ქართველი ემიგრანტები ქართველ "დამსაქმებელს" და მის იტალიელ პარტნიორს “ტრეფიკინგსა” და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, იტალიელმა დამსაქმებელმა კი მათ ბულინგისა და ცილისწამების გამო უჩივლა

ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემების დაძლევის მიზნით, საქართველოს მოქალაქეთა ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საემიგრაციო ქვეყნებში გაზრდილი დიასპორა კი თვითგადარჩენის და დამკვიდრების ახალ სტანდარტებს და დაუწერელ კანონებს აწესებს, რომლის კონტროლიც ფაქტობრივად შეუძლებელია.

იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც დღეს ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა თავმოყრილი. თვითრეგულაციის პრინციპით ემიგრაციაში დამკვიდრდა ე.წ. „დამსაქმებლის“ და ბინის გაქირავების ინსტიტუტი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი რეგულაცია არ გააჩნია. უსამსახუროდ დარჩენილი ემიგრანტი ქალები, ახალი სამსახურის პოვნამდე თავს ქართველი გამქირავებელების ბინებს აფარებენ. ხშირია შემთხვევები, როცა ერთ ბინაში ათეულობით ქალს უწევს ერთად ცხოვრება. 

Exclusivetv.ge-ს რომში მცხოვრები ქართველი ქალბატონები დაუკავშირდნენ. ემიგრანტები, რომში მცხოვრებ ლიკა გალუსტაშვილს ტრეფიკინგისა და არაადამიანურ მოპყრობაში სდებენ ბრალს.

როგორც, ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიდან ირკვევა, ლიკა გალუსტაშვილი ბინის მეპატრონეა, სადაც თავს უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები აფარებენ. ასევე გალუსტაშვილი კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ მათ დასაქმებასაც უზრუნველყოფს.

რუსუდან დანელია, გალუსტაშვილს ტყუილში, მუქარასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებს. 

„ლიკასთან წინასწარ შეთანხმებით, საქართველოდან დედასთან და შვილთან ერთად ჩამოვედი. ჩასვლისთანავე ბინის ქირის საფასურის წინასწარ გადახდა მოგვთხოვა, თითო ადამიანზე 250 ევრო. იმ ღამესვე 750 ევრო გადავუხადე. როგორც ლიკა დამპირდა, რომ ბინაში მხოლოდ 5 ადამიანი ვიქნებოდით, ტყუილი აღმოჩნდა. ჩასვლიდან მესამე დღეს ბინაში უკვე 20 ქალს ერთ ოთახში გვეძინა. შეუძლებელი იყო იქ ცხოვრება. ბოლოს ბინაში ბაღლინჯოები გაჩნდა, დამკბინეს, მე ალერგიული ადამიანი ვარ ამის გამო ძალიან ცუდად ვიყავი. ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც მაქვს. დედაჩემი მალევე დაასაქმა, მაგრამ მე რამდენჯერმე მომატყუა. გამიშვა სამსახურში, რომელიც დროებითი აღმოჩნდა და ერთ კვირაში ისევ მის ბინაში დავბრუნდი, რაც იმას ნიშნავდა რომ უკვე გაყიდულ სამსახურს ხელმეორედ ყიდდა ჩემზე. მეორე სამსახური, რომელიც შემომთავაზა, მითხრა რომ ფეხმოტეხილი მარტოხელა მოხუცი ქალბატონი იყო და მისთვის უნდა მომევლო. სამსახური რომიდან საკმაოდ მოშორებით იყო სამი ტრანსპორტი დამჭირდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი. მადლობა ღმერთს რომ ენა ვიცი და წვალებით, მაგრამ მაინც მივედი დათქმულ მისამართზე, სადაც მოხუცის წარმომადგენელს ქუჩაში 4 საათი ველოდე. ოჯახი სადაც უნდა მემუშავა ავარიული შენობა აღმოჩნდა, კედლები დაბზარული იყო, რაც შეეხება მოხუც ქალბატონს, შიზოფრენიით იყო დაავადებული და ფაქტობრივად არასდროს ეძინა. მოხუცის ძმას, რომელიც ასევე აგრესიული ადამიანი იყო და აღმოჩნდა რომ იმავე ბინაში ცხოვრობდა, ვუთხარი, რომ ამ სამსახურს ვერ შევძლებდი და მეორე ადამიანი იყო საჭირო. მეორე ადამიანის მოყვანაზე დამთანხმდა და ასე აღმოჩნდა ჩემი შვილი, ჩემს სამსახურში. ჩემი შვილი ლიკასთან შეთანხმების გარეშე შევიყვანე სამსახურში, რადგან მისი აღარ მჯეროდა იმდენი ტყუილი მითხრა. როცა მასთან პრეტენზიები გამოვთქვი კანონიერი ქურდები მიხსენა. რაც მან მე გამიკეთა, შევპირდი, რომ ბინიდან გამოვასახლებდი. არსებობს კიდევ უამრავი ადამიანი, რომელიც ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებს, ასევე არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც ლიკას კარგი ურთიერთობა აქვს, ბინის ფულს არ ახდევინებს და ისინი რა თქმა უნდა არ იტყვიან ცუდს მასზე.“

რუსუდან დანელია, რომელიც გალუსტაშვილს ტყუილში, მუქარასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებს

ხატია მჟავანაძე 25 წლის: „ლიკას ბინაში 10 მაისს შევედი, როგორც სხვა დანარჩენებმა, მეც წინსწრებით გადავიხადე ერთი თვის საფასური 250 ევრო. ოთხი დღის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ სხვა ბინაში უნდა გადავსულიყავით, რადგან ახალი ქალები უნდა მიეღო და ბინაში ადგილი აღარ ჰქონდა, ასე აღმოვჩნდით რომის პროვინციის ერთ-ერთ უკაცრიელ სოფელში, სადაც მაღაზიაც კი არ იყო და ლამის შიმშილით ვიხოცებოდით. ვინაიდან ჩვენ უსაბუთოები ვიყავით შორს მყოფ სუპერმარკეტში წასვლა გვეკრძალებოდა. 10 დღე გავჩერდი პონტინიანოში და შიმშილს ვეღარ გავუძელი, ბორში რომ გავაკეთეთ და ვჭამეთ, ნარჩენ მწვანილებს წყალი ხელახლა დავასხით და ის ვჭამეთ. ერთ დღეს ერთი გოგო გაიპარა სუპერმარკეტში, რის გამოც ლიკა გვეჩხუბა. მეზობლები გვაწოდებდნენ ხოლმე საკვებს. მისი პარტნიორი, იტალიელი მონიკა ცხოვრობდა ჩვენს მახლობლად, რომელსაც ჩვენზე კონტროლი ჰქონდა დავალებული. მონიკა და ლიკა საქმიანი პარტნიორები არიან, მონიკას დახმარებით შოულობს ლიკა სამსახურებს, რაშიც ჩვენ 400 ევროს ვუხდით.   

ხატია მჟავანაძე, ერთ-ერთი დაზარალებული

39 წლის ნინო ჭანკვეტაძე, ლიკას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ნინო, ლიკას ბინაში ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო როცა ბინის საფასური ვერ გადაუხადა არ გაითვალისწინა ნინოს თხოვნა, რამდენიმე დღე ისევ დაეტოვებინა მოხუცი დედა მის ბინაში და ნოემბერში ღია ცის ქვეშ ქუჩაში დატოვა. როგორც ნინო ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, სამი დღე-ღამის მანძილზე რკინიგზის სადგურის ტერიტორიას აფარებდნენ თავს. „სამი დღე ვცდილობდი საელჩოს დავკავშირებოდი და არავინ მიპასუხა, ვრეკავდი ცხელი ხაზის ნომერზე, მაგრამ უშედეგოდ.“ - გვიყვება ნინო. - ლიკას ვთხოვდი ბინაში დაეტოვებინა დედაჩემი, რადგან ასაკიანი ქალია და ნოემბრის ცივ და წვიმიან ამინდებში ღია ცის ქვეშ, რომ რამე დამართოდა, ვერ გადავასვენებდი საქართველოში, მაგრამ არ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა. ოთხი შვილის დედაა და ასე არაადამიანურად არ უნდა იქცეოდეს. იმ სამმა ღამემ, რომელიც ქუჩაში გავატარეთ, ფიზიკურს რომ თავი დავანებოთ, ჩვენზე ფსიქიკურადაც იმოქმედა, დედაჩემს ჯანმრთელობა შეერყა და ახლა საავადმყოფოში უნდა დავაწვინო. 

ნინო ჭანკვეტაძე დედასთან ერთად. ჭაკნკვეტაძის თქმით ფოტო გადაღებულია რკინიგზის სადგურზე, როცა ლიკამ ხანდაზმული ქალბატონი ბინიდან გამოუშვა და ისინი სამი დღის მანძილზე ღამეს ქუჩაში ათევდნენ

ლანა ღვიტიძე, 28 წლის: როგორც სხვა დანარჩენებმა, მეც წინსწრებით გადავუხადე ბინის ქირის, ერთვის თვის საფასური წინასწარ 250 ევრო. სრული ანტისანიტარია და უწესრიგობა იყო ლიკას ბინაში. ცივი წყლით ბანაობა მიწევდა. ორჯერ გამიშვა სამსახურში და ერთი სამსახურიდან ენის არცოდნის გამო, ხოლო მეორე სამსახური პირადად დავტოვე, რადგან ძალიან მძიმე სამუშაო გარემო იყო. ლიკა დამსაქმებელ ოჯახებს არ ეუბნება, რომ უსაბუთოები ვართ. 

ლანა ღვიტიძე, ერთ-ერთი დაზარალებული

ფოტო მასალა, სადაც ემიგრანტები ბრალდებების ამსახველ ფაქტებზე საუბრობენ

ემიგრანტებმა, თავიანთი ისტორიების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებშიც გაავრცელეს და ლიკა და მონიკა ღიად დაადანაშაულეს უკანონო საქმიანობაში, რასაც მონიკას მხრიდან სარჩელი მოჰყვა. მონიკამ ბულინგისა და ცილისწამების ბრალდებით ორი ქართველი ემიგრანტის რუსუდან დანელიას და ემიგრანტების ერთ-ერთი ფეისბუკ ჯგუფის ადმინისტრატორის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.

Exclusivetv.ge ლიკა გალუსტაშვილს დაუკავშირდა და ემიგრანტების ბრალდებების შესახებ კომენტარი სთხოვა.

როგორც გალუსტაშვილი გვიყვება, ის 15 წელია რაც ემიგრაციაში იმყოფება, ხოლო ბოლო ხუთი წელია, რაც ემიგრანტებზე ბინას აქირავებს და მათ სამსახურების შოვნაში საფასურის სანაცვლოდ ეხმარება. ლიკა ამბობს, რომ მისი და მონიკას საქმიანობა არ სცდება კანონის ფარგლებს და ემიგრანტების ბრალდებას უპირისპირდება. 

„თავს, რომ დამნაშავედ ვგრძნობდე, ან დანაშაულს ჩავდიოდე ნამდვილად არ დავწერდით საჩივარს ემიგრანტების წინააღმდეგ. ოთხი შვილის დედა ვარ და ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ ამას ჩემი შვილები წაიკითხავენ.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გალუსტაშვილმა. 

მან ყველა ბრალდება უარყო. როგორც თავად გვიყვება, მისი ბინა სრულიად კეთილმოწყობილია და ემიგრანტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი (ამის დასტურად, ლიკამ რომელთანაც, წინასწარ შეთანხმებით დისტანციურ ინტერვიუს ვწერდით, ბინა ვიდეო თვალის მეშვეობით დაგვათვალიერებინა, სადაც იმ მომენტისთვის სრული წესრიგი იყო). „არ ვადასტურებ ბრალდებას, რომ ოდესმე ჩემს ბინაში, ერთდროულად 20 ადამიანი მყოლოდა, გამორიცხულია. ბინის მეპატრონესთან შეთანხმებით, ვისგანაც მაქვს ბინა ნაქირავები, შემიძლია მხოლოდ 5 ადამიანი მყავდეს ბინაში. ასევე ვარ დასაქმების სააგენტოს „Centro salutes“-ს ოპერატორი და ადამიანებს სამსახურის შოვნაში ვეხმარები.

„სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე, ეს ძალიან შრომატევადი და დაუნახავი საქმიანობაა, ყველა მადლიერი ვერ გეყოლება. მადლობა ღმერთს უამრავი კმაყოფილი ადამიანი მყავს, რომლებსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და თავადაც გეტყვიან ვინ ვარ და როგორ ვეხმარები ადამიანებს. არაერთხელ დავხმარებივარ ემიგრანტებს გადაუდებელ სიტუაციებში და საკონსულოსთანაც ხშირად მიწევს ურთიერთობა როცა ემიგრანტებს პრობლემები აქვს“ - თქვა გალუსტაშვილმა.

ჩვენს კითხვას, ჰქონდა თუ არა უფლება, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, იტალიაში მყოფი პირები დაესაქმებინა, გალუსტაშვილმა გვიპასუხა, რომ დასაქმების სააგენტო არცერთ უსაბუთო ადამიანს არ და ვერ დაასაქმებს, რის გამოც ის სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდა და ეხმარება ემიგრანტებს ე.წ. „აზილოს“ გაკეთებაში, რის შემდეგაც პირს შეუძლია დასაქმების სააგენტოში დარეგისტრირდეს. რაც გალუსტაშვილმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, ბინაში ბაღლინჯოების არსებობაა, რომელიც თავადაც არ იცის საიდან გაჩნდა. „იმ დღესვე ბინიდან დროებით ყველა გავუშვი, ყველა ოთახი შევწამლეთ და მატრასები გამოვცვალეთ“. - თქვა მან. მან ასევე დაადასტურა, რომ ის წინსწრებით იღებს ბინაში ცხოვრების მსურველისგან 250 ევროს.

სტატიის მომზადების პროცესში, ჩვენ კიდევ რამდენიმე ემიგრანტი დაგვიკავშირდა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ლიკა გასლუსტაშვილთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება გაეზიარებინათ.

ლიკა გალუსტაშვილი

დარიკო ხორავა: ლიკა გალუსტაშვილზე რასაც ამბობენ, არის მცდარი. ჩამოსვლის დღიდან, ოთხი წელია მასთან მაქვს ურთიერთობა. ორჯერ დამეხმარა სამსახურის შოვნაში, ყველანაირად მხარში მიდგას და ყველაფერი ისე არ არის როგორც ამბობენ. მართლა კარგი ადამიანია. დასვენების დღეებშიც მასთან მივდივარ. ყველანაირად გვერდში დგომა იცის. არც ბიძაშვილია ჩემი, რომ ამიტომ ვილაპარაკო ასე.

ნინო აფხაძე, გალუსტაშვილს, როგორც კეთილსინდისიერ და პატიოსან ადამიანს, ისე ახასიათებს და ამბობს, რომ ის ბრალდებები, რომელსაც სოციალურ ქსელში კითხულობს, მისი თვალით ნანახ რეალობას არ ასახავს. აფხაძის თქმით ლიკა უამრავ კარგ საქმეს აკეთებს და უამრავ ემიგრანტს ეხმარება, რის დასტურადაც ემიგრანტმა, ჩვენთან საუბარში არაერთი ფაქტი მოიყვანა ლიკას მიმართ წაყენებული ბრალდებების გასანეიტრალებლად. „სამი წელია, რაც ლიკას ვიცნობ და მისი უზომოდ მადლიერი ვარ, როცა რამე მჭირდება ან მიჭირს მე და ჩემს მეგობრებს, მუდამ ლიკას ვუკავშირდები და ის გვიგვარებს პრობლემებს, მისი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. მე მედავითნე ქალი ვარ და დამერწმუნეთ, რომ ტყუილს არ გეტყვით, კიდევ სხვა ემიგრანტებსაც სურთ თქვენთა საუბარი, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ლიკა კარგი ადამიანია“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინო აფხაძემ. მისი თქმით ლიკას სახლში მუდამ წესრიგია და 10-12 ქალზე მეტი მის ბინაში არასდროს უნახავს.

როგორც ემიგრანტების მონათხრობიდან ირკვევა, ისინი არ აპირებენ დანებებას და ლიკას წინააღმდეგ საჩივრის მომზადებას გეგმავენ. ამ ისტორიების პარალელურად, მსგავსი შემთხვევები და პრეტენზიები აქვთ ემიგრანტების სხვა ნაწილს, რომლებმაც საქართველოს საკონსულოს იტალიაში უკვე მიმართეს, მიაწოდეს ფაქტების დამადასტურებელი ინფორმაცია და მათი მხრიდან რეაგირების მოლოდინში არიან.  

ExclusiveTV.ge შეეცდება პასუხები იტალიაში საქართველოს საკონსულოდანაც მიიღოს. 

ჩვენ ასევე დავუკავშირდით იტალიელ ადვოკატს, რომლის სამართლებრივ შეფასებას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

პ.ს. მედიამაუწყებელი მოვლენების განვითარებას თვალს მიადევნებს და საქმის ირგვლივ ყველა სიახლეს ოპერატიულად მოგაწოდებთ.

სტატიის ავტორები:

ხათუნა შარაძე

ნინა მამუკაძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “მშვენივრად ვარ ინტეგრირებული, მაგრამ მაინც უცხოელი ვარ სხვის მიწაზე” - ნანა კაკოჩაშვილი იტალიიდან

📌 სამედიცინო სერვისები - თუ იტალიაში ლეგალურად ცხოვრობთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

📌 იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალბატონი გარდაიცვალა

ვიდეო, რომელიც რუსუდან დანელიამ მოგვაწოდა, როგორც თავად რესპონდენტი ამტკიცებს, ვიდე მას შემდეგ გადაიღა, რა გალუსტაშვილის ბინაში ბაღლინჯოებმა დაკბინა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728134097

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ

 „საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას...

გიორგი კალანდარიშვილი

1728133617

სპორტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა.  მედლები მოიპოვეს: ლუკა მარტიაშვილმა (80კგ) ოქრო, თემურ სიმსივემ (110კგ) ო...

მოჭიდავეები

1728131020

ჰოროსკოპი

,,საკმაოდ ხანგრძლივი ტრანსფორმაცია გელით” - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

 როგორი სასიყვარულო პერიოდი გველის ოქტომბერში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა. როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, პლანეტა ვენერა ახლა მორიელის ნიშნის ტყვეობის ქვე...

სოფია ბზეკალავა

1728124342

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი მიმდინარე შაბათ-კვირას ყველა პრობლემას მოაგვარებს

 მიმდინარე შაბათ-კვირა გარდამტეხი იქნება ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის, რომლებიც საბოლოოდ შეძლებენ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას.   კურო კუროსთვის ეს შაბათ-კვირა იქნება დრო, როცა ყველაფერი, რაც შეუძლებლ...

ჰოროსკოპი

1728119292

საზოგადოება

5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

 დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:  5 - 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე - ,,თბილისური ბაზარი“ღ...

ბინა