დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების, სიცოცხლის უფლების დარღვევისა და საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ექვსი პირი გამოჰკითხა.

2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხზე, კომისიის სხდომას ნიუ-იორკიდან გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ჩაერთო.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, 2015 წლის ბოლოს, როცა ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, საქართველოს ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის მისაღებად აქტიურად მუშაობდა. მისივე თქმით, სწორედ ამ პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდნენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირების ინსტრუმენტად აქცია ქვეყნისა და მოსახლეობის გეოსტრატეგიული მისწრაფებები.

როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის მარტში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა ჯოზეფ დაულიმ განაცხადა, რომ პარტია საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერდა, თუმცა, ეს პროცესი უნდა გადადებულიყო.

მისივე თქმით, ამ განცხადების შემდეგ, ჟოზეფ დაულის საქართველოში ვიზიტი შედგა, რა დროსაც მან შეხვედრა არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართა, არამედ იმ დროს მსჯავრდებულ „ნაცმოძრაობის“ წევრებს - მერაბიშვილს, ახალაიას და უგულავას შეხვდა.

დავით ბაქრაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების გადადების შესახებ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთებოდა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღება წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ პოზიციებს განამტკიცებდა და სწორედ ამიტომ სურდათ ამ პროცესის გადადება.

მისივე თქმით, ამ ვიზიტიდან ორ კვირაში, 2016 წლის 14 აპრილს, ასოცირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება/რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღების თაობაზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა - გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ მხარი არ დაუჭირეს.

დავით ბაქრაძემ ასევე ისაუბრა 2016 წლის ბოლოდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდზე.

მისი თქმით, საელჩოს მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგად მოსული დონალდ ტრამპის ახალი ხელისუფლების პირობებში ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება. როგორც მან აღნიშნა, ამის პარალელურად, საელჩოს ძალისხმევის და რესურსის ნაწილი ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში შექმნილი არასწორი აღქმების განეიტრალებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას და სწორი და ობიექტური წარმოდგენის შექმნას ეთმობოდა.

„წლიდან წლამდე სხვადასხვა საშუალებებით - შეხვედრებით, განსაკუთრებით ლობისტური საქმიანობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები მიჰქონდათ და ჩვენ ამასთან დაპირისპირება გვიწევდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მისი ელჩად მუშაობის პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობას“ 5-6 კონტრაქტი ჰქონდათ ლობისტებთან გაფორმებული, რაც საელჩოსა და ზოგადად, სახელმწიფოს ფუნქციონირებას ართულებდა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საელჩოს არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ( ISFED) პოზიციების გაბათილებაც უწევდა.

კომისიას, 2008 წელს პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე, ახსნა-განმარტება მისმა შვილმა ქრისტინე ქარდავამ და მეუღლემ, ელისო სართანიამ მისცეს.

როგორც ქრისტინე ქარდავამ განაცხადა, 2008 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი პაატა ქარდავა ზუგდიდიდან გაიტაცეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს, რომან შამათავას გადასცეს.

მისივე თქმით, რომან შამათავა „აბსურდის აღიარების მოთხოვნით“ პაატა ქარდავას ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ ბათუმში, ნავით ზღვაში გაიყვანა, მოკლა, ცხედარს ბეტონის ფილები მიამაგრა და ზღვაში ჩაუშვა.

ქრისტინე ქარდავას განცხადებით, ოჯახმა ხელისუფლების შეცლამდე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. მისივე თქმით, მათ ეუბნებოდნენ, რომ პაატა ქარდავა აფხაზეთში იყო გადასული და ამ ვერსიის გასამყარებლად ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, კვალის არევის მიზნით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატოვეს.

მისივე თქმით, დახმარებისთვის მათ ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ქრისტინე ქარდავას მოსაზრებით, პაატა ქარდავას მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ მან, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, „რაღაც იცოდა“.

2003-2012 წლებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებზე კომისიას ახსნა-განმარტება ვაჟა მანიამ, თორნიკე ნიორაძემ და ვალტერ შაკაიამ მისცეს.

მათ დეტალურად ისაუბრეს 2006 წელს რიყის ტერიტორიაზე არსებული სამი რესტორნისა და 2008 წელს დედაენის ბაღში მდებარე რესტორნის წართმევის ფაქტებზე, ამ პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობაზე და ქონების მესაკუთრეთა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე მოწვეული იყო გიორგი გახარია, რომელსაც ახსნა-განმარტება, მათ შორის, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხზე უნდა მიეცა, თუმცა საზღვარგარეთ ყოფნის გამო, იგი სხდომაზე არ გამოცხადდა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიას გონივრული ვადა მიეცა იმისთვის, რომ 2 ივლისს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდეს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 25 ივნისს გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750693004

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს

„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედია...

ეკა სეფაშვილი

1750690354

ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

1750688815

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა კომისიაზე და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა

იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა [კომისიაზე] და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა, - განაცხადა პარლამენტი...

გივი მიქანაძე

1750685595

ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას 2 წლით თანამდებობი...

პოლიტიკოსი

1750684237

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7260 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7268 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი