მეუფე შიო: მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით

 „რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს.... რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.

...მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში...

...ცოდნა - ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მესამე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ორი ათასი წელი გავიდა უფალ იესო ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ზოგიერთ გამონათქვამს დღესაც ძნელად იღებენ ადამიანები და ამის გამო ბრკოლდებიან.

დღეს წაკითხულ სახარებაში მაცხოვრის სწორედ ასეთი სიტყვები იყო მოტანილი. იგი ამბობს, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საჭმელზე, სასმელზე, ფულზე, ცივილიზაციისა და კულტურის იმ სიკეთეებზე, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა, რომლებსაც აღმერთებს ადამიანი და თაყვანს სცემს, როგორც კერპებს.

როგორ შეიძლება, არ ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე და ვემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს და ველის შროშანებს? როგორც მოისმინეთ, ზუსტად ამას ამბობს მაცხოვარი, მაგრამ იგი ამბობს: „პირველად იზრუნეთ ღვთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33).

დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის - ღვთის სიმართლე და სასუფეველზე ზრუნვა, თუ მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტზე ზრუნვა? ჩვენი ცხოვრების უმეტესობას განა ეს საზრუნავები არ ავსებს? განა პირველად არ ზრუნავენ ადამიანები ხორციელ და მშვინვიერ სიამოვნებაზე, ვიდრე ღმერთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? და განა უფრო მეტად არ ზრუნავენ, როგორც გითხარით, კულტურისა და ცივილიზაციის სიკეთეების მოპოვებაზე, ვიდრე ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? შედეგად, ნახეთ, რას ვიღებთ: ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს. აქედან ვრწმუნდებით იესო ქრისტეს სიტყვების სისწორეში, რომ რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.

აი, დაუკვირდით, უფალი იესო ქრისტე არ ამბობს იმას, რომ ნუ მოიპოვებთ ამ მატერიალურ სიკეთეებს, ვინაიდან ხომ შეუძლებელია ცხოვრება საჭმლისა და ტანსაცმლის გარეშე? ამას არ ამბობს უფალი. არც ის უთქვამს, რომ არ იშრომოთ იმისთვის, რომ იქონიოთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის, არამედ ის ამბობს მხოლოდ ამას, რომ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ, რადგან ღმერთმა იცის, რა გჭირდება. შენ თუ პირველად ეძიებ მას - უფალს და სასუფეველს, ის მოგცემს ყველაფერ იმას, რაც საფუძველია შენი ცხოვრებისა (მატერიალურ საფუძველს ვგულისხმობ). ამას აუცილებლად მოგცემს. ამას ამბობს უფალი.

მაცხოვრის ამ გამონათქვამში დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. ე. ი. ადამიანის შესახებ მაცხოვრის ქადაგების მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვეძიოთ პირველად ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ და თაყვანი არ უნდა ვცეთ პირველ რიგში იმას, რასაც ვეთაყვანებით. რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში. შესაბამისად, იზრდება უკმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს შეძლებული ადამიანებიც, თუ არ ცხოვრობენ სულიერად, არიან უკმაყოფილონი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა პირობა აქვთ ცხოვრებისთვის, მაინც უკმაყოფილონი არიან. რატომ ემართებათ ეს? იმიტომ, რომ მათი სულია უკმაყოფილო, სული არ არის დანაყრებული, სულს არ ეძლევა საზრდო, რადგან ადამიანი არ ფიქრობს ღმერთსა და მის სიმართლეზე. უფალმა კი გვითხრა, რომ თუ პირველად ეძიებთ სასუფეველს, იქნებით კმაყოფილიც, დანაყრებულიც, გექნებათ სიხარული და ბედნიერება.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაშასადამე, ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი თავად ჩვენშია, იმიტომ რომ, მიუხედავად მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა, ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, რადგან სულიერად არ უმჯობესდება, სულიერად არ ხდება უკეთესი და, შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რას დაემსგავსა ცხოვრება თანამედროვე სამყაროში.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად უნდა ვიხსენებდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს უფლის გამონათქვამი, რომელიც დღეს წავიკითხეთ სახარებაში: „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მის სიმართლეს და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ“, ამინ.

დღეს ჩვენთან არიან მოსული ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები.

ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, მთელი გულით დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი განათლების სარბიელს. გახსოვდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა - ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები ღვთის წყალობით.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს ჩვენ ვლოცავთ გუტაშვილების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ“, - იქადაგა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751218787

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა ევროპელ ბიუროკრატებზე: ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ აღებული და ღმერთმა იცის რას ლაპარაკობენ

 არანაირი პერსპექტივა ამ დაწესებულებას აღარ აქვს და გასაკვირიც არ არის. ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ ა...

ააა

1751217082

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არაა წასახალისებელი ამბავი - მაგრამ, საქართველში მოიძებნა ფიგურა, გერმანიის ელჩი, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა

 საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი ეხმიანება გერმანიის ელჩის ვიზიტს მოშიმშილე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან, რომლის განცხადებითაც, შიმშილობას შეწყვეტს, თუ...

გურამ ნიკოლაშვილ

1751208776

ახალი ამბები

გრეტა წიწავა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა - ვითომ კინკლაობთ, ერთნი ხართ და რასაც დაგავალებენ იმას გააკეთებთ!

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას...

გრეტა წიწავა

1751203091

მსოფლიო

უკრაინამ ოტავის კონვენცია ოფიციალურად დატოვა

 უკრაინა ოფიციალურად ტოვებს ოტავის კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გამოყენებას კრძალავს. ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განკარგულებას ვოლოდი...

ააა

1751202381

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: თურმე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაფიცულა, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო

 პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაიფიცა, კ...

ანალიტიკოსი