შიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში

„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავისთავად სიწმინდეების ფლობა, რითაც უმდიდრესია საქართველო, არ გვაცხონებს მექანიკურად, არამედ სიწმინდეებს უნდა მივეახლოთ რწმენით, ლოცვით, სინანულით, მცნებების დაცვით. აი, მაშინ მოგვეცემა ეს მადლი, რაც არის ამ სიწმინდეებში და შეგვეწევა სულის გადარჩენის საქმეში“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულზე – ვლაქერნობაზე იქადაგა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო!

გილოცავთ დღევანდელ დღეს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს – ვლაქერნობას.

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფე გერასიმე, თქვენ განსაკუთრებით გილოცავთ თქვენს მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის, ყველასთვის. ეს უდიდესი სიწმინდე არ არის მხოლოდ ისტორიული რელიკვია ჩვენთვის, არამედ ის არის დედა ღვთისმშობლის მფარველობის, ჩვენთან მყოფობის ხილული ნიშანი. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის, რადგან ღვთის წყალობითა და განგებულებით, რამდენიმე საუკუნის წინ ეს დიდი სიწმინდე ჩამოაბრძანეს საქართველოში და აქ, სამეგრელოში ინახება, როგორც, ვიმეორებ, სიმბოლო დედა ღვთისმშობლის მუდმივი მფარველობისა და ჩვენთან მყოფობისა. როგორც ძველად მფარველობდა და იცავდა ადამიანებს ყოველგვარი ჭირისგან, განსაცდელისგან, მწუხარებისგან, იგი დღესაც უწევს მფარველობას ყველას, ვინც რწმენით, სინანულით, ლოცვით მიეახლება მას.

დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი – საქართველოშია დავანებული.

ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოაბრძანეს ჩვენთან უფალ იესო ქრისტეს კვართი და დედა ღვთისმშობელმა ღირსჰყო ჩვენი ქვეყანა, მისი წილხვედრი გამხდარიყო. დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით საქართველოშივე იქადაგა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ასევე, სიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა. დედა ღვთისმშობლის კურთხევით გამოემართა წმინდა ნინო საქართველოში, იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება და მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა განუხრელად, ერთგულად და შეურყვნელად იცავს ქრისტეს რწმენას.

წელს შესრულდა 1700 წელი ამ დიდებული მოვლენიდან, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა დიდი კავშირი აქვს ქრისტეს რწმენას ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენს თვითმყოფადობასთან.

დღევანდელი დღესასწაული – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის, პატიოსანი კვართის დღესასწაული – ალბათ, ძვირფასო ძმებო და დებო, გვაფიქრებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე: ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენს სულიერ შესამოსელზე. როდესაც მოვინათლეთ, მივიღეთ ეს წმინდა სულიერი შესამოსელი; როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, „ქრისტეთი შევიმოსეთ“ (გალატ. 3, 27), მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრების განმავლობაში ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედმორწმუნეობით, სულმოკლეობით და ა. შ.

დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში.

ისე დაემთხვა, რომ დღეს წაკითხული სახარებაც ამას გვეუბნება. ფარისევლები მიდიან უფალ იესო ქრისტესთან და ეკითხებიან: „რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, რომ დაუბანელი ხელით ჭამენ საჭმელს?“ (მთ. 15, 1-2). უფალმა მიუგო, რომ პირიდან შემავალი კი არ შეაგინებს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი შეაგინებს კაცსო (მთ. 15, 11). მოციქულებმა ვერ გაიგეს ეს იგავი. პეტრე მოციქულმა სთხოვა უფალს, განემარტა მათთვის, რას ნიშნავს ეს. უფალმა უთხრა, რომ რაც პირიდან გამოდის, ის ჩვენი გულიდან გამოდის და ის შეაგინებს კაცს, რამეთუ პირიდან გამოდის, გულიდან გამოდის ანუ, ბოროტი ზრახვები, კაცის კვლა, მრუშობა, სიძვა (ჩამოთვლის უფალი), პარვა, გმობა, ანგარება, ამპარტავნება. აი, ეს შეაგინებს ადამიანსო (მთ. 15, 15-20).

ამგვარად, ამ სიტყვებით უფალი გვასწავლის, რომ უნდა შევებრძოლოთ ჩვენს ვნებებს, ჩვენს ამ არაწმინდა გულის სიტყვებს, გულის ფიქრებს, რადგან ვნებების აყოლა და მათი დაკმაყოფილება ძალიან ავნებს ადამიანის სულს, განაშორებს ღმერთს, განაშორებს მადლს და ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერ აღწევს და ვერც ინარჩუნებს ვერაფერ სულიერს. ის ვერასდროს მოშორდება მიწიურს და სულიერი საგნების, ზეციური საგნების ჭვრეტაში ვერასდროს ვერ შევა.

წმინდა მამებს მოჰყავთ მაგალითი, რომ ასეთი ადამიანი ვერ მიწვდება სულიერს, ისევე, როგორც დაბერებული ფრინველი ზეცაში ვეღარ აფრინდებაო.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, თავისთავად სიწმინდეების ფლობა, რითაც უმდიდრესია საქართველო, არ გვაცხონებს მექანიკურად, არამედ სიწმინდეებს უნდა მივეახლოთ რწმენით, ლოცვით, სინანულით, მცნებების დაცვით. აი, მაშინ მოგვეცემა ეს მადლი, რაც არის ამ სიწმინდეებში და შეგვეწევა სულის გადარჩენის საქმეში.

დღეს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს, ამ ეპარქიის სამღვდელოებას ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის.

ძვირფასო მეუფე, გარდა იმისა, რომ ძალიან ღირსეულად უძღვებით საგარეო ურთიერთობების განყოფილებას საქართველოს საპატრიარქოში, შესანიშნავია თქვენი ღვაწლი და საქმიანობა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. ამას ადასტურებს ეს დიდებული საკათედრო ტაძარი. ასევე მინდა, აღვნიშნო, ძვირფასო მეუფე, რომ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის შედეგად ვლაქერნობა გახდა არა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული, არამედ სრულიად საქართველოსთვის სახალხო დღესასწაული და კიდევ ერთხელ გმადლობთ ამისთვის.

მინდა, დღეს ვისარგებლო შემთხვევით, რომ ვიმყოფები ზუგდიდში, სამეგრელოს გულში და ჩემი დიდი სიყვარული და მადლიერება გამოვხატო სამეგრელოსადმი.

თქვენ იცით, რომ 23 წელი ვმსახურობდი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მღვდელმთავრად და შეიძლება ითქვას, კიდევ ვმსახურობ, რადგან ჯერჯერობით წმინდა სინოდი მაძლევს უფლებას, შევითავსო ეს შესანიშნავი ეპარქია. არ ვიცი, როდემდე მომეცემა ამის შესაძლებლობა, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ვმსახურობ ეკლესიაში, სამეგრელოს სიყვარული ყოველთვის ჩემთან იქნება, იმიტომ, რომ სამეგრელომ მომცა ძალიან ბევრი რამ. შეიძლება ითქვას, მომამზადა სამეგრელოში მსახურებამ, აქაურმა სიყვარულმა, დიდმა სითბომ, დიდმა სილამაზემ და კულტურამ ჩემი საპატრიარქო მსახურებისთვის.

შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს.

მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება.

ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, მოგვცეს, დაამკვიდროს ჩვენ შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!

დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სასულიერო პირებს: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიიდან დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან დეკანოზი გალაქტიონ ფიფია დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ილია ლუკავა დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი დავით ქირია აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღესასწაულთან დაკავშირებით, ასევე, დაგირიგდებათ ღირს ალექსის (შუშანია) ხატები.

ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“, - განაცხადა შიო მესამემ ქადაგებისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784134252

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...

პროკურატურაპროკურატურა

1784133607

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...

მარიამ ქვრივიშვილი

1784133501

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში მარკო რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერია...

მაკა ბოჭორიშვილი

1784133032

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა

დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...

მარიამ ქვრივიშვილი

1784131202

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან მიდის - „ვფიქრობ, ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“

„ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“, - ამ სიტყვებით კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა. სტარმერმა საკუთარ კოლეგებსა და ოჯახის წევრე...

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი