მეუფე შიო: მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის

„მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა... რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის…“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო აცხადებს, არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება...“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ათი კეთროვნის განკურნების შესახებ (ლკ. 17, 12-19). როდესაც ამ ეპიზოდს ვკითხულობთ, მაცხოვრის შეკითხვაში ჩანს მისი დიდი სიკეთე, ამავე დროს კი, ისმის საყვედურიც: „გარნა ათნივე არ განიწმინდნენ? ცხრა სადღა არის?!“ - ნუთუ ეს ცხრა იმდენად გულქვა აღმოჩნდა, რომ სურვილიც კი არ გაუჩნდათ, მობრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ მკურნალისთვის?! მაგრამ არც მობრუნდნენ და არც მადლობა უთქვამთ (ლკ. 17, 17).

რა ნაცნობია ეს ჩვენთვის! ჩვენც გვავიწყდება, თუ არ გვიყვარს, მადლიერების გამოხატვა. ეს ვლინდება ყოველდღიურობაშიც და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაშიც; ჩვენს ლოცვებშიც არის ეს ეგოიზმის წილი. ზოგჯერ ჩვენს თხოვნებს ვურთავთ ხოლმე რაიმე დაპირებას. მაგალითად, პარაკლისს გადავიხდი, ან ეკლესიას შევწირავ რამეს, ან გლახაკებს დავეხმარები და ასე შემდეგ, მაგრამ საკმარისია, განსაცდელმა გადაიაროს, ამ მწუხარებამ დაგვტოვეს, რომ ეს დაპირებები გვავიწყდება და იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება მადლიერებისა და ლოცვის გარეშე.

ლოცვის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს წერენ წმინდა მამები. მაგალითად, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, ღმერთს ძლიერ სურს, მას მივმართავდეთ და ვევედრებოდეთ ყოველი საქმის გამო, მის გარეშე არც არაფერს ვაკეთებდეთ და არც ვამბობდეთ. როცა ადამიანებს ხშირად ვაწუხებთ ჩვენი თხოვნებით, ჩვენი საქმეებით, ისინი ღიზიანდებიან, გაგვირბიან, უსიამოვნო განწყობა ექმნებათ ჩვენ მიმართ. უფალი, პირიქით, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მაშინ კი არ რისხდება, როცა ხშირად მივმართავთ მას, არამედ, პირიქით, სწორედ მაშინ გვიწყრება, როცა ამას არ ვაკეთებთ. ეს არის მოსიყვარულე გულის თვისება; მას სურს, მისი საყვარელი ადამიანი ხშირად მიმართავდეს, მის გარეშე არაფერს აკეთებდეს და არაფერს ამბობდეს.

როგორც იცით, სავედრებელ ლოცვებთან ერთად არსებობს სამადლობელი ლოცვებიც. დღეს სწორედ მადლიერების მნიშვნელობაზეა სახარება. მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც ხსნის ადამიანის გულში მის უსაზღვრო სიღრმეს, აღსარების, აღიარების სიღრმეს, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა იმ სიკეთისთვის, როგორც ნათქვამია წმინდა ლიტურგიის ევქარისტიულ კანონში: „რომელიც ვუწყით, რომელიც არა ვუწყით, საჩინოთა და უჩინოთა, ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა“.

მაშასადამე, საოცარია უფლის ეს შეკითხვა: „განა ათნივე არ განიკურნენ? ცხრა სადღა არის?“. ნუთუ ისინი ისეთი გულქვანი აღმოჩნდნენ, რომ არ გასჩენიათ სურვილი, მობრუნებულიყვნენ, მადლობა გადაეხადათ და ედიდებინათ უფალი, როგორც ეს გააკეთა მხოლოდ ერთმა მათგანმა, ისიც უცხოტომელმა, რომელიც მობრუნდა, დაუჩოქა უფალს, ხმამაღლა მადლობდა და ადიდებდა მას (ლკ. 17, 15-19). ეს ერთი ადამიანი მუდმივად დარჩება, ძვირფასო ძმებო და დებო, ადამიანური კეთილშობილების, ადამიანური მადლიერების სიმბოლოდ და მაგალითად.

ამრიგად, არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება და ჩვენს სავედრებელ ლოცვებთან ერთად არ დაგვავიწყდეს, დიდება და მადლობა შევწიროთ ჩვენს ზეციერ მამას, რომლის წყალობაც და მოწყალებაც, მიუხედავად ჩვენი მერყეობისა, უცვლელი რჩება; და რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766306526

ახალი ამბები

ვახტანგ თოფურია: ერთ მხარეს დგას „რუხი კარდინალი“ ანუ Deep State, თავისი პროპაგანდისტული მედია-საცეცებით, მეორე მხარეს კი - მსოფლიო, რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს

 „ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებებიდან გამომდინარე ამბობს, რომ მათ ფაქტობრი...

ვახტანგ თოფურია

1766303475

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ თუ პოლიტიკოსი ევროპელია, ის არ იტყუება, უკვე დროა ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმა...

ლევან მაჭავარიანი

1766300802

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული ლ.ძ. და 1993 წელს დაბადებული დ.ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენი...

საპატრულო პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

1766299223

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1766297793

ახალი ამბები

შსს-მ, 2026 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობები გამოაქვეყნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2026 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში...

შსს