"მთელი ცხოვრებაა ვუყურებ მახინჯი დიეტების კულტურისა და სასტიკი სილამაზის სტანდარტების შედეგებს როგორც სხვებზე, ისე საკუთარ თავზე" - ლია ლიქოკელი

მწერალი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში წერს:
"მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორ აძლევენ თავს უფლებას ადამიანები, დაწყებული ნათესავებითა და მეზობლებით, დამთავრებული სრულიად უცხოებით - კომენტარები აკეთონ ისეთ ინტიმურ რამეზე, როგორიცაა შენი სხეული, წონა, ფორმა თუ ჯანმრთელობა და ვერც კი ხვდებიან, რამდენად უზრდელები, სულელები და ზოგჯერ უბრალოდ ბოროტები არიან.
მთელი ცხოვრება ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ამ გაუთავებელი კომენტარებით და რეალურად, სასტიკი ბულინგით ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს ჭარბი წონის გამო და როგორ მოესპო ამის შედეგად ყველანაირი ჯანმრთელობა - ფსიქიკური თუ ფიზიკური, მუდმივი თავის გვემით თუ გულისწასვლამდე შიმშილობებითა და დიეტებით.
მთელი ცხოვრებაა ვუყურებ მახინჯი დიეტების კულტურისა და სასტიკი სილამაზის სტანდარტების შედეგებს როგორც სხვებზე, ისე საკუთარ თავზე:
ჩემი ფსიქიკა ჯერ კიდევ მოზარდობისას გატყდა, დაიმსხვრა ამ ნიადაგზე და უბრალოდ გაწყვიტა კავშირი სხეულთან.
მას შემდეგ სხეულის დისკომფორტით ვიტანჯები და მთელი რიგი კვებითი აშლილობებიც მერგო.
ამაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ მრცხვენია და მოკლედ ვიტყვი - ეს არის ჯოჯოხეთი.
მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორ იწამებენ თავს სრულიად "ჯანსაღი" წონის მქონე ადამიანები შიმშილობითა და ჯანმრთელობის შემარყეველი კვების რეჟიმებით იმის გამო, რომ რაღაც სტანდარტებში ვერ ჯდებიან, ან უბრალოდ, ეჩვენებათ, რომ ვერ ჯდებიან - ამ სიგიჟეში რაღაც მომენტში უბრალოდ კარგავ საკუთარი სხეულის აღქმას.
სიტყვა "ჯანსაღი" შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში.
მე არ ვიცი, რა არის ჯანსაღი:
რეალურ ცხოვრებაში BMI - სხეულის მასის ინდექსი - უბრალოდ არ მუშაობს.
მაშინაც კი, როცა წონის დეფიციტის ზღვარზე ხარ, მაგრამ ორიოდე კილოგრამი მოიმატე, გამოჩნდება ვინმე, ვინც შეიცხადებს:
"უი, როგორ მოსუქებულხარ, რატოოომ?"
და პასუხად რას შვრები? - კი.
თავს იმართლებ.
იმიტომ, რომ ასე ჩაგეტენა თავში:
ყველა დამატებითი გრამი შენს სხეულზე არის სირცხვილი - შენ დამნაშავე ხარ და პასუხს გაგებინებენ.
ყველაზე უარესი კი მაინც ჯანმრთელობით მანიპულირება მგონია - აი, შენი ჯანმრთელობა ადარდებთ, სხვა კი არაფერი.
არ დაიჯეროთ - ყველაზე ახლობლების გარდა, ჩვენი ჯანმრთელობა სრულიად კიდიათ ადამიანებს:
გააჩერეთ ვინმე და ელაპარაკეთ თქვენს თირკმელებზე - მაშინვე დარწმუნდებით ამაში.
ამიტომ, ჩვენს გამრუდებულ, უკუღმართ რეალობაში სხეულის წონა (ჯერჯერობით) პირველ რიგში ესთეტიკური საკითხია.
სამწუხაროდ, სილამაზის სტანდარტები კონკრეტული სხეულის მოდელს გვთავაზობს და გვგონია, მას თუ არ მოვერგებით, ვერ ვიქნებით მისაღებები.
და სწორედ ესაა უბედურება.
რეალურად ამ კუთხით გვზომავენ და გვწონიან ზუსტად, და ამ ასპექტის გათვალისწინების გარეშე საერთოდ არ ღირს წონაზე ლაპარაკი.
მხოლოდ მედიცინას აქვს ამის უფლება, და აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი მხოლოდ სხეული არაა - ფსიქიკა აქვს და ფსიქიკური ჯანრთელობა არის უმნიშვნელოვანესი.
"ფსიქიკური ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ" ხალხის გასაგონად კი ვიტყვი, რომ სხეულზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. მიბმულია ნებისყოფაზე, მონდომებასა და მოტივაციაზე, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
და ბულინგი, ადამიანის შერცხვენა და დამუნათება არცთუ კარგი მოტივაციაა.
უბედური, დანაშაულის გრძნობით გატანჯული ადამიანი ვერასოდესაა ისეთი ყოჩაღი, თუნდაც საკუთარ თავზე ზრუნვაში, როგორც ბედნიერი, თავდაჯერებული, მიღებული და საკუთარ მშვენიერებაში დარწმუნებული.
ჰოდა, კარგად დაფიქრდით, სანამ ადამიანებს ხორცის ნაჭრებივით გაზომავთ და აწონით.
ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ვინმე იტანჯება ჩვენ გარშემო კვებითი აშლილობებით (ბევრმა თავადაც არ იცის, რა ჭირს, ბევრი არც აღიარებს), როგორ იტანჯებიან საკუთარი სხეულის მიუღებლობითა და გაუთავებელი ბრძოლით საკუთარ თავთან მხოლოდ იმიტომ, რომ ვერაფრით შევიგნეთ - სხეული ეკუთვნის სხეულის პატრონს.
მისი ჯანმრთელობაც.
ფორმაც.
წონაც.
და არავინ იცის ჩვენზე უკეთ, რა უჭირს და რა სჭირდება ჩვენს სხეულებს.
რაც შეეხება იმას, რა არის ლამაზი და რა არა - მინდა იმ დღეს მოვესწრო, როცა ადამიანის, კონკრეტულად კი ქალის, ღირებულება ამ აბსტრაქტული საზომით არ გაიზომება, განსაკუთრებით კი წონასთან მიმართებაში (ეს სიგამხდრესაც ეხება - "ვაიმე, როგორ გახდი, ავად ხარ? არ გაჭმევენ? ძვლები არავის უყვარს"- ასევე ბოროტებაა).
ბოლოს და ბოლოს, ის ბავშვები მაინც შეიბრალეთ, ვინც ახლა იზრდება, ნუ აყურებინებთ და ასმენინებთ ამას და როცა მსგავსი კომენტარების გაკეთება მოგინდებათ - უბრალოდ გაჩუმდით",- წერს ლიქოკელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს
1751781759
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
6 ივლისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ. ოზურგეთში უნალექო ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. არც ბათუმში იწვიმებს. დღისით...
1751745680
მსოფლიოისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა ანსტისამთავრობო აქცია გამართეს
ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა ანსტისამთავრობო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების სახლში დაბრუნება მოსთხოვეს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც „ჰამასმა“ განაცხადა, რომ დადებ...
1751742625
სპორტიკონსტანტინე პეტრიაშვილი და დავით ჭეჭელაშვილი 20-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ორივე მათგანმა საკუთარი მეტოქე 10...
1751742559
სპორტისაქართველო-ირლანდია - მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 5:34 დასრულდა
საქართველო-ირლანდია - მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 5:34 დასრულდა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა.
1751740759
სპორტიკვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გუნდში ერთ-ერთი ყვე...