მოხუცი, რომელსაც თავშესაფარში აბარებდნენ შვილებს იცავდა - „ჩემს შვილებს უჭირთ, რა ქნან, მოხუცს ბევრი სჭირდებაო“

ამ გზაზე მეორედ მოვდივარ სამსახურებრივი ვიზიტით. ეს კი ის სახლია, რომლის ერთმა ოთახმა რამდენიმე წლის წინ ის სიკვდილმისჯილთა საკანი გამახსენა, სადაც ფრანგი მწერალი ფრანსუა ვიიონი იჯდა...

ამბის დასაწყისი, ერთი შეხედვით, დრამატულს არ ჰგავდა: ჩემს სამუშაო ოთახში ქალი შემოვიდა, გამეცნო და მითხრა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა მამამთილის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის საქმეში. მე და ჩემი ქმარი ვმუშაობთ, მიხედვა სჭირდება, სხვა შვილებს თუ არ უნდათ, ჩვენ რა დავაშავეთო...
ხანმოკლე დიალოგით რაღაც საკითხები გავარკვიე... მოხუცს უნდა გავსაუბრებოდი. სხვას არაფერს ვგეგმავდი და, ბარემ, პანსიონატისთვის გამწესებულ ხანდაზმულთან შესახვედრად, ქალთან ერთად წასვლა გადავწყვიტე.

ჭიშკარი, ეზო, სახლი, ყველაფერი განსხვავდებოდა ირგვლივ დანარჩენი ჭიშკრების, ეზოების და სახლებისაგან რაღაცნაირი გრანდიოზულობით, ყველაფერს ფუფუნების ელფერი დასდევდა... ეზოში სხვადასხვა ხის ხილისაგან დამძიმებულ ტოტებს თავები დაეხარათ, მომეჩვენა, რომ ბოდიშს იხდიდნენ... ქალის ქმარი სახლის წინ დაგვხვდა - უნდა დაგვეხმაროთ! - ბრძანებითი წინადადების ბოლოს დიდი ძახილის ნიშანი თითქოს კიდეც გავიგონე და კიდეც დავინახე...

ვერ დავთვალე, რამდენი ოთახი გავიარეთ. მათგან ერთი სასურსათო მაღაზიის საწყობს მივამსგავსე - სხვაგან არსად წარმომედგინა ამდენი პროდუქტი, ერთად თავმოყრილი...
ლამაზ ჩუქურთმებიანი აივნის ბოლოს ოთახში შემიძღვა ქალი. ოთახი კუშტი, ცივი იყო, ხის საწოლით, ხისავე მაგიდით და სკამით, ხის ძველებური განჯინით. კედელზე რომელიღაც გარეული ცხოველის გაფშიკინებული ტყავი გაეკრათ, ყავისფერი ბეწვით, ოთხივე ტორის ბოლოში შავი ბრჭყალებით... მაგიდასთან კი ძალიან ლამაზი გარეგნობის მოხუცი იჯდა... ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს მყოლია არც ერთი და არც მეორე, მთელი ცხოვრება ძმის და ბაბუის ნატვრაში გავატარე. აი, ზუსტად ასეთი ბაბუა მინდოდა მყოლოდა...

ჩემს მისალმებაზე ღიმილით მიპასუხა, ხოლო კითხვა, - როგორ ბრძანდებით მეთქი - უპასუხოდ დატოვა... მერე მივხვდი - ვერ მეტყოდა, კარგად ვარო და ვერც - ცუდად ვარო,  - იმას...
ქალს ვთხოვე, მარტო დავეტოვებინეთ - ასეთია ინტერვიუს ჩატარების წესი...

- საბუთებს გადახედეთო, მაგიდაზე დადო - პანსიონატში ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები უკვე შეეგროვებინათ...
შოთამ გამაოცა - ჩემს მიერ დასმულ ყველა, ვფიქრობ - საჭირო კითხვაზე დინჯი და გონივრული პასუხებით, სიდარბაისლე რომ დაჰკრავდა... ოთხმოცდაშვიდის ვარო, ბოლო სამი თვეა, გადაადგილება მიჭირსო, მუხლებში ძალა გამომელიაო, მშენებელი ვიყავი, ოცდაათი წელი სახლებს ვაშენებდი, სულ მცირე, ორმოცამდე სახლი ამიშენებიაო, ეს და კიდევ დანარჩენი ოთხი შვილის სახლი თითქმის მარტო, ამ ხელებით ავაშენეო, ერთხელ უმცროსი შვილი ცუდად რომ გაგვიხდა, ზურგზე შემოვისვი და დიდ თოვლში თორმეტი კილომეტრი ფეხით გავიარე, სანამ ექიმთან ჩავიყვანეო... ამ ეზოში ყველა ხე ჩემი დარგულიაო... ნადირობა მიყვარდა, ხშირად სუფრაზე თამადა ვიყავი, მეზობლები პატივს მცემდნენ, ჭკუას და აზრს მეკითხებოდნენო... ყველაფერი ჩაატია სათქმელში...
განჯინაში, ჩემდა გასაოცრად, რკინის ჯამი, რამდენიმე რკინისავე თეფში და ფინჯანი შევნიშნე...ააა, ალბათ სხვა პრობლემაა - მიზეზს ვეძებდი, ისეთს, რაც მოხუცის იქ გაგზავნას გაამართლებდა. რკინის ჭურჭლის დანახვაზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გამახსენდა მილოშ ფორმანის ფილმიდან "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"... შოთას სიმშვიდის იმედად ვერ ვიქნებოდი და პათოლოგიური გულდასმით დავუწყე დათვალიერება მაგიდაზე დადებულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"ფსიქიკურად ჯანმრთელი" - გარკვევით იკითხებოდა ექიმის ჩანაწერი!
რა არის აბა, რატომ არ შეიძლება ამ კაცმა სიცოცხლის ბოლო წლები საკუთარ სახლში გაატაროს...
თითქოს მიხვდა - მთავარი კითხვის დასმას ვერ ვახერხებდი და თვითონ განაგრძო - იქ წასვლას რაც შეეხება, იქნებ სადმე ახლოს გამიშვათ, შვილო, ხანდახან შაბათს რომელიმე შვილიშვილი ამომიყვანს და სახლს არ მომანატრებსო... ჩემს შვილებს უჭირთ, რა ქნან, მოხუცს ბევრი სჭირდებაო... ახლა მე მელეოდა მუხლებში ძალა - მოხუცი კაცი ჩემთან თავის ხუთ შვილს იცავდა... აღარ შემეძლო...
ქალს სულმოკლეობამ სძლია და შემოვიდა... ჩვენც დავასრულეთ მეთქი...

-ახლა პენსიის საქმე როგორ იქნება, ხომ ისევ ჩვენ ავიღებთო - შოთა არავის უნდოდა, პენსია-კი!
ერთი კულმინაციური ეპიზოდი წინ მელოდა! პენსიის ხსენებიდან პანსიონატის დაფინანსების წესზე გადავედი. გაირკვა, რომ ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსება არ ეკუთვნოდათ და ყოველ თვეში ექვსას ლარამდე უნდა გადაეხადათ... შოთას თვალებში შიშნარევი სიხარული დავინახე, ქალი კი ვეღარც თავს აკონტროლებდა და ვეღარც-ხმას: ექვსას ლარს თუ გადამიხდით, შოთასნაირს ხუთს მოვუვლიო! რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს რა კანონები გქონიათო. მე, პრემიერი და კანონმდებლები გვერდიგვერდ აღმოვჩნდით გაბრაზებული ქალის ხახაში...
ხუთი შოთასნაირი სად არის!

ერთხელ, სამსახურში, დიდი რუსი პოეტის, კონსტანტინე სიმონოვისთვის საბჭოური ნომენკლატურის რომელიღაც უზრდელ წარმომადგენელს უთქვამს - თუ არ გინდა, წადი, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო... სიმონოვს მიუგია, მართალი ბრძანდებით, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ არც ისეთი ადამიანები არსებობენ, რომელთა შეცვლა შეიძლებოდესო... ასე ვართ ადამიანები - ხის ფოთლებივით, ყველა განუმეორებელი და ერთადერთი...

არ იცოდა ქალმა, შოთაც ერთადერთი იყო, შრომისგან დაკოჟრილი ხელებით, ორმოცამდე აშენებული სახლით, ზურგზე შემოსმული შვილით, დიდ თოვლში, ფეხით გავლილი თორმეტი კილომეტრით და ერთგვარი რაინდული წარსულით, სადაც შრომასთან ლამაზად მონაცვლეობდნენ ნადირობისა და ლხინის ეპიზოდები...
პროფესიული (და ადამიანურიც!) ეთიკის კოდექსი განსჯით მიდგომას გვიკრძალავს - რაც არ უნდა გვემართებოდეს შიგნით... ამიტომაც, როგორც მოვახერხე, თბილად და კეთილი სურვილებით დავემშვიდობე ორივეს. შოთას დიდხანს სიცოცხლე ვუსურვე.
სახლიდან ჭიშკრამდე ახლა მე ვებღაუჭებოდი ხავსს შოთას შვილისა და რძლის სასარგებლოდ, იქნებ ბევრი შვილები და შვილიშვილები ახვევიათ, ყველა ამათ კისერზეა და ვეღარ აუდიან მეთქი. უკვე ჭიშკართან შვილებზე ვკითხე, - უშვილოები ვართო.
ეს მაკლდა კიდევ! ნეტა არ მეკითხა. წამოვედი.

"ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო არს" - ეკლესიასტედან, სხვა რა შეიძლებოდა გამხსენებოდა.
ყველაფერი ჩემსავით დამძიმებული მეჩვენა, ხეები, სახლები, სოფლის ტრაფარეტის ბოძის ძირში მიწოლილი ძაღლი, რომელიც ჩემი დანახვისას არც განძრეულა და მდინარე ჩხერიმელაც მძიმედ მოდიოდა ისიც, ზანტად...
ვინ იცის, რამდენჯერ უთევზავია აქ შოთას.
ღმერთო...
რა იქნებოდა, რომ ერთხელ მის ანკესს ოქროს თევზი ამოჰყოლოდა!
სად და ვინ წერს ამ ცხოვრების კანონებს!
და საერთოდ, მართლა, ვინ გადაუფრინა გუგულის ბუდეს!

ციური ჩუბინიძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ქართველი ძიძის მიერ ქართულად ალაპარაკებული 5 წლის აიდა (ვიდეო)

📌 მენეჯერმა ყავის და კრუასანების თანხა არ გამომართვა - მე შენს ქვეყანაში ვიყავი და საოცარი ხაჭაპური გაქვთო

📌 „ეტყობა ქურდმა რომ ნახა, ამ ქეისში ისეთი ჩხაკუნა რაღაც იდო, რომელსაც ვერ გაყიდდა, იქვე მიაგდო“ - დაუჯერებელი ისტორია

📌 ღამე მშვიდობისა, მგლების ქვეყანავ! - უფალს ებარებოდე, დედამიწის ციცინათელავ! წმინდა გიორგის ებარებოდე! ანგელოზთა ცხრა დასს ებარებოდე!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732294344

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფ...

ზოგადი

1732285710

სპორტი

ერთა ლიგის პლეი-ოფში ეროვნული ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება - ცნობილია შეხვედრის თარიღი

ერთა ლიგის პლეი-ოფში ჩვენი ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი აქვეყნებს:  ერთა ლიგის B/C დივიზიონების პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სტუმრად 20 მარ...

საქართველოს ნაკრები

1732282835

საზოგადოება

კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია -  დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობი...

 ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი

1732281314

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7433 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ააა

1732277140

ახალი ამბები

ჟირაფი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას

ჟირაფების პოპულაცია საგანგაშოდ სწრაფი ტემპებით მცირდება, ამის მიზეზი, ბრაკონიერობა, ურბანიზაცია და გვალვაა, რომელიც მსოფლიო კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  აშშ-ის თევზისა დ...

ჟირაფი