პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხი განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით სამი პირი გამოჰკითხა.
აკადემიკოს ლია მელიქიშვილის განცხადებით, კახა ლომაიას ე.წ. რეფორმის დროს დაიწყო კათედრების ნიველირება და როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე, სხვა სამეცნიერო ინსტიტუტებიდან ბევრი მაღალი დონის მეცნიერი სამსახურებიდან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, ამ „რეფორმის“ შედეგად ინსტიტუტებში მეცნიერული მუშაობა აღარ მიმდინარეობდა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანები ხელფასის აღების დროს, სალაროსთან მისულები იგებდნენ, რომ სამსახურიდან იყვნენ გათავისუფლებული.
ლია მელიქიშვილის შეფასებით, ეს იყო „ირიბი ძალადობის ცინიზმით დამცირება“, რამაც მის კოლეგას, თამარ კეკელიძეს სიცოცხლე მოუსწრაფა. როგორც მან აღნიშნა, ანალოგიური დამოკიდებულების გამო კიდევ ბევრი მეცნიერი გარდაიცვალა.
„თავში რა მიზანი ჰქონდათ, არ ვიცი. ის მიზანი დღეს ჩანს, რადგან მეცნიერება ძალიან ცუდ დღეშია, ანუ შედეგი ეს არის“, - განაცხადა ლია მელიქიშვილმა.
წინა ხელისუფლების დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილი ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტზე შტურმი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. მისი თქმით, ეს იყო ვერაგული გეგმა, კახა ლომაიას მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში გაცხადებული დანაპირები, რომ ნაჯახით ამოძირკვავდნენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს“, რომელიც ბარბაროსულად აღასრულეს.
გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ქართული ენის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა. კერძოდ, გააუქმა: ენის სახელმწიფო პალატა, პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კომისია, პარლამენტში ქართული ენის ქვეკომიტეტი და უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება, დახურა ქართულ ენასთან დაკავშირებული ყველა სატელევიზიო პროგრამა და ჟურნალ-გაზეთები, სკოლებში შეამცირა ქართული ენის საათები, ცოტა მოგვიანებით კი, პირველ კლასში ქართული ენის საათები ინგლისურ ენას გაუყო, ასევე, მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო ენა ქართული აღარ იქნებოდა.
მისივე თქმით, 2005 წელს, როდესაც განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კითხვა დასვა, თუ რატომ იყო ქართული ენის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გიგი თევზაძემ განუცხადა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა ინგლისური ენა უნდა ყოფილიყო.
გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, მაშინ შემუშავებული „უმაღლესი განათლების“ შესახებ კანონპროექტი უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო.
„პროექტის მიხედვით უნივერსიტეტს მოეხსნებოდა სახელმწიფო დახმარება, სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩებოდა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, მას თავისი თავი თავად უნდა ერჩინა. სამეცნიერო სექტორი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, სიტყვა „მეცნიერი“ პროექტში აღარ იყო ნახსენები. შემოღებული იქნებოდა ასაკობრივი ცენზი - 65 წელი“, - აღნიშნა გიორგი გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტზე დარტყმა სამი მიმართულებით მიმდინარეობდა, ესენია: უნივერსიტეტის სტრუქტურა, სამეცნიერო და აკადემიური სექტორის განადგურება.
„ერთი ბრძანებით უნივერსიტეტში გაუქმდა 100-მდე კაბინეტ-ლაბორატორია, რაც მეცნიერებისთვის სერიოზული დარტყმა იყო, 1500 მეცნიერ მუშაკი უმუშევარი დარჩა. ასევე, 22 ფაკულტეტიდან მხოლოდ 6 ფაკულტეტი დატოვეს“, - აღნიშნა გიორგი გოგოლაშვილმა.
კომისიის სხდომაზე საუბრისას, მან უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსი და 2006 წლის 3 ივლისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიზანი იყო კონკურსის შეჩერება და უნივერსიტეტის საბოლოოდ დანგრევისგან გადარჩენა.
„გია ხუბუასთან მივედით საბჭოს წევრები მოთხოვნით, რომ მას დაეტოვებინა უნივერსიტეტი. არ ელოდა ხუბუა ჩვენს წინადადებას და ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. გამოიძახეს პოლიცია. გოგა გრიგალაშვილი იყო საპატრულო პოლიციის უფროსი. ისევ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს ხუბუას კაბინეტიდან, შემდეგ ავედით სააქტო დარბაზში და ვთქვით, რომ ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ, სანამ გია ხუბუა უნივერსიტეტს არ დატოვებდა და იქ მოხდა საოცარი რაღაც. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ძალიან დიდია. ჩაგვიკეტეს დერეფანში გამოსასვლელი კარი. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი კიბე, რომელიც ქუჩაში ჩამოდიოდა. ჩვენთან ერთად იყო იმდროინდელი თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი. მთელი ღამე იქ გავათენეთ, არც წყალი მოგვცეს და არც არაფერი. თოკებით ამოგვქონდა წყალი და როცა დაელაპარაკნენ ხუბუას, რომ ასეთი მდგომარეობა არ შეიძლება, მან განაცხადა - „თქვენ გღუპავენ პოლიტიკოსები, ესენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხია“. მეორე დღეს მე მომიხდა პირდაპირ ეთერში გამოცხადება, რომ „აქციას ვწყვეტთ“. ამას მოჰყვა ჩვენი დაბარება პროკურატურაში. 5 კაცზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მაგრამ ამ პროტესტის გამო შეშინდნენ და გადააკვალიფიცირეს, ხულიგნებად გამოგვაცხადეს. საბოლოოდ, სამწუხაროდ, ჩატარდა კონკურსები და ეს საზოგადოება უნივერსიტეტს მიღმა დარჩა“, - განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.
უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება აკადემიკოსმა, პროფესორმა, ავთანდილ არაბულმა მისცა.
როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლებას ასეთი ტაქტიკა ჰქონდა, რომ როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, ისინი უტევდნენ მათ ლიდერს. მისივე თქმით, მათ მიზანში სამი ინსტიტუცია ამოიღეს - სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია.
ავთანდილ არაბულის განცხადებით, უნივერსიტეტს დაუპირისპირდა ისეთი ძალა, „რომელსაც არ განათლების და არც მეცნიერების არაფერი გაეგებოდა და მხოლოდ მითითებებს ასრულებდა“.
როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლება ფორსირებულად მოქმედება, არღვევდა კანონებს, მათ შორის, თავის მიღებულ კანონებსაც, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი დრაკონული იყო და განათლების სისტემას საფრთხეს უქმნიდა.
მისივე თქმით, რეფორმა ყველაზე მეტად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეხო: მოხდა ფაკულტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც 22 ფაკულტეტიდან 6 ფაკულტეტი დარჩა და პროცესი უმართავი გახდა, გაუქმდა კათედრები, კაბინეტები, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობა იყო. ასევე, გაუქმდა ლაბორატორიები, რომლის აპარატურაც უნივერსიტეტის შიდა ეზოში ორი წელი ეყარა, რაც ვანდალიზმის მაგალითი იყო.
ავთანდილ არაბულის განცხადებით, წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მუდმივი მუქარის, შანტაჟისა და დევნის ქვეშ იყვნენ.
როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს განაცხადა, 9 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდში, კომისია კვირაში მხოლოდ ორ სხდომას გამართავს.
„5 ივლისს კომისია მუშაობას დაასრულებს და ხუთი ივლისის შემდეგ კომისია, რეალურად, აღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული სამუშაო, საჯარო სხდომების ჩანაწერები და დასკვნა, რომელზეც ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ამ პერიოდში ჩვენი სხდომები კვირის განმავლობაში მხოლოდ ორშაბათობით და ოთხშაბათობით, დილის საათებში გაიმართება. ჩვენ სხვა ფუფუნება უკვე აღარ გვაქვს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ საჯარო სხდომის ფორმატში, ვინაიდან გადასული ვართ დასკვნის შედგენის ეტაპზე და ვმუშაობთ დოკუმენტზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...
1749142416
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს
მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...
1749140800
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის
დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...