შალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა

„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იმპერიათა გზაჯვარედინზე იდგა.

მისი თქმით, იცვლებოდა ბევრი გარემოება, თუმცა უცვლელი დარჩა ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა ქრისტიანობის მიღებით გააკეთა.

„1700 წლის წინ ქართლმა მხოლოდ ახალი სარწმუნოება არ მიიღო. მან მიიღო ღირებულებათა სისტემა, აირჩია ცივილიზაციური სივრცე, კულტურული გზა და ის იდენტობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ საყრდენ სვეტად იქცა. ქრისტიანობა საქართველოსთვის მხოლოდ სარწმუნოებრივი არჩევანი არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი ისტორიული გზისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების არჩევანიც. ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იმპერიათა გზაჯვარედინზე იდგა. იცვლებოდა გეოპოლიტიკური გარემო. იცვლებოდნენ მეზობლები. იცვლებოდა ძალთა ბალანსი. მაგრამ უცვლელი დარჩა ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა ქრისტიანობის მიღებით გააკეთა. ამიტომ, საქართველოს ისტორიის გააზრება შეუძლებელია ქრისტიანობის გარეშე. ისევე,როგორც შეუძლებელია ქართული კულტურის, მწერლობის, ხუროთმოძღვრების, სამართლებრივი აზროვნების და ეროვნული თვითშეგნების სრულყოფილად გაგება იმ სულიერი საფუძვლის გარეშე, რომელმაც ყოველივე ამას ფორმა მისცა. ქრისტიანობამ მხოლოდ ტაძრები არ ააშენა. მან შექმნა სკოლები და სამონასტრო საგანმანათლებლო კერები. მან ერთმანეთს დაუკავშირა წიგნის კულტურა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მან ჩამოაყალიბა ზნეობრივი პასუხისმგებლობის, სამართლიანობის და ადამიანის ღირსების ის გაგება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული საზოგადოების საყრდენი გახდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ისტორია მხოლოდ გადარჩენის ისტორია არ არის, ის საკუთარი რწმენის, ენის, კულტურისა და სახელმწიფოს იდეის ერთგულების ისტორიაცაა.

„ამიტომ, როდესაც ქრისტიანობის 1700 წლისთავს აღვნიშნავთ, მხოლოდ ეკლესიის ისტორიას კი არ ვიხსენებთ – ქართული სახელმწიფოს კულტურულ ბიოგრაფიასაც ვყვებით. საქართველოს არაერთხელ დაუკარგავს სახელმწიფოებრიობა. არაერთხელ დანგრეულა ქალაქები, გადამწვარა მონასტრები, მტერს დაუცარიელებია სოფლები, მაგრამ ვერავის წაურთმევია ქართველი ხალხისთვის ის სულიერი და კულტურული საყრდენი, რომელმაც უმძიმეს პერიოდებშიც კი შეგვინარჩუნა საკუთარი თავი.

ამიტომ, საქართველოს ისტორია მხოლოდ გადარჩენის ისტორია არ არის. ის საკუთარი რწმენის, ენის, კულტურისა და სახელმწიფოს იდეის ერთგულების ისტორიაცაა. დღეს მსოფლიო კვლავ დიდი ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობს. სწრაფად იცვლება ტექნოლოგიები, ეკონომიკური ურთიერთობები და საერთაშორისო წესრიგი. მაგრამ, როგორც ისტორიამ არაერთხელ გვასწავლა, ცვლილებების ეპოქაში ყველაზე მტკიცედ ის საზოგადოებები დგანან, რომლებიც საკუთარ იდენტობას არ კარგავენ. ამიტომ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მხოლოდ წარსულის ზეიმი არ არის, ის ასევე არის მომენტი, როდესაც უნდა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი თაობის თავდადებით მოვიდა დღემდე. პასუხისმგებლობა, მომავალ თაობებს გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი, არამედ ისტორიული მეხსიერებით, ეროვნული თვითშეგნებით და რწმენით ძლიერი საქართველო. აწმყოში სახელმწიფოს ძლევამოსილება მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო სიძლიერით იზომება. მაგრამ ისტორიას სულ სხვა საზომი აქვს. საუკუნეებს მხოლოდ ის სახელმწიფო უძლებს, რომლებიც საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის. ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა.

„ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი გაკვეთილი სწორედ ეს არის: სახელმწიფოებრიობა შეიძლება დროებით დაკარგო, მაგრამ თუ ერი საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს, სახელმწიფოს აღდგენის შესაძლებლობაც რჩება. საქართველოს შემთხვევაში ეს შესაძლებლობა ბევრჯერ იქცა რეალობად, რადგან რჩებოდა ქართული ენა, რჩებოდა ეკლესია, რჩებოდა ისტორიული მეხსიერება, რჩებოდა კულტურა. რჩებოდა განცდა იმისა, რომ საქართველო მხოლოდ ტერიტორია კი არა, ისტორიული და სულიერი ერთობა იყო – ენა ინახავდა ჩვენს მეხსიერებას, ეკლესია – სულიერ ერთობას, კულტურა კი თაობებს ერთმანეთთან აკავშირებდა. სწორედ ეს უწყვეტობა აძლევდა ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესაძლებლობას, მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა ხანგრძლივი დროით დაკარგული ჰქონდა. ქრისტიანობაზე, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ღირებულებით საყრდენზე საუბრისას, არ შეიძლება არ გავიხსენოთ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა იკისრა ქართველი ერის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. სულიერად გაუდაბნოებულ გარემოში მან ქრისტეს ეკლესიის ჩამქრალ ნაკვერჩხალს მოუარა, გააღვივა და ერის მანათობელ ჩირაღდნად აქცია. სწორედ ამ ჩირაღდნის ნათელი ვიხილეთ ყველამ მისი უკანასკნელ გზაზე გაცილებისას. იმ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის კლდე, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში დგას საქართველოს ეკლესია და რომელსაც ეყრდნობა ქართველი ერის ისტორიული ერთობა. ამიტომ, 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის. ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა. ეს არის ჩვენი საერთო წარსულის გახსენების და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის დღე. გილოცავთ ამ დიდ ისტორიულ იუბილეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791724927

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: საზოგადოებას კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ბატონი ჰერჩინსკის, რბილად რომ ვთქვათ, ძალია...

თორნიკე ფაღავა

1791722124

ახალი ამბები

შიო მესამე: ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა

 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მეცხრამეტე კვირას, ქადაგებისას ღვთის ლოცვა...

შიო მესამე

1791716795

ახალი ამბები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს

 ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებებ...

ნაკრები

1791712972

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791709697

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია

 პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...

ვატო შაქარაშვილი