შიო მესამე: აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, უნდა ვილოცოთ დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით, თუ გვინდა, უფალმა ეს ლოცვა შეგვისრულოს
„ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ... გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს...“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა.
მან აბიტურიენტები დალოცა და მათ გამოცდებში წარმატება უსურვა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.
როგორც ყოველთვის, წმინდა სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო წირვაზე, გვეძლევა ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება. დღეს იყო წაკითხული ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ქალაქ კაპერნაუმში ასისთავის მსახურის სასწაულებრივი განკურნების შესახებ.
მოგეხსენებათ, ყველა ქალაქში რომაული ჯარის დანაყოფები იდგა, მათ შორის, კაპერნაუმშიც (დღეს ამ ქალაქიდან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი). ეს ასისთავი ძალიან გამორჩეული, კეთილი პიროვნება იყო, მისი სულიერი განწყობა მრავალმხრივ მისაბაძია ჩვენთვის.
დღეს წმინდა ეკლესია სახარების ამ მონაკვეთით გვასწავლის, თუ როგორი სულიერი განწყობა უნდა გვქონდეს, როდესაც მივმართავთ ლოცვით ღმერთს, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები და შეგვისრულოს თხოვნა.
ეს ასისთავი მიდის უფალ იესო ქრისტესთან და ევედრება მას თავისი მსახურის განკურნებას. უფალმა უპასუხა: „მოვალ და განვკურნავ მას“ (მთ. 8, 7). მაშინ ასისთავმა მიუგო: „უფალო, არ ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, შენ მხოლოდ სიტყვა თქვი“ და მე მწამს, რომ ის განიკურნება (მთ. 8, 8 ). უფალმა უთხრა: „წადი და შენი რწმენისამებრ გეყოს შენ“ (მთ. 8, 13).
იმ დროიდან ასისთავის მსახური განიკურნა, ასეთი დიდი სასწაული მოხდა. იმდენად გაუკვირდა უფალს ასისთავის რწმენა, მისი ასეთი ძლიერი სარწმუნოება, რომ თქვა, ისრაელშიც ვერ ვნახე ასეთი რწმენაო (მთ. 8, 10). აი, როგორი საოცარია ასისთავის მიერ გამოვლენილი რწმენა და რამდენად ყოვლისშემძლეა ღმერთის ძალა!
ეს ეპიზოდი გვასწავლის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ როდესაც მივმართავთ უფალს ლოცვით, ჩვენც უნდა გვქონდეს მტკიცე, უყოყმანო რწმენა, უნდა გვწამდეს, რომ უფალმა ყველაფერი იცის, ღმერთი ყველაფერს ხედავს, ის ყოვლისშემძლეა, ყოვლადბრძენია, ამავე დროს, კაცთმოყვარე და მოწყალეა; მას შეუძლია ჩვენი თხოვნის შესრულება და ინებებს კიდეც ამას, რადგან, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დაეჭვებულს ნუ ჰგონია, რომ რამეს მიიღებს ღმერთისგან (იაკ. 1, 6-7). ასე რომ, ასისთავისგან უნდა ვისწავლოთ ასეთი უეჭველი, უყოყმანო, მტკიცე სარწმუნოება.
რწმენასთან ერთად, რა თვისება გამოავლინა კიდევ ასისთავმა? - დიდი თავმდაბლობა, სიმდაბლე, როცა უთხრა, რომ იმის ღირსიც კი არ ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახურიო (მთ. 8, 8 ).
აი, ეს მეორე გაკვეთილია, რომ როდესაც ვლოცულობთ, უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ასეთი თავმდაბალი განწყობა. ე. ი. მას უღირსად მიაჩნდა თავისი თავი ღვთის წინაშე. ჩვენც არ უნდა გვეგონოს, რომ ღვთის წინაშე რამე დიდს წარმოვადგენთ და როგორმე ვიმსახურებთ მის წყალობას. არა! ასეთი ამპარტავნული აზრები უნდა განვაგდოთ ჩვენგან, რადგან ეს მიზეზი ხდება იმისა, რომ უფალი აღარ შეისმენს ჩვენს ლოცვებს. როგორც ნათქვამია წმინდა წერილში: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს“. რას ნიშნავს „შემუსრავს“? ე. ი. ეწინააღმდეგება ამპარტავნებს, „ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იგავ. 3, 34). ე. ი. თავმდაბალ ადამიანებს მადლს ანიჭებს.
და ბოლოს, ასისთავმა გამოავლინა საოცარი სიყვარული მოყვასისადმი, თანაც არა თავისი ნათესავის თუ მეგობრისადმი, არამედ მონისადმი, ის მისი მსახური და მონა იყო. მისი გულისთვის შეწუხდა, მივიდა უფალთან, მის წინაშე ესოდენ დაიმდაბლა თავი. ასეთ სიყვარულს უმალვე უპასუხა მაცხოვრის საღვთო სიყვარულმა და მაშინვე გამოთქვა მზაობა მისი დახმარებისა და განკურნებისა.
დღევანდელ სახარებაში გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც ასისთავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით, თუ გვინდა, უფალმა ეს ლოცვა შეგვისრულოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს.
დღეს ჩვენთან მოსული არიან ახალგაზრდები, რომლებიც ემზადებიან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის, მისაღები გამოცდებისთვის.
ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, რომ გახსოვდეთ და იცოდეთ ის, რა სწავლებაც იყო მოცემული დღევანდელ სახარებაში, რომ უმთავრესია, ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება და ვილოცოთ, მივმართოთ მას ჩვენი თხოვნით, მტკიცე რწმენით, რომელიც შეზავებულია სიმდაბლესა და მოყვასისადმი სიყვარულთან.
თუ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ეს გახდება საწინდარი ყოველგვარი წარმატებისა, როგორც ამქვეყნიურისა, ასევე იმქვეყნიურისა, რადგან თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ პირველად ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საჭიროა დროებითი ცხოვრებისთვის, მოგეცემათ და შეგემატებათ (მთ. 6, 33).
კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, ამ დიდ საიუბილეო თარიღს. ამასთან დაკავშირებით, ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები, რომლებიც იქნება თქვენთვის კურთხევის და ღვთის წყალობის მომტანი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! დღეს, ასევე, ვლოცავთ ციმინტიების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
1782649784
ახალი ამბებიგარდაიცვალა ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე
ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ და თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვ...
1782648242
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებაზე: ურსულა ფონ დერ ლაიენმა - LGBT მთავარმა ლობისტმა, საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს, რას იზამ, ფულის გამო რას არ გაყიდი
ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო ევროპასთან მისი უძღები შვილის უნგრეთის დაბრუნებით აღინიშნა და რა უნდა ყოფილიყო ამის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი? რა თქმა უნდა, პირველი აქამდე აკრ...
1782647761
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ ლგბტქ მარშს ეხმაურება და აცხადებს: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამ...
1782647657
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო
დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშკარა სიამაყით მიესალმა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, თითქოს საუბარი არა რიგით პოლიტიკურ მოვლენას, არამედ უნგრეთის ისტორიის უდიდეს მიღწევას ეხებოდეს - წერს „ხალხის ძალის“ წ...
1782645404
ახალი ამბებისადღობელაშვილი გახარიას პარტიის წევრ ფარულავაზე: ვინ არის მოძალადე, ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა, თუ ოცნების დეპუტატებმა?
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. სადღობელაშვილის განცხადებით, „ გა...































