მალე, ქალაქ ბარიში ქართველებისთვის სასწავლო ცენტრი გაიხსნება - გაიცანით, 4 შვილის დედა და იტალიური ენის მასწავლებელი იტალიაში, ვიქტორია ცუხიშვილი

ფაქტობრივად დღეს ორი საქართველო გვაქვს, სამშობლო რომელიც ცდილობს დემოკრატიული სახელმწიფოების შემადგენელი ნაწილი გახდეს და საქართველო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში, ემიგრაციაში  მყოფი თანამემამულეები ქმნიან.

თანამედროვე რეალობაში, დღითი დღე ახალი სტანდარტები მკვიდრდება. ეტაპი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გადის, განსხვავებულ აზროვნებას, მიდგომებს და საჭიროებებს ამკვიდრებს. 

ბოლო ტენდენციებით, ქართველები უცხო ქვეყნებში ძლიერ დიასპორებს აყალიბებენ. დიასპორის არსებობა წარმოქმნის ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რომელიც ბუნებრივი გზით იბადება და ხელს უწყობს სხვადასხვა ქართული კერების წარმოქმნას. იქმნება საკვირაო სკოლები, ქართული ცენტრები, რესტორნები, ბიბლიოთეკები, ქართული ასოციაციები, მედია და ა.შ. 

ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სწორედ მრავალრიცხოვანი ემიგრაციის ფონზე, ინტეგრაციის და სოციუმში დამკვიდრების სამაგალითო წარმომადგენელია, რომელმაც შეძლო ემიგრაციის ყველა რთული საფეხური გადაელახა და საკუთარი ადგილი ღირსეულად ეპოვა.

ვიქტორია ცუხიშვილი ორი საავტორო წიგნის ავტორი და  იტალიური ენის პედაგოგია.  

39 წლის ვიქტორიას ემიგრაცია 12 წელს ითვლის. 4 შვილის დედა, იტალიაში პირველად 2010 წელს ჩავიდა. ჰყავს მეუღლე, ზაზა ჭიჭუეიშვილი და შვილები ლუკა, ანა, მარიამი და ალისა. ვიქტორია წარმოშობით ქალაქ ქუთაისიდან გახლავთ. პროფესიით პედაგოგი. დამთავრებული აქვს ინგლისური ენა-ინფორმატიკის ფაკულტეტი, ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში, ასევე გავლილი აქვს „web design“-ს და საბუღალტრო კურსები.

გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

- ვიქტორია, გვიამბეთ რას საქმიანობდით საქართველოში?

2004-2009 წლებში, ქალაქ ქუთაისში ვმუშაობდი მასწავლებლად სახელმწიფო სკოლასა და კერძო სასწავლო ცენტებში, ასევე სამშენებლო და სარეკლამო კომპანიებში, ადმინისტრატორის, მენეჯერის, ბუღალტრის და დირექტორის პოზიციებზე.

- რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?

- ვინაიდან საქართველოში იმ წლებში  განსაკუთრებით დაბალი იყო შრომის ანაზღაურება (ახლანდელთან შედარებით), 2009 წელს გადავწყვიტე წამოვსულიყავი იტალიაში და აქ მეპოვა ჩემი პროფესიით კარგი ანაზღაურებადი სამსახური, მეყიდა სახლი, ჩამომეყვანა შვილები და მოკლედ, რომ გითხრათ აქ მეცხოვრა.

- როგორ განვითარდა მოვლენები და რა დრო დასჭირდა თქვენს ინტეგრაციას?

- იტალიაში წამოსვლამდე, ენა ცოტა ვიცოდი. აქ არავინ მყავდა, ისედაც საქართველოდან წასულები, სამწუხაროდ ბევრი იცვლება და დახმარებას ნაკლებად იღებ მათგან. საბოლოო ჯამში იტალიელები აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გვერდში დამიდგნენ და დამეხმარნენ. საოცრად კარგ ადამიანებს (იტალიელებს) შევხვდი და მაგ მხრივ ძალიან გამიმართლა.

რადგან, საქართველოდან წამოსვლისთანავე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი პროფესიით დავსაქმებულიყავი,  ჩემი დიპლომი და სერტიფიკატები ნათარგმნი და ნოტარიულად დადასტურებული წამოვიღე, მინდოდა რაღაც სამსახური მეპოვა, თუნდაც ფიზიკური შრომით იქამდე, ვიდრე ავეწყობოდი. თავდაპირველად, 2010 წლის იანვარში  ჩრდილოეთ იტალიაში ჩამოვედი,  შემდეგ კი გადმოვინაცვლე სამხრეთში ქალაქ ბარში. რადგან იმ დროისთვის პატარა ასაკის ვიყავი, რამდენიმე თვე მომვლელადაც ვერ ვიპოვე სამსახური. შემდეგ კი როცა ვიპოვე, ჯამში 5 თვე ვიმუშავე რამდენიმე ბებოსთან (დაახლოებით ერთი თვე თითოსთან, რადგან ან გარდაიცვალნენ ან გაუსაძლისი პირობები იყო, ისეთი სადაც ასაკიანი ქართველი ქალბატონებიც კი არავინ შედიოდა). შემდეგ ვიმუშავე კაფე-ბარში მიმტანად, ასევე მზარეულად, ბოლოს კი სასტუმროში. პარალელურად კი დავიწყე სწავლა, რათა ჩემი დიპლომი და სერტიფიკატები კანონის ძალის მქონე გამეხადა, დავამთავრე „Lord Byron college“ იტალიურის და ინგლისურის პროფილით, „Wall Street Institute“ ინგლისურის განხრით. 2011 წლის ზაფხულში დავიწყე flusi-ს კეთება (რაშიც დამეხმარა საოცარი იტალიელი ქალბატონი, რომელთანაც არც კი მიმუშავია, მხოლოდ ვმეგობრობდით) და წავედი საქართველოში. უკან უკვე 2012 წელს დავბრუნდი დავასრულე „permesso di soggiorno“-ს კეთება და თან გვეყოლა მესამე შვილი მარიამი, ხოლო ალისა 2017 წელს შემეძინა. ჩემი მეუღლე, ამ წლების განმავლობაში მუშაობდა, ხოლო მე დიასახლისი ვიყავი და ვზრდიდი შვილებს.

შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა, 2018 წლის ბოლოს ქალაქის მერიიდან, მივიღე შემოთავაზება, უნდა შემევსო განაცხადი სამსახურის თაობაზე, ტურისტულ საინფორმაციო ბიუროს, „Cassano delle murge“-ს სჭირდებოდა თანამშრომელი. ფაქტობრივად, მე ვიყავი ერთადერთი უცხოელი, ვინც დავსაქმდი ჩემი პროფესიით  „Cassano delle murge“-ს საინფორმაციო ბიუროში. ეს გახლდათ 5 თვიანი პროექტი, შემდეგ უნდა განახლებულიყო, მაგრამ  პანდემია დაიწყო და info point-ი საერთოდ დაიხურა.

- როგორ გადალახეთ პანდემიის პერიოდი?

- თავდაპირველად, ჩვენც პანიკამ მოგვიცვა და იმ საყოველთაო არეულობების ფონზე, ოჯახით საქართველოში დავბრუნდით. დაახლოებით 1 წელი ვიყავით, ვიდრე არ დამშვიდდა ცოტა სიტუაცია, შემდეგ ისევ დავბრუნდით. 

- როგორ გაჩნდა წიგნის იდეა?

საქართველოში ჰყოფნის დროს გადავწყვიტე დავბრუნებოდი ჩემს პროფესიას - მასწავლებლობას და პანდემიის პერიოდში დავიწყე ონლაინ გაკვეთიელბის ჩატარება იტალიურ ენაში მათთვის, ვინც იტალიაში იმყოფებოდა, მათთვის, ვინც ახალი ჩასული იყო, ზოგიც წლების, მაგრამ სურდათ იტალიური ენის ცოდნა გაეუმჯობესებინათ და მათთვის, ვინც იმყოფებოდა საქართველოში და იტალიაში გამგზავრება სურდათ, ზოგს სამუშაოდ, ზოგს კი მშობლებთან. ამ ყველაფრის ფონზე წავაწყდი ერთ პრობლემას, ქართულ ენაზე, იტალიური ენის შემსწავლელი ლიტერატურის ძალიან ცოტა რესურსი არსებობდა, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა მე ჩემი წიგნები, ჩემი პროგრამით, რის გამოყენებასაც შევძლებდი სწავლების პროცესში.

პირველი წიგნი იყო იტალიურ-ქართული ენის ლექსიკა, რომელიც გამოიცა 2021 წლის აპრილში, მეორე წიგნი კი იტალიური ენის გრამატიკა ქართულად, დაიბეჭდა იმავე წლის დეკემბერში. დღესდღეობით ჩემი წიგნის 350 ეგზემპლარი გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია წიგნის შესახებ მასშტაბურად არ გამივრცელებია და ამ დრომდეც უამრავმა ადამიანმა არ იცის ჩემი წიგნების შესახებ.

-  გეთანხმებით, ქართულ ენაზე ძალიან მწირი ლიტერატურა არსებობს თუ არ ჩავთვლით ბოლო პერიოდს. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში მომრავლდა იტალიური ენის შემსწავლელი კერძო შეთავაზებები რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს თანამემამულეების ინტეგრაციის და ენის ბარიერის დაძლევის პროცესს, მაგრამ არსებობს ლიტერატურის ნაკლებობა წიგნის სახით. ვინაიდან თქვენ უკვე ორი საავტორო წიგნის ავტორი ხართ, ამ მიმართულებით რა სიახლეებს სთავაზობთ ემიგრანტებს? რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

- ფაქტობრივად, მე რა ხანია, აღარ მიწევს მოსწავლეების აყვანის მოთხოვნით განცხადებები დავდო. ჩემზე დადებით შეფასებებს თავად ემიგრანტები ავრცელებენ და თავად მიკავშირდება უამრავი მსურველი.

რაც შეეხება, ჩემს სამომავლო გეგმებს, დაგეგმილი მაქვს კიდევ სხვა სასწავლო წიგნების გამოცემა, რომლებზე მუშაობაც უკვე დაწყებული მაქვს. ვინაიდან მყავს უამრავი მოსწავლე და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება, დროის უქონლობის გამო ვერ ვაკმაყოფილებ მათ მოთხოვნებს და მოლოდინის რეჟიმში ყოფნა უწევთ. ამიტომ, ვაპირებ სასწავლო ცენტრის გახსნას, სადაც იქნება შესაძლებელი იტალიური და ინგლისური ენების შესწავლა. ჯგუფები იქნება შემდგარი უფრო მეტი წევრისგან, რასაც ვერ ვახერხებ ონლაინით.   

მაქვს ასევე „facebook“ ჯგუფი, სადაც 5000 ადამიანია გაწევრიანებული, მათ უფასოდ ვაწვდი საინფორმაციო თუ სასწავლო ინფორმაციებს, რაც ეხმარება მათ აქ ცხოვრებაში და ადაპტაციაში. ენის არ ცოდნის გამო, უამრავი ადამიანი დახმარების თხოვნით მომმართავს, ისინი სხვადასხვა სახის დახმარებებს მთხოვენ, როგორიცაა საბუთთან დაკავშირებული ინფორმაციები, თარჯიმნობა, როგორც წერილობით ასევე უშუალოდ, შუამდგომლობა იტალიელ ოჯახებთან, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, ან ექიმთან გასაუბრება ან მათი სიმპტომების თუ ჩივილების თარგმნა, ან მათი სამედიცინო გამოკვლევების შედეგების თარგმნა და ასე შემდეგ. ბევრი მათგანისთვის „ASL“-ში სამედიცინო ბარათის გასაკეთებლად, რომელიც არის გათვლილი უსაბუთოებზე და ყველანაირი სამედიცინო მომსახურება ამ ბარათით არის უფასო, მეგზურობაც გამიწევია. ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ ვაკეთებ. 

- როდის აპირებთ ცენტრის გახსნას და რა სერვისებს შესთავაზებთ მომხმარებელს?

- ცენტრს, რომელსაც გავხსნი ქალაქ ბარში, ექნება ასევე სხვა სახის  საინტერესო სერვისები, ამ ეტაპზე ველოდები პანდემიის დასრულებას, რათა შევძლო ჩემი გეგმების განხორციელება.

ჩემი მიზანია დავეხმარო ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება და არ ჰყავთ არავინ, ვინც გაუწვდით ხელს. მინდა მივცე სხვა ქართველებსაც კარგი მაგალითი, თუ კი ყველა ასე მოიქცევა, აქ ახალჩამოსული ადამიანები აღარ ჩავარდებიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, არ მოხდება უამრავი ცუდი ფაქტი, რაც ხშირია. ძალა ერთობაშია!

- რა ღირს თქვენი წიგნები?

- 20 ევრო იტალიური ენის ლექსიკა და 35 ევრო გრამატიკა.

ვიქტორია ონლაინ გაკვეთილების პროცესში

ვიქტორიასთან დაკავშირება შეგიძლიათ, ქვემოთ მითითებულ ბმულებზე: 👇

Viktoria Viky

იტალიური ენის უფასო სასწავლო და საინფორმაციო გვერდი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ვის შეუძლია მიიღოს “DISOCCUPAZIONE“ - უმუშევრობის შემწეობა

📌 Licenziamento - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა

📌 DIMISSIONI - კანონი დასაქმებულის მხრიდან, სამსახურის ნებაყოფლობითი დატოვების შესახებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732359901

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...

ამინდი

1732356459

საზოგადოება

„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...

მამა შალვა კეკელია

1732350788

საზოგადოება

რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...

აა

1732341504

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...

საზოგადოება

1732307021

ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი