ჩვენ, ექიმებს, თითოეული დაკარგული პაციენტი გვტკივა და ცხოვრების რამდენიმე წელიწადს გვართმევს... - კოვიდთან მებრძოლი ექიმი
„კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.
„კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.
exclusivetv.ge წარმოგიდგენთ ექიმ ნათია შავგულიძეს და მის ისტორიას, კოვიდთან ბრძოლის ფრონტზე.
„კოვიდთან ბრძოლა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით – ემოციის, მისი მართვისა და კონტროლის, სტრესულ გარემოში მუშაობის, მასთან გამკლავებისა და ჯანსაღ ადამიანად დარჩენის თვალსაზრისით, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე რთული გამოცდაა. „უიარაღო ბრძოლაში“, გამარჯვების ჟინით აღტკინებისა და, დამარცხების შემთხვევაში, ფარ-ხმლის არ დაყრის გამოწვევაა...
ყოველთვის, როდესაც კოვიდპაციენტების შემოვლას ვიწყებ, სანამ პალატის კარს შევაღებ, ერთს ღრმად ჩავისუნთქავ, ხოლო, ამოსუნთქვისას, უკვე პალატაში ვიმყოფები და ყველაზე პოზიტიურ, გამამხნევებელ პირველ წინადადებას წარმოვთქვამ:
– გამარჯობა, აბა, თავს როგორ გრძნობთ?
– გაცილებით კარგად გამოიყურებით...
– ყოჩაღ, აბა, უფრო ყოჩაღად! ცოტაც და მალე გამოჯანმრთელდები... ცოტაც და კლინიკის ზღურბლს გადააბიჯებ...
ცდილობ, პაციენტს იმედი და ცხოვრების ხალისი გადასცე – ბრძოლისუნარიანობა და დაუცხრომელი შემართება, კარგი განწყობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია კოვიდთან ბრძოლის პროცესში.
ბევრი დაუვიწყარი პაციენტი გვყოლია, ერთმანეთზე უფრო მძიმე და კრიტიკული... ექიმებს, რატომღაც, ყველაზე მეტად, ურთულესი პაციენტები გვამახსოვრდება: ზოგიერთ მათგანთან გამარჯვებით გამოხატული სიხარულის განცდის, ზოგთან დამარცხების შედეგად მიღებული ტკივილის საფუძველზე... სანამ „სიცოცხლის სადარაჯოზე“ ვდგავარ, ჩემთვის თითოეული პაციენტი ოჯახის წევრზე მეტია. ყოველთვის, იმ დიდ პასუხისმგებლობაზე ვფიქრობ, რომელსაც ადამიანები და პროფესია გვაკისრებს პაციენტების წინაშე. პიროვნებამ საკუთარი სიცოცხლე განდო – ამ ერთი წინადადების გაანალიზების საფუძველზე ადამიანი შესაძლოა სრულიად გარდაისახოს. ასეთ შემთხვევაში, „პიროვნული მე“ აბსოლუტურად ბოლო პლანზე გადადის, რადგან მთლიანად პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მხარეს დგები, მათიანი ხდები.
ჩვეულებრივი დილა გათენდა და სამსახურის რუტინაც დაიწყო...
კოლეგები შევუდექით როგორც ნაცნობი პაციენტების მონახულებას, ასევე უცნობების გაცნობას, გასინჯვას, მათი მდგომარეობის შეფასებასა და მათთან დამეგობრებას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, მოგვიანებით, „ოჯახის წევრობაში“ გადადის ხოლმე. ერთ–ერთი ასეთი პაციენტი გახლდათ ბატონი ომარი, უსაყვარლესი ბაბუ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდა, წვალობდა, იბრძოდა, ნერვიულობდა, ღამეებს ათენებდა სუნთქვის უკმარისობის გამო, მაინც სიცოცხლისმოყვარულ, მებრძოლ ადამიანად რჩებოდა, პიროვნებად, რომელიც სიყვარულით ეკონტაქტებოდა მასთან მისულ ნებისმიერ თანამშრომელს, იქნებოდა ეს მკურნალი ექიმი, უმცროსი ექიმები, ექთანი, ექთნის დამხმარე თუ ასე შემდეგ... შემოსვლისას, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და დინამიკაში კიდევ უფრო გართულდა, რასაც, უკვე დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ველოდით კიდეც, ვინაიდან მას მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა...
ორი კვირის განმავლობაში ვიბრძოდით ერთად, გუნდურად: ექთნებთან, უმცროს ექიმებთან, დამხმარეებთან და მორიგე ექიმებთან ერთად... აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ბატონ ომარს საწოლზე თავიც კი არ დაუდია, მუდმივად იჯდა, ვერ წვებოდა, რადგან ფილტვების მძიმე დაზიანება არ აძლევდა ამის საშუალებას, მაშინვე რთულდებოდა სუნთქვის უკმარისობა... პერიოდულად, მისი რეანიმაციაში გადაყვანის საკითხსაც განვიხილავდით, თუმცა, ვცდილობდით, ამის აუცილებლობა არ დამდგარიყო, რადგან მისი ემოციური ფონი ვეღარ გაუძლებდა ამ სტრესს და, უმოკლეს დროში, დავმარცხდებოდით...
პაციენტი უკანასკნელ ძალას იკრეფდა... სისუსტის მიუხედავად, იუმორის გრძნობა და გამამხნევებელი ფრაზების წარმოთქმის სურვილი არასდროს დაუკარგავს, მუდმივად ხუმრობდა...ზოგჯერ, როცა წუთიერად მოწყენილს შევნიშნავდი და ვუსაყვედურებდი: „ომარ, რა დროს მოწყენაა, აბა, დროზე მობილიზდი, გამარჯვება არ დამაკარგვინო, იცოდე, არ გაპატიებ...! არ გრცხვენია...? შენ ხომ გჯერა ჩემი, ამისთვის ვიწვალეთ ამდენი? ასეთი პროგრესი გაქვს ანალიზებში და რა დროს ფარ-ხმლის დაყრაა-მეთქი“, მაშინვე, პატარა ბავშვივით, იმედიანად გაუბრწყინდებოდა თვალები, უცებ, ყველანაირ ძალას მოიკრეფდა და, ისევ, ის ძველი ომარი გვიბრუნდებოდა... არადა, ხომ ვიცოდი როგორ უჭირდა, უბრალოდ, ამის გააზრების საშუალებას არ ვაძლევდი...
„ბატონო ომარ, აბა, დღეს როგორ ვართ, ღამის განმავლობაში როგორ ბრძანდებოდით?“ - იქვე, უმალ, შემისწორებდა, წარბს აწევდა და, ვითომ, მკაცრი გამომეტყველებით მეტყოდა, – „ბატონო ომარ – არა, ომარიკო!“, რასაც შეთამაშებული საუბარი და მსჯელობა მოჰყვებოდა დაავადების ეტაპების განხილვის, მიღებული ლაბორატორიული შედეგების გაცნობისა და, ახსნა-განმარტების სახით, დალაგების, რათა წინ-უკეთესობისკენ სწრაფვა აღგვენიშნა!
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაჩვეულებრივი პროგრესი გვქონდა, თუმცა, ერთ დღეს, მოულოდნელად, ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა. პალატაში არსებული რესურსების გამოყენებით, დაზიანებულ ფილტვებს სათანადოდ ვეღარ ვეხმარებოდით, ვირუსი მძვინვარებდა... ბევრი მცდელობისა და მედიკამენტოზური ჩარევის მიუხედავად, საჭირო გახდა პაციენტის რეანიმაციაში გადაყვანა... ძლივს მოვახერხეთ მისი დათანხმება... მხოლოდ ერთი დაპირების ხათრით წავიდა, რომ რეანიმაციაში ყოველდღე მოვინახულებდით... განშორების სცენა, მართლაც, ყველასთვის სევდიანი და მტკივნეული იყო. თეორიული თვალსაზრისით, ყველამ ვიცოდით მოსალოდნელი შედეგები და სავარაუდო შესაძლებლობები...
მალევე, დავირაზმეთ კოლეგები და მოსანახულებლად, გასამხნევებლად ვეწვიეთ. ძალიან განვიცადეთ მისი მდგომარეობა, რადგან, თითოეულ ჩვენგანში, თავისი წილი იმედი და დადებითი განწყობა დატოვა... მას შემდეგ, ყოველდღე ავდიოდი კოლეგა ექიმებთან ერთად მის სანახავად, თუმცა დიდხანს ვეღარ გაგრძელდა ჩვენი შეხვედრები... საბოლოოდ, მაინც დავმარცხდით... მე და ჩემს კოლეგებს, სიხარულითა და ტკივილით, ხშირად გვახსენდება ჩვენი ომარი, „ომარი – არა, ომარიკო!“
არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ჩვენს მეხსიერებაში... ჩვენ, ექიმებს, თითოეული დაკარგული პაციენტი გვტკივა და ცხოვრების რამდენიმე წელიწადს გვართმევს... საბედნიეროდ, ბევრი გადარჩენილი ავადმყოფისა და მათი ახლობლების სიხარულისგან მიღებული ბედნიერება ავსებს სტრესს, ნერვიულობას, ყრუ ტკივილსა და შინაგან სიცარიელეს... ვიცით, გვახსოვს, მეორე დღეს, ახალი დილა გათენდება და „დიდ ომში, უხილავ მტერთან შერკინება გაგრძელდება!“
ცხოვრება მუდმივი ორთაბრძოლაა, ჩვენს შემთხვევაში, სამედიცინო ეკიპირებით – დაავადების წინააღმდეგ...! მთავარი იარაღი აცრაა, ერთად უნდა გავუმკლავდეთ! გისურვებთ ჯანმრთელობას!“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵კოვიდინფიცირებულთა 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
🔵ერთ წელიწადში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა - რამდენი ადამიანი იღებს შემწეობას
🔵პაციენტების რაოდენობა ბავშვთა კლინიკებში წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა
1790798983
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა
„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ...
1790798297
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ
„ყველაზე მთავარი და საუბედურო, რა არის იცით, მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველო...
1790795845
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება. როგორც...
1790795032
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია
„არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - ამის შესახებ საპ...
1790791981
ახალი ამბებიგენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...






























