სარწმუნოების მეშვეობით იწყებს ადამიანი ცოდვების გამოსწორებას და მადლმოსილ, მადლიან სულიერ ცხოვრებას - მიტროპოლიტი შიო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ჯვართამაღლების დღესასწაულის შესახებ იქადაგა. ქადაგებას უცვლელად გთავაზობთ:
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ჯვართამაღლების წინა კვირა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას და ლოცვა-კურთხევას.
ჯვართამაღლება, როგორც იცით, ხვალ იქნება, მაგრამ ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომ იგი განსაკუთრებით აღინიშნება. მას წინ უძღვის აი, ეს წინა კვირა დღე, როგორც ასევე დღესასწაული და ჯვართამაღლების შემდეგაც არის მისი შემდგომი კვირა, რომელიც ასევე ეძღვნება ჯვართამაღლების თემას.
აი, ამ დღესთან დაკავშირებით დღეს წაკითხული იყო ეპიზოდი იოანეს სახარებიდან, როდესაც უფალ იესო ქრისტესთან ღამით მიდის ებრაელთა ერთ-ერთი მთავართაგანი, სახელად ნიკოდიმოსი და ეტყვის: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღმერთისგან ხარ მოსული მოძღვრად, რადგან ვერავის ძალუძს იმ სასწაულების ქმნა, რომლებიც შენ აღასრულე, ღმერთი რომ არ იყოს შენთან“. ეს ცნობილი დიალოგია, ძალიან ღრმა სწავლებას გადმოსცემს აქ იოანე ღვთისმეტყველი, როგორც ყოველთვის. უფალი იესო ქრისტე მას დაუწყებს საუბარს მეორედ შობაზე და ეტყვის, რომ „ვინც არ დაიბადება ხელახლა, ის ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს“.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკოდიმოსი ერისმთავარია, სინედრიონის წევრია, იგი, რა თქმა უნდა, ვერ ხვდება, რას ნიშნავს მეორედ დაბადება და ეკითხება: „ეს როგორ იქნება, როგორ უნდა დაიბადოს ადამიანი ხელმეორედ, ხელახლა?“ - და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფალი იესო ქრისტე, მოუხედავად იმისა, რომ ნიკოდიმოსს ეს ყველაფერი ბოლომდე არ ესმის, მაინც ეუბნება ამ დიდ ქრისტიანულ საიდუმლოებებს და აძლევს ერთგვარ მონახაზს, მინიშნებებს, რომლებიც შეიძლება შევადაროთ დიდი ფერწერული ტილოს კონტურებს და ისეთ რამეს ეტყვის, რომ უკვე თავის ჯვარცმაზე, თავის ამაღლებაზე მიუთითებს საიდუმლოდ. „არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ზეცაში“, - ეტყვის უფალი იესო ქრისტე ნიკოდიმოსს.
აქ უფალი საუბრობს თავის თავზე, იმიტომ რომ თვითონ ძე ღმერთი განკაცდა, ჩამოვიდა ჩვენთან, გახდა მსგავსი ჩვენი, ცოდვის გარდა. შემდეგ ჯვარს ეცვა და ისევ ამაღლდა ზეცად. აი, ამაზე საუბრობს აქ უფალი იესო ქრისტე.
რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ნიკოდიმოსს ეს ბოლომდე არ ესმის, მაგრამ უფალი იესო ქრისტე განაგრძობს და ესაუბრება უკვე სხვა, მეორე ამაღლებაზე და მოჰყავს ისეთი მაგალითი, რომელიც ნიკოდიმოსს უკვე ესმის. უფალი ამბობს, - როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში. ეს ნიკოდიმოსს ახსოვს, იმიტომ რომ ყველა ებრაელს ახსოვდა ეს ამბავი. თქვენ გახსოვთ, როგორ მოხდა ეს. როდესაც ებრაელებმა მორიგ ჯერზე იდრტვინეს და უსაყვედურეს მოსესა და თავად ღმერთს, მაშინ ღმერთმა მათ სასჯელის სახით შემოუსია მკბენარი, შხამიანი გველები. ბევრი დაიხოცა მაშინ ხალხში. მოვიდნენ და სთხოვეს მოსეს, ელოცა ღვთის წინაშე, რომ ეს გველები მოეშორებინა. მართლაც, მოსე ილოცებს და ღმერთი მას ეტყვის, რომ გააკეთე სპილენძის გველი, აღმართე ძელზე და ვინც შეხედავს ამ გველს, ამ გველის მზირალნი გადარჩებიან, თუ ვინმეს ნაკბენი ექნება, ის არ მოკვდება, განიკურნებაო. მართლაც, ასე მოხდა.
აი, ამას ამბობს უფალი იესო ქრისტე, იმიტომ რომ მოსეს მიერ გველის ამაღლება ეს იყო წინასახე ქრისტეს ჯვარცმისა. როგორც ის სპილენძის გველი კურნავდა იმ დაკბენილ მზირალთ, ვინც მას უმზერდა, ასევე იესო ქრისტე, თავის ჯვარზე ამაღლებული, კურნავს ჩვენს ცოდვებს, მან ჯვარზე გააკრა ადამიანის ცოდვები, გამოისყიდა ეს ცოდვები და მოგვიპოვა ჩვენ თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე.
აი, ეს კიდევ მეორე რამ, რაც იესო ქრისტემ ნიკოდიმოსს უთხრა. შემდეგ ასე ამბობს უფალი: „როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძე კაცისა“. ეს შედარებაა და ნიკოდიმოსისთვის ახალი აღთქმის მთელი ეს ისტორია, რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ იწყება და არც ეს ესმის ბოლომდე. შემდეგ უფალი დასძენს: „ისე შეიყვარა ღმერთმა ეს ქვეყანა, რომ ძე თვისი მხოლოდშობილი მისცა, რომ ყოველი მორწმუნე მისი არა წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს მას საუკუნო სიცოცხლე“.
ამრიგად, აი, ჯვართამაღლების წინა დღეს ჩვენი წმინდა ეკლესია ისევ ჯვარზე გვესაუბრება, ქრისტეს ჯვარზე, ქრისტეს ამაღლებაზე, საუკუნო სიცოცხლესა და სარწმუნოებაზე საუბრობს და გვასწავლის, ვინაიდან ეს საუკუნო სიცოცხლე მიიღწევა სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოების მეშვეობით შეიძლება განჭვრიტოს ადამიანმა, თუ რას ნიშნავს „ზეციდან ჩამოსული ძე ღმერთი“, თუ რა გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით ჩვენთვის, არა მარტო ჩვენთვის, არამედ პირადად შენთვის, პირადად ჩემთვის, ეს უნდა გავიაზროთ ყველა ჩვენგანმა.
ეს ხდება სარწმუნოებით, სარწმუნოებით შეიყვარებს ადამიანი უფლის მცნებებს, სარწმუნოების მეშვეობით იწყებს იგი ცოდვების გამოსწორებას და მადლმოსილ, მადლიან სულიერ ცხოვრებას.
აი, ამ ყველაფერზეა, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი დღე, დღევანდელი სახარება და ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოდიმოსს ეს ბოლომდე არ ესმოდა, უფალი მაინც ეუბნება, მაინც თქვა უფალმა ეს, იმიტომ რომ უფლის სიტყები - ეს არის სიტყვა ჭეშმარიტებისა და იგი არის სიტყვა ჭეშმარიტებისა, მიუხედავად იმისა, ჩვენ რამდენად გვესმის, რა ზომით გვესმის და გვესმის თუ არა.
ასე რომ, ჩვენც დღეს შეიძლება ბოლომდე არ გვესმის ის, რაც არის გადმოცემული სახარებაში. აი, დღეს გვარები არიან მოსული დასალოცად, ჩვენ დღეს მრავლად ვართ, უამრავი ადამიანი ეზიარა და შეიძლება ბოლომდე არ გვესმის ეს საიდუმლოებები, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი, მაინც უნდა ვისწავლოთ, მაინც უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენ ვიტყვით იმ სიტყვებს, რომლებიც დღეს იყო სამოციქულოში პავლე მოციქულის მიერ წარმოთქმული: „ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე, გარდა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ!
ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენება, ჩვენი დიდი საყვარელი წმინდანის და მფარველის.
გილოცავთ ამ დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ქეთევანს, უფალმა ინებოს, რომ მისი ლოცვითა და მფარველობით გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, გააძლიეროს და გადაარჩინოს, ამინ!
დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ქარჩაიძეები, კოროშინაძეები და ჯაბიძეები.
ღმერთმა გაგახაროთ და ჯვარმა ცხოველსმყოფელმა და პატიოსანმა დაგიცვათ, გაგამრავლოთ და გაგახაროთ, ამინ!"
1775283927
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს...
1775283820
ახალი ამბებიაჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშე...
1775282741
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4 აპრილს
4 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +16 გ...
1775249019
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო. საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ „სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით...
1775247093
ახალი ამბებიდღეს ლაზარეს შაბათია
მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღ...





























