“ყველაზე დიდი სიხარულით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეპორტაჟს მოვამზადებდი” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებს აშუქებენ ExclusiveTV-ზე და მედიამაუწყებლის იტალიის ბიუროს ყოველკვირეულ საინფორმაციო გადაცემაში „იტალიის დრო“, რომელიც ყოველ შაბათს, საღამოს 21:00 საათზე გადის ონლაინ?!

ესენი არიან მედიამაუწყებელ ExclusiveTV-ის გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი ხათუნა შარაძე (პულია); იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ნინა მამუკაძე (ტოსკანა); ჟურნალისტები: მაკა ხაჩოშვილი (კამპანია), დოდო ბრატულიჩი (ლაციო), ნონა გედენიძე (ემილია-რომანია), ანუკა ღონღაძე (ლომბარდია), ნანა კაკოჩაშვილი (პულია), ქეთა სორდინი ჯაფარიძე (ტოსკანა).

გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები უფრო ახლოს გაგაცნოთ. ამისთვის პატარა „ექსპერიმენტი“ ჩავატარეთ... იტალიის ბიუროს ყველა ჟურნალისტმა დასვა სამი შეკითხვა, შემდეგ ეს შეკითხვები შეიკრიბა და თითოეულმა ჟურნალისტმა აღნიშნულ შეკითვებს პასუხი გასცა. მივიღეთ რვა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ერთმანეთზე საინტერესო ინტერვიუ, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამჯერად, მედიამაუწყებლის ემილია-რომანიას წარმომადგენელს, ნონა გედენიძეს გაგაცნობთ.

ნონა გედენიძე: ყოველთვის მე მიწევდა და მიწევს კითხვების სხვებისთვის დასმა, დღეს კი პირიქით, მე ვუპასუხებ ჩემი კოლეგების მიერ მომზადებულ შეკითხვებს. ნონა გედენიძე, 33 წლის, ჟურნალისტი. დავიბადე და გავიზარდე წყალტუბოში, უმაღლესი განათლება თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის სპეციალობით მივიღე. სტუდენტობიდან ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, სხვაგან ჩემი თავი არც წარმომედგინა. ჩემი ხასიათი, შინაგანი ბუნება და მისწრაფებები ყველაზე მეტად ამ პროფესიას ესადაგება. ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, ყოველთვის შემიძლია მათი მოსმენა და პრობლემების გადაჭრაში მათ გვერდით ყოფნა, მაგიტომაც ავირჩიე ჟურნალისტობა. 2014 წელს, როდესაც იტალიაში დიდი ხნით საცხოვრებლად წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, რთული იყო ჩემთვის საყვარელი ადამიანებისგან შორს ვყოფილიყავი და ასევე დავშორებოდი ჩემს პროფესიას. ისე განვითარდა მოვლენები, რომ წერა არასდროს შემიწყვეტია, არც იტალიაში ცხოვრების და მუშაობის დროს, რადგან ეს ერთადერთი პროფესიაა რომელშიც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. წლების განმავლობაში ბევრი სამსახური გამოვიცვალე, ამჟამად, ჩრდილოეთ იტალიაში ერთ-ერთ საკონდიტროში კონდიტერად ვმუშაობ, პარალელურად ვარ ,,ექსკლუზივტივის" იტალიის ბიუროს ჟურნალისტი. გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც ყველა ჩემი საქმის მთავარი შემფასებელი და დიდი გულშემატკივარია. მიყვარს მოგზაურობა, ახალი ქვეყნების და ადამიანების გაცნობა.

- რა შეცვალა და რა ვერ/არ შეცვალა შენში ემიგრაციამ?

- ემიგრაციამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ რწმენა და ნდობა მასწავლა, რაც ძალიან მაძლიერებს. ასევე, ვფიქრობ, რომ მეტად დავაფასე ლიბერალური ღირებულებები.

- თავიდან რომ გიწევდეს არჩევანის გაკეთება, მიგრაციისთვის აირჩევდით ისევ იტალიას?

- კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ ბევრად ადრე გადავდგამდი ამ ნაბიჯს, ვიდრე ეს გავაკეთე.

- დაგეხმარათ თუ არა ჩვენი ერთობლივი საქმის კეთება და ჟურნალისტის სტატუსი კიდევ უფრო თავდაჯერებულობაში და თუ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- თავდაჯერებულობის მხრივ, ამას ზეგავლენა არ მოუხდენია, თუმცა, ჩემთვის საყვარელ საქმეს რომ დავუბრუნდი, ეს ძალიან მსიამოვნებს. ამ გუნდში შემოერთებით, მომეცა შესაძლებლობა, გამეცნო არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ადამიანები ჩემი კოლეგების სახით. უდიდესი პასუხისმგებლობაა ჟურნალისტობა, განცდები და მღელვარება ყოველი ჩემი მომზადებული მასალის შემდეგ მაქვს და ეს მუდმივად ასეა.

- არის რაიმე განსაკუთრებული თემა, რის გაშუქებაზეც გიფიქრია და როგორ გააშუქებდი?

 - ჩემთვის, ისევე, როგორც მთლიანად ქართველი ერისთვის, უდიდესი სიხარულის მომტანი იქნება დღე, როდესაც ჩვენი სამშობლო ევროპულ ოჯახში თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს და დაბრუნდება შინ, ევროპაში. რეპორტაჟს კი ამ მნიშვნელოვან ამბავზე მოვამზადებდი, მოვყვებოდი საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ეტაპებზე. აუცილებლად ვისაუბრებდი იმ ადამიანებზე, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გზაზე და მათზეც, ვინც ქვეყნის წინსვლას შეგნებულად ხელს უშლიდა.

- როგორც ემიგრაციაში მცხოვრები ჟურნალისტი, რომელსაც აინტერესებს რა ხდება საქართველოში, რომელ მედიას შეძლება ვენდოთ?

- საქართველოში ზოგადად მედია პოლარიზებულია, თუმცა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველგანაა. ტელევიზიების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ინტერნეტ გამოცემებიდან კი გამოვარჩევდი; ,,ექსკლუზივტივი", ,,რადიო თავისუფლება", ,,ნეტგაზეთი" ,,On.ge".

- უცხო მიწაზე თუ ახერხებ, აკეთო ქართული საქმე, ან გსურს რომ აკეთოთ (ჩვენი ერთობლივი საქმის გარდა)?

- ჩვენს საქმიანობას თუ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით სხვა ქართულ საქმეს არ ვაკეთებ. სამომავლოდ მაქვს ამ მიმართულებით იდეები, გეგმები და ვნახოთ.

- როგორ რეაგირებთ და პასუხობთ ინტერნეტში ტროლებს, ბოტებს?

- გაგიკვირდებათ და ახლა საერთოდ არ მაქვს არანაირი რეაქცია, რასაც წლების წინ ვერ ვიტყოდი. არც ვპასუხობ. ყველას აზრს აქვს არსებობის უფლება.

- რა არის ქალისთვის სრულყოფილი ბედნიერება?

 - ჩემი აზრით, ძალიან ინდივიდუალურია ბედნიერება ყველასთვის. ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება ნიშნავს, იყო რეალიზებული ქალი როგორც საზოგადოებაში, პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ სადაც სიყვარული, ნდობა და ერთმანეთის პატივისცემაა იქ ბედნიერებაც სამუდამოდ ისადგურებს.

- რით ჰგვანან, ან განსხვავდებიან ქართველი და იტალიელი მამაკაცები ერთმანეთისგან?

 - იტალიელი მამაკაცები უფრო დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან. დამოუკიდებლად ცხოვრებას იტალიაში მამაკაცების დიდი ნაწილი სრულწლოვანების მიღწევისთანავე იწყებს და ეჩვევა, რასაც ქართველ მამაკაცებზე ვერ ვიტყოდი. სწავლის პარალელურად არანაირ საქმეს არ თაკილობენ და ყველაზე დაბალი საფეხურიდან იწყებენ სხვადასხვა უნარების გამომუშავებას, ამასთანავე ფინანსურადაც დამოუკიდებლები ხდებიან. რა თქმა უნდა, ქართველებშიც არიან თავისუფალი მამაკაცები, განსაკუთრებით ახალ თაობაში. ვერ ვიტყვი რომ იტალიელი მამაკაცი ქალის მიმართ უფრო ხელგაშლილია, ვიდრე ქართველი, თუმცა ყველაფერი მაინც შედარებითია.

- რა გაღიზიანებს ადამიანებში?

- ტყუილი, პირფერობა. ცბიერი არ უნდა იყოს, ამპარტავანი და ბოროტი.

 - პიროვნების ყოვლისმომცველი და შინაგანი ჰარმონიის, ერთ-ერთი ფუნდამენტური გზავნილი რა არის?

- სიმშვიდე. პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იპოვო სიმშვიდე და ჰარმონია. ასევე სიკეთე. აკეთო ბევრი კეთილი საქმე და გიყვარდეს, გიყვარდეს! თუ დახმარება არ შეგიძლია, არ ავნო მაინც!

- ერთი ყველაზე საინტერესო და კურიოზული დღე იტალიაში...

- რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი ჩემს ქალაქს, რეჯიო-ემილიას. მეგობრებმა სავაჭრო ცენტრში ფეხით წასვლა გადავწყვიტეთ. ქალაქის ცენტრიდან მანძილი რეალურად არც ისე შორსაა, მაგრამ ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს გზა შეეშალა, 4 კილომეტრი ხომ ფეხით ვიარეთ და ბოლოს აღმოვჩნდით ავტობანზე, საერთოდ გავცდით ქალაქს. აი, მანდ მივხვდით, რომ სადღაც სხვაგან ვართ. გამვლელები, განსაკუთრებით სატვირთო მანქანის მძღოლები გიჟივით იცინოდნენ, აქ ესენი რას აკეთებენო. ბოლოს შევძელით და მოვახერხეთ უკან, ისევ ქალაქის ცენტრში დაბრუნება.

- ერთი რამ, რასაც შეცვლიდი იტალიურ, ქართულ ტრადიციებში.

- არ მომწონს ქართული ქელეხის ტრადიცია. ვფიქრობ, რომ ზოგ რაიონსა თუ სოფელში დატირების სცენა დადგმულია და არ გამოხატავს ნამდვილ ემოციებს. რაც შეეხება იტალიას, ალბათ არაფერს შევცვლიდი.

- რა გეზარებათ და რა არა ყოველდღიურობაში.

- ერთი და იმავე საქმის კეთება ჩემთვის მოსაბეზრებელია, ამიტომ ვცდილობ ყოველდღიურობაში მრავალფეროვნება შევიტანო. სხვა შემთხვევაში ყოველდღიური რუტინა ძალიან დამღლელია, მაგრამ მაინც არასდროს მეზარება წერა და ლაპარაკი.

- რა გენატრება და გაკლია ქართული, უცებ ყველაზე მეტად რას ისურვებდი?

- ჩემი ბავშვობის სახლში ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ყოფნა ყველაზე მეტად მენატრება და მაკლია. ამ წლების მანძილზე პირველად შევხვდები მამას და ჩემს დისშვილებს, ისე ველოდები ამ მომენტს. ის ყოველდღიური ურთიერთობები მაკლია ჩემს სამეგობროსთან და ახლობლებთან, რაც საქართველოში ცხოვრების დროს დიდ ბედნიერებას მანიჭებდა. კარგი ქართული სუფრა და გემოვნებიანი ქართული მუსიკის მოსმენა მენატრება. ვისურვებდი მალე ოჯახთან და საყვარელ ხალხთან ერთად მათ გარეშე გატარებული წლები ცოტათი მაინც ავინაზღაურო. საქართველო ძალიან მენატრება, ძალიან მაინტერესებს როგორი დამხვდება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი