"არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც უმწეო ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა-ჟლეტას, უკრაინელთა გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს" - მეუფე გრიგოლი
ის, რასაც დამპყრობელი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, არის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სააღდგომო გზავნილშია ნათქვამი. სააღდგომო გზავნილი ფოთის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს, მრევლს მღვდელმა კირიონ უგრეხელიძემ გააცნო.
გზავნილის თანახმად, დადგა ჟამი, როდესაც აშკარა ზღვარი უნდა გავავლოთ სიკეთესა და ბოროტებას შორის.
,,დღეს, როცა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვზეიმობთ, ჩვენს თვალწინ არიან ჩვენი დროის ახალმოწამენი, რომელთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები, მათ შორისაა არაერთი ჩვენი ღირსეული თანამემამულე, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი რომ გახდნენ. განუზომლად იზრდება ამ ვითარების დრამატიზმი, როცა ხედავ და გესმის, რომ ამ ბოროტმოქმედებას ახალისებენ, და არა მხოლოდ ახალისებენ, არამედ აკურთხებენ და ადამიანების მასობრივ მოსპობას ე.წ. „წმიდა ომის“ კვალიფიკაციასაც კი ანიჭებენ. ბრძანების გამცემებსა და მაკურთხებლებში აშკარად იკვეთება რუსული იმპერიული პოლიტიკის ბოროტი ენერგიების კრებსითი სახე. დიახ, განუზომელია ტკივილი და მწუხარება, რომლის ფონზეც აღვნიშნავთ წლევანდელ აღდგომას. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მეორე მსოფლიო ომში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მსგავსი რამის გამეორება ევროპის ტერიტორიაზე კვლავაც შესაძლებელი იქნებოდა! რაოდენ სამწუხაროა, რომ მოხდა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო! სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ამ ბოროტების მანამდე ალაგმვა/შეჩერება (თუნდაც - 2008 წელს!), ვიდრე ის თავის ბოროტ ფრთებს გაშლიდა. არანაკლებ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს ბოროტება ქრისტიანული სარწმუნოების საფარქვეშ გახვეული ცდილობს გვაცდუნოს და ბოროტება სიკეთედ მოგვაჩვენოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ და ავხსნათ ის ფაქტი, რასაც ადგილი აქვს რუსეთის სახელმწიფოსა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა და მესვეურთა მხრიდან?! ვერც ადამიანური და ვერც ღვთაებრივი ლოგიკით ვერ ჩავწვდებით იმას, რითაც ისინი უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამართლებას ცდილობენ. ადამიანური და ღვთაებრივი ლოგიკის ყოველგვარ კანონს ეწინააღმდეგება ის, რასაც რუსეთის ეკლესიის მეთაური „ბოროტების წინააღმდეგ“ „მეტაფიზიკურ ბრძოლას“ უწოდებს. რაში გამოიხატება ეს ე.წ. მეტაფიზიკური ბრძოლა - იმაში ხომ არა, რომ მართლმადიდებლობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლები ერთობლივად აგზავნიან თავიანთ ჯარისკაცებს მართლმადიდებელი ძმების დასახოცად და ენით აღუწერელ სასაკლაოს აწყობენ მათივე მოძმე ერის მიწაზე?! არაფერია უფრო სახიფათო და მაცდუნებელი, როგორც სარწმუნოების საფარქვეშ დამალული ე.წ. „უმანკო ცინიზმი“. ქრისტიანობა ცალსახად გმობს ამგვარ ცინიზმს მოყვასის მიმართ! ჩვენ თვალწინ მომხდარ ბოროტებას ვერაფერი გაამართლებს! დადგა ჟამი, როდესაც აშკარა ზღვარი უნდა გავავლოთ სიკეთესა და ბოროტებას შორის. არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, უმწეო ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა-ჟლეტას, უკრაინელთა გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს. აქ არ არსებობს „თუ“ და „მაგრამ“! ცალსახად უნდა ითქვას შემდეგი: ის, რასაც დამპყრობელი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, არის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს! ამ ბოროტებას საზღვარი არ გააჩნია და მას, ვითარცა სიბნელეს, მხოლოდ სინათლე დაუდებს ზღვარს; ხოლო ვინც ამ აგრესიისა და უსამართლობის მსხვერპლია, მათთვის უფალი ჩვენი და მაცხოვარი, იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარიყვნენ დევნილნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (მთ. 5,10). ვილოცოთ, რომ უკრაინაში, საქართველოში და ყოველსა ქვეყანასა ზედა სიკეთე და სიკეთის გამარჯვების შედეგად დამკვიდრებული მშვიდობა სუფევდეს,"- ნათქვამია მეუფე გრიგოლის სააღდგომო გზავნილში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
1791362368
ახალი ამბებიდავით ნებიერიძე: ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო - ეს არის სრული კატასტროფა
„დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთ...
1791361631
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: იუკნევიჩიენეები და მსგავსი უცხო ძალები ფარულად აფინანსებდნენ პარტიებს, რომ საქართველოს ჰქონოდა მათი დღის წესრიგი, დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც ეს პარტიები არიან იარაღი
„საკონსტიტუციო სარჩელით, ჩვენ „შევიჭერით“ იმ სფეროში, რომლითაც უცხო ძალები წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტი...
1791359936
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით
„2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1791359822
ახალი ამბებიპაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე: ჯანმოს შეფასებით, რისკი რუსეთისთვის დაბალია, ევროპისთვის ძალიან დაბალი - ასე რომ, სანერვიულო არაფერია
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-სთან რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ...
1791359438
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მარიამ ქვრივიშვილ...































