მეუფე შიო: ჩვენს ხალხშიც ვხედავთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო, ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ

„ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით. ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა...“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება განრღვეულის კვირა, რადგან წირვის დროს იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.

იერუსალიმში ე.წ. „ცხვრის კარიბჭესთან“ იყო აუზი, რომელშიც დროდადრო ჩამოდიოდა ანგელოზი, წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა ამ წყალში, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო დაავადებული, იკურნებოდა. ამიტომ იქ იყო ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები; მათ შორის იყო ერთი განრღვეული კაცი, რომელიც 38 წელი ავად იყო., მაგრამ ვერ ახერხებდა წყალში ჩასვლას, რადგან არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაეხმარებოდა ამაში. აი, უფალმა იგი დაინახა, შეებრალა და განკურნა თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით.

სახარების ამ ეპიზოდში რამდენიმე მომენტი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. წარმოიდგინეთ, რომ ამდენ ხალხში ერთი ღვთისნიერი კაციც კი არ მოიძებნა, რომელიც გამოიჩენდა ადამიანობას და ადგილს დაუთმობდა, თავისზე წინ გაუშვებდა ამ სნეულს და წყალში ჩასვლაში დაეხმარებოდა. ასეთი რამ თანამედროვე ცხოვრებაშიც ხდება. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს დიდ ქალაქში, მაგრამ სრულიად მარტო გრძნობდეს თავს. ვერ ამჩნევენ მის გაჭირვებას, მწუხარებას, მარტოობას. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს იმიტომ, რომ არავინ არის მისი შემწე.

აი, ამაზე, ასეთ ადამიანებზე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს, ვინც არ ზრუნავს სიკეთეზე, ღვთის მცნებების შესრულებაზე, რომ ხშირად წმინდა წერილი მათ ადამიანებადაც კი არ იხსენიებს. მაგალითად, ნახეთ, რას ამბობს ისაია წინასწარმეტყველი შუაგულ იერუსალიმში: „მოვედი და არ იყო კაცი, ვიძახდი და არავინ იყო ხმის გამცემი“, იმიტომ კი არა, რომ ხალხი მართლა არ იყო იქ (იქაურობა სავსე იყო ხალხით, ეს მთავარი ქალაქი იყო), არამედ იმიტომ, რომ იქ მყოფნი არაფრით ჯობდნენ არმყოფებს, რადგან, როგორც ამბობს ისევ იოანე ოქროპირი, ადამიანს წმინდა წერილი უწოდებს და საერთოდ ადამიანად შეიძლება იწოდოს არა ის, ვინც გარეგნულად არის ასეთი, არამედ ის, ვინც ერიდება ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს არაწმინდა ვნებებს, იღვწის სათნოებებისთვის და ასრულებს უფლის მცნებებს.

აი, ეს ადამიანი იესო ქრისტემ შეამჩნია და დაეხმარა მას. ამ განრღვეულმაც დაინახა უფალი, უპასუხა მის ხმას და განიკურნა. ასე რომ, ყველას, ვინც არის მწუხარებაში, განსაცდელში, თავს გრძნობს მარტო, უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ხედავს მათ, ახლოს არის და დახმარების ხელს უწვდის, მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში.

ამ სახარებიდან ასევე ვხედავთ, რომ სნეულება დაკავშირებულია ცოდვასთან და განკურნება დამოკიდებულია გამოსწორებაზე, დაკავშირებულია შენდობასთან. ეს საიდან ჩანს? - უფალი იესო ქრისტე როცა ამ კაცს განკურნავს, ეტყვის ასეთ სიტყვებს: „აი, შენ განიკურნე, ამიერიდან ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი რამ არ დაგემართოს“ (ინ. 5,14).

მართლაც, ფიზიკური სნეულებები, როგორც ვთქვით, დაკავშირებულია ცოდვებთან, მათგან განკურნება კი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ექიმებსა და წამლებზე, არამედ სინანულსა და გამოსწორებაზე.

მაგრამ ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით.

ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ - აცხადებს მეუფე შიო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746986084

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი „MEGOBARI აქტზე“: ჯო უილსონი ერთი ერთში იმ მესიჯბოქსს ატარებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ - რასაც დილით დაწერს თინა ბოკუჩავა, საღამოს იმას დაწერს, ერთი ერთში გადათარგმნილს ბატონი ჯო უილსონი

ოპოზიციონერები ქუჩაში არიან დარჩენილები, არანაირი პლატფორმა არ გააჩნიათ სალაპარაკო და რაღაც საკენკებს უყრიან ხოლმე, ხან ბატონი ჯო უილსონი, ხან რომელიღაც ევრო ბიუროკრატი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის...

ლევან მაჭავარიანი

1746982538

ახალი ამბები

კირცხალია ეკონომიკური კოლაფსის შექმნის მცდელობებზე: როდესაც მიზანმიმართულად ამას აკეთებ, ეს არაფერია, თუ არა ქვეყნის ღალატი

„ამხელა თანამდებობის პირები: ბანკის მმართველები, ყოფილი პრემიერები, ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, ახალგამოჩეკილი ექსპერტები ქმნიან ამ სურათს და მოლოდინს [ეკონომიკური კოლაფსის]. ეს ხომ პირდაპირ...

ირაკლი კირცხალია

1746981196

მსოფლიო

ტრამპი რუსეთსა და უკრაინას: ახლავე გამართეთ შეხვედრა!

რუსეთის პრეზიდენტს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ამ სისხლის ღვრის შესაძლო დასრულებაზე - უკრაინა დაუყოვ...

დონალდ ტრამპი

1746978022

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და...

საბერძნეთში ქალის სექსუალური შევიწროებისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს

1746976329

სპორტი

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრებო დღეს საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. +100 კგ წონით კატეგორიაში ინანეიშვილმა ჯერ ფრანგ ტიემან დიაბის აჯობა, შემდეგ ყაზახ იერასილ კაჟაბაიევთან წააგო, მ...

საბა ინანეიშვილ