მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მუდმივად ცდილობდა, გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად, დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად

„საქართველო მუდმივად ცდილობდა, გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს აქტიურ მუშაობასა და ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ერთად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროპას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თავისი გამოსვლისას პანელურ დისკუსიაზე „კონკურენცია და თანამშრომლობა მომავლის უზრუნველსაყოფად“, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის, Raisina Dialogue-ის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა. აბრეშუმის გზის დროიდან მოყოლებული, ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ კავშირის უზრუნველყოფაში.
„საქართველო, შესაძლოა, ძალიან პატარა ქვეყანაა გეოპოლიტიკური პროცესების განსაზღვრისთვის, მაგრამ ის მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობებით ეფექტიანად სარგებლობისთვის კი საკმარისი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს უწევს დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ასევე ის შესაძლებლობები, რომლებსაც მისი სტრატეგიული მდებარეობა გვთავაზობს. საუკუნეების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა. აბრეშუმის გზის დროიდან მოყოლებული, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, საქართველომ კვლავ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა აღედგინა და გაეძლიერებინა ეს ისტორიული როლი თანამედროვე მსოფლიოში”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„ათწლეულების შემდეგ ეს პროექტები კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას, რადგან აქვს უზარმაზარი პოტენციალი საერთო ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ეს პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება დაკავშირებადობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად.
„დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს აქტიურ მუშაობას და ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროკავშირს, ევროპას. ჩვენ თავს მოვიაზრებთ ევროპის ნაწილად და ამიტომ ევროპის უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ გვეხება. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არსებობს აღმოსავლეთის მიმართულებით და რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ ევროპის რეგიონს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიაზე შუა დერეფნის შესაძლებლობებზე ისაუბრა და მისი განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტად დაასახელა.
„შუა დერეფანი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვიხსნის და მისი განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ეს პროექტები სთავაზობს საქართველოს. შავი ზღვა-კასპიის ზღვის ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობა, უამრავი პროექტი რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ან უკვე ხორციელდება საქართველოს ჩართულობით, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს პატარა რეგიონს“, - განაცხადა მან.
თავის გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, რაც ქმნის უსაფრთხოების გამოწვევებს, ამ გამოწვევებზე პასუხი კი ეკონომიკური განვითარება და სწორი რეფორმებია.
„განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორები: მშვიდობა და უსაფრთხოება. მე ვსაუბრობ პატარა, მაგრამ ძალიან დინამიკურ რეგიონზე - სამხრეთ კავკასიაზე. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა თავისი მეზობლების - სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას და ჩვენ გვიხარია, რომ მათ იპოვეს გზა მშვიდობისკენ და განაცხადეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. თუმცა, საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს. ჩემთვის, როგორც ქართველი დიპლომატისთვის, დიდი ხნის განმავლობაში რთულ ამოცანად რჩებოდა ამეხსნა ერთი მხრივ, რუსული ოკუპაციის საფრთხეები, ხოლო მეორე მხრივ, არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები. ეს რჩება რთულ ამოცანად, რადგან ოკუპაცია გრძელდება და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ რჩება. თუმცა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, სწორი რეფორმები. გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის კეთების, ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ სწორედ ასე ვუპირისპირდებით ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ: სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჰასან ელ ხატიბი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანი ვიკრამ მისრი, Infosys-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნანდან ნილეკანი და DP World -ის აღმასრულებელი და მმართველი დირექტორი რიზვან სუმარი. დისკუსიის მოდერატორი იყო Observer Research foundation-ის პრეზიდენტი სამირ სარანი.
Raisina Dialogue ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation (ORF)-ის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქ ნიუ-დელიში. Raisina Dialogue ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტოფერ ლუქსონთან ერთად გახსნა. პანელურ დისკუსიას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და წამყვანი პოლიტიკური ფიგურა ესწრებოდა.
1742362069
ახალი ამბებინიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა - დოკუმენტი FARA-ზე გამოქვეყნდა
FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strateg...
1742360922
მსოფლიო„არ დავუშვებთ, ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრა. ზელენსკი ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ცნობილია თუ არა მისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსად...
1742330863
მსოფლიოზელენსკი ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარზე: იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან გვექნება საუბარი და დეტალებს გავიგებთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჯერ არ ჰქონია კომუნიკაცია დონალდ ტრამპთან მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სატელეფონო საუბარი გამართა კრემლის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან. ი...
1742330174
საზოგადოებადონალდ ტრამპი - პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო, განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, იმედია, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ
დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ლიდერები...
1742329400
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, გამხდარიყო მიმზიდველი ქვეყანა მნიშვნელოვანი როლით რეგიონში
მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა საქართველომ შეძლო, რომ იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი...