„როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს“ - მეუფე შიო

„პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც... არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მესამე, ჯვრის თაყვანისცემის კვირას ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს ჯვრის თაყვანისცემის კვირა მიულოცა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დიდი მარხვის ნახევარი უკვე გავიდა და ვინც ჯეროვნად იმარხულა, ე.ი. თავს იკავებდა არასამარხვო საკვებისგან, ცდილობდა, თავი შეეზღუდა და შეეკავებინა საკვების რაოდენობის თვალსაზრისითაც, ვინც ებრძოდა თავის მავნე ჩვევებს, ვნებებს, ცდილობდა, უარი ეთქვა სხვადასხვაგვარ სიამოვნებასა და გართობაზე, ე.ი. ვინც იმარხულა კარგად და პატიოსნად, შეუძლებელია, არ ეგრძნო გარკვეული დაღლილობა, ძალების მოკლება ნებისყოფის ასეთი დაძაბვისგან. ვინმეს შეიძლება სულმოკლეობაც დაეუფლოს და იფიქროს, რომ მის ძალებს აღემატება ასეთი მარხვის ბოლომდე მიყვანა.
ამიტომ წმინდა ეკლესია ჩვენს გასაძლიერებლად და გასამხნევებლად გვაძლევს ასეთ ნუგეშს: საზეიმო თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებს უფლის პატიოსან ჯვარს, რომელსაც თაყვანს ვცემთ, რომლის წინაშეც ვიჩოქებთ, ვემთხვევით და ვგალობთ: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“.
როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, დღეს აღსრულდა წმინდა დავით მეფის წინასწარმეტყველება, რომელიც ბრძანებს: „თაყვანის ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერხნი უფლისანი“. აი, დღეს ხარობს და ზეიმობს მთელი ეკლესია, ვინაიდან, როგორც ოდესღაც უდაბნოში გველებისგან დაკბენილი ებრაელები გადაურჩებოდნენ სიკვდილს, როდესაც შეხედავდნენ სპილენძისგან დამზადებულ გველს, ასევე დღესაც, ვინც ნახევარი მარხვა გაიარა და ჯვარს ეხება, მოაკვდინებს სულიერ გველს და იღებს უკვდავებას; და როგორც მარხვით და თავშეკავებით, ასეთი ადამიანი თანაზიარი გახდა ქრისტეს ვნებების, ასევე თანაზიარი ხდება მისი აღდგომისაც. აი, წმინდა იოანე ოქროპირის დიდებული სიტყვები.
რატომ ვცემთ თაყვანს პატიოსან ჯვარს?
პირველ რიგში, იმიტომ რომ ვიხსენებთ იმ მოვლენას, რაც მოხდა ჯვარზე, რომ უფალი იესო ქრისტე საშინელი ტანჯვების შემდეგ თავისი ნებით მოკვდა ჯვარზე ჩვენთვის, ცოდვილებისთვის. ბევრჯერ მომხდარა, დღესაც ხდება, რომ ადამიანები კვდებიან ახლობლებისთვის, სამშობლოსთვის, ცნობილი ადამიანებისთვის, მაგრამ არავის სმენია, რომ ადამიანი მომკვდარიყოს ბოროტმოქმედისთვის, მტრისა და ცოდვილისთვის. აი, სწორედ ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ. იგი ნებსით მოკვდა ჩვენთვის, დამნაშავეებისა და ცოდვილებისთვის.
აი, ასეთი ღვაწლი აღსრულდა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯვარზე. როდესაც ვფიქრობთ ამაზე და თაყვანის ვცემთ წმინდა ჯვარს, ვფიქრობთ, რომ ოდნავი, მისხალი მაინც გვქონდეს ასეთი სიყვარულისა, რომ მტრისა და ბოროტმოქმედისთვის თუ ვერ შევძლებთ სიკვდილს და თავდადებას, ის მაინც შევძლოთ, უფლის გულისთვის თავი შევზღუდოთ ცოდვებში.
პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც, იმიტომ რომ როდესაც მაცხოვარი ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ აღდგა მკვდრეთით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენი იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არამხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს.
ამრიგად, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ჯვარი არის ორი სახის: ერთი არის ნივთიერი, რომელიც მზადდება ხისგან, ლითონისგან, ძვირფასი ქვებისგან და ა.შ. მეორე არის არანივთიერი, რადგან ის არ შედგება ნივთიერებისგან, არამედ - იმ ადამიანის რწმენისა და შინაგანი განწყობისგან, ვინც ისახავს პირჯვარს. აი, ასეთი ჯვარი, ძვირფასო ძმებო და დებო, გვიცავს ჩვენ ძილშიც, მღვიძარებაშიც და გვიცავს ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ ვცემთ თაყვანს წმინდა და პატიოსან ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის კვირას, ჯვრის ძალამ და მადლმა დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო.
„ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“. ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა მეუფე შიომ.
1742904779
სპორტიპრემიერ-მინისტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და აღნიშნული...
1742900154
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: „ხავსს ეჭიდებიან, ბატონი როთის იმედზე არიან დარჩენილები“
„ხავსს ეჭიდებიან, როთის იმედზე არიან დარჩენილები და ასეთი საკითხები ოპოზიციას უხარია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის მთავრობის მიერ დაწეს...
1742899967
მსოფლიონიდერლანდებში 2024 წელს ევთანაზიის მომხმარებელთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა
ნიდერლანდებში 2024 წელს ევთანაზიის მომხმარებელთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ European Pravda ევთანაზიის შემოწმების რეგიონული კომიტეტების (RTE) მონაცემებზე დაყრდნობით წ...
1742898306
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძეს: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ნუ ახდენთ სახელმწიფოს პროვოცირებს, მამუკა ხაზარაძეობა ინდულგენცია არ არის
„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფართო საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულის შესახებ შეიტყო. გამაოგნებელია ბატონი ჯემალის მონათხრობი და მისი ისტორია,...
1742897275
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Air Serbia-ს შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო მიმდინარე წელს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის - 15 ივნისიდან სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს შეასრულებს ბელგრადიდან თბი...