შალვა პაპუაშვილი: 31 მარტს ქართველმა ხალხმა ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას, ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას

„31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას, ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია, საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად მის განმტკიცებას ცდილობს“.
„1991 წლის 31 მარტს საერთო-სახალხო რეფერენდუმზე დასმულ ერთადერთ კითხვას, „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობამ უპასუხა - დიახ! ამ ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან ცხრა დღეში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეცაა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ჰქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჰქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განეგო. დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია, საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად მის განმტკიცებას ცდილობს. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასოდეს დასრულდება. საქართველოს ყველა თაობის პრივილეგია არის და უნდა იყოს საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა, მისი დაცვა და სიძლიერე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, კარგად უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, რა არჩევანს ვაკეთებთ, ვისი მემკვიდრეები ვართ და სად ვდგავართ.
31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას, ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი, განვლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა. სწორედ ამიტომ, დღეს არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის, ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი. არავის აქვს უფლება, გაცვალოს ჩვენი დამოუკიდებლობა ახალ მონობაზე, ახალ ვასალობაზე, უცხო ქვეყნის გავლენასა და მათ ინტერესებზე, რაოდენ თვალისმომჭრელად არ უნდა ეჩვენებოდეთ რომელიმე უცხოტომელზე დაქვემდებარება.
„ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს!“ ძალაუფლების წყარო არის ხალხი! ხალხმა თქვა და გამოავლინა თავის ნება. გამოავლინა 1991 წლის 31 მარტს და გამოავლინა 2024 წლის 26 ოქტომბერსაც, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა ამ არჩევნებს რეფერენდუმის შინაარსი შესძინეს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს! ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ საბჭოთა იმპერიაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს მენტალობას. ამის შედეგია, რომ სხვისი დროშების მოფრიალე ადამიანები კვლავ ეძებენ მფარველს, ახალ ბატონს, ახალ ჰეგემონს, მამას და ქოლგას, რომელიც შეიფარებს, უპატრონებს, რისკებისგან დააზღვევს, აჭმევს და გაათბობს. მონობის ამ სურვილის მიღმა იმალება უმწიფრობა და ინფანტილიზმი. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ უნდა გავიზარდოთ. და ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ყველანი, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება, ერთად გადავწყვეტთ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვე-ბედი, ვინ გავიხადოთ მტრად და მოყვარედ და „რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ“. ეს დღე ჩვენია, ყველა მოქალაქის, ვინც თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ირჩევს, ვინც მტკიცედ ვთქვით, რომ გვინდა, ვმართოთ და არა გვმართონ!“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1752610916
საზოგადოება„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სა...
1752610151
საზოგადოებალევან მახაშვილი: ალეკო ელისაშვილი არის სახე რადიკალიზმის, ძალადობის და პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის
„მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება თუ მას წარმოადგენენ თბილისის მერის არჩევნებზე იმიტომ, რომ ჩვენთვის გაცილებით მარტივი იქნება არჩევნებში მონაწილეობა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმ...
1752607464
მსოფლიოჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ა...
1752604724
სპორტიმსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში კვარაცხელია TOP10-ში რჩება
სპორტულმა პორტალმა Goal-მა განაახლა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ სიაში კვლავინდებურად პირველ ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე,...
1752602733
მსოფლიოტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს: არავის მხარეს ვარ - კაცობრიობის მხარეს ვარ, მინდა, რომ მკვლელობა შეწყდეს
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის არავის მხარეს არ არის. „მე არავის მხარეს ვარ. მე კაცობრიობის მხარეს ვარ. მე მინდა, რომ მკვლელობ...