„73 ის გავხდები, რას ვიფიქრებდი, ამდენ ხანს თუ შემოვრჩებოდი იტალიაში“ - ემიგრანტის წერილი

ჩვენს მკითხველს, ლელა თოლორდავას, იტალიაში მყოფი ემიგრანტის და წიგნ „ბადანტე“-ს ავტორის მორიგ წერილს ვთავაზობთ. 

 

ლელა თოლორდავას წერილები, ჩვენმა მკითხველმა განსაკუთრებით შეიყვარა, რადგან ემიგრანტობის იმ მტკივნეულ ყოველდღიურობას აღწერს, რომლის გადმოცემას მხოლოდ, განსაკუთრებულად ფაქიზი კალმის და ღრმა განცდების მქონე ავტორი შეძლებს. 

ჩვენი თანამემამულის მორიგი წერილიც, თითოეული ემიგრანტის სულზე გავლის, იმ ქალების გულში, რომლებმაც ცხოვრება დაკარგეს.  

„ორშაბათის ამბები...
ჩემთვის ფესტას (დღესასწაულის) დარია ორშაბათი, რადგან მთელი 5 საათით ვიხსნი „ბადანტეს“ (მოხუცის მომვლელი) მანტიას, შევისხამ ფრთებს და ჩიტივით თავისუფალი დავფრინავ ქალაქის ქუჩებში...
სადაც მე ვარ, იქაა საინტერესო ამბებიც ...
ამ ფოტოს გადაღებიდან ორიოდ წუთში ერთ ჩვენებურს წამოვეწიე, ასაკოვანი ქალბატონი იყო... უჭირდა იმ ტვირთის ტარება, რაც ,,პანორამაში " (სუპერმარკეტი) აუკიდებია... საკუთარ თავს ქოქოლას აყრიდა, მშობლიურ ენაზე და ამიტომაც გვერდი უბრად (ჩუმად) ვერ ჩავუარე, თან ვიფიქრე, ცოტას შევეშველებითქო...
გამარჯობაზე, სიხარულით მიპასუხა - უი, ქართველი ყოფილხარ, მე კი იტალიელი მეგონე, ბავშვის ტანსაცმლის სექციაში მოგატანე თვალი, ხელში იმდენი ტანსაცმელი გეჭირა, ვიფიქრე, რა ენაღვლება, ჯიბე არ გაუშვებს თუ რათქო... მეც მინდოდა პატარებისთვის რამის ყიდვა, მაგრან ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი. „ნასკი“ რომ 9 ევრო ეღირება... კია კაი ხარისხი, მარა, ძაან ძვირია...

იტალიელებისთვის მისაღები ფასებია, ჩვენ გვეძვირება... საშობაო საჩუქარს ვარჩევდი ბებოს შვილთაშვილისთვის, წლინახევრის გოგოა...

მეც ტკბილეულის საყიდლად ვიყავი, შვილიშვილებს საახალწლოდ უნდა გავუგზავნო, რაზეც იყო ფასდაკლება, ყველაფრის ყიდვა მინდოდა და კი მომწყვიტა წელი...
ამ დროს შეჩერებული ვიყავით და ცელოფნის პარკები ფეხებთან ეწყო. დახმარება შევთავაზე, უარი არ უთქვამს...

- შენ მეიყარე ორი ჩემი ხნისო...
ავტობუსის გაჩერებამდე მივატანინე, ფეხად გაგვასწრო ნარინჯისფერმა ავტობუსმა, რომელსაც აქედან პონტედერას ცენტრში უფასოდ მიჰყავს მგზავრები. გაჩერებამდე არც ისე დიდი გზაა, მაგრან სვენებ-სვენებით მივდიოდით.

- თირკმელი მაწუხებს და სიმძიმეს ვერ ვუძლებო, ასე მგონია წელს ქვევით მოწყვეტილი ვარო... მაგრამ რა ვქნა, თავს ვეძალები, არ მინდა გული დავწყვიტო ჩემებს, საახალწლოდ ყველა ელოდება საჩუქრებს, განსაკუთრებით შვილიშვილები და შვილთაშვილები, ენაცვალოთ ბებო...

- შვილთაშვილებიც გყავთ?!

- კი , სამი ბიჭი, არცერთს არ ვიცნობ, მეათე წელია აქ ვარ... ჩემი წამოსვლის მერე დაიბადნენ. პატარები არიან, ერთი ხუთი წლის გახდა 5 დეკემბერს, ოქროს სამაჯური ვაჩუქე, ოქროს დაბადების დღე ჰქონდა. დიდი ბიჭი რომ გაიზრდება, მე რომ აღარ ვიქნები , გამიხსენებს. მეორე გოგოსგან ტყუპი შვილთაშვილები მყავს, სამის გახდებიან 1 მარტს. კიდევ კარგი, 2019 წელს 29-ით არ იყო თებერვალი, თუ არა, ოთხ წელიწადში ერთხელ ექნებოდათ დაბადების დღე.

- გადარჩენილან...

- აბა... ისეთი საყვარლები არიან, ნეტა, იცოდე, კოცნას რაფერ მიგზავნიან, ეხუტათ ბებო...

- ბებოც ავსებს, ალბათ, საჩუქრებით, ბავშვებს კი მეტი რა უნდათ?!

- რაც შემიძლია, თავს არ ვზოგავ, ორი შვილი მყავს, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი, ჩემს ხელფასს ყველას ვუწიწილაკებ (ვუნაწილებ)... ვიდრე შევძლებ, არაფერს მოვაკლებ, როცა აღარ ვიქნები, კარგად მომიგონებენ... მოგონებაზე მეტი არაფერი რჩება ადამიანისგან... 63 წლისა ჩამოვედი აქ, 14 იანვარს, ძველით ახალ წელს 73 ის გავხდები, რას ვიფიქრებდი, ამდენ ხანს თუ შემოვრჩებოდი იტალიაში, ოთხი წლით წამოვედი... სიძემ ბიზნესი წამოიწყო, სახლი ბანკში ჩადო, არ გაუმართლა და ვალები დაედო... ვეღარ იხდიდნენ ბანკის ფულს. ჩემს გოგოს უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მე არ ვქენი, ცოლ-ქმრის გათიშვას ჩემი წამოსვლა ჯობდა, წლობით რომ ცალ-ცალკე იქნება ცოლ-ქმარი, ოჯახის შენარჩუნება მერე ჭირს, ამიტომ გადავდე თავი.

- გმირობა ჩაგიდენიათ, იმედია, გიფასებენ!!!

- ჩემი სიძე ჩემთვის შვილივითაა!!! სკოლის მერხიდან უყვარდათ ერთმანეთი, მეათე კლასში გაგვეპარენ, 17 წლისანი იყვნენ, შვილივით გავზარდე... ბიჭი რომ მყოლოდა, არა მგონია, მასზე მეტად მყვარებოდა. კარგი კაცი დადგა, ყველას მოყვარული და დამფასებელი. არც მეორე სიძეთი ვარ უკმაყოფილო, მაგრამ ის შორს ცხოვრობს ჩვენგან და ხშირი მისვლა-მოსვლა არა გვაქვს... კი ვწვალობ, მარა , არ ვარ ღმერთის უმადური, კაი შვილ- მომავალი მყავს... ნეტა, ჩემი საცოდავი კაცი მოსწრებოდა რამეს, 26 წლის დავქვრივდი, 7- 8 წლის გოგოები დამრჩა... ბევრი გაჭირვება გამოვცადე და კი მევედი დღემდე...

- ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ, ჯანმრთელად და მხნედ, თქვენი შვილ-მომავლის საიმედოდ!!!
- გაიხარე , შვილო, ჩემი ამბები კი მოგაყარე, შენი არაფერი მიკითხია...
- მეოთხე წელია აქა ვარ, თქვენს დარად მეც ბადანტე ვარ, მყავს ორი შვილი, 20 წლის გოგონა და 18 წლის ბიჭი.
- ღმერთმა მოგიშენოთ და მოგიმრავლოთ თქვენი შვილები. ქმარი?!
- მეუღლეს დაშორებული ვარ...
- გული ჩამწყვიტე, ახლა!!! მარა, გული არ გეიტეხო, შვილები ხომ გყავს, ეგაა მთავარი!!! მათი ბედნიერი მომავლით გაიხარე. ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება დედობაა!!! დარწმუნებული ვარ, კარგი შვილები გეყოლება!!!
- ძალიან კარგი შვილები მყავს, ჩემი ახდენილი ოცნებები არიან!!!
- კარგ ბედს და იღბალს ვუსურვებ, შენი გულის საყაბულო რძალი და სიძე შემოგსვლოდეს თავის დროზე! მერე, შვილიშვილები და შვილთაშვილები იმხელა სითბოს გაჩვენებენ, სულ დაგავიწყდება წარსულის უსიამოვნებები... დამიჯერე, ასეა, გამომიცდია და ვიცი...
- გაიხარეთ, ქალბატონო!!!
- თქვენც გაიხარეთ, შვილო, რა პატივი მეცით, ჩემი ტვირთი აგკიდეთ...
- ნეტავ , მარტო ეგ ტვირთი მქონდეს საზიდი...
- ყველაფერს შეძლებ, ახალგაზრდა ხარ!!! ნეტავ, ახლა, შენი ხნის ვიყო, მთებს გადავდგამდი!!!
გავუღიმე და დავემშვიდობე, შენ არ ელოდები ავტობუსსო... არა,ფეხით გავუყვები, ექვსის ნახევრამდე დრო მაქვს გასაყვანითქო...

ოთხის თორმეტი წუთი იყო, მისგან რამდენიმე ნაბიჯში დავხედე საათს... ის დარჩენილი წუთები და წამები უცნობ ქალბატონზე ვფიქრობდი... რამდენ ქარცეცხლში გამოიტანა ცხოვრებამ და სულიერად არ გატყდა... ძილის წინაც მასზე ფიქრი ამეკვიატა, სიზმრადაც ვნახე... მომინდა მასზე ფიქრი თქვენთვის გამეზიარებინა... ვიფიქროთ ერთმანეთზე, შევაშველოთ ხელი ერთმანეთს და გავუიოლოთ ყოფა... სხვა არაფერია ცხოვრება, სულ არაფერი!!!“ - წერს ლელა თოლორდავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ბატონი ბრძანდებით მეთქი და ყოველ ღამით, ძილის წინ კი განვისვენებდი შუა „ზალაში“ - ემიგრანტის წერილი

📌 „მინდა, იმ უცნაურმა გოგომ მკითხოს, მეც ომახიანად ვუპასუხებ #დემნაგვასალიას სამშობლოდან ვარ“ - ემიგრანტის წერილი

📌 ემიგრანტის წერილი: „ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია“

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792350256

საზოგადოება

რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...

რომის პაპი ლეო XIV

1792348393

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...

დაკავება

1792346955

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1792346436

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს

ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...

ლევან მაჭავარიანი

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი