელდება. კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდ...
1732199610
სოციალური მედია„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან. „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...