საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, ასევე მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ინფლაციის მიმდინარე დინამიკაზე, მის გამომწვევ ფაქტორებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდა, ძირითადად, საგარეო ფაქტორებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსებისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების გაძვირებით არის განპირობებული.

„ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის შედარებით ხისტი კომპონენტები, რომლებიც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ოქტომბრის მდგომარეობით, საბაზო ინფლაციამ 3.9%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 4.0% შეადგინა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება მომდევნო თვეებში დასტაბილურდება და საგარეო ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%-ს, ხოლო 2027 წელს 3.5%-ს შეადგენს. მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმართ ფრთხილ და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას ინარჩუნებს.

„სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, პრევენციული მიზნით, 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე გავზარდეთ და ამ ეტაპზე უცვლელად ვინარჩუნებთ. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები და მეორე რაუნდის ეფექტები ძლიერდება, მზად ვართ პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გასამკაცრებლად. ხოლო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების კვალდაკვალ, განაკვეთის ეტაპობრივი შემცირების შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოსვლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7.4% შეადგინა.

„ზრდის ამგვარი სტრუქტურა ხელს უწყობს ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის გაფართოებას და ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 7.2% იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს და 5.5%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე შეფასებით, სტრუქტურული ეკონომიკური ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის საგარეო პოზიციაზეც. კერძოდ, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 2.9% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში 2.5%-მდე შემცირდა. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ხელს უწყობს როგორც მომსახურებით, ისე საქონლით ვაჭრობის დადებითი ტენდენციები.

ნათია თურნავამ ყურადღება ასევე გაამახვილა გაცვლითი კურსის სტაბილურობასა და ლარიზაციის ზრდაზე. მისი განცხადებით, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებისა და ხელსაყრელი ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს.

„2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ამავე პერიოდისთვის, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ლარშია დენომინირებული. ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და ხელსაყრელი ფუნდამენტური ფაქტორები საერთაშორისო რეზერვების შემდგომი ზრდისთვის საფუძველს ქმნის.

„2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში წმინდა შესყიდვების მოცულობამ უკვე გადააჭარბა გასული წლის მთლიან მაჩვენებელს და 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რეზერვების მოცულობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი ეფექტიანი მართვა და დივერსიფიკაცია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქროს წილის ზრდას და სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციას აგრძელებს.

კერძოდ, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა დამატებით, ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. ოქტომბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. ამასთან, სარეზერვო აქტივებში დაემატა ბრიტანული ფუნტი და გაიზარდა ჩინური იუანისა და ევროს აქტივების ფლობა.

ნათია თურნავამ გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება, რაც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას გაზრდის პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794400465

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ

ვეტერანების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობების გზებზე პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან შესაბამისი წინადადე...

სოზარ სუბარი

1794399936

ახალი ამბები

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - იგი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სა...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1794398351

საზოგადოება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით: საგზაო ი...

ლაშა ხუციშვილი

1794396385

საზოგადოება

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერ...

ნოდარ ჩაჩუა

1794396032

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიებისთვის არაკონსტიტუციურად შერაცხილი ქმედებები კომპლექსურ შეფას...

გიორგი კახიანი