პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეზე გამართული პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს მართებს უფლისადმი ერთგულების გზით სიარული, რათა გაძლიერდეს და გამთლიანდეს.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა 100 000 მოწამე, ისევე, როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიისა, არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება აღდგომილ ქრისტეზე. რას ნიშნავს მოწამე, ეს ნიშნავს მოწმეს, ასე ჟღერს ბერძნული სიტყვა – მარტის, ნიშნავს მოწმეს და ნიშნავს მოწამეს. წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არა აქვს არანაირი ძალა. ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით, ჩვენ ვხვდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილეები. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ გამხდარიყვნენ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი. ამიტომაც, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ მოწამეობა, მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო.
მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვების, სიკვდილით დასჯის, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი გრძელდებოდა. ამას პირველი ბიძგი, როგორც იცით, მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგებამ, რომელთა უმრავლესობაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად, მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს. მათ შემდგომ პერიოდებში, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა მორწმუნეებს ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას და ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი და მათი ლოცვით, მათი წყალობით, მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამა სოფლისგან მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება.
ასე იყო წმინდა კეთილმსახური, მოციქულთა სწორი მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყოს შემდგომ პერიოდებშიც. ასე იყო მე-20 საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა. დღეს ჩვენ, მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლებაც, ერთად ვზეიმობთ, აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს და ეკლესია დგას, არსებობს. ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს, ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალ იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე, „მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“. ჩვენც გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით, უფალმა ჩვენ შეგვიწყალა, მოგვიყვანა წმინდა ეკლესიაში, სულის გადასარჩენად, საცხოვნებლად, მოგვიწოდა, მოგვიყვანა და ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების, წმინდანების ხსენებისა, ვისაც დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვიყოთ მემკვიდრენი მისნი უფლისადმი სიყვარულსა და ერთგულებაში.
დღეს ჩვენ ვევედროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, რომელიც ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი და მოიყვანა დღემდე. ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, რომ მხოლოდ ამ გზის ერთგულება გადაგვარჩენს ჩვენ და მიგვიყვანს სასუფევლამდე. ამდენად, ჩვენ გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ გზის ერთგულება და ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და გადარჩეს და გამთლიანდეს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ასი ათასი მოწამე შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს, წმინდა 100 ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა პატრიარქმა.
100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც ესწრებოდა.
1794929803
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად
„საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ჩვენ ამ პროცესს დავასრულებთ და ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგ...
1794929777
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს
„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სა...
1794929206
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარ...
1794929099
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ბურთი არის ევროკავშირის მხარეს, ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
„ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ვმოქმედებთ სწორად და პრაგმატულად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშ...
1794927446
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა იუსტიციის სახლის მშენებლობაზე: წალენჯიხელებს ეს სერვისი აუცილებლად სჭირდებოდათ, იმიტომ რომ დაახლოებით 600-ზე მეტი სერვისი იქნება, რომელიც მოემსახურება ადგილობრივებს
წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლ...































