საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები ბონუსით დაამარცხა

რაგბი ევროპის მეორე ტურში ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით გამართულ პირველ საშინაო მატჩში ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს 5 ლელო გაუტანეს და ბონუსით, 31:10 დაამარცხეს.

საქართველომ გასულ კვირაში გერმანიასთან 28:17 მოგების შემდეგ, ხარისხობრივად უკეთესი რაგბი ითამაშა, თუმცა ის სასურველისგან მაინც შორს იყო, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს.

კოკერილი სულ მეორე კვირაა გუნდს ავარჯიშებს. მსოფლიო თასის შემდეგ შემადგენლობაში მრავლადაა ცვლილებები და ბორჯღალოსნებს აშკარად აკლიათ შეთამაშება. ამასთან, ნიდერლანდებს აშკარად მომატებული აქვს, რაც პირველ ტურში ესპანეთთანაც (18:20) გამოჩნდა და შედეგად, მეტოქეს ისტორიაში ყველაზე მცირე სხვაობით ვძლიეთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გამარჯვება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დამდგარა.

პირველ ტაიმში მასპინძლებს თამაშის დალაგება გაუჭირდათ, რაც ჩვენს შეცდომებთან ერთად, მეტოქის ორგანიზებული დაცვის დამსახურებაც იყო. ნიდერლანდები სწრაფად აწყობდა ხაზს და ცდილობდა ქართველი მორაგბეები წნეხში მოექცია, რასაც დებიუტში ჯარიმები მოყვა და დავიდ ვირსმა მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა.

ბორჯღალოსნებს ფაზების აკინძვა და უპირატესობის შექმნა უჭირდათ, თუმცა 23-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო მაინც გავიდა. 5-მეტრიან წყვეტილთან მოგებულ დერეფანს მოლი მოყვა და მეტოქის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ის მიხეილ ბაბუნაშვილის ლელოთი დასრულდა. ეს მისი პირველი ლელო იყო ბორჯღალოსნების კვართით.

ნელ-ნელა საქართველო ინიციატივას დაეუფლა, სტუმრები საკუთარ 22-ს მიაჯაჭვა და 31-ე წუთზე მეორე ლელოც გავიდა. ნიდერლანდებმა ლელოში ბურთის ჩახურვის შემდეგ თამაში თავისუფალი დარტყმით განაახლა, ბურთი სწრაფად ჩავათამაშეთ მარჯვენა ფრთაზე, მერაბ შარიქაძის პასის შემდეგ აკა ტაბუცაძე მცველთან ერთი-ერთზე დარჩა, მას სისწრაფეში გვერდი აუარა და 31-ე სანაკრებო ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ ორივე გარდასახა და ტაიმი 14:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის პირვესავე წუთზე თორნიკე ჯალაღონიამ კარის წინ გაჭრა ხაზი, ბოლო მცველი აიყვანა და ძელებსშუა გიორგი კვესელაძე შეუშვა. ხაზი კიდევ უფრო გააქტიურდა და პირველ ჯერზე სანდრო თოდუას შეტევას ლელო არ მოყვა, 57-ე წუთზე კი კვესელაძემ უპირატესობა გაზარდა. შეტევა თოდუამ მარცხენა ფრთაზე წამოიწყო, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, ტაბუცაძე 5-მეტრიანთან შეაჩერეს, თუმცა რაქთან კვესელაძე გაჩნდა, სწრაფად შეუტია და ლელო გაიტანა.

64-ე წუთზე საქართველომ დერეფნიდან მოლით შეუტია და ილია სპანდერაშვილმა გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა, რითაც ბორჯღალოსნებს ბონუსიც დაუბევა. დასკვნით 10 წუთში სტუმრებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და მსაჯმა ჯერ გიორგი ჯავახია, მერე დემე თაფლაძე გაასინბინა. ნიდერლანდებმა ამით ისარგებლა, ბოლო წუთზე მოლი დააყენა და რუმინელმა რეფერიმ ალექსანდრუ იონესკუმ მისი ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაგვსაჯა – 31:10.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კვესელაძე გახდა. ნიდერლანდებთან შეცვლაზე შევიდა და თავისი პირველი კეპი მოიხვეჭა მეორეხაზელმა გურამ ღანიაშვილმა (302-ე ბორჯღალოსანი). 101-ე შეხვედრა ჩაატარა და ნამატჩევს გულშემატკივრისგან სპეციალური მუზარადი გადაეცა კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელიც მე-7 ქართველი ცენტურიონია.

"100 თამაში ნაკრებში სიმბოლური რიცხვია და ცენტურიონობას სასიხარულო ემოციები ახლავს. ყველაზე მეტად ის სიყვარული მახარებს, რასაც თანაგუნდელებისა და გულშემატკივრებისგან ვგრძნობ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“ – განაცხადა ნამატჩევს შარიქაძემ.

შედეგით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი:

„საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შევეცადეთ ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციები მოედანზე გადაგვეტანა. ტრიბუნაზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო და ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს“.

 

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

 ეტაპი. ა ჯგუფი. მეორე ტური

10 თებერვალი. თბილისი. ავჭალა. 4 ათასი მაყურებელი

საქართველო – ნიდერლანდები 31:10 (14:3)

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

5 ლელო: ბაბუნაშვილი, ტაბუცაძე, კვესელაძე (2), სპანდერაშვილი

3 გარდასახვა: მატკავა

 

წყარო: www.rugby.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795284610

სპორტი

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.  2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსი...

ალექსანდრე თოფურია

1795283354

საზოგადოება

გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ

7 ნოემბერს ნიკა გვარამია პროკურორი რომ იყო და მას რომ არ მოეწონა „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ადგნენ და შემოვარდნენ სპეცრაზმით „იმედის“ ტელევიზიაში და ქვა-ქვაზე არ დატოვეს ამ შენობაში, - განაცხადა გა...

არჩილ გორდულაძე

1795281903

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა

ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გ...

ლაშა გეგეჭკორი

1795280910

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია, უკლებლივ ყველა 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, მაგრა...

არჩილ გორდულაძე

1795280410

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს

განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუ...

თორნიკე ჭეიშვილი