"ხსნა რუსეთიდან ანუ რაფაელი და პრორაფაელიტები" - რა წერილს აქვეყნებს მღვდელი გელასი აროშვილი
სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მღვდელი გელასი აროშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს:
"ხსნა რუსეთიდან ანუ რაფაელი და პრორაფაელიტები
ფაქტია, რომ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ფიგურა აღმოჩნდა საეკლესიო წრეებში.
მისი გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასაც კი დაეტყო.
მის გარშემო, დროთა განმავლობაში, ერთგვარი იერარქიულ-მისტიური ვერტიკალიც კი ჩამოყალიბდა.
ეს ვერტიკალი რუსული ''სტარცული'' იერარქიის ანალოგია მცირეოდენი განსხვავებით.
აი, სტრუქტურაც: მრევლი, იდუმალგანდობილი სამღვდელოება, ამ მღვდლებში დაწინაურებული და ავტორიტეტული ''მოძღვართმოძღვარი'', როგორც ბრიგადირი, და ვერტიკალის უმაღლეს საფეხურზე მყოფი სულიერ-ინტელექტუალური გურუ.
როგორც ვხედავთ ამ ვერტიკალში არც პატრიარქია და არც სინოდი, რადგან გურუს ''ეკლეზიოლოგია'' მათ ცოდვილ მეზვერეებად მიიჩნევს, რომლებიც ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულნი, თუმცა იერარქთა უზნეობა თუ მწვალებლობა, მათგან ხელდასხმა თუ მათთან თანაზიარება, არანაირად არ ეხება თავად გურუს თუ იდუმალგანდობილთა მარადიულ ხვედრს.
არქიმანდრიტი რაფაელი პირველად სემინარიაში ვნახე.
მაშინ სემინარია მცხეთაში იყო, სამთავროს მონასტერში.
ძველ სლავურს გვასწავლიდა, შემოვიდა სათვალიანი ბერი, გრძელი ჟღალი თმითა და წვერით.
ხელში დიდი ფსკვნილით, დაფაზე რამდენიმე სიტყვა დაწერა ძველ სლავურად, ხმაც არ ამოუღია ისე ჩამოჯდა სკამზე, თვალები დახუჭა და ფსკვნილის ტრიალი დაიწყო.
ასე იჯდა ლექციის ბოლომდე და გავიდა.
ჩვენ ცხადია ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მერე აგვიხსნეს უფროს კურსელებმა, რომ ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა ეს დრო და ყველაზე განსწავლული ბერისთვის რელიგიური კითხვები დაგვესვა.
შემდეგ ლექციაზე, ასეც მოვიქეცი, კითხვების მეტი კი რა იყო.
პასუხები ძალიან საინტერესო იყო იმ საერთო ფონზე, სრულიად უბირი, უწიგნური იერარქიისა და სამღვდელოების ფონზე, რაფაელი ნამდვილად კაშკაშა ინტელექტუალი ვარსკვლავი იყო.
მას ყველა კითხვაზე, თითქოს წინასწარ გამზადებული პასუხი ჰქონდა.
მოგვიანებით მის ქადაგებებს და ლექციებს მაგნიტოფონზე იწერდნენ, ეს კასეტები კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მრევლის ახალგაზრდულ ჯგუფებში.
პირადად ჩემი და არამხოლოდ ჩემი ინტერესი ქრისტიანობისადმი ნამდვილად რაფაელის ლექციებმა გაზარდა.
ბოლოს, როდესაც პრობლემები შემექმნა ჩემს მოძღვართან, სარწმუნოებრივი საკითხების გამო, რადგან ის ყველაფერში ამართლებდა პატრიარქს და თვით ეკლესიის სწავლებაზე, მამათა მოძღვრებაზე, აღმატებულ ავტორიტეტს ანიჭებდა, სწორედ რაფაელთან მივედი რჩევისთვის.
მან კი ასეთი რამ მითხრა: ''არისტოტელე პლატონის მოწაფე იყო, მაგრამ როდესაც მის მოძღვრებას დაუპირისპირდა ასეთი რამ სთქვაო - ''პლატონ მნე დოროგ, ნო ისტინა დაროჟეო''.
ამის შემდეგ იმ მოძღვარს ცხადია დავშორდი კიდეც.
თავად რაფაელი ერთი დაშინებული, დაჩაგრული კაცი იყო და რუსულ ეკლესიაში მსახურობდა, სადაც ასევე არ ეპიტნავებოდათ გამორჩეული ერუდიციის გამო და შემოგზავნილ სიონისტ იუდეველად მიიჩნევდნენ.
ის არქიმანდრიტმა იოანე შეყლაშვილმა აღმოაჩინა და სახელიც მან გაუთქვა, მრევლიც მისკენ მიმართა და კარგა ხანი მის პოპულარიზაციასაც ეწეოდა, ვიდრე 9 აპრილის სისხლი არ დაიღვარა.
საქმე იმაში იყო, რომ რაფაელი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევდა ეროვნულ მოძრაობას და მას ''დემონსტრაციას'' ანუ ეშმაკთა მსვლელობას ეძახდა. ამიტომაც, როდესაც 9 აპრილის დარბევა მოხდა, და ცხადია ამას საყოველთაო ტკივილი და გლოვა მოჰყვა, რაფაელის რეაქცია ინდეფერენტული იყო, რაც იოანეს მიერ მასთან ჭკუის სასწავლებლად გაგზავნილ სასულიერო პირებს და მრევლსაც დაეტყო.
ამის შემდეგ იოანემ მასზე გული აიცრუა, ის სამღვდელობა და მრევლი კი ბოლომდე რაფაელის ერთგული დარჩა. იოანეს საპატრიარქოდან წასვლის შემდეგ კი ზემოთ ნახსენები იერარქიული ვერტიკალი შეადგინა, რომლის თავშიც დღემდე რაფაელი დგას.
ცხადია მანამდე იოანემ მოასწრო რაფაელის მორალური განადგურება, როდესაც ის სიცრუეში და ორპირობაში გამოიჭირა და მიწასთან გაასწორა.
ამიტომაც პირველი ვინც საპატრიარქოდან გამიჯნულ ანტიეკუმენისტ ბერებს და მათ მომხრეებს დაუპირისპირდა, სწორედ რაფაელ კარელინი იყო.
რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს ლოცვა კურთხევით, ვითომ თავად ანტიეკუმენისტმა რაფაელმა, რომელიც მანამდე წერდა: ''“მთელი საეკლესიო კანონიკის საფუძველზე ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლების ზიარება ერეტიკოსებთან ერთად დაუშვებელია.
საიდუმლოებების ერეტიკოსებთან გაზიარება მწვალებლობის შეცდომების მისტიკური გაზიარებაა” (“გამოწვევა მოდერნიზმს”, გვ.35), არაერთი წიგნი გამოსცა ჩვენს წინააღმდეგ.
რაფაელს არასოდეს ეპიტნავებოდა დისიდენტები, არც პოლიტიკური და არც რელიგიური. ამის მიზეზს მოგვიანებით მივხვდი, როდესაც სრულიად შემთხვევით ინტერნეტში შემხვდა საბჭოთა ''დოკუმენტური'' ფილმი-ჟურნალი. ასეთ კინოჟურნალებს საბჭოთა კინოთეატრებში აჩვენებნენ ხოლმე ფილმის დაწყებამდე.
ეს იყო საბჭოთა ინდუსტრიალური, აგრარული, კულტურული წარმატებების პროპაგანდისტული კინოქრონიკა, სადაც აჩვენებდნენ მოწინავე მეშახტეების, მეტალურგების, მეჩაიეების, მწველავების, კულტ.
მუშაკთა დამკვრელური შრომის კადრებს შესაბამისი მაჟორული, ცამპა-ცუმპა მუსიკალური გაფორმების ფონზე.
და, აი ასეთივე ტიპის კინოჟურნალში, რომელიც მიძღვნილი იყო საბჭოეთში მორწმუნეთა ბედნიერი ცხოვრების, მათ მიმართ პარტიის განუხრელი რუდუნებითი ზრუნვისა და ხელშეწყობის შესახებ, ვხედავ რაფაელს, რომელიც ზაგორსკის სასულიერო აკადემიის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, მაგიდასთან ზის და წიგნს კითხულობს.
თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დროს, როდესაც ნამდვილი ქრისტიანები ციხეებში და გულაგებში იტანჯებოდნენ, ასეთ იდილიურ, პარტიისა და მთავრობის ''ზრუნვით'' გაჯერებულ გარემოში სასულიერო პირის აქცენტირებული გადაღება, წინასწარ შერჩეულ ინტერიერში, შესაბამისი რეპეტიციებით და ა.შ., ამ ბინძურ პროპაგანდაში თანამონაწილეობის ტოლფასია.
განსაკუთრებით კი რაფაელს რუსული ემიგრანტული ეკლესია სძულდა.
ეკლესია, რომელიც იმხანად ერთადერთი ამბობდა სიმართლეს საბჭოეთში ქრისტიანთა დევნის და რეპრესიების შესახებ, რომელმაც მოახდინა სტალინის დროს დახვრეტილი ახალმოწამრეების კანონიზაცია, ანათემას გადასცა სეგიანელობა, წითელი ეკუმენიზმი და ა.შ. როგორც კი ვინმე ამ ეკლესიის შესახებ რამეს იტყოდა, რაფაელი გაშმაგებით იწყებდა მათ დამუნათებას, რასკოლნიკებს ეძახდა.
ერთხელ მე და მამა ლაზარე აბაშიძე მივედით მასთან სახლში.
მაშინ რაღაც კრებულის გამოცემას ვაპირებდით და ლაზარემ თქვა მასალები რაფაელს ვაჩვენოთო. იმ კრებულში რამდენიმე წერილი ემიგრანტული ეკლესიის წევრებს: წმ.იოანე მაქსიმოვიჩს. მთავარეპისკ. ამბერკი ტაუშევს და მამა სერაფიმე როუზს ეკუთვნოდათ. უჰ! როგორ შეიძლებაო გაასავსავა ხელები რაფაელმა, ეგენი სქიზმატები არიანო.
ჩვენ შევეკამათეთ, ლაზარემ მაშინ ასეთი რამ უთხრა: ''რა უცნაურია მამაო, ვისთანაც ერთობა გვაქვს, იმათთან არაფერი იდეური არ გვაქვს საერთო, და ვისთანაც ერთსულევნება გვაქვს, იმათთან კი საეკლესიო ერთობა არ გვაქვსო''.
მიუხედავად საკმაოდ ფართო ერუდიციისა, რაფაელი მხოლოდ თვითნასწავლი თეოლოგი იყო ყოველთვის, ის ვერადავერ გასცდა მე-19 საუკუნის რუსული სქოლასტური სკოლის მეთოდოლოგიას, რომელიც რეალურად პროტესტანტული მეთოდოლოგიიდან იყო ნასაზრდოები.
სარწმუნოებრივ საკითხებშიც, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა უკან იხევდა ყოველთვის.
მაგალითად, როცა 1983 წელს ილია მეორემ იეზუიტი მღვდლები აზიარა საკუთარი ხელით სიონის საკურთხეველში, პირადად პროტესტიც კი არ გამოუხატავს პატრიარქის წინაშე.
ერთხელ ისიც კი თქვა: მხოლოდ მაშინ გავწყვეტ კავშირს პატრიარქთან, თუ ის იტყვის იესო ქრისტე ღმერთი და მაცხოვარი არ არისო.
ანუ ზუსტად გაიმეორა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მინიმალისტური დოგმატური ბაზისი. რომელი ნესტორიანელი, მონოფიზიტი, მონოთელიტი, პროტესტანტი თუ სხვა ერეტიკოსი ამბობს ქრისტე ღმერთი არ არისო.
მოკლედ მალევე რაფაელი მთავარ სულიერ ავტორიტეტად ჩამოყალიბდა ყველაზე აქტიური და კლერიკალური სამღვდელოებისთვის და მრევლისთვის.
თანამედროვე საეკლესიო რუსოფილია და ზოგადად არსებული პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების იდეურ ზურგს, სწორედ რაფაელის მიმდევარი სამღვდელოება წარმოადგენს.
ამას წინათ ერთმა მათმა მრევლმა პირდაპირ მითხრა: ''ჩვენი მამაო გადარჩენას მხოლოდ რუსეთში ხედავსო, ასე ამბობს მისი მოძღვარიც, ანუ მოძღვართმოძღვარიო.
აქ იგულისხმება არქიმანდრიტი ბასილ(ზურაბ) ანთაძე.
მე ვკითხე და მისი მოძღვარი ვინ არის თქო? - მამა რაფაელიო! ანუ მთავარი იდეური რუსიფიკატორი საქართველოში რაფაელია.
ერთხელ მახსოვს აკადემიაში, ილია მეორემ სტრუდენტების და პედაგოგების წინაშე გააშავა რაფაელი, - შენ რა ადამიანი ხარ, საქართველოში დაიბადე, გაიზარდე და ქართული არ ისწავლეო!
მეტს აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ გრაფს სეგედს დავესესხები, ორიოდე ეპიზოდს მოგიყვებით, რომლის უშუალო დამსწრე ვიყავი და თავად გამოიტანეთ დასკვნა არქიმანდრიტ რაფაელის შესახებ.
პირველი ეპიზოდი - 80-იანებში ეკუმენისტუირი აქტივობის პიკზე, რომის პაპმა იოანე-პავლე მეორემ იტალიაში ქ. ასიზში, ფრანცისკ ასიზელის ბაზილიკაში მთელი მსოფლიოს რელიგიური ლიდერები მიიწვია ერთობლივი მდუმარე ლოცვითი მედიტაციისთვის.
საქართველოდან მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე და მღვდელი დავით დათუაშვილი, ამჟამად მიტროპოლიტი დანიელი გამოირჩია პატრიარქმა.
დანიელის ძმა მ.ზურაბ ანთაძე და სხვები დანიელს არ ურჩევდნენ წასვლას სარწმუნოებრივი მოსაზრებებით. თავად დანიელს კი ძალიან უნდოდა წასვლა.
გადაწყდა რაფაელთან მისვლა და მისი პოზიციის მოსმენა.
როდესაც დანიელმა რაფაელს აუხსნა სად და რისთვის გზავნიდნენ, რაფაელმა უთხრა, რომ იქ წასვლა არაფრით არ შეიძლებოდა. მაშინ დანიელმა მძიმე არტილერია ჩართო: პატრიარქის ლოცვა-კურთხევააო!. რაფაელმა პაუზა გააკეთა და საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა: თუ ლოცვა-კურთხევაა, უნდა წახვიდეო! გამოვიდა დანიელი გახარებული, და მოყვა ასე იყო და ასეო.
მეორე ეპიზოდი - მაშინ სიონის სტიქაროსნები ვიყავით.
ერთი ჩვენი ძმა და მეგობარი, ახლა პრიმა მღვდელია, ატყდა - ქორწილში დამპატიჟეს და არ მინდა წასვლა, მაგრამ მ. რაფაელს მინდა მაინც ვკითხოო.
ჩვენც წავყევით მივედით ტაძარში, გამოვიდა რაფაელი, და ეს უყვება ასეთი და ასეთი ქორწილი იქნებაო და წავიდეო? რაფაელი მიტრიალდა კანკელის ხატებისკენ, ჩვენც იქვე ვზივართ და ვუყრებთ, მოტრიალდა ცოტა ხანში და ეუბნება - უნდა წახვიდეო.
ამას არ უნდა წასვლა, იმიტომ , რომ მერე, როცა ეტყვიან , რატომ არ მოხვედიო, უპასუხოს მ.რაფაელმა არ მომცა ლოცვა-კურთხევა თქვენთან ღრეობის, თქვე წარმართებო და ცოდვილებოო.
ანუ ამ ჩვენს მეგობარს გეგმა აქვს წინასწარ შედგენილი, მოპატიჟეთა მორალური განადგურებისა და ამისთვის მოწმეების, ანუ ჩვენი თანდასწრებით უნდა დააფიქსიროს სულიერი გურუს აკრძალვა.
არადა იმან ილოცა და უთხრა - უნდა წახვიდეო. აუჰ, ამან იქ ამბავი ატეხა, რაღაც საშინელებებს ყვება, რათა რაფაელი გადაარწმუნოს.
იმანაც უსმინა და როცა დარწმუნდა ამას წასვლა არ უნდოდა უთხრა: მოიცადეო, მიბრუნდა ისევ ხატებისკენ, ცოტა ხანში მობრუნდა და უთხრა:
არ წახვიდეო!", - წერს აროშვილი.
1773848905
ახალი ამბებიმეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...
1773848164
ახალი ამბებისამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ...
1773847193
ახალი ამბებიმსოფლიო პატრიარქი ბართლომე: მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები
მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინ...
1773845844
ახალი ამბებიპატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მსვლელობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ასევე, აღმას...
1773845403
ახალი ამბებისამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხანში პატრიარქ ილია მეორეს დაასვენებენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამები...































