ემიგრანტი ქალბატონის წარმატების გზა: „როცა ყველაფერი კარგად იყო, სწორედ მაშინ დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი“
ლიკა გაბუნია - ემიგრანტი საფრანგეთში. 20 წლის წინ, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრანგეთში დაიდო ბინა და ცხოვრება ნულიდან დაიწყო. დღეს, ქალბატონი ლიკა წარმატებულ ემიგრანტ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება. სამშობლოდან შორს, უამრავი თანამემამულის მსგავსად, მანაც ემიგრაციის რთული გზა განვლო. დღეს ის თავდაჯერებული, წარმატებული და რეალიზებული ემიგრანტია და თავის გამოცდილებას სხვა ემიგრანტებს უზიარებს.
ლიკა გაბუნია გახლავთ პერსონალური ქოუჩი, ფსიქოკონსილტანტი, რპტ-თერაპევტი, ნლპ-პრაქტიკოსი, მაბ-კონსულტანტი და ემიგრანტებს სწორედ იმ პრობლემათა გადალახვაში ეხმარება, რომლის წინაშეც ემიგრაციის რთულმა პერიოდმა, წლების წინ თავადვე დააყენა. ჰყავს ფართო აუდიტორია და ემიგრანტებს ფსიქოლოგიური ტრავმების დაძლევაში ეხმარება. ხშირად უსასყიდლოდ მართავს მათთვის ტრენინგებს.
„ჩემი მისიაა ემიგრანტებს დავეხმარო ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, ტრავმისა და სტრესისგან განთავისუფლებაში და მიზნების დასახვაში, ასევე საკუთარი რესურსების აღმოჩენასა და გამოყენებაში.“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ქალბატონი ლიკა.
დავიბადე და გავიზარდე თბილისში. უკვე 20 წელია ემიგრაციაში ვარ, ვცხოვრობ საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქალაქში. მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. მიუხედავად იმისა რომ მეც ბევრი თქვენგანის მსგავსად ემიგრანტობის დამღლელი და მძიმე წლები გამოვიარე, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა რომ ვარ ბედნიერი, თავდაჯერებული, წარმატებული და რეალიზებული ქალი!
30 წლის ასაკში ახლიდან დაიწყო ცხოვრება არ არის ადვილი. ჩამოდიხარ ორი პატარა ბავშვით განსხვავებული კულტურის, ღირებულებების, მენტალიტეტის მქონე ქვეყანაში და გინდა დაიმკვიდრო თავი.
არასდროს დამავიწყდება 2001 წელი , ჩაბნელებული საქართველო, ბნელი ქალაქი, ბნელი ქუჩები. მარტის თვე და ოთახი, რომელიც ჯერ კიდევ ზამთრისგან შემორჩენილი სუსხით და ნავთის სუნით იყო გაჟღენთილი. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ვერ ვისვენებდი, ხან დავწვებოდი, მერე ისევ ვდგებოდი, ოთახში გაუთავებლად დავდიოდი წინ და უკან ჩუმი ნაბიჯებით, რომ ბავშვები არ გამეღვიძებინა. მეორე ოთახიდან ფეხის ხმა მესმოდა. დედასაც არ სძინავდა, ანდა რა დააძინებდა? დედებს ინტუიცია არასდროს ღალატობთ, დედამ იცის რომ ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, ისიც იცის რომ ძალიან ბევრჯერ მოვენატრები და უჩემოდ მოუწევს სიბერის გატარება, მაგრამ გულში იკლავს ამ დიდ სევდას. მერე ჩუმად შემოაღო ოთახის კარი, ალბათ იმასაც მიხვდა რომ არც მე მეძინა, ან იქნებ მძინარეს უნდოდა მომფერებოდა. მთელი ღამე უსიტყვოდ, მხოლოდ თვალებით ვესაუბრებოდით ერთმანეთს, მე მთელი სხეული მიკანკალებდა, ალბათ დედასაც.
დილის 5 საათია. ვტოვებ ჩემს ქალაქს და მასთან ერთად ვემშვიდობები ყველაფერ ძვირფასს რაც ცხოვრებაში გამაჩნდა, საბედნიეროდ შვილები ჩემთან არიან და ერთადერთი ნუგეში ეს არის ჩემთვის. ჰო კიდევ, ჯერ კიდევ არც ის ვიცი რომ თურმე სამუდამოდ ვემშვიდობები ჩემთვის ბევრ ძალიან საყვარელ ადამიანს...
მერე დაიწყო ძალიან გრძელი და დამქანცველი გზა უცხო მიწაზე დასამკვიდრებლად. საბუთები, ენის კურსები, ბავშვების ადაპტაცია უცხო ქვეყანაში და ამავდროულად იწყება საშინილი მონატრება. ემიგრანტებისთვის არ არის ეს უცხო გრძნობა. მენატრებოდა ჩემი ქვეყანა და ყველაფერი „ჩემი“. შემიყვარდა ღამე, იმიტომ რომ ღამით სიზმრებში ჩემს ქალაქში დავდიოდი, ჩემს სახლში ვცხოვრობდი, აი დილა კი... დილა არ მიყვარდა, დილით ისევ უცხო ქუჩებში უნდა მევლო. აქაური სუნიც კი უცხო იყო ჩემთვის, საღამოს ცას ვუყურებდი, ვფიქრობდი - ეს ცა ხომ ყველასთვის ერთია, ნუგეშს ვეძებდი, მაგრამ თითქოს ცასაც სხვა ფერი ჰქონდა, დღესაც არ ვიცი მეჩვენებოდა თუ მართლა, სულ სხვანაირად ანათებდნენ აქ ვარსკვლავები. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა არ მინდოდა დანებება.
ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ვცდილობდი თვალი გამესწორებინა რეალობისთვის, დღეს მე აქ ვცხოვრობდი და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ ცხოვრებას ფერები არ დაკარგოდა. მე მარტო, ჩემი კი არა სხვა ადამიანების მიმართ, ჩემი შვილების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
დადგა ის დრო, როცა ცხოვრებას ფეხი ავუწყვე. შვილებს სკოლაში ვტოვებდი და მეც ენის შემსწავლელ კურსებზე გავრბოდი, თურმე არც ისე ცუდი ყოფილა სამყარო, როგორც ვფიქრობდი. რასაც გულით მოვინდომებდი ყველაფერი გამომდიოდა. ყოველთვის მიყვარდა ყვავილები და გადავწყვიტე ფლორისტობა შემესწავლა. პროფესიულ დონეზე შევისწავლე და საქორწილო თაიგულების კეთება დავიწყე. ფრანგები ძალიან ესთეტიურები არიან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დღესასწაულებს და ფლორისტის პროფესია აქ ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია.
რამდენიმე წელი ძალიან ლამაზ ყვავილების სახლში ვიმუშავე, თან გადავწყვიტე პარალელურად არა მხოლოდ საქორწილო თაიგულების, არამედ უკვე მთლიანად საქორწილო დიზაინი შემესწავლა. ერთი სიტყვით, სამსახურიც ისეთი მქონდა რომელსაც ფინანსებთან ერთად სიამოვნებაც მოჰქონდა ჩემთვის. ბავშვებმა ძალიან მალე გაიარეს ადაპტაცია და აი როცა ყველაფერი კარგად არის, სწორედ მაშინ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი.
ეს იყო ყველაზე მძიმე და რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. არ მინდა დაგამძიმოთ და დრამატიზება გავაკეთო ჩემი ცხოვრების, ამიტომ მცირედით შევეხები ისტორიას, რომელმაც აქამდე მომიყვანა და ჩემი თავი მაპოვნინა. უცებ დამეწყო საოცარი პანიკური შიშები და ეს შიში თვეების მანძილზე გრძელდებოდა. ეს იყო პანიკური შეტევების მთელი ციკლი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რომ ეს პანიკური შეტევა იყო. მეგონა ვიხრჩობოდი და ვერავინ მშველოდა. ოცდაოთხი საათი ექიმები და კლინიკები, გამუდმებით გამოკვლევები და ანალიზები, მაგრამ არანაირი ფიზიოლოგიური პრობლემა. მეზიზღებოდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, თითქმის უკვე რეალიზებული ვიყავი და ჩემს შიგნით მაინც გაურკვეველი პროცესები დაიწყო. ჩემი სურვილები და მდგომარეობა წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან. გარკვეული დროის მანძილზე გულწრფელად ვფიქრობდი რომ ყველაფერი დამთავრდა. ეს მდგომარეობა დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გამოგიცდიათ, ამას მე ემიგრანტების დაავადება დავარქვი. საქართველოშიც დავდიოდი, მეგონა იქ ყოფნა შვებას მომგვრიდა, მაგრამ პანიკური შეტევები პერიოდულად მეორდებოდა და რამდენიმე წელი სიცოცხლე გამიმწარა. მეგობრებო არ არსებობს ისეთი განსაცდელი, რომელსაც ადამიანი ვერ გაუძლებს, მაგრამ ამას პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარულის სწავლა სჭირდება. არ მოგესმათ, საკუთარი თავის სიყვარული. ჩვენ ხომ ძირითადად სულ სხვა ადამიანებისთვის ვცხოვრობთ და ყველაზე ბოლოს ჩვენს თავს ვაყენებთ. მშობლები, შვილები, ახლობლები და შეიძლება ამასობაში ჩვენი საკუთარი თავისთვის აღარ დაგვრჩეს არანაირი რესურსი.
მერაბ მამარდაშვილს აქვს ასეთი ფრაზა: - „გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად“ ეს არის ცხოვრების მთავარი საიდუმლო. და მე დავიწყე ჩემი თავის შესწავლა, საკუთარ აზრებზე, ემოციებზე და შეგრძნებეზე დაკვირვება.
მე ვიცოდი, რომ სამყარო არც ისე ცუდი იყო როგორსაც მე ვხედავდი და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემს ხელში იყო და მე უნდა ამერჩია როგორ მეცხოვრა. ან ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო გასაღები უნდა მეპოვა და ან საცოდავი და შეუმდგარი ქალი ვყოფილიყავი და რა თქმა უნდა, მე პირველი ავირჩიე.
შევძელი მიმეღო ცოდნა და სულ ახალი პროფესია ამეთვისებინა, თუმცა მინდა გითხრათ რომ სტუდენტობის დროიდან დაინტერესებული ვიყავი ფსიქოლოგიით და რომ არა ასეთი გამოწვევა, ალბათ ამ აზრს შემდგომში არც დავუბრუნდებოდი. სწორედ ამ გამოწვევამ მაპოვნინა ჩემი თავი. ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა.
მე მადლიერი ვარ ყოველი დღის და ყოველი წამის, ყველა იმ დაბრკოლების რაც აქამდე მქონდა, მადლიერი ვარ ყველასი და ყველაფრის, მადლიერი ვარ ჩემი არჩევანის, მადლიერი ვარ საფრანგეთის და ფრანგი ხალხის რომელიც უკვე ასე მშობლიური გახდა ჩემთვის. ეს ყველაფერი რომ არა ალბათ მე დღეს არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ და ვერ შევძლებდი იმ საქმის კეთებას რასაც ვაკეთებ. მე დღეს შემიძლია უამრავ ადამიანს ჩავუსახო იმედი, დავეხმარო სწორი მიმართულების მოძებნაში და ეს მე მაბედნიერებს.
შევძელი მეპოვა, ჩემი ბედნიერება და თუ ერთ ადამიანს მაინც გამოუვიდა, თქვენც გამოგივათ. მთავარია გინდოდეთ! შენ თუ გინდა ცხოვრება სიყვარულით და ბედნიერებით იყოს სავსე იმოქმედე, არ გაჩერდე. სამყარო არც ცუდია და არც კარგი, სამყარო ისეთია როგორიც არის და ეს შენი ხედვაა, რომელიც გახდის ისეთს როგორიც შენ გინდა რომ იყოს. შენ შეგიძლია იცხოვრო ბედნიერად სამყაროს ნებისმიერ ადგილზე. მე დღეს ვიცი რომ ცა ერთია. რომ მიწაც ერთია და რომ დედამიწას არ დავყოფ ნაწილებად, იმიტომ რომ ეს დაყოფა ჩემი სულის დაყოფას გამოიწვევს და მე ეს არ მინდა!
მე მინდა რომ თქვენ ყველას გისურვოთ თქვენი ადგილის დამკვიდრება სადაც არ უნდა იყოთ, დამიჯერეთ თქვენ ამას შეძლებთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს გვაქვს უფლება ვიყოთ ბედნიერები!
ლიკა გაბუნიასთან დაკავშირება შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ბმულზე
მყისიერი პერსონალური გარდაქმნები
ესაუბრა: ხათუნა შარაძე
1732635086
საზოგადოებაცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებებსა და ვადებს განმარტავს
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩ...
1732633337
საზოგადოება„2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება“ - ირაკლი ჩიქოვანი
2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრობი...
1732632873
საზოგადოებაპარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თ...
1732628692
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა 2.7421 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7428 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1732627496
სოციალური მედიაგიორგი გასვიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა - რა ფოტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი
მსახიობი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი გიორგი გასვიანი თოდუას კლინიკიდან სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. როგორც ირკვევა მან ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა. „ნაღვლის ბუშტო, პაკა...“, - წერ...