მეუფე შიო: ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ

 „ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირას, სოფელ ისულის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის კურთხევის დღეს განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ სჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი, რომ მას არ სჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს არ არის ღვთისგან; არამედ უფრო გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ, როგორც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გილოცავთ ამ შესანიშნავი ტაძრის კურთხევის დღეს.

დღეს ტაძარი იკურთხა კვირა დღეს, ამიტომ მოკლედ მინდა, მოგახსენოთ დღეს წაკითხული სახარების შესახებ. იყო მოთხრობილი ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად მიდის ღადარინელთა ქვეყანაში, სადაც იყო ბოროტი სულებით შეპყრობილი, ძალიან მძიმედ დაავადებული ადამიანი, რომელსაც ჯაჭვებით აბამდნენ, მაგრამ იგი ამ ჯაჭვებს წყვეტდა და შიშის ზარს სცემდა მთელ იქაურ მოსახლეობას. უფალმა განდევნა ეშმაკები მისი სულიდან, განკურნა იგი. შემდეგ ეშმაკებმა სთხოვეს, ნება დაერთო მათთვის იქვე ახლოს მყოფ ღორების კოლტში შესვლისა. მართლაც, უფალმა დართო ნება და ღორების კოლტი კლდიდან ზღვაში გადაეშვა. აი, ასეთი ეპიზოდია წაკითხული სახარებიდან.

რას ვხედავთ ამ მონაკვეთიდან? - პირველ რიგში, ვრწმუნდებით, რომ ბოროტი სულები არსებობენ და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ, დაღუპონ კიდეც არა მარტო ადამიანი, არამედ პირუტყვებიც, ცხოველებიც; მაგრამ ქრისტიანს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულიც არის, რომ ბოროტ სულებს შეეწინააღმდეგოს. რატომ? - იმიტომ, რომ უფალმა იესო ქრისტემ დაამარცხა ეშმაკის ძალა და დათრგუნა. როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული: ამიტომ მოვიდა, მოგვევლინა ძე ღმერთი, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.

კიდევ რას ვხედავთ ამ სახარებიდან? - ბოროტ სულებს არ აქვთ ძალაუფლება, შევიდნენ არა მხოლოდ ადამიანში, არამედ პირუტყვებშიც კი, ღმერთის დაშვებისა და ნებართვის გარეშე.

რატომ უშვებს უფალი ამას, რომ ეშმაკი შემოვიდეს ადამიანში, ტანჯოს იგი? - ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის. ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და ამ გზით სული გადაირჩინოს. ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, უშვებს იმიტომ, რომ შეარცხვინოს ეშმაკი. ეს კარგად ჩანს მართალი იობის ცხოვრებიდან, რომელმაც ათასგვარი უბედურება დაითმინა, გადაიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკის სირცხვილს, დამარცხებას, მართალი კაცის კიდევ უფრო მეტ სიწმინდეს, გაძლიერებას და ღმერთის განდიდებას.

ამგვარად, როდესაც მოდის ეს საცდური, შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვავლინოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენი სიქველე. ყოველი საცდური, ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებსა თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის და როდესაც დავძლევთ ამ საცდურებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამით ვარცხვენთ ეშმაკებს, მათ ყოველთვის დაუცხრომლად უნდა ვებრძოლოთ.

რა არის ჩვენი იარაღები ამისთვის? - რწმენა, მოთმინება, სიმდაბლე, მარხვა, ლოცვა, პირჯვრის გადასახვა, ღვთივსათნო ცხოვრება. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ნათესავი ბოროტი სულების განიდევნება მხოლოდ და მხოლოდ რით? - მარხვითა და ლოცვით (მათე, 17, 21).

მაშასადამე, ეს საშუალებები და იარაღები გადმოგვეცა თვით უფლისგან, მოციქულებისგან და ვინც მოისურვებს, გამოიყენოს ეს საშუალებები და იარაღები, ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული.

როგორ, რა ვნებების საშუალებით შედის ეშმაკი ადამიანში? - შედის მემთვრალეობის საშუალებით, ნარკომანიის, ამპარტავნების, გაღიზიანების, მრისხანების. არსებობს კიდევ ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკიც; ადამიანებს აცდუნებს ასევე ბოროტი ძალა ხორციელი ვნებების მეშვეობით. ეს სიძვის ეშმაკი ყველაზე მეტად ყველაზე ბევრ ადამიანს ღუპავს.

ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ან არ ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ ძალიან იშვიათად, ან ჯეროვანი ყურადღების გარეშე; ისევ და ისევ ვცოდავთ. უფალმა იესო ქრისტემ რა გვითხრა ჩვენ? - არაწმინდა სული როდესაც გადის ადამიანიდან ნათლობის, სინანულის, ზიარების მეშვეობით, ის შემდეგ ცდილობს დაბრუნებას ადამიანში. როდესაც ხედავს მის სულს ცარიელს, ე. ი. სულიერი ღვაწლისგან დაცარიელებულს, უქმად მყოფს, ულოცველს, უმარხველს, ის შემოდის ადამიანში, თან მოჰყავს მასზე უფრო ბოროტი შვიდი სული და როგორც ამბობს უფალი, ეს უკანასკნელი ამ კაცისთვის იქნება ბევრად უარესი, ვიდრე პირველი მდგომარეობა (ლკ. 11, 24-26).

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავფიქრდეთ სახარების ამ მონაკვეთზე და გვახსოვდეს: თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ სჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი, რომ მას არ სჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს არ არის ღვთისგან; არამედ უფრო გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ, როგორც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762699096

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, პროპაგანდას იმისას, რომ საქართველოში დაწყებულიყო სამოქალაქო არეულობა, დაპირისპირება, საკმაოდ კარგად ფინანსდებოდნენ გარედან, მათ მოუწევთ ამისთვის პასუხისგება

 „ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, პროპაგანდას, რომ საქართველოში დაწყებულიყო სამოქალაქო არეულობა და დაპირისპირება“, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარ...

გიორგი გაბუნია

1762692298

ახალი ამბები

მაია ბუწაშვილი: მუნი ძნელად გადადის, ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება

 „მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. „მუნზე შიში...

მაია ბუწაშვილჯ

1762688590

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან ერთსაც და მეორესაც არაერთხელ უთქვამთ საჯაროდ, რომ საკუთარ ქვეყანას მტრობენ

 ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან, ერთსაც და მეორესაც არა ერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...

გურამ მაჭარაშვილი

1762686371

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა თერჯოლაში - მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა

თერჯოლაში უბედური შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და სინკარი დაეცა.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლ...

პოლიცია, ლენტი

1762684901

ახალი ამბები

პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

 საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეოსაქმიანობისა და უკანონო შემოსავლისლეგალიზაციის ფაქტებზე, „კრისტალ ჯგუფი“-სმფლობელის - ვლადიმერ სტეფანიანის მიმართსისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - აღნიშნ...

პროკურატურა