ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს
„ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობაზე მაღლა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიას, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.
კირცხალიას განცხადებით, საქართველო როგორც მედიის თავისუფლების, ისე დემოკრატიის კუთხით, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა არის საზღაური იმისთვის, რომ იგი ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს - გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს.
„რა თქმა უნდა, არც ჩვენ და არც ჩვენი ხალხი არ ვართ იმდენად გულუბრყვილო, რომ ან ამ შემფასებელთა გულწრფელობის გვჯეროდეს, ან იმის, რომ მათ არ იცოდნენ რა ტიპის ტერორი სუფევდა საქართველოში. რასაკვირველია იცოდნენ, რადგან სააკაშვილიც, როგორც მათი აგენტი, მათი დავალებით, მათი ინტერესების შესაბამისად წარმართავდა როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას, რომელმაც უმძიმესი, ტრაგიკული კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ავანტიურას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების, გმირი სამხედროების, პოლიციელების სიცოცხლის და დამატებით, ოკუპირებული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა.
ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობაზე მაღლა.
სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მორიგ სპეკულაციასთან დაკავშირებითაც, რადგან შეუძლებელია საქართველოში მედიაგარემოს აფასებდე და არ იმჩნევდე რეალობას, რომლის ობიექტური შეფასებისას აშკარაა, რომ საქართველო როგორც მედიის თავისუფლების, ისე დემოკრატიის კუთხით, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში მედია გარემო დღეს იმდენად პლურალისტურია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებს ხელისუფლების მიმართ უმწვავესი კრიტიკის გამოხატვისა და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ნებისმიერი ბრალდების გაჟღერების შესაძლებლობა აქვთ. მეტიც, თავად განსაჯეთ რამდენად აბსურდულია აღნიშნული ბრალდება, როდესაც რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის იარაღად ქცეულ მედიასაშუალებათა დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის მიერ, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას დღემდე არ აღიარებს; ასევე, ამ მედიასაშუალებების და ე.წ. ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი საქართველოში რევოლუციური პროცესების ავანგარდში იდგნენ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, როგორც პირადად ჩემთვის, ისე მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის საამაყოა, რომ დღეს საქართველოში სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც არასდროს!
ამ ფონზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სხვა არაფერია თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურა, პირადი, მაღალი რისკის ფასად, იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს - გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე.
რასაკვირველია, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა შეფასებას გამოაქვეყნებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კარნახით მოქმედი ესა თუ ის ორგანიზაცია, რადგან როდესაც ეროვნულ ინტერესებს იცავ, სუვერენიტეტს არ თმობ და ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს ატარებ, არა მხოლოდ სხვადასხვა იარლიყის მოკერებისთვის, არამედ ბევრად, ბევრად უფრო დიდი ზეწოლისთვისაც მზად უნდა იყო.
გარწმუნებთ, რომ როგორც პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისე „ქართული ოცნება“ და რაც მთავარია, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი ამ ყველაფრისთვის მზად არის!“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1793693582
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ, დღეს საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ და ახალისებდნენ,...
1793693543
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლებ...
1793693274
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თ...
1793692831
ახალი ამბებირეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა. „თქ...
1793692785
მსოფლიონეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
ნეპალში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. გამოცემა The Kathmandu Post-ის ინფორმაციით, დაღუპული უცხოელია. მისი ვინაობა ამ ეტაპზე...































