ლელა კაკულია: ნუ გეშინიათ, ქართველებო! თქვენ მარადიული ხალხი ხართ და ვერაფერი მოგერევათ!

ინტერვიუ არქივიდან: გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“,
№42, 2010 წლის თებერვალი

— ქალბატონო ლელა, როგორც იწინასწარმეტყველეთ, „დიდი რუსეთისკენ“ მომზირალ ოპოზიციონერთა რიცხვი მართლაც დღითი დღე იზრდება. ამ ბოლო დროს ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს რუსეთთან კავშირების ძებნა, რომლებიც მანამდე ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ოღონდ ჩვენს ქვეყანას ჩრდილოელ მეზობელთან ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა. რა ხდება, ქალბატონო ლელა, რატომ შეიცვალეს ამ ადამიანებმა შეხედულებები? იმიტომ, რომ თავიანთი ადრინდელი პოზიცია მცდარად მიიჩნიეს და საქმის გამოსწორებას ცდილობენ, თუ მათი ქმედების განმსაზღვრელი მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესებია?

— ამ ადამიანებს არც ადრინდელი პოზიცია მიაჩნიათ მცდარად და არც ახლანდელი. უბრალოდ, აღარ იციან, რას ეცნენ და რა გააკეთონ იმისათვის, რომ პოლიტიკური არენიდან არ გაქრნენ და დავიწყებას არ მიეცნენ.
მაგრამ მათი რეიტინგი უკვე ნულის ტოლია. ქართველმა ხალხმა მათ არ აპატია, რომ თვითონ ნაცემები და თვალებდათხრილები დარჩნენ, ოპოზიციონერთაგან კი ზოგმა ზარზეიმით დახეული სადეპუტატო მანდატი აღადგინა და პარლამენტში შევიდა, ზოგმა პრეზიდენტთან აქტიური შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა, ზოგმაც გარკვეული დივიდენდები მიიღო; რა თქმა უნდა, დაფარულად, მაგრამ ხალხს არაფერი ეპარება, ისინი ყველაფერს ხვდებიან და შესაბამისად რეაგირებენ კიდეც.
ახლა მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პოლიტიკოსებს და ვისაც ჭკუა აქვს, გაიგონოს: ქართველი ხალხი არ გაპატიებთ რუსეთის შემოყვანას საქართველოში!
სხვათა შორის, რუსეთს გამოთვლილი ჰქონდა, რომ ბევრი ოპოზიციონერი გადაიხრებოდა მათ მხარეს და ელოდებოდა ამ მომენტს — ქართული ოპოზიციის სრულ სვლას კრემლისკენ.

 — საიდან ჰქონდათ გამოთვლილი?

— რუსები მიკროსკოპით აკვირდებოდნენ ჩვენში მიმდინარე მოვლენებს. მათ იცოდნენ, რომ დასავლეთი, ამერიკა არ იზიარებდა ჩვენი ოპოზიციის ხედვებს, ყურს არ უგდებდა მათ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსი და დიპლომატი პირისპირ შეხვდა ოპოზიციონერ ლიდერებს. ამიტომ კრემლისთვის გასაგები ხდებოდა, რომ, ადრე თუ გვიან, ზოგიერთები მათთან დაიწყებდნენ ლაპარაკს, პრინციპით, თუ შენ არ მისმენ, იმას დაველაპარაკები, ვინც ყურს დამიგდებსო.
 

— ჰო, მაგრამ მტერს ელაპარაკებიან...

— ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ მოკლედ მოვჭრი: პოლიტიკა ბინძურია და ყველანაირი თამაში მოდის. თანაც ჩვენს ოპოზიციონერებს სხვა გზა არც დარჩენიათ.
მაგრამ უნდა იცოდნენ ამ პოლიტიკურმა ნარჩენებმა, რომ ეს გზა დამღუპველია მათთვის! სხვათა შორის, სწორედ ამიტომ არ ამუხრუჭებს მათ საქართველოს მთავრობა. პირიქით, ხელსაც უწყობს და ლამის თვითმფრინავის ბილეთებიც კი უყიდოს. ამით ორ კურდღელს იჭერენ: ხალხსაც აჩვენებენ მათ რეალურ სახეს და რუსეთსაც აჩერებენ. ამით დრო იწელება, ამასობაში საქართველო იარაღდება და ერთ მშვენიერ დღეს ნატოშიც მოულოდნელად ამოვყოფთ თავს.
ოპოზიციას ჭკუა უნდა ეხმარა და, თუ პოლიტიკურ სარბიელზე მოძრაობა უნდოდათ, მოლაპარაკებები რუსეთთან კი არა, ამერიკასთან და დასავლეთთან უნდა ეწარმოებინათ, ჯიუტად მიწოლოდნენ, ასე ვთქვათ, ეეშმაკათ, რომ რამისთვის მიეღწიათ. მათ კი სამოძრაოდ კრემლისკენ მიმავალი გზა აირჩიეს.
ახლა ხალხი ჩუმად, უხმოდ ადევნებს თვალყურს ოპოზიციას და გულში ფიქრობს, კისრებიც გიტეხიათო, საბოლოოდ კი არ აპატიებს მათ რუსული პოლიტიკის გატარებას.
<...>
 

— და კვლავ რუსული თემა. ალექსანდრე ებრალიძე არ ისვენებს, სულ უფრო აქტიურად ჩნდება არენაზე და ახალ-ახალ პროექტებს სთავაზობს ქართველ ხალხს.

— ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ებრალიძე მარცხისთვის განწირული პროექტია.
 

— ქალბატონო ლელა, ახლა ძალიან აქტუალურია უკრაინის თემა. ქართველი პოლიტიკოსები შიშობენ, თუ უკრაინამ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ რუსული ვექტორი აირჩია, საქართველოს ეს ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნისო. არსებობს კი რაიმე შანსი იმისა, რომ უკრაინამ რუსეთთან ურთიერთობები დაათბოს, ან რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს?

— ეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მოხდეს და არც მოხდება. უკრაინა რუსულ მხარეს არ დაიჭერს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს საბჭოთა კავშირის აღდგენას ნიშნავს და არ დაუშვებენ ამას. ვინც უნდა მოვიდეს პრეზიდენტად უკრაინაში, რუსულ მხარეზე არცერთი არ ითამაშებს.

 — ქალბატონო ლელა, ცოტა ხნის წინ სენატორი მაკკეინი გახლდათ თბილისში. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა უარყოფითად შეაფასა მისი ვიზიტი და თქვა, მაკკეინის ჩამოსვლა საფრთხების შემცველია, ვინაიდან იგი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სააკაშვილს რუსეთთან ახალი ომის დასაწყებად აქეზებსო. ის კი არა, 2008 წლის აგვისტოს ომიც ლამის მაკკეინს აჰკიდეს ტვირთად.

— რა სისულელეა?! მაკკეინში არავითარი საფრთხე არ არის. ეს იგივე ამერიკის მთავრობაა, რომელიც მხარს გვიჭერს და არაფრით არ უთმობს საქართველოს რუსეთს. სირცხვილია, დააბრალო მას, ომისკენ გვიბიძგებსო. რა, მაკკეინმა უნდა გვიკარნახოს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ზოგჯერ იარაღით ბრძოლაცაა საჭირო? ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა ბრძოლამ მოგვიწიოს? მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ პოლიტიკოს-პოლიტოლოგები ანალიზს ვეღარ აკეთებენ, ათას სისულელეს მიედ-მოედებიან და პარალელურად, რუსეთთანაც თამაშობენ. მოკლედ, არც მწვადს წვავენ და არც შამფურს. შადიმანური მომენტები იჩენს თავს. ერთიც ვნახოთ და, რუსეთმა გაიმარჯვოს, თბილი ადგილი ხომ უნდა გვქონდეს შეგულებულიო, ასე აყენებენ საკითხს.
მოკლედ, იმდენი სისულელე აქვთ ერთად ნათქვამი, მოსმენაც არ მინდა. აზრის ნატამალი არ იკითხება მათ სიტყვებში. ძალიან კი უნდათ ზოგიერთებს, მაგრამ ამერიკა რუსეთს საქართველოს არ დაუთმობს და არც ურთიერთობები დათბება მათ შორის. რინგზე მდგარი ორი მოკრივიდან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვიან, ის, რომელსაც აშკარა უპირატესობა აქვს, დათმობს ბრძოლას და ტიტულს? რა თქმა უნდა, არა! ჰოდა, არც ამერიკა დაუთმობს რუსეთს ლიდერობას მსოფლიოში.

 — ქალბატონო ლელა, რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შვიდი რეგიონი ცალკე, ჩრდილოკავკასიურ ფედერალურ ოლქში გაერთიანდა. პოლიტოლოგების შეფასებით, ამ ნაბიჯით მედვედევმა მთელი პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კავკასიაზე პუტინს დააკისრა. რამდენად შეესაბამება ექსპერტთა ეს მოსაზრება რეალობას?

— პუტინს მედვედევმა კი არ დააკისრა ჩრდილოეთ კავკასიაზე პასუხისმგებლობა, ეს არის კიდეც მთლიანად პუტინის გეგმა. ან რომელ ერთ საკითხზე უნდა მოიხსნას რუსეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა?
რუსები დაკავებულები არიან იმით, რომ კავკასია დაშალონ და ეს ნაბიჯი, ჩრდილოკავკასიური ფედერალური ოლქის შექმნა, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. საინტერესო ის არის, რომ კავკასიელთა ფედერაციის შექმნა ძალიან დიდ აღელვებას გამოიწვევს რუსეთის სამხრეთ რეგიონში. რუსეთი ვერ ხვდება, რომ ამ გაერთიანებით ხელს უწყობს ჩრდილოეთ კავკასიის აფეთქებას და მიიღებენ კიდეც იმ ომს, რომელსაც ოც წელზე მეტია, ვწინასწარმეტყველებ: „ჩრდილოეთ კავკასია იწვის!“
 

— ქალბატონო ლელა, რუსი მეცნიერები „მრავალწლიანი კვლევის შედეგად“ მივიდნენ დასკვნამდე, თითქოს ევროპული ცივილიზაცია სწორედ რუსეთში — ვორონეჟის ოლქში, დაბა კოსტენკის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 ათასი წლის წინ ჩაისახა და იქიდან განეფინა ევროპაში...

— გახსოვს ჩემი წინასწარმეტყველება, რუსები შეეცდებიან, ისტორია გადააკეთონ-მეთქი? ჰოდა, ეს ისტორიის გადაკეთებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. მაგრამ ამაოდ დაშვრებიან რუსები. ევროპელებს სულაც არ ხიბლავთ მოსაზრება, რომ ისინი „რუსული წარმოშობისანი“ არიან.
 

— რამზან კადიროვმა ამას წინათ ძალზე თავხედურად განაცხადა, საქართველო და უკრაინა რუსეთის მუდმივი თავის ტკივილია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავანადგუროთ ეს პრობლემაო. ფაქტია, კადიროვი ამ განცხადებას მამობილ პუტინთან შეთანხმების გარეშე ვერ გააკეთებდა. ხომ არ იქმნება ფონი უკრაინასთან ომის დასაწყებად?

— უკრაინასთან რომ რუსეთს ომი ექნება, მე დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე და დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს ასეც მოხდება. ჩემთვის ეს ახალი თემა არ არის. კადიროვმა უბრალოდ გაახმოვანა ის, რაც მოისმინა. მაგრამ არც მან და არც ბევრმა სხვამ არ იცის, რომ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ყოფნა-არყოფნის საკითხი კოსმოსში წყდება და სრულებით არ არის დამოკიდებული მავანთა სურვილებზე.
კადიროვისა და მისნაირების პასუხად კი, ერთი კი არა, რამდენიმე მაკკეინი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და დაიდგას ის რაკეტები, რომლებიც მათ ასეთი განცხადებების გაკეთების სურვილს დაუკარგავს. აი ისე, როგორც პოლონეთში მოხდა. ამ სახელმწიფომ ხელი მოაწერა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის განთავსების ხელშეკრულებას საკუთარ ტერიტორიაზე, იწყებს მის შესრულებას და თან, მედვედევიც მიიწვია, ჩამობრძანდითო. კაჩინსკიმ რუსული პოლიტიკა აირჩია სამოქმედოდ...
 

— უკაცრავად, ვერ მიგიხვდით, რას ნიშნავს „რუსული პოლიტიკა აირჩია?“

— რა მიხვედრა უნდა? რუსეთი შემოესია საქართველოს, ომი გაუმართა, დაბომბა, მიწები ჩამოაჭრა და ახლა გვეპატიჟება, მოდით, ვიმეგობროთო. პოლონეთის პრეზიდენტიც თითქმის ანალოგიურად იქცევა. რუსეთს დასაოკებლად და, ასე ვთქვათ, ფრთების შესაჭრელად, რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსს უჭიმავს ცხვირწინ და თან მის პრეზიდენტს სამეგობროდ უწვდის ხელს. ძალიან ჭკვიანურია, ვერაფერს იტყვი!

 — ქალბატონო ლელა, თითქოს ბევრი რამ მინდოდა მეკითხა, მაგრამ...

— მაგრამ არ იცი, რა მკითხო, იმიტომ, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა.
ეს შენი ბრალი არ არის. მოვლენები ქვეყნის შიგნით ძალიან მდორედ ვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არაფერი ხდება და რა უნდა იკითხო? დრო გაჩერდა, ჩემო კარგო, დრო გაჩერდა! ესეც არაერთხელ მითქვამს და რა გიკვირს?
 

— თქვენ გინდოდათ რაღაცის დამატება.

— ძალიან მინდა, ერთ პოლიტექსპერტამდე მიიტანოთ ჩემი სიტყვები, რომელსაც თურმე, შეიძლება, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები აღარ დასჭირდეს:
ბატონო, წინასწარმეტყველებები, როგორც ადრე გჭირდებოდათ, ისევ ისე დაგჭირდებათ. ხომ იცით, რომ ისინი რეალურია და ასპროცენტიანი. ოღონდ, ნუ გადააკეთებთ მათ.
თუმცა, მთავარი ისაა, რომ მე თქვენთვის კი არა, საქართველოსთვის და ჩემი გაჭირვებული ხალხისთვის, მსოფლიოსთვის ვწინასწარმეტყველებ.

რახან თქვენ არ იცით, რა დამარქვათ, რა მიწოდოთ, რა ტიტული მომანიჭოთ — პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, ექსპერტი თუ წინასწარმეტყველი, ჩემი საქართველო და ჩემი ხალხი მომანიჭებს იმ წოდებას, რაც რეალურად ვარ — წინასწარმეტყველი!

რაც უნდა თქვათ, შადიმანებო, არც ნერვები მომეშლება და არც წერას შევწყვეტ. სული ხელში კალამმომარჯვებულს ამომხდება და ჩემი ბოლო სიტყვები იქნება:

მიყვარხარ, ჩემო საქართველო!

მიყვარხართ, ჩემო ქართველებო!

მე კიდევ ბევრს ვიწინასწარმეტყველებ ჩემი ხალხისთვის, მომავალი საქართველოსთვის, რათა შორეული საუკუნეების შადიმანებსაც აქედან, 21-ე საუკუნიდან გავცე პასუხი და შევუძახო ჩემს ხალხს:

ნუ გეშინიათ, ქართველებო! თქვენ მარადიული ხალხი ხართ და ვერაფერი მოგერევათ!

P.S. ინტერვიუს ორიგინალში ზემოხსენებული პოლიტექსპერტის ვინაობა დაკონკრეტებულია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი უკვე გარდაცვლილია, რედაქციამ ამჯერად თავი შეიკავა მისი გვარის დასახელებისგან.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749721881

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 14-15 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართვ...

წვიმიანი ამინდი

1749717735

ახალი ამბები

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული ქვეყანა, უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში, ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს და ვირჩევთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზას, მოდით, შევუდგეთ მუშაობას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ორბანი წერს, უნგრეთი და საქართველო უარს ამბობენ, იყვნე...

ვიქტორ ორბანი:

1749715847

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა

დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწი...

ირაკლი კობახიძე:

1749714140

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუ...

ირაკლი კობახიძე

1749713963

ახალი ამბები

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა...

საბავშვო ბაღი