კაცები ბუნებით უფრო მოღალატეები არიან თუ ქალები?
ღალატი – მითები და აღდგენის შესაძლებლობა
ესტერ პერელი წყვილების ფსიქოლოგია, რომელმაც ღალატის თემას ორი წიგნი მიუძღვნა. ამ სტატიაში მის როგორც ამ სფეროს წამყვანი ექსპერტის რამდენიმე მოსაზრებას გაგაცნობთ და, ამავე დროს, განვავრცობ რამდენიმე პოპულარულ მითს ღალატის შესახებ. აქვე დავაზუსტებ, რომ ესტერ პერელი ღალატს კი არ ამართლებს, არამედ ხსნის.
მითი #1
კაცები ბუნებით უფრო მოღალატეები არიან
არც ერთ თანამედროვე ავტორს თუ მკვლევარს არ მიაჩნია, რომ ღალატში სქესი რაიმე როლს ასრულებს. კაცსაც და ქალსაც ერთნაირად შეუძლიათ ღალატიც და ერთგულებაც, თუმცა არსებობს საზოგადოებები, რომლებიც კაცის ღალატს ამართლებენ, ქალისას კი გმობენ. ამას ფსიქოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო – უფრო პატრიარქალური მსოფლაღქმის გამოძახილია.
ბევრი ავტორი იმასაც დასძენს, რომ ღალატი მხოლოდ სექსს, საზოგადოდ, ფიზიკურ კომპონენტს არ მოიცავს. მეტიც – ეს არც არის ღალატის მამოძრავებელი ძალა. ღალატი გულისხმობს ვნებას, თავდავიწყებას, აზარტს, უნივერსალურ ემოციებს და მოტივაციებს, რომელთა განცდაც ყველას შეუძლია. მოღალატე კაცების გამართლებას მათი “ბუნებით” არავითარი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.
მითი #2
კარგი ადამიანები არ ღალატობენ
ძალიან ადვილი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მხოლოდ ცუდი ადამიანები ღალატობენ, ხოლო კარგები ერთგულები რჩებიან. მაშინ ცუდებისგან თავს შორს დავიჭერდით და კარგებს დავუახლოვდებოდით.
სამწუხაროდ, ადამიანი ასეთი მარტივი არსება არ არის. ერთგულმა, ემპათიურმა და მოსიყვარულე პარტნიორმაც კი შეიძლება დაუშვას შეცდომა. ხომ გახსოვთ: “არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის”? და, რა მტკივნეულიც უნდა იყოს ამის აღიარება, განსაზღვრულ სიტუაციაში ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ამა თუ იმ დონის ემოციური ან ფიზიკური ღალატი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ღალატი მხოლოდ სექსი არ არის – ღალატია ნებისმიერი დაფარული მოქმედება, რომელიც წყვილის ექსკლუზიურ “ტერიტორიას” ეხება.
მინახავს კლიენტები, რომლებიც თავადაც დაბნეულები არიან და ვერ ხვდებიან, ეს როგორ მოუვიდათ. სინდისი ქენჯნით და თავიანთ საქციელს ნანობენ, დროის უკან დაბრუნებასა და ყველაფრის გამოსწორებაზე ოცნებობენ. იმ დღეს ოდნავ სხვანაირად რომ დაწყობილიყო მოვლენები, შესაძლოა, არც არაფერი მომხდარიყო, რადგან განზრახ ასეთ რამეს არ ჩაიდენდნენ... შესაბამისად, ღალატი მხოლოდ “ამორალური” ადამიანების საქციელი არ არის. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მათ, ვინც გამიზნულად ატყუებს პარტნიორს და საერთოდ არ აინტერესებს, სტკენს თუ არა. ასეთი ადამიანები წყვილში ვერ ფუნქციონირებენ, რადგან ვერ ითვალისწინებენ მეწყვილის პოზიციას და არც ჩადენილს ნანობენ.
მითი #3
ბედნიერი პარტნიორები არ ღალატობენ
ესტერ პერელი ხაზს უსვამს, რომ ბედნიერი პარტნიორებიც ღალატობენ ერთმანეთს. შესაბამისად, ღალატზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება მოტყუებულ ადამიანს, რომელმაც “გასცა ნაკლები სიყვარული” ან “შექმნა მოსაწყენი რუტინა”. ღალატი მოღალატის აქტია. ჩვენ ბუნებით ვართ ეგოცენტრულები, ცნობისმოყვარენი და გაუმაძღარნი. “ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა” – გახსოვთ?
ამრიგად, ღალატი არ ხდება პარტნიორის გამო, მაგრამ, იმავდროულად, არც საყვარლის გამო (ახალნაღალატევზე ამას ვერც მოღალატე და ვერც მოტყუებული ვერ აცნობიერებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უფრო და უფრო ნათელი ხდება). კი, იმ მომენტში შეყვარებულ მოღალატეს მიაჩნია, რომ რაკი ასე რისკავს, ე.ი. საყვარელი ამად ღირს, მაგრამ სინამდვილეში ის სხვისთვის კი არა, არამედ საკუთარი თავისთვის ღალატობს.
ახალ ურთიერთობაში, მით უმეტეს – მიუღწეველ, მალულ, აკრძალულ ურთიერთობაში, მოღალატეს ეძლევა შანსი, გამოავლინოს ის თვისებები, რომლებიც წლებია დაკარგა ან არც არასოდეს ჰქონია. და არა იმიტომ, რომ საყვარელი პარტნიორზე მეტად გამგები ან მიმღებია. უბრალოდ, მასთან ერთად არ არის საჭირო გრძელვადიანი საერთო ამოცანების გადაჭრა, სასიცოცხლო გამოწვევების გადალახვა, რუტინასთან ბრძოლა, თუნდაც გამქრალ ვნებაზე საუბარი. საყვარელი, სწორედ იმიტომ, რომ ახალია და მიუწვდომელი, გვანიჭებს თავისუფლებას, ვიყოთ ის, ვინც ვართ ან გვინდა ვიყოთ. ჩვენ საყვარელი კი არ გვიყვარდება, ჩვენ გვიყვარდება საკუთარი თავი მის გვერდით.
ფსიქოლოგების თქმით, ძალიან, ძალიან იშვიათია, განქორწინების შემდეგაც კი, რომ საყვარლებმა ურთიერთობის გაგრძელება შეძლონ. პირიქით, სააშკარაოზე გამოტანილი სიყვარული განიძარცვება იმ ყველაფრისგან, რაც ორ ადამიანს ერთმანეთისკენ უბიძგებდა. ხილის აკრძალულობა კვებავს ჩვენს ობსესიას; ჩვენი გახდება და, ისევე როგორც წინა პარტნიორთან, მასთანაც უამრავი პრობლემა იჩენს თავს.
“ჩემი პარტნიორი ყველაფერს ვერ მაძლევს, სხვასთან უნდა ვეძებო”, – სადავო აზრია. შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მეორეს ყველაფერი მისცეს. ეს არარეალისტური მოლოდინია. და ილუზიაა, რომ ამას საყვარელი მოგვცემს. საყვარელმა შეიძლება ჩვენში ნგრევა გამოიწვიოს, ნგრევამ კი შენების შესაძლებლობა გააღვიძოს, მაგრამ ეს ძიება უნდა გაგრძელდეს ცალკე, თუ მოღალატეს ამ სიტუაციიდან გამოსვლა და გაზრდა უნდა.
მითი #4
ერთხელ თუ უღალატა, მეორედაც უღალატებს
ეს ნამდვილად მითია. თუ მოღალატე ნარცისი არ არის, თუ მისი ზნეობრივ ღირებულებათა სისტემა ღალატს არ ამართლებს, თუ წყვილში ისევე გრძნობს თავს, როგორც უმეტესობა –ხან კარგად, ხან ცუდად, ხან ახლოს, ხან შორს, მაგრამ უყვარს და პატივს სცემს პარტნიორს, თუ ნანობს ღალატს და მზად არის, ეს მოვლენა განიხილოს როგორც ახალი სიცოცხლის ბიძგი, იმუშაოს ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე და აღარ გაიქცეს, – მომავალში ის უფრო ფრთხილად იქნება, რომ “მოულოდნელად” ისევ არ “დაემართოს” ასეთი რამ. გაუფრთხილდება პარტნიორს, რომ ისევ არ ატკინოს, რომ მისი ნდობა დაიბრუნოს. გაუფრთხილდება თავს – როგორც კი მეორისადმი შეყვარებულობა გაუვლის, მიხვდება, რომ მუდმივი თვითგვემა, დანაშაულის განცდა, თუნდაც მეორე ადამიანის დაკარგვითა და მონატრებით გამოწვეული დეპრესია იმდენად დიდი და მტკივნეულია, რომ ჯობია, ამიერიდან თავი აარიდოს.
მითი #5
მოღალატის პატიება არ შეიძლება
უნდა აპატიოს თუ არა პარტნიორმა მოღალატეს? ამ კითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ღალატი უფრო ხშირია, ვიდრე დანგრეული ურთიერთობები. შესაბამისად, ზოგიერთი წყვილი ღალატის შემდეგ ახერხებს აღდგენას.
რაზეა ეს დამოკიდებული?
მნიშვნელოვანია, როგორი ურთიერთობა ჰქონდა წყვილს მანამდე, არა მხოლოდ უშუალოდ ღალატის წინ, არამედ საერთოდ; რამდენად სცემდნენ პარტნიორები ერთმანეთს პატივს, რამდენად შეეძლოთ ერთმანეთის მოსმენა და დანახვა. არავინ უარყოფს ღალატის დამანგრეველ და მატრავმირებელ ძალას, მერწმუნეთ, ჩემთან მოსულან ღრმა დეპრესიაში მყოფი ადამიანები დაცემული თვითშეფასებით და სამყაროსადმი განადგურებული ნდობით. მოტყუებული ადამიანი არამხოლოდ მოღალატეს კარგავს – მას ეცვლება ყველაფერი: იდენტობა, თვითხატი, სხვებთან ურთიერთობის სტილი, სიცოცხლის საზრისი. მოტყუებული ადამიანის სამყარო ნანგრევებად იშლება და ამის აღიარება აუცილებელია, თუ წყვილს გადარჩენა სურს.
მაგრამ ბევრ წყვილს აქვს პოტენციალი, ფენიქსივით აღდგეს ფერფლიდან.
როგორ უნდა მოხდეს აღდგენა?
“ტრავმულ გამოცდილებებზე დაკვირვებით ვიცით, რომ აღდგენა იწყება მაშინ, როდესაც დამნაშავე დანაშაულს აღიარებს”, – გვეუბნება ესტერ პერელი.
“ერთია, რომ მოღალატემ უნდა დაამთავროს ღალატი. მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია, იგრძნოს დანაშაულიც პარტნიორის გულისტკენის გამო. ხშირად გამიგონია, რომ მოღალატე თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან პარტნიორს ატკინა, მაგრამ თვითონ ღალატს არ ნანობს, ეს კი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოღალატე ურთიერთობის დარაჯი უნდა გახდეს. საზღვრების დამცველი უნდა გახდეს. ამაზე ზრუნვა მოღალატის პასუხისმგებლობაა. ამით მან პარტნიორი უნდა გაათავისუფლოს ღალატზე ობსესიისგან. მან უნდა უზრუნველყოს, რომ ღალატი დავიწყებას მიეცეს. ნდობასაც სწორედ ეს აღადგენს.
ასევე აუცილებელია, მოტყუებულმა პარტნიორმაც გააკეთოს ისეთი რამ, რაც თვითაღქმას აუმაღლებს. ის გარემოცული უნდა იყოს სიყვარულით, მეგობრებით, ისეთი აქტივობებით, რომლებიც სიხარულს მიანიჭებს და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას დაუბრუნებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობის შეკავება და ინტიმური დეტალების გაგების სურვილის დაოკება: “სად მოხდა? რამდენჯერ? ჩემზე უკეთესია საწოლში?” – ეს კითხვები უფრო მეტ ტკივილს მოგაყენებთ. ნაცვლად ამისა, დასვით კვლევითი კითხვები: “რას ნიშნავდა ეს კავშირი შენთვის? რა განიცადე ან გამოხატე მასთან ისეთი, რასაც ჩემთან ვეღარ ახერხებ? როგორი იყო შენთვის შინ დაბრუნება? რას აფასებ ჩვენში? გიხარია, რომ დამთავრდა?”
ყოველი ღალატი ხელახლა განსაზღვრავს ურთიერთობას და ყოველი წყვილი წყვეტს, რა შედეგს გამოიღებს ის”.
დაბოლოს, უბრუნდება თუ არა წყვილის ურთიერთობა საწყის ეტაპს? არა! ღალატის შემდეგ წყვილი ვეღარასოდეს გახდება ისეთი, როგორიც იყო. მაგრამ შესაძლებელია, იმავე ადამიანებმა ახალი ეტაპი დაიწყონ: “სიცოცხლის განმავლობაში ყველა ჩვენგანს რამდენიმე ურთიერთობა აქვს, ხანდახან – ერთსა და იმავე ადამიანთან”.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე
წყარო:aversi.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ცხოვრება მშობლების გარეშე - რა ხდება, როცა ისინი კვდებიან
🔵ცხოვრება მშობლების გარეშე - რა ხდება, როცა ისინი კვდებიან
🔵„საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს 2 სიმბოლო“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები
1732294344
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფ...
1732285710
სპორტიერთა ლიგის პლეი-ოფში ეროვნული ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება - ცნობილია შეხვედრის თარიღი
ერთა ლიგის პლეი-ოფში ჩვენი ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი აქვეყნებს: ერთა ლიგის B/C დივიზიონების პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სტუმრად 20 მარ...
1732282835
საზოგადოებაკესარიას მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია - დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობი...
1732281314
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7433 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1732277140
ახალი ამბებიჟირაფი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას
ჟირაფების პოპულაცია საგანგაშოდ სწრაფი ტემპებით მცირდება, ამის მიზეზი, ბრაკონიერობა, ურბანიზაცია და გვალვაა, რომელიც მსოფლიო კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის თევზისა დ...