დედა სახლში არ არის - ემიგრანტის პროზა

ემიგრანტი მწერლის, სალომე გოგოლაძის მოთხრობა 

დედა სახლში არ არის

ეგონა მეძინა, ფრთხილად მაკოცა შუბლზე და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. მივხვდი, რომ ტიროდა. მინდოდა, უკანასკნელად მოვხვეოდი, გულში ჩამეკრა და ისე გამეცილებინა, მაგრამ ვერ შევძელი. საბნის ქვეშ ბარტყივით შევიყუჟე, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე უზარმაზარი თვითმფრინავი, რომელსაც დედაჩემი ცხრა მთას იქით უნდა გადაეფრინა. თავს იმით ვიმშვიდებდი, ის არც პირველი იყო - არც უკანასკნელი ვინც ამ ბოლო წლებში სამუშაოდ წავიდა. კარების გაჯახუნებამ შემაკრთო. ოთახში საათის წიკწიკის ხმა მონოტორულად ჩამესმოდა და ჩემს გამალებულ გულისცემას ითვლიდა. დღეიდან დედა სახლში აღარ იქნება, დღეიდან მარტო დავრჩი!...

წარმოვიდგინე, თითქოს გზაჯვარედინზე ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ გადამეკვეთა ქუჩა, სადაც აქაფებული მდინარესავით მოედინებოდნენ მანქანები. მეშინოდა, თუმცა, ჩემ თავსაც არ ვუმხელდი ამას, მე ხომ უკვე, დიდი გოგო ვიყავი... თავიდან ძალიან გამიჭირდა. მის სუნს ძუძუს მომწყდარი ლეკვივით ვგრძნობდი. ყველა კუთხე-კუნჭულს ვეფერებოდი, სადაც ჯერ კიდევ დედაჩემის კვალი შემორჩენილიყო: აბაზანაში დარჩენილ ხალათს, ნახევრად დაცლილ სუნამოს, მის საყვარელ წიგნებს და იისფერ ცხვირსახოცს პალტოს ჯიბეში.

ის წავიდა და ყველაფერი ერთბაშად გათავდა: საშაქრეში შაქარი, სამარილეში მარილი, მაცივარში ყველი და კარაქი. ახლა მე უნდა მეზრუნა ჩემ ცხოვრებაზე. ფანჯარასთან მივედი, ფართოდ გამოვაღე, თებერვლის სუსხი შემოიჭრა ოთახში და მაგიდაზე დაწყობილი ფურცლები იატაკზე გადმოყარა. დავხედე და დედის ხელწერა ვიცანი. ყველაფერი რაზეც ადრე ვისაუბრეთ აქ ეწერა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა, მეუბნებოდა - ეს აუცილებელი იყო ისევ ჩემთვის, რომ მე უკვე დიდი ვარ და უნდა გამეგო. წერილში ყველა დეტალი ახსნილი და განმარტებული ჰქონდა, რა, როგორ უნდა გამეკეთებინა.... ბოლოს მთხოვდა, ხშირად მევლო მამა ილიასთან ეკლესიაში. ქაღალდი მოვჭმუჭნე, მერე ისევ გავშალე და წიგნების ქვეშ შევმალე.

პირველი რაც ვიგრძენი ბრაზი იყო: ბრაზი უსამართლობაზე, ბრაზი მამაჩემზე, ბრაზი ცხოვრებაზე და ღმერთზე, რადგანაც ვთვლიდი, რომ ჩვენ ეს არ უნდა დაგვმართნოდა. ყელში ცრემლი ბურთივით გამეჩხირა და ხმის ამოღება ვერ შევძელი, მხოლოდ ზმუილისმაგვარი ბგერა აღმომხდა. ოთახებში ლანდივით დაიპარებოდა სიჩუმე, თითქოს დედაჩემის მაგივრად, ვიღაც უხილავი არსება დასახლდა. მე არ ვიცოდი რა ერქვა მას, მაგრამ სხეულით ვგრძნობდი მის სიახლოვეს.. გადავწყვიტე, ჯინაზე იმაზე მეტად ხმაურიანი ვყოფილიყავი, ვიდრე ვიყავი. მინდოდა როგორმე გამედევნა ჩემიდან მარტოობის შიში. ამიტომ დილაობით ფანჯრებს ვაღებდი, და რაც შეიძლება ხმამაღლა ვრთავდი მუსიკას. ზოგჯერ, მეგობრები ამომყავდა სახლში და გვიანობამდე ვუყურებდით რაღაც უაზრო ფილმებს. შევიყვარე ის, რაც მანამდე არ მიყვარდა. უფრო დაუდევარი გავხდი ჩემი თავის მიმართ, აღარ მეცვა ტანზე დედის მიერ სათუთად გაუთოებული პერანგები, აღარც თეთრი ზეწრები ფრიალებდნენ ჩვენი სახლის აივანზე. ქოთნებში ყვავილები დაჭკნენ, როგორც მომლოდინე პატარები საბავშვო ბაღში. ჭირხლი მოედო ზამთრის სუსხით გათოშილ ფანჯრებს. სიცარიელე გაბატონდა სულში და სხეულში.. მერე კი ამ ყველაფერმა ჩემი თვალსაწიერიდანაც გამოჟონა.

დავდიოდი რაღაცნაირად, საწყალი: მობუზული, უსიხარულო, დარდიანი, თითქოს ავად ვიყავი. ჩემნაირები ისე მომრავლდნენ, მთელი ქალაქი უდედო ბავშვების თავშესაფარს დაემსგავსა. ერთი შეხედვით ვცნობდი მათ, ვისაც, დედა სახლში არ ჰყავდა. ჩვენი დედები ,,ცხრათავიან გველეშაპს” შეეწირენ. ახლა ვხვდები, თურმე, რატომ გვიყვებოდნენ ისინი ძილის წინ ასეთ საშინელ ზღაპრებს დევებზე და ურჩხულებზე. ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი, რომ ერთ დღეს სადღაც გადაიკარგებოდნენ, ჩვენ კი, პირისპირ აღმოვჩნდებოდით მკაცრ რეალობასთან. უბრალოდ, სახელები შეიცვალა. სინამდვილეში ჩვენ ვიყავით უდანაშაულო მსხვერპლნი, ფულზე დახარბებული ბანკებისა და მუცელგაბერილი, უგულო ჩინოვნიკებისა, რომელთან სულაც არ ანაღვლებდათ პატარა გოგოებისა და ბიჭების უდედოდ დარჩენილი ცხოვრება.

დედები წავიდნენ, ამის სანაცვლოდ, ჯერ კიდეც გვქონდა უფასო ჰაერი და უფერული სახლები მიშენების პერსპექტივით. დანაშაული არ მომხდარა, მაგრამ, მაინც დავისაჯეთ განშორების უვადო მუხლით. ოქტომბრის ბოლოს ბებია სოფია შემოდგომის ნობათით დატვირთული ჩამოვიდა სოფლიდან. ტაქსის საბარგულიდან ჯერ მთვარესავით ყვითელი გოგრები გადმოალაგა, მერე, მურაბის ქილები, ბოლოს კი, ფეხებგაკრული ცოცხალი ქათამი. ფრინველი დიდი ხანი ბინადრობდა ჩვენი სახლის ვიწრო აივანზე და პურის ნარჩენებით და ხორბლის მარცვლებით ვკვებავდით. წესით, საახალწლოდ უნდა დაგვეკლა, მაგრამ მთელ კორპუსში კაცი ვერ ვიპოვე ,,სისხლის დამღვრელი”, ამიტომ, მეზობელს ვაჩუქეთ იმ პირობით, რომ ისევ სოფელს დაუბრუნებდა.

ბებიაჩემი, ერთი ფაშფაშა ქალია, ყურში კარგად არ ესმის, ამიტომ საუბრის დროს ისე ხმამაღლა გავყვირი კედლის იქით მობინადრე მეზობლებს ესმით. ბებია ჩემი დღის განრიგის მაკონტროლებელია, მე კი მისი წნევის. იგი, ალბათ, იშვიათი ეგზემპლიარია, იმ ძველმოდური ბებიებისა, რომლებიც შვილიშვილებს ზამთრისათვის ჯერ კიდევ საკუთარი ხელით უქსოვენ ჭრელჭრულა წინდებს. ამიტომ, სულ მუდამ უჭირავს ხელში საქსოვი ჩხირები და ფუმფულა თითებით ძაფს ოსტატურად ხლართავს. დარდმა ჩამოაჭკნო ქალბატონი სოფია, კატარაქტით დაბურულ თვალებში აღარაფერი იკითხება, როგორც აბაზანის დაორთქლილ სარკეში შერჩენილი სილუეტის გარდა. მარტო აღარ ვარ, როცა ვაგვიანებ ვიცი, ის არ დაიძინებს და მანამდე დამელოდება, სანამ ლოდებივით არ დაეკიდება ქუთუთები. ნელ- ნელა ავდივარ ჩემი სახლის მეექვსე სართულზე და მიხარია, სახლში ვიღაც ჩემიანი რომ მელის.

დილაობით მაღვიძარა ირეკება და წელმოწყვეტილივით ვდგები.. ჭერში დაკიდებული ობობა პეპლის ფრთის ნარჩენებს მიირთმევს. დედაჩემის დატოვებული ჭიქით ალუბლის ჩაის ვსვამ. არ მინდა ბებო გავაღვიძო, საჩქაროდ ვიცვამ და სკოლაში მივდივარ. ყოველი თვის ბოლოს ხარკს ვუხდით, ეგრედწოდებულ, ბანკს. პროცენტის რიგში ჩემი ტოლები მომრავლდნენ. ჩვენ ვართ თაობა, მაძღარი ხორცითა და მშიერი სულით და ვერასოდეს დავიბრუნებთ იმ დაკარგულ წლებს, რამაც დაგვაშორა საკუთარ სისხლსა და ხორცს... ამიტომ, არ გაგიკვირდეთ უსიყვარულოდ გაზრდილებმა, უბრალოდ, რომ არ ვიცით რა არის სიბრალული, არ ვიცით, რა არის სიყვარული, უფრო მეტიც, საერთოდ არ ვიცით ვინ ვართ ჩვენ!... სამაგიეროდ, დედამ და შვილმა კარგად შევისწავლეთ ვირტუალური ცხოვრების წესები. მე ვეშვილე ამ ალაპლაპებულ ყუთს, საიდანაც დედის სახე დროდადრო გამოანათებდა ხოლმე. დედას ზოგჯერ არ სცალა, იმიტომ, რომ მოხუცი ჰყავს მისახედი. გადავწყვიტე, არავითარ შემთხვევაში არ ვაგრძნობინო, თუ როგორ მიჭირს უმისობა. თავიდან მინდოდა დიდხანს მესაუბრა მასთან, მერე ისე ერთფეროვანი გახდა ყოველივე, ისიც კი ვიცოდი როდის, რას მეტყოდა -,,ნინი, რა ჭამე დღეს?, ნინი, მასწავლებელთან ხომ იყავი?, ნინი, მომენატრე დეე!... “ ასე გავიდა წლები და ისე უცებ გავიზარდე მოლოდინში, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი...
 
ბაზარში ხშირად დავდივარ, მწვანილის გამყიდველი თათარი ქალი უკვე მცნობს და შინაურივით მიცინის. მას მთელი ოქროს ლომბარდი აქვს პირში ჩამწკრივებული. ბოლოკივით წითელ ცხვირზე დიდი, შავი ხალი ბუზივით აზის. სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, რამდენიმე ღერი მწვანილი და ნახევარი თავი ხახვი მჭირდება უბრალო წვნიანისათვის. ხორცი ისე ძვირია, იშვიათად ვყიდულობთ. დედას უკეთესი გამოსდიოდა, თუმცა, აღარც კი მახსოვს მისი გაკეთებული საჭმლის გემო. ჯერ ადვილიდან დავიწყე ,,ქალობა”. მაცივარში, ყველი და გაყინული პილმენები გვაქვს, მშიერი აღარ ვიქნებით. როცა ცივა, ჩაის დიდი ჭიქით ვსვამ და კომპიუტერთან მაგიდაზე ფეხებშეწყობილი ვჯდები. დედა სახლი არაა, ვერც ვერავინ მეტყვის, რომ დიდხანს არ უნდა დავყოვნდე.

ტელეფონმა დარეკა, მამაჩემი იყო, მკაცრი ხმა ჰქონდა, ჭკუისდამრიგებლური. დედ-მამა დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ. მე რომ მკითხო, ეს ადრეც უნდა მომხდარიყო. დიახაც, ჯობია ერთხელ გეტკინოს და მერე სამუდამოდ დაისვენო უსიამოვნო ადამიანებისგან. ყველა დავიღალეთ მამაჩემის მუდმივი ჩხუბით და საყვედურებით. დაბადებიდან მესმოდა ამ კაცის ბრძანებები. სულ მუდამ უკმაყოფილო სახით დააბიჯებდა ოთახებში და მძაღე სიგარეტის სუნს აფრქვევდა. როცა სტუმრები მოვიდოდნენ დედა სუფრას შლიდა და სამზარეულოდან ცხელი კერძები და ხაჭაპურები ბედნიერი სახით გამოჰქონდა. მერე კი, სუფრიდან იხმობდა შემთვრალი თამადა და დიდი პატივით წარმოთქვამდა ოჯახის უფროსისა და დიასახლისის სადღეგრძელოს. ამ დროს ვერ ვხვდებოდი, რომელი უფრო კარგი მსახიობი იყო, დედ-მამა, თუ ის თამადა, რომლის სახელიც რატომღაც არ მახსენდება.

ნამდვილად ვიცი, როგორი ქმარი არ მინდა. ახლანდელი ბიჭები: სუსტი, არაფრის მაქნისი, უფუნქციო მამრები უფრო არიან, ვიდრე, ძლიერი სქესის წარმომადგენლები, ვითომ ქალის მცველად და პატრონად, რომ გააჩინა სამყარომ. დედაჩემმა, ხომ საერთოდ არ იცის კაცის არჩევა. მამაჩემის სახით, ის მაინც შემიძლია ვთქვა, როგორი არ უნდა იყოს კაცი!... ზამთარში ჩემი სახლის ფანჯრებში ქშიტინით შემოდის ცივი ქარი. კორპუსის წინ ცელოფნის პარკებით დახუნძლული ,,ნატვრის ხე” დგას. ფანჯრიდან დავინახე, ეზოში ვიღაც ახალგაზრდა კაცი წითელი მერსედესიდან გადმოვიდა. ადრეც შემიმჩნევია, მეორე სართულზე მოდის ჩემს მეზობელ მირანდასთან. ერთი შეხედვით, კარგი ტიპი ჩანს: საშუალო სიმაღლის, უკან გადავარცხნილი თმით, სპორტული აღნაგობის. ნეტა თუ უყვარს ის ქალი? - გავიფიქრე გონებაში. კარგია, როცა ვიღაცას უყვარხარ... ზოგჯერ, ისე მინდა რაღაც ამდაგვარი, ქალური გრძნობა განვიცადო... თექვსმეტი წლის ვარ და მაჭარივით მიდუღს სისხლი. მხოლოდ, არ ვიცი, ლამაზი ვარ თუ არაა!.. გამხდარ ტანზე გრძელი მაისური, ჯინსის შარვალი და ჩემი საყვარელი ლურჯი ქურთუკი მაცვია. ფეხზე, ბოტასი და, სულ ეგაა!... თმა უფრო ხშირად შოლტებად მაყრია. ჩემი მეგობარი გოგოები უკვე ქალებს ჰგვანან. დაყენებული ვარცხნილობით, რაღაცნაირად, ამობურცული ტუჩებით და მინაბული თვალებით, რაც, განსაკუთრებით, მოსწონთ ბიჭებს. მე კი, რით ვარ გამორჩეული?!.. მხოლოდ ჩემს თავს ვესაუბრები და, ზოგჯერ ფარულად ვიწერ დღიურში მელანქოლიურ ამბებს.

ერთხელ, მათემატიკის მასწავლებელმა წამასწრო გაკვეთილზე წერის დროს და მოულოდნელად ყველას თვალწინ ააფრიალა ჩემი რვეული, როგორც დანაშაულის სამხილი. ამ ყველაფრის კულმინაცია ის იყო, როცა რამდენიმე ფრაზა ირონიულად ამოიკითხა მთელი კლასის წინაშე. სირცხვილისგან თუ დამცირებისგან მერჩივნა მომკვდარიყავი, ძალა მოვიკრიბე და მასწავლებელს მკლავში ვწვდი, ხელნაწერი გამოვგლიჯე და ნაკუწებად ვაქციე. ბავშვები ხარხარებდნენ, მე ვტიროდი, მასწავლებელი კი კლასიდან გარბოდა ქოთქოთით.

ბებიამ და დედამ ამ შემთხვევის შესახებ, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაიგეს, მაგრამ დიდხანს არ დავდიოდი პროტესტის ნიშნად იმ მასწავლებლის გაკვეთილზე. 

გაგრძელება მომდევნო ბმულზე 🔽🔽🔽

https://www.exclusivetv.ge/news/mdzimechemodani/deda-sakhlshi-ar-aris-emigrantis-proza-natsili-meore

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1734105734

საზოგადოება

„ისევ ეკლესია თუ დაანხებდა ამათ ნამდვილ სახეს...“ - რას წერს ლაშა ბასლანძე?

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მ...

ლაშა ბასლანძე

1734099785

საზოგადოება

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი მამა შალვას: მრცხვენია, ჩემი ნათესავი რომ ხარ

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია, დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართავს და აცხადებს, რომ რცხვენია, რომ ისინი ნათესავები არიან. ჟურნალისტის განცხადებით, ვერ ამშვიდებს ის ფაქტი, რომ მისი მოგვარე სპ...

ნინუცა კეკელია.

1734096963

საზოგადოება

„რაც ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“ - ანდრია ჯაღმაიძე

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მ...

საპატრიარქოს პრესმდივანი

1734095505

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8512 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი

1734094691

ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. უწყება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე გან...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური